Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი განათლების ფილოსოფია


ავტორი: ანა კვიჟინაძე

განათლების მრავალგვარი გააზრება არსებობს, მას სხვადასხვაგვარად იაზრებენ და ინტერპრეტაციას უკეთებენ ადამიანები. ამბობენ, განათლება თავისუფლებაა, ცოდნაა, დამოუკიდებლობაა, სამყაროს შეცნობის საშუალებაა, სინათლეა და ა.შ. საინტერესოა, როგორია ადამიანების განათლების ფილოსოფია, როდესაც ერთი სიტყვით, ასე მარტივად გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს.

კაცობრიობამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიარა, სხვადასხვა ეპოქაში იცვლებოდა განათლების აღქმის და განათლებისადმი დამოკიდებულების თავისებურებები, რაც გარემო პირობებით იყო განპირობებული. გარემო პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოება, ადამიანები პრიორიტეტებს განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ ინდივიდუალურად, გარემო პირობების გათვალისწინებით.

მაგალითად, თუ ადამიანს სიცოცხლის გადასარჩენად უწევს ბრძოლა ის გეგმავს და ახორციელებს სტრატეგიებს თავის გადასარჩენად, თუ სურს დასაქმდეს ცდილობს დაგეგმოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და ა.შ. ნებისმიერი გამოწვევის საპასუხო ქმედება, საჭიროებს ფიქრს, აზროვნებას, ქმედებას, განათლებას - იპოვო საუკეთესო გზა, გამოწვევის საპასუხოდ.

ისტორიულ ჩარჩოში განათლებისადმი დამოკიდებულების განხილვა გადავწყვიტე იმის გამო, რომ ადამიანები, ჩვენს თანამედროვეობაში, ხშირად მიუთითებენ: „განათლება მხოლოდ და მხოლოდ XXI საუკუნის მახასიათებელია, ჩვენ ვართ ყველაზე „ცივილიზებული“ და განათლებული საზოგადოება“ და ა.შ.

ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განათლების გააზრება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საგანამანათლებლო დაწესებულებების, ფორმალური განათლების კონტექსტში. განათლება ხშირად ასოცირდება ფორმალური განათლების კერებთან, სკოლასთან, უნივერსიტეტთან და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება განათლებისადმი არ არის განათლების პროცესის რელევანტური.

ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე განვითარების ეტაპებს გადის, თავდაპირველად ზრდა-განვითარება სოციალური, ფორმალური სააგენტოების დახმარებით მიმდინარეობს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ფორმალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს თავს დააღწევს, წყვეტს განვითარებას, განათლების მიღებას?

ჩემთვის განათლება დინამიკური და მუდმივად ცვალებადი პროცესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას, აქტივობას, განახლებას მოითხოვს განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ფორმალური, არაფორმალური და ცხოვრებისეული განათლების გზით, ერთობლივად, „ფეხი უნდა აუწყოს“ თანამედროვეობის გამოწვევებს.ადამიანი, რომელიც შეწყვეტს განვითარებაზე ფიქრს, ლოგიკით, რომ მან უკვე ყველაფერი ისწავლა, წყვეტს განათლებისა და სოციალური უწყვეტობის ლოგიკურ ჯაჭვს.

განათლება სიცოცხლისა და სოციალურ უწყვეტობის ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის, ის, რომ ჩვენ XXI საუკუნეში გვიწევს ზრდა-განვითარება განპირობებულია სოციალური უწყვეტობით, სოციალურ უწყვეტობას კი განათლება განაპირობებს, ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის გზით ადამაინიდან-ადამიანისთვის, ეპოქიდან-ეპოქაში.

ჩემთვის განათლება არის ქაოსისაგან თავის დაღწევის, დაფიქრების, ზრდისა და განვითარების, ტოლერანტობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და სოციალური უწყვეტობის საშუალება.

და ბოლოს, ჩემთვის განათლება არის საკუთარი თავის ფორმირებისა და სხვა ადამიანის ფორმირებისათვის ხელის შეწყობის საშუალება. განათლება არის ის რასაც განვითარებისათვის ვიღებ მე, გადმოგცემ შენ და ასე დაუსრულებლად.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG