Accessibility links

logo-print

ოსური მედია ინტერნეტის იმედად


ავტორი: უჩა გოგიძე

პრესა კვლავინდებურად რჩება სხვადასხვა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ იარაღად მოსახლეობაზე ზემოქმედებისა და საკუთარი პოლიტიკის თავზე მოსახვევად. ცხინვალის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ოსურ მედიასაშუალებებს აღნიშნული მიზნით აქტიურად იყენებს. ცხინვალში მედიაგამოცემები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და, შესაბამისად, მათი დამოუკიდებლობა, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სანამ ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი პირველი წყარო გახდებოდა, როგორც ყველგან, ცხინვალის რეგიონშიც ძირითად მედიასაშუალებად ტელევიზია ითვლებოდა. ე.წ. ხელისუფლებისგან დაფინანსებული ოსური ტელევიზია ხშირად აჩვენებდა არაეთიკურ კადრებს, რომლებშიც სხვადასხვა ქართულ-ოსური შეირაღებული შეტაკების დროს დაჭრილი თუ დაღუპული ოსები იყვნენ ასახულნი. „ქართველთა სისასტიკის“ დასამტკიცებლად ოსური მედია აქტიურად მუშაობდა და მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოსური სააგენტო „АЛАНИЯинформ“ ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე აქვეყნებდა სტატიების სერიას სათაურით „ნაციზმის ტრადიციები საქართველოში“, რომელშიც წყაროდ გაზეთ „კომუნისტის“ 1920 წლის გამოცემა იყო მოყვანილი... შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი osgenocide.ru, რომლის მთვარი მიზანი ქართველთა მხრიდან ოსთა გენოციდის დამტკიცებაა. ვებგვერდი სამ ნაწილად იყოფა: 1920, 1989-92 და 2008 წლის „გენოციდებად“, სტატიების მთავარი წყარო ძირითადად საეჭვო რუსული მედიასაშუალებებია.

ჟურნალისტი და მკვლევარი თამარ ბელქანია მიიჩნევს, რომ ოსური მედია რუსეთიდან არის მართული და დირექტივებს სწორედ იქიდან იღებს:

„თანამედროვე ომი, თავისთავად, საინფორმაციო ომსაც გულისხმობს. რუსეთს მედიით მანიპულერება და დეზინფორმაცია ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მედია თავიდან ბოლომდე მართვადია და მიბმულია რუსულ მედიას. ოსური მედიისგან შექმნილი გარემო სრულიად აცდენილია რეალურ პროცესებთან. იქ ალტერნატიული ტელევიზია ან ბეჭდვითი გამოცემები უბრალოდ არ არსებობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ისტორიული მოვლენების გაშუქებისას ოსური პრესა გაზეთ „კომუნისტს“ იმოწმებს ბევრ რამეზე მეტყველებს, აღნიშნული გაზეთი რუსული „პრავდის“ ქართული თარგმანი იყო. მის სტატიებს რომ გადავხედოთ ვინმემ შეიძლება მართლაც იფიქროს, რომ ქართველები ფაშისტები იყვნენ, მაგრამ კონტექსტს ხომ გააჩნია? „კომუნისტი“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო იყო.“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისგან აღიარებულ ცხინვალის მთავრობაში იქმნება სტრუქტურა სახელით- ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტრო, რომლის მთავარი მოვალეობა მასმედიის საშუალებებთან მუშაობა იყო. ამგვარი სამინისტროები ძირითადად არადემოკრატიული მართველობის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა ახალმა სტრუქტურამ დიდხანს არ გასტანა და იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიაკუთვნეს, რომელსაც მოსკოვიდან გამოგზავნილი ალექსანდრ ჟმაილო ხელმძღვანელობდა.

ომის შემდეგ ცხინვალში ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება- გაზეთი „21-ე საუკუნე“ არსებობდა, რომლის რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ხშირად აკრიტიკებდა ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. შედეგად, 2010 წლის ივლისში ცხოვრებოვი ცხინვალში სასტიკად იქნა ნაცემი, გავრცელებული ინფორმაციით, მის ცემაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

ოსური მედიის კიდევ ერთი პრობლემა ეს ენაა, წამყვანი ინტერნეტგამოცემების უმეტესობა მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი. სახელმწიფო ტელევიზია „Ир“ კი როგორც რუსულ, ასევე ოსურ ენებზე მაუწყებლობს. 2008 წლის ომამდე ოსურ ტელევიზიას ქართულენოვანი გადაცემა- „კვირა“ ჰქონდა, რომელშიც თბილისში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გაშარჟებულად იყო გადმოცემული.

„როგორც ოსურ, ასევე აფხაზურ მედიაში დაახლოებით ერთი სახის თემებს აშუქებენ. ორივეგან ვხვდებით სახელმწიფო ენის სტატუსით პედალირებას. წერენ, რომ ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ენის სტატუსი და მისი ცოდნა, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. აფხაზეთში ასეთი რამ მოხდა: გალის რაიონის ე.წ. გამგებელმა თემურ ნადარაიამ შემოიღო კანონი რომლის მიხედვითაც ყველა საჯარო პირს აფხაზური ენა უნდა სცოდნოდა, თუმცა უბრალოდ ვერ ისწავლეს...

აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გამომავალ გაზეთებზე დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ დახურული სივრცეა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაზეთის გამოტანისთვის ადამიანებს აკავებენ და ეუბნებიან, რომ გაზეთის სახით კონტრაბანდული საქონელი გადააქვთ.

ამ ტერიტორიებზე პოლიციური რეჟიმია, ადამიანებს არ აქვთ განცდა იმისა ,რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში, მათ არაფერი დაუშავდებათ. თუმცა ინტერნეტმა ხელი შეუწყო ბლოგერების განვითარებას. აფხაზეთისგან განსხვავებით ცხინვალში რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ბლოგერი წერს. სამწუხაროდ, მათი დაწერილი სიმართლე ვერ ხდება ფართო საზოგადოების განხილვის საგანი“ - აცხადებს ჩვენთან საუბრისას თამარ ბელქანია.

თანამედროვე, ინტერნეტის ეპოქაში საკმაოდ ძნელია სიმართლის დაფარვა. წესით, სოციალურმა ქსელებმა ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი აზრის გამოხატვას რუსეთისგან ოკუპირებულ ორივე ქართულ რეგიონში.

„თანამედროვე საინფორმაციო ინდივიდუალური ბლოგები ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა მოხმარების საგნადაც ქცეულა. ინტენსიურად აშუქებენ რეგიონის ცხოვრებას საკუთარ ბლოგებზე მარია პლიონ (პლიევა), ზარინა სანაკოევა, თემურ ცხოვრებოვი და სხვა.

საკმაოდ ოპერატიულია ვებგვერდი „ოსეტინსკოე რადიო ი ტელევიდენიე“ (Осетинское Радио и Телевидение) (საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა). ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ოპერატიულად და დეტალურად აშუქებს „იუჟნაია ოსეტია“ (რესპუბლიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი), ბეჭდური გაზეთის ელექტრონული ვერსიები გვაძლევენ საშუალებას თანმიმდევრულად განვიხილოთ რეგიონისთვის ნიშანდობლივი პრობლემები და „ნაკარნახევი“ პოლიტიკის აღსრულების პროცესი. “- წერს კონფლიქტოლოგი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ინტერნეტზე ამყარებს იმედებს ოსი პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევიც:

არასამთავრობო მედიის შექმნა ჩვენთან რთულია, ამიტომ ახლო მომავალში მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ არასახელმწიფო პრესა და, მით უმეტეს, არასახელმწიფო ტელევიზია გაჩნდეს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ახლა პოლიტიკური წინააღმდეგობები ამისთვის აღარ არის. ეს კიდევ იმასთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოებაში ჯერ თითქოს არც არის ამ საქმეზე შეკვეთა, მაგრამ არსებობს ინტერნეტი. ინტერნეტზე ახლა მოთხოვნილებაა და მას უპირატესობა აქვს. ჩვენი პოლიტიკური პროცესის აქტივისტებიც ხშირად ფიგურირებენ ინტერნეტსივრცეში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG