Accessibility links

logo-print

ყველაზე სევდიანი წიგნი - ჩარლზ ბუკოვსკის "ქალები"


ავტორი: ოჩოპინტრე

რას ფიქრობთ ერთგულებაზე?

მონოგამიაზე? პოლიგამიაზე?

სასიყვარულო ურთიერთობებზე?

დღეისათვის სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას არ გულისხმობს.

თუმცა ჩინასკის ქალები ერჩივნა.

ერთ ქალს ორი ერჩია, ორს - სამი, სამს - ათი, ათს - ასი და საერთოდაც, ფიქრობდა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, იმდენი ქალი ჰყოლოდა, ყოველდღე სხვასთან ყოფილიყო და ვერც ჩხუბი მოესწრო მათთან, ვერც ურთიერთობაზე ფიქრი.

ყველაფერს ბავშვობას აბრალებდა, სითბო და სიყვარული მაკლდაო.

იმასაც ამბობდა, ეგოისტი ვარო, მარკიზ დე სადზე უარესიო, ადამიანების გრძნობებით და სულებით ვჟონგლიორობო.

იტირა და ითავცემა, რის თქმასაც მე ვაპირებდი, გვერდიდან რომ ვუყურებდი, თვითონვე დაალაგა დასტა-დასტა დასკვნებად, დატანტალებდა ტიტველი, მთვრალი, ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები და მერე რა?

ისევ ისე განაგრძო.

რა აზრი აქვს ასეთ თვითგვემას და დანაშაულის განცდას, თუ არაფერს შეცვლი-მეთქი, ვეჩიჩინებოდი.

არა, ვეჩიჩინებოდი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ რადგან გული გადამიშალა, ჩემი აზრი გავუზიარე.

თავის თავის უბედური რომ იქნება კაცი, ეგეთი ხარ-მეთქი.

კარგი ქალების მეშინიაო. თანაც ყველაფერი გვიან მეღირსაო.

ორმოცდაათი წელი მონად ვმუშაობდი და მერე მივატოვე რუტინული სამსახური და ცნობილი მწერალი გავხდიო. თვითონაც არ ესმოდა, რა უნდოდათ ამ დაუბანელ, ლოთ და ბებერ მახინჯთან (თვითონ დაახასიათა ასე საკუთარი თავი) ოცი და ოცდაათი წლით ახალგაზრდა, ლამაზ ქალებს.

ქალები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ.

ისიც წლების მანძილზე დამშეული და თან იმ შეგრძნებით, რომ დიდხანს ვერ გაუქაჩავდა პოტენცია (ნახევარი საუკუნე უკვე დამრგვალებული ჰქონდა) ისტერიულად და განურჩევლად იღებდა ყველაფერს, რასაც სთავაზობდნენ.

სათვალავი ამერია.

მაგრამ გული არ ამრევია.

ეს არ იყო გაზულუქებული და ტრაბახა კაცის ბაქიაობა, რასაც მიყვებოდა, ტკივილით მიყვებოდა.

ძებნა და ძიება იყო.

თავგანწირული, უცნაური.

იმათ ტკენდა, ვისთვისაც არ უნდოდა, რომ ეტკინა.

ნებაზე მივუშვი ყველაფერიო, მეუბნებოდა.

ვისთანაც თვითონ უნდოდა დარჩენა, ისინი მიდიოდნენ.

ვინც უნდოდა, რომ მალე წასულიყვნენ, ისინი დარჩენას ითხოვდნენ.

ყოველ ჯერზე, როცა ვიფიქრე, აი, გამოჩნდა ის, ვისაც ეძებდა, ვინც საკუთარი თავისგან გადაარჩენს-მეთქი, ყველაფერი ისევ უკან-უკან მიდიოდა.

როდემდე შეიძლება ასე იცხოვრო?

ექსპერიმენტებით.

ერთხელ მითხრა, კაცს ბევრი ქალის ყოლა მაშინ ეპატიება, თუ არც ერთი არ ვარგაო (თუ არ გამოადგაო).

მე ვუთხარი, აზრი არ აქვს, რომელ ასაკში დაიწყებ ასე ცხოვრებას, 16, 30 თუ 50, ეს რბოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ისეთ ქალს არ შეხვდები, ვისი გულისთვისაც შენი საკუთარი ცხოვრების შეცვლა ღირს-მეთქი. ოღონდ ფრთხილად იყავი, რადგან დინებას კი არა, მორევს მიყვები და შეიძლება ასეთი ქალი გვერდით გყავდეს და ვერც კი მიხვდე, ჩაუქროლო და მერე გაიაზრო, როცა უკვე გვიანი იქნება-მეთქი.

ისეთი თვალებით შემომხედა, მგონი, დამიჯერასავით.

მაგრამ ლიდია ამბობს, რომ ბებერ ძაღლს ახალ ხრიკებს ვერ ასწავლი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG