Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატების“ თავისუფალი ნაბიჯები


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

„თავისუფალი დემოკრატები“ უმრავლესობას ტოვებენ და საპარლამენტო ცხოვრებას დამოუკიდებელი ფრაქციის სახით განაგრძობენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დეპუტატებმა ფრაქციის საგანგებო სხდომაზე მიიღეს სხდომას 7 დეპუტატი ესწრებოდა. სავარაუდოდ, საბოლოოდ სწორედ ამდენი წევრისგან დაკომპლექტდება ფრაქცია, რომელშიც კოალიციის დატოვებამდე 10 დეპუტატი ირიცხებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც აქამდე 6 ფრაქციის ერთობას წარმოადგენდა, ერთი ფრაქცია გამოაკლდა: ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი ამიერიდან, ნაცვლად „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატებისა“, მხოლოდ „თავისუფალ დემოკრატებად“ იწოდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ „ფრაქციის სხდომაზე“ მიიღეს.

“გაიმართა უკვე ფრაქცია, ახალი სახელწოდებით, „თავისუფალი დემოკრატების“ პირველი სხდომა დღეს. ჩვენ ვართ უკვე მყარად 7 პარლამენტის წევრი. თავისთავად ფრაქცია მინიმუმ 6 წევრი უნდა იყოს. და ამიტომ ეს უკვე მყარად არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ჩვენ ჯერჯერობით, ვინც კომიტეტის თავმჯდომარეები ვართ, ჩვენ თანამდებობას არ ვტოვებთ. ვაგრძელებთ მუშაობას და საერთდ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში“, თქვა დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა.

საღამოს, ორმხრივი შეთანხმებით, შედგა ეს შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ, სიმართლე გითხრათ, ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო...
ირაკლი ალასანია

საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვამდე, 8 ნოემბერს, „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ყრილობას გამართავენ. პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები, ხელმძღვანელი ორგანოების არჩევის გარდა, სამომავლო გეგმებსაც დასახავენ. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტს, გავრცელებული ცნობით, ირაკლი ალასანია ჩაიბარებს. ყრილობის გამართვამდე ერთი დღით ადრე იგი მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არ ყოფილა დაკავებული. 7 ნოემბერს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის, შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. ამ შეხვედრის მიზნის შეფასებისას ირაკლი ალასანია ზოგადი იყო. ზოგადი იყო იგი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საუბრის კომენტირებისასაც. როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს 6 ნოემბერს პირისპირ ესაუბრა:

“საღამოს, ორმხრივი შეთანხმებით, შედგა ეს შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ, სიმართლე გითხრათ, ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი, რაზეც თანხმობა შედგა, იყო ის, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისეთ ფარგლებში, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსიც. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება, ბუნებრივია“.

არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში კოალიციამ სერიოზული ზარალი და ზიანი ნახა იმით, რომ იგი დატოვა კვალიფიციურმა, ძალიან სერიოზულმა ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ...
ლევან ბერძენიშვილი

საუბრის დეტალები უცნობი დარჩა. რაც შეეხება უკვე დეკლარირებულ მიზნებს, ყრილობაზე პარტიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ყველა წარმომადგენლობით ორგანოში, მათ შორის პარლამენტში, დამოუკიდებლად განაგრძობენ საქმიანობას. მათი საქმიანობა ამჯერად ოპოზიციური ფლანგიდან წარიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა დიდი ნაწილისთვის, კერძოდ, ფრაქცია „რესპუბლიკელებისათვის“ ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ სერიოზულ დანაკლისად აღიქმება. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი განმარტავს:

“არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში კოალიციამ სერიოზული ზარალი და ზიანი ნახა იმით, რომ იგი დატოვა კვალიფიციურმა, ძალიან სერიოზულმა ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ. ეს არ არის სახუმარო საქმე და მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო კარგი“.

საპარლამენტო უმრავლესობასა და მის გარეთაც კი უკვე გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ უფრო გავლენიანი ოპოზიციური ძალა გახდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. „პარლამენტში ოპოზიციურ სივრცეზე „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლია უნდა დასრულდეს“, - განუცხადა მედიასაშუალებებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც ფიქრობს, რომ პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებთან“ სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხზე თანამშრომლობაც შესაძლებელი იქნება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის იმხელა ნაპრალი არ არის, რომ კონკრეტულ საკითხებზე საერთო გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლონ.

გუშინდელ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე მათი პასუხები ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ ისინი ნამდვილად არ არიან ჯერ ოპოზიცია. ან ეშინიათ, ან არ უნდათ, ან ვერ ჩამოყალიბდნენ...
ხათუნა გოგორიშვილი

ამ თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილიც. მისი აზრით, რეალური ოპოზიციონერობისგან „თავისუფალი დემოკრატები“ ჯერ შორს არიან:

“გუშინდელ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე მათი პასუხები ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ ისინი ნამდვილად არ არიან ჯერ ოპოზიცია. ან ეშინიათ, ან არ უნდათ, ან ვერ ჩამოყალიბდნენ. ვერ გეტყვით, რა არის რეალური მიზეზი ამისა, მაგრამ ის, რომ მათი რიტორიკა ნამდვილად არ არის ოპოზიციონერების რიტორიკა, ეს ფაქტია. სანამ პირადად მათ არ შეეხო, მანამდე მათ ხმა არ ამოუღიათ. თავისთავად ხომ ისიც სასაცილოა, რომ ევროპული კურსიდან გადახვევა თურმე პროკურატურის ბრალი ყოფილა და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ... ოპოზიციაში მივდივართო, ამბობენ და რეალურად ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები, ამასაც კი ვერ ამბობენ“.

დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი აქვე ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციურ ფლანგზე გადასვლა ვერც ფორმალურად და ვერც არაფორმალურად ხელს ვერ შეუშლის საპარლამენტო უმრავლესობის არსებობას. საქმე კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეპუტატ გედევან ფოფხაძის საკითხს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ გედევან ფოფხაძე ახალი ფრაქციის, „თავისუფალი დემოკრატების“, პირველ სხდომას არ დასწრებია, მისი ფრაქციაში ყოფნა-არყოფნის საკითხი გაურკვეველი იყო. გედევან ფოფხაძე სწორედ ის 76-ე დეპუტატია, რომლის უმრავლესობიდან გასვლის შემთხვევაში, უმრავლესობის გადასარჩენად „ქართულ ოცნებას“ ახალი წევრის დამატებისათვის ზრუნვა მოუწევდა.

გედევან ფოფხაძემ 7 ნოემბერს, მოლაპარაკებებისა და მრავალსაათიანი ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და „თავისუფალი დემოკრატების“ საზიანოდ მიიღო, თუმცა მოგვიანებით ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა: დღის ბოლოს დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია “ქართულ ოცნებას“ ტოვებს და „თავისუფალ დემოკრატებში“ გადადის. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შესანარჩუნებლად 1 მანდატი კვლავ აკლდება.

XS
SM
MD
LG