Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები წარმატების მიღწევას ქარიზმატული ლიდერის გარეშე?


ავტორი: მანანა ღოღობერიძე

რას „ყიდიან“ საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები? პარტიულ პროგრამას, თუ ლიდერებს? რას ენდობა ქართველი ამომრჩეველი? დიდი მონდომებით, მოწესრიგებულად ჩამოწერილ დაპირებათა ნუსხას თუ ქარიზმატული ლიდერის მჭევრმეტყველ გამოსვლებს. როდესაც საარჩევნო უბანზე მივდივართ და ანონიმურ არჩევანს ვაკეთებთ, ცოტა თუ ვფიქრდებით რეალურად რა ფაქტორები განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ძნელად შესამჩნევი არაა, რომ ხმის მიცემისას გადამწყვეტი ფაქტორი პარტიული ლიდერია, რომელიც ზურგს უმაგრებს პარტიას და არა პირიქით. თითოეული პარტია რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევარია, მიჰყვება მკაფიოდ ფორმულირებულ პოლიტიკურ ხაზს და პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააჩნია, თუმცა ქართველი ამომრჩეველი ხშირად არჩევანს ლიდერის პიროვნულ მახასიათებელსა და იმიჯზე აკეთებს. დღეს მოსახლეობასთან კონტაქტის პრობლემა აღარ არსებობს და აქედან გამომდინარე არც კარდაკარ სიარული უწევთ კანდიდატებს. კვლევებით დასტურდება, რომ მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიის მიერ პარტიული ლიდერის გაშუქება დიდ გავლენას ახდენს ამომრჩევლის ელექტორალურ ქცევაზე.

ქართულ პოლიტიკურ კულტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქარიზმატული ლიდერისადმი რწმენის ტრადიციის ხელახალი,ანარქიული აღზევება. საბჭოთა პერიოდში სტალინის პიროვნულმა თვისებებმა განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა ბელადისადმი ფანატიკური რწმენის პატრიარქალური კულტურა.გარდამავალ პერიოდში ქარიზმატული ლიდერისადმი მოთხოვნილებამ რეალური ხორცი შეისხა ზვიად გამსახურდიას პიროვნებაში, რომელიც სათავეში ედგა „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას და ხალხი მის სახელს უკავშირებდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების რომანტიკულ იდეებს.ქარიზმატული ლიდერის თვისებები გააჩნდა ედუარდ შევარდნაძეს, რომლის ოცდაათწლიანმა ავტორიტარულმა მმართველობამ მყარი სტერეოტიპები დაამკვიდრა პოლიტიკურ ცნობიერებაში. გაჩნდა პრეზიდენტის შეუცვლელობის იდეა. შეუძლებელია გამოგვრჩეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქარიზმა და დარწმუნების გამორჩეული უნარი. იგი მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე, ოპტიმისტური დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში. ასევე უკმაყოფილების ფონზე გამოჩნდა და მიმზიდველი საქველმოქმედო წარსულით მოხიბლული ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილმა. საბოლოო ჯამში ქარიზმატული ლიდერისადმი რწმენა აძლიერებს პატრიარქალურობისა და ქვეშევრდომობის ელემენტებს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში,ზრდის ტოტალურ-იდეოლოგიზებული პიროვნებების როლს, ამით კი დიდი საფრთხე ექმნება სამოქალაქო თანხმობის პერსპექტივებს.ქართველ ხალხს ბუნებრივად ჩამოუყალიბდა მორჩილებითი პოლიტიკური კულტურა და რწმენა, რომ ღვთისაგან მოვლენილი პიროვნება იხსნის მათ და დაეხმარება ყველა პრობლემის დიდი სისწრაფით გადაჭრაში.ასეთი რწმენა ისტორიული გამოცდილების შედეგია და დროა, რომ ხალხი ამისგან გათავისუფლდეს.

თანამედროვე ქართული პოლიტიკა მრავალპარტიულ სივრცეში ყალიბდება. ზოგი კარს გამოიჯახუნებს და თანამებრძოლებზე გაბრაზებული ახალ მოძრაობას ქმნის, ზოგი მოწინააღმდეგე ბანაკს უერთდება, ნაწილი კი ფსევდო-განახლებებით ცდილობს ამომრჩეველთა თვალის ახვევას. მსგავს ქაოტურ პირობებში, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე პარტიებს წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. როგორც პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს: „პოლიტიკურ მოზაიკაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სისტემაზე დგას. არჩევნებზე მოსული მოსახლეობა ხმას არ მისცემს არც ახლანდელ და არც ყოფილ ხელისუფლებას.დღეს ამომრჩეველი უარს ეუბნება მთლიანად პოლიტიკურ ელიტას. მოქალაქეებს აქვთ აპათია, ცივი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ. არჩევანი გასაკეთებელია არა კარგსა და ცუდს, არამედ ცუდსა და უარესს შორის“.

უახლესი ისტორიის ორი მთავარი პოლიტიკური ფიგურა და ქარიზმატული ლიდერი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახით გაქრა ოფიციალური პოლიტიკიდან. ჯერჯერობით მათ ადგილს ვერავინ იკავებს. რთული სათქმელია ვის აირჩევს ხალხი, ვინ იქნება ახალი „მხსნელი“? ქველმოქმედება,როგორც წინასწარი „ბეგრაუნდი“ მხარდაჭერის განსამტკიცებლად, შესაძლოა იყოს მთავარი ქართული ბანის,პაატა ბურჭულაძის წარმატების ფაქტორი. სწორედ ქველმოქმედი ბიზნესმენის იარლიყი დაეხმარა ბიძინა ივანიშვილს, შეექმნა საერთო ოცნების გარშემო გაერთიანებული კოალიცია. ქარიზმატული ლიდერის ერთ-ერთი სახე მომავალ არჩევნებში შესაძლოა იყოს ახლა უკვე პოლიტიკური ბანი, პაატა ბურჭულაძე. ბუნებრივია, რომ არა მისი მეთაურობა, კიდევ ერთი ახალი პარტია ბანალური სახელით „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ მასშტაბის დაინტერესებას ვერ გამოიწვევდა.

კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა,რომლის აქტუალობაც ჩემი აზრით პირდაპირ უკავშირდება მის ლიდერს, არის „თავისუფალი დემოკრატები“. ირაკლი ალასანია მიუხედავად მისი მრავალფეროვანი წარსულისა, ინარჩუნებს ქარიზმას და იმ უნარს, რაზეც ვებერი საუბრობს. ქარიზმატულ ლიდერს შეუძლია დაარწმუნოს მოქალაქეები საკუთარ განსაკუთრებულობაში, არანორმალურ,უჩვეულო შესაძლებლობებში.არანაკლებ მნიშვნელოვანია შალვა ნათელაშვილის ფაქტორი „ლეიბორისტული პარტიის“ არსებობაში. არა თუ წარმატება არამედ ამ პარტიის მხოლოდ არსებობაც ერთი კაცის გამორჩეულობას უკავშირდება. შალვა ნათელაშვილი თავისი უნარით,არ გაუშვას ხელიდან არც ერთი საეთერო შანსი, ამართლებს ლიდერის კიდევ ერთ თეორიულ მახასიათებელს, მანუფაქტურიზაციის უნარს. ხშირად პოლიტიკური ლიდერები თვითონვე ახდენენ საკუთარი ქარიზმის „მანუფაქტურიზაციას“, რომელსაც მედია საშუალებებით იმიჯის შექმნით ახერხებენ.

არსებობს ლიდერობის მახასიათებლები: 1)ლიდერის ფიზიკური მონაცემები (ასაკი და ენერგიულობა), 2) სოციალური სტატუსი, ინტელექტი, 3)ემოციური კონდიციები - ენთუზიაზმი და დარწმუნება საკუთარ თავში 4)პოპულარობა, კონტაქტურობა. ქარიზმატული ლიდერის ეს თეორიული მახასიათებლები გამოხატულია რეიტინგული პარტიის თითქმის ყველა ლიდერში, შესაბამისად მათი წარმატება სწორედ ლიდერების ორატორულ უნარებზეა დამოკიდებული. ქართველ ამომრჩეველს აქვს იმედგაცრუების, ფუჭი დაპირებების გამოცდილება, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველ ჯერზე კვლავ ენდობა და ტაშს უკრავს ლიდერს,რომელიც მეტად ხმამაღლა,ემოციურად და ჟესტების ენით იტყვის, რომ „საქართველო გაბრწყინდება“. ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს და 2012 წლის არჩევნებზეც. კეთილი, ხელგაშლილი ბიზნესმენი, თავისი თინეიჯერი რეპერი შვილი და მისამღერ რეჩიტატივში ნათქვამი „ქართული ოცნება“ ნამდვილად იყო ამომრჩევლისთვს მიმზიდველი ემოციური ფაქტორი.

რომანტიზმი პოლიტიკაში უნდა დასრულდეს. 2016 წლის არჩევნები ამ მხრივ სპეციფიკურია, დასრულდა ერთი მსახიობის თეატრი ქართულ პოლიტიკაში. ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება აქვს, თუმცა ალბათ ისევ ლიდერებს შორის. პოლიტიკური კურსის, იდეოლოგიური ასპექტების, გამმიჯნავი ხაზების მხრივ დისტანცია პარტიებს შორის თითქმის არ არსებობს. შესაბამისად ბოლო სიტყვა პარტიულ ლიდერებს ეკუთვნით. ყველაფერს ისევ მათ მიერ ქარიზმატულად შეფუთული სტრატეგიები გადაწყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG