Accessibility links

logo-print

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”


ავტორი: სალომე ჩოხელი

მიყვარხარ საქართველო , მაგრამ არა ისე, როგორც სჩვევიათ.

მიყვარხარ საქართველო და ჩემი შენდამი სიყვარული სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელოებით არც იწყება და არც მთავრდება.

მიყვარხარ საქართველო და რომ მიყვარხარ არ მომწონს როცა შენი მოქალაქეები ერთმანეთს ვურტყავთ, არ მომწონს, რომ ჩემი მეზობელი უკვე თვეებია შვილს არ ელაპარაკება , მხოლოდ იმიტომ , რომ მას მისცა ხმა ვისთვისაც უნდოდა და მამას არ მოუსმინა. არ მომწონს , რომ ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ პოლიტიკის გამო და ვერაფრით ვისწავლეთ, რომ პოლიტიკა სიბინძურეა და არ შეიძლება მისცე უფლება გახდეს იმდენად დიდი, რომ შენი ცხოვრებაც მის ნაწილად იქცეს.

მიყვარხარ საქართველო და ვერ გამიგია ხანდახან როგორ იჯერებ ყველაზე დიდ სისულელესაც კი და როგორ შეგიძლია ამტკიცო რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ „ ასე ამბობენ“ ან „ ყველა ასე ფიქრობს“.

მიყვარხარ საქართველო და არ მომწონს, რომ ციხეებში ძალადობას აპროტესტებ და თან ვიღაცეებისთვის „ცოცხის ტრაკში გაკეთებას“ მოითხოვ. როდის მიხვდები, რომ ძალადობა ძალადობას შობს და შეუძლებელია რაღაცას არ ეთანმხებოდე და იგივეს აკეთებდე.

მიყვარხარ საქართველო და სამოქალაქო ომს ვერ გპატიობ.

მიყვარხარ საქართველო და არ მომწონს, რომ დღეს ჩვენ ერთმანეთისთვის სათქმელი არ გვაქვს. არ მომწონს, რომ ადამიანები მოუთმენლად ველით როდის დაიწყება მიტინგების ახალი სერია, რომ ქუჩაში დავდგეთ და ვინმეს სახელის ხმამაღალი სკანდირებით აზრი შევძინოთ ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებას.

მიყვარხარ საქართველო და ოქროსძეწკვიან მამაოებს ვერ ვიგებ შავი ჯიპებით. მიყვარხარ და არ მესმის მარხვა, რომელიც მოდაშია.

მიყვარხარ საქართველო და არ მომწონს შენი გაფეტიშებული ლიდერები, არ მომწონს შენი მუდმივი ვიღაცისტობა, არ მომწონს ბელადომანია, “გადაგდებული” პრეზიდენტები, რევოლუციის ქრონიკები და გაუთავებელი მოლოდინი , რომ ვინმე მოვა და გადაგარჩენს. შენ საკუთარი თავის გარდა ვეღარავინ გადაგარჩენს.

მიყვარხარ საქართველო და მტკივა ერთმანეთის ნაცემი სახეების ყურებით ბედნიერი ადამიანები. მიყვარხარ და ვერ გამიგია რატომ გაშინებს ყველაფერი სხვანაირი , ახალი, მიუჩვეველი. მიყვარხარ და ვერ ვეგუები შენი ახალგაზრდების კონფორმიზმს, მიყვარხრ და არ მესმის როგორ ვერ გრძნობ დღეს ჩემ სიყვარულს.

მიყვარხარ საქართველო და არ მომწონს, რომ იაღოვას მოწმე გინდა რომ „დაწვა“. მიყვარხარ და არ მესმის რატომ გაშინებს პატარა გოგო ვარდისფერი თმით.

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ არ მომწონს, რომ წარსულით ცხოვრობ, საამაყო, მაგრამ მაინც წარსულით. როდემდე შეიძლება საუკუნეების წინანდელ დიდებას მისტიროდე.

მიყვარხარ საქართველო და არ მომწონს, რომ შენთვის ილია ყველაზე მაგარი მწერალია, მაშინ როცა წაკითხული არ გაქვს. არ მომწონს, რომ ხანდახან ადამიანები უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გეზიზღება.

მიყვარხარ საქართველო და მრცხვენია, რომ შენს ქუჩებში ფერადკანიანი ადამიანის დანახვაზე თითებს იშვერენ. არ მომწონს, რომ „ რა უნდათ ჩვენთან ზანგებს , დაეტიონ სადაც არიან.“ მიყვარხარ, მაგრამ არ მომწონს ტროტუარზე დაგდებული სნიკერსის ქაღალდი. მიყვარხარ და არ მომწონს, რომ ჰარი პოტერი მკრეხელობაა.

მიყვარხარ საქართველო და ვერ ვიგებ რატომ ვცხოვრობთ ერთმანეთის ცხოვრებით. ვერ ვიგებ შენს სიყვარულზე მნიშვნელოვან თანამდებობებს. ვერ ვიგებ ისეთ მეგობრებს, პრეზიდენტების და პარტიების გამო რომ კარგავენ ერთმანეთს. მიყვარხარ, მაგრამ „ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ არ არის სწორი.

მიყვარხარ საქართველო , მაგრამ არ მესმის, საერთოდ არ მესმის დღეს შენი.

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG