Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი დანაშაული


ავტორი: ანა კვიჟინაძე

საბჭოთა კავშირის 70 წლიანმა პერიოდმა ძალიან ბევრი „წითელი ლაქა“ დატოვა ქართველ ერზე. საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბრობენ, ყოველთვის, როდესაც ქვეყნის განვითარება ფერხდება და საზოგადოება იქცევა ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ.

საბჭოთა წარსული იმდენად ახლო წარსულია, რომ არ გაგვიჭირდება იმ ძირითადი დანაშაულებების გააზრება და გაცნობიერება, რომელიც ამ ეპოქის „შავი ლაქაა“ და ჩვენზე, ჩვენს თანამედროვეობაზე „წითელ ლაქადაა“ ასახული. სწორედ ეს „წითელი ლაქებია“, რაც აბრკოლებს და ხელს უშლის, საზოგადოების განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში.

რა არის საბჭოთა კავშირის დანაშაული?

საბჭოთა კავშირის დანაშაულია ის, რომ საქართველოში:

1.ადამიანები, ჯერ კიდევ, ვერ აცნობიერებენ თავისუფლების იდეას

2.საზოგადოება, არ არის მზად მრავალფეროვნებისთვის

3.ადამიანებს, ეშინიათ განსხვავებული ადამიანის, განსხვავებული აზრის და ყველაფერი იმის, რაც „უცხოდ“ მიიჩნევა

და ა.შ.

მინდა, ყურადღება გავამახვილო, საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ დანაშაულზე და შეცდომაზე, რომელიც დღემდე საზოგადოებამ, სახელმწიფომ ვერ დაძლია, თავი ვერ დააღწია.

დანაშაულზე, რომელიც ჩემს და თქვენს თვალწინ ხდება და რომელიც ყველაზე დიდი პრობლემა და დანაშაულია ადამიანების წინაშე, რომლებიც საზოგადოების აქტიური და სრულუფლებიანი წევრები არიან.

პრობლემას, რომელსაც მინდა შევეხო არის შშმ პირების დისკრიმინაცია საბჭოთა კავშირში და მსგავსი დამოკიდებულების გავლენა ჩვენს თანამედროვეობაზე. ალბათ, ბევრი იკითხავს, რა კავშირი აქვს საბჭოთა კავშირს, ჩვენს თანამედროვეობაში, შშმ პირების დისკრიმინაციასთან. მე, მთავარ დამნაშავედ სწორედ საბჭოთა კავშირი მიმაჩნია.

თვალი გადავავლოთ საბჭოთა არქიტექტურას, კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქუჩებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, უნივერსიტეტებს და ა.შ. სად ხედავთ ადგილს შშმ პირებისთვის?

არსად! ვერსად!

გარდა არქიტექტურისა, ნათელია, „საბჭოური“ მენტალიტეტის მქონე ადამიანების არაჯანსაღი დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს „უუნაროებად“ მიიჩნევდნენ, სწორედ ამიტომ, მათ არ აძლევდნენ რეალიზების, საზოგადოებაში გამოჩენის საშუალებას. შშმ პირებს კეტავდნენ თავშესაფრებში და ცდილობდნენ იზოლირებული ყოფილიყვნენ საზოგადოებისაგან.

ფაქტია, რომ 70 წლიანმა ჩაკეტილმა სივრცემ ყველანაირი პირობა შეუქმნა შშმ პირებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების და თვითგამოხატვის საშუალება არ მიეცა.

ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება არ არის შეუძლებელი, თუ სწორ პოლიტიკას გაატარებენ, მაგრამ რთულია საზოგადოების განწყობა და ცნობიერება აამაღლო ამ მიმართულებით. კამპანიები, რომელიც ტარდება საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ფაქტია, ბევს ვერაფერს ცვლის.

საზოგადოების ცნობიერებაში, მყარადაა დალექილი განცდა, რომ ეტლით მოსარგებლე, ყავარჯენს დაყრდნობილი და ა.შ. ადამიანის მიმართ სიბრალურით და თანაგრძნობით უნდა განიმსჭვალო. გვავიწყდება, რომ აღნიშნული განწყობა ცუდად აისახება ადამიანებზე, რომლებიც შშმ პირები არიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ სჭირდებათ, არც სიბრალური, არც ზედმეტი შექება და მოფრთხილება. მათ სჭირდებათ განწყობა, რომელიც აღიარებს მათს თანაბარუფლებიანობასა და თანაბარძალიანობას საზოგადოებაში.

და ბოლოს, იქნებ, თავი დავაღწიოთ „საბჭოურ აზროვნებას“ და თანამედროვე სამყაროში, XXI საუკუნეში გავაცნობიეროთ, რომ ადამიანები გამოვირჩევით უნართა მრავალფეროვანებით და რომ

„მთავარი საქმე არ უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ „უნარიანი“ ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალურ ღირებულებების გაცნობიერება, გააზრება თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება, აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა არსეობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა“. ნელსონ მანდელა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG