Accessibility links

logo-print

თქვენ ვერასდროს დაატყვევებთ იდეას


ავტორი: GagosH

„ყველაფერი რასაც სახელმწიფო ამბობს ტყუილია,

ყველაფერი რაც მას აქვს მოპარულია.“-

ამბობდა ნიცშე ყველა სისტემურ მმართველობაზე, რომელიც სათავეში უდგას ქვეყნებს, მაკიაველის პრინცებზე, რომლებიც ჭადრაკის ფიგურებად ხედავენ ადამიანებს და წყვეტენ როდის გააკეთონ გამბიტი. კარგად აწყობილ რეჟიმთან დაპირისპირება რთულია თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ რისკზე მიდიან-„ინტერნეტ რობინ ჰუდები“, რომლებიც თავს ესხმიან პოლიტიზირებული კომპანიების ვებსაიტებს, მონოპოლიზებულ ბრენდებს, პარლამენტარების ელ.ფოსტას და ა.შ. სისტემა ცდილობს ესეთი შეღწევები დამალოს, თუმცა როცა თავდასხმები მასშტაბურ სახეს იძენს ინფორმაცია სოციუმამდე მაინც აღწევს. სისტემისთვის ეს ნიშნავს თავისი უძლეველობის მითის დანგრევას და რეჟიმი გადადის თავდაცვაზე- იღებენ კანონებს და რადიკალურ სადამსჯელო ზომებს წინააღმდეგობის აღსაკვეთად.

კიბერ წინააღმდეგობამ-ჰაკტივიზმა შემოიტანა სრულიად ახალი ონლაინ კულტურა-ტროლინგი. ყველა ფასეულობის აბუჩად აგდება. ეს არის ადამიანების წყობიდან გამოყვანის მეთოდი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენში ჩაბეჭდილ დოგმებს და წესრიგს, ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია სოციო-პოლიტიკურ წყობილებასთან. სისტემას უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მასში არსებული მოთამაშეები კონტროლირებადი არიან, ექვემდებარებიან დაწესებულ ნორმებს და შეიძლება სიტუაციის მიხედვით მათი ქცევის წინასწარ განსაზღვრა/მართვა. ეს სისტემისთვის სასიცოცლოდ აუცილებელია, გამართული რეჟიმი რამოდენიმე წლით ადრე ადგენს სოციო-პოლიტიკურ პროგნოზს და კალენდარს. ტროლინგი არის სწორედ ის აქტივიზმი, რომელიც მიმართულია ცენტრალიზებული წესრიგის დესტრუქციისკენ, რაც სახიფათო თამაშია.

Weev დღეს ყველაზე ცნობილი ტროლია, ის black hat ჰაკერია და თავის სტატუსს არც მალავს. Weev ღიად უპირისპირდება დასავლურ კაპიტალიზმს, მონოპოლიას, კომერციალიზაციას და ამაყად აღიარებს ჩადენილ ჰაკინგებს. ის აბუჩად იგდებს ყველაფერს რაზეც დასავლური კულტურა დგას. მან Amazon-ზე გეი ბიბლიოთეკა გადაანაცვლა პორნოგრაფიის სექციაში. სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი, 30 000 ინტერნეტზე მიერთებული პრინტერი დაჰაკა და ანტისემიტურ-რასისტული პოსტერები ამობეჭდა. მისი ბლოგი სავსეა კონტროვერსიალური პოსტებით, რომელსაც ხალხი წყობიდან გამოყავს. თუმცა მისი კომენტარები ისევე მოქმედებს საზოგადოებაზე, როგორც სოკრატეს აუტანელი კითხვები ძველ ელინელებზე. სოკრატე ამბობდა,- ათენი თეთრი ცხენია, მე კი ის ბზიკი ვარ, რომელიც ვკბენ, რომ უკეთესად ვარბენინოო. იქნებ Weev-იც ამას აკეთებს? საკამათო თემაა, თუმცა დაუსჯელი არც ის გადარჩენია სისტემას. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, CNN-ზე მიწვეულმა Weev-მა განაცხადა, რომ „ციხე კარგი ბიბლიოთეკაა, ბევრი საინტერესო ლიტერატურა წავიკითხე, მათ შორის სოლჟინიცინის „არქიპელაგი გულაგი“ და იქ მოთხრობილი წამების ხერხებმა წინასწარი მზაობა შემძინა, რომ ფსიქოლოგიურად არ გავეტეხე.“ მისი ინტელექტით აღფრთოვანებულმა ჟურნალისტმა გაბედა და კითხა-ასეთი განათლებული კაცი, ანტისემიტი, რასისტი და ჰომოფობი მართლა ბრძანდებითო?

Weev-მა სრული სერიოზულობით დაადასტურა ზემოთ აღნიშნული ყველა სტატუსი. თავად განსაჯეთ ამავე ინტერვიუს ბოლოს იგივე სერიოზულობით ირწმუნებოდა ჩემი ლამბორგინი ცუდ ადგილზე გავაჩერე და უნდა გადავაყენოო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ, რომელიც ქართველი მკითხველისთვის შეიძლება საინტერესო იყოს- ვიკიპედიის გვერდზე Weev-ის საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთია მითითებული. ამ დონის ტროლისგან არაფერია გასაკვირი.

კონტროვერსიალური შეხედულებების მიუხედავად, Weev კარგი მაგალითია, რომელიც ღიად უპირისპირდება სისტემას და ამ ყველაფერს იუმორით უყურებს. მისი მეორედ დაკავებისას ის ორ ფედერალს Ashley Madison-ზე დაჰაკული პირადი მონაცემების გამოქვეყნებით დაემუქრა თუ ისინი ტყუილების თქმას განაგრძობდნენ. ის ციხეშიც არ კარგავს იუმორს,- მოსამართლეს გაუგზავნა 13.2$ მილიონის ინვოისი, რომელიც მისი თავისუფლების აღკვეთის საფასურად მიიჩნია და განაცხადა, აუცილებლად ბიტკოინებით გადამიხდით, თორე ისე თქვენს ბინძურ ბანკნოტებს ხელს არ მოვკიდებო.

ასეთი ადამიანები სისტემას აშინებს, მათი დევიაცია ნორმალური საზოგადოების რიტმიდან არაპროგოზირებადს ხდის მომავლის დაგეგმარებას. მმართველობა ნერვიულობს- რა იქნება ეს ტიპი, რომ ტრენდული გახდეს? რა იქნება ხვალ ასეთი მილიონი, რომ გამოჩნდეს? ამიტომ სისტემა ცდილობს უფრო მეტი ინფორმაციის აკუმულირებას თითოეულ წევრზე, და ყველა დევიანტის კრიმინალად გამოცხადებას.

კონტროლის მექანიზმი შეეხო აარონ შვარცსაც, კომპიუტერული ტექნოლოგიების გენიოსს, რომელიც 14 წლის ასაკში გახდა RSS Feed-ის თანაავტორი. ერთ რამედ ღირს ყურება როგორ ატარებს თინეიჯერი დიდ კონფერენციებს, აუდიტორია კი გულისყურით უსმენს. მოგვიანებით აარონმა შექმნა Reddit, რომელიც დღესდღეისობით ერთ-ერთი წამყვენი სოციალური სიახლეების პლატფორმაა, ასევე watchdog.net, „კარგი მთავრობის კბილებიანი საიტი“, პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციას შესაგროვებლად. SecureDrop- დაცული პლატფორმა უსაფრთხო კომუნიკაციისთვის ჟურნალისტებს და ინფორმაციის მომწოდებლებს შორის. წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები დღესაც ამ ტექნოლოგიით სარგებლობენ.

აარონი მოტივირებული იყო შეეცვალა სოციალური წყობა უკეთესისკენ, ის მიიჩნევდა, რომ კიბერ უტოპია მიღწევადი პრაქტიკა იყო და შეიძლებოდა მისი პროტოტიპის რეალურ გარემოშიც დანერგვა, ის განიხილავდა მონოპოლიზებული IT კომპანიების დიქტატურას, როგორც ცენტრალიზებული მმართველობის ერთ-ერთ მაგალითს (ერთი კარნახობს ბევრს რა უნდა უნდოდეთ) და გვთავაზობს დეცენტრალიზებულ მოდელს (ბევრი თავაზობს ბევრს სსვადასხვა ოფციას). მომხმარებელს ამ შემთხვევაში აქვს არჩევნის საშუალება. ხოლო მასპროდუქციის ნაცვლად საშუალო და მცირე ბიზნესს ეძლევა განვითარების შანსი. აარონი ცდილობდა ამ მოდელის პოლიტიკურ წყობაზე მორგებას. შვარცის ოცნება იყო შეექმნა მსოფლიოში უდიდესი უფასო ბიბლიოთეკა, მისი გერილა მანიფესტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ამბობს: ინფორმაცია ძალაა, მაგრამ როგორც ყველა ძალაუფლების მქონეს უნდა ის თავისთვის დაიტოვოს. სამყაროს მთელი მეცნიერული და კულტურული მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და შეგროვებული, დიგიტილიზებული ინახება კერძო ბიბლიოთეკების, უნივერსიტეტების და კორპორაციების მიერ გამოკეტილი...დროა გამოვაცხადოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და შევრაცხოთ ქურდებად ისინი ვინც გვპარავენ საზოგადო კულტურას.

შვარცი JSTOR სერვერებიდან დიდი რაოდენობით სამეცნიერო ნაშრომების გადმოწერისთვის დააკავეს. ირონიულია, ამერიკის ბიუჯეტის დიდი ნაწილი საგამანათლებლო პროექტებში იხარჯება, ამ შემთხვევაში კი სისტემა მოგვევლინა როგორც რეი ბრედბერის ‘ფარენგეიტი 451’-ის პროტაგონისტი, რომლის პროფესია წიგნების დაწვაა. აარონის შესახებ საუბარი წარსულში მიწევს, რადგან მან თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც 1 მილიონის გადახდა და 35 წელი ციხე მიუსაჯეს.

ერთი შეხედვით ამგვარი ერთეული აქტივობები დონ კიხოტისეულ ბრძოლას ჰგავს ქარის წისქვილებთან, თუმცა ამ ხალხის გამბედაობა და თავგანწირვა სათავედ დაედო საზოგადო დაუმორჩილებლობას-Anonymous, კიბერ უტოპიური ჯგუფია, რომელიც შედგება სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის, შეხედულების, კულტურის, ასაკის ადამიანებისგან. ყველა ასეთი უტოპიური პროექტი რეალურ სივრცეში კრახით დასრულდა(გავიხსენოთ თუნდაც ბრუკ ფარმი), თუმცა პრაქტიკამ აჩვენა რომ კიბერ სივრცე ამგვარ უტოპიას შესაძლებელს ხდის. Anonymous ყველაზე ძლიერი, რადიკალური ინტერნეტ ძალაა, რომელმაც მოახერხა უტოპიის გარკვეულ წილად რეალურ პლატფორმაზეც გადმოტანა, რაც გამოიხატებოდა პროტესტში და საზოგადო შეკრებებში. ჯგუფი სათავეს იღებს 4chan.com საიტის მომხმარებლებიდან,საზოგადოება რომელიც არც კი იცნობდა ერთმანეთს ნელნელა გადაიზარდა ჯგუფურ ფორმაციაში. Anonymous-მა დაიწყო სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გალაშქრება. ძირითადად იყენებდნენ DDOS შეტევებს (ეს არის შეტევა ონლაინ სერვისზე ბევრი ლოკაციიდან, რომელიც გადაჭარბებული ტრაფიკის გამო იწვევს საიტის დისფუნქციას, წარმოიდგინეთ რაღაც „საბჭოთა შეტევის“ მსგავსი კინოფილმიდან „ღმერთების ქალაქი“, როცა რამოდენიმე თინეიჯერი წაქცეულ განგსტერს მოულოდნელად, ერთდროულად ესვრიან ) მიტანით სხვადასვა პოლიტიკურ, სამთავრობო და მოპოლიზებულ საიტებზე. ისინი აქტიურად უწყობდნენ ხელს Occupy Movement-ს და Arab Spring-ს, ჩაატარეს რამოდეიმე კიბერ ანტიტერორისტული ოპერაცია IS წინააღმდეგ. გატეხეს Paypal, MasterCard, Visa, Sony საიტები, მას შემდეგ რაც Wikileaks (დიდი ალბათობით ფედერალების მითითებით) შეუწყვიტეს დაფინანსება. Anonymous-მ თანდათან დაიმკვიდრა „კიბერ ლინჩ მოსამართლეების“ სახელი. თუმცა გუნდის პოპულარობა დიდ წილად განაპირობა არა წინააღმდეგობის ძალამ, არამედ მასში გაერთიანებულმა არტისტებმა, რომლებმაც მოძრაობა იდეოლოგიურად და ესთეტიკურად დახვეწეს. ამაზე მეტყველებს ჯგუფის ლოგო: უთავო კაცი, რომელიც დეცენტრალიზებული მმართველობის, ლიდერის არ არსებობის სიმბოლოა. ასევე გაი ფოქსის ნიღბები, რითაც ანონები (Anonymous-ის წევრები თავს ასე უწოდებენ) დემონტრაციებს ატარებენ. ეს ნიღბები ძალიან კარგად მოერგო ჯგუფის იდეოლოგიას- გაი ფოქსი ტრაგიკული რევოლუციონერი იყო, რომელსაც განზრახული ჰქონდა ლორდთა პალატის აფეთქება და ახალი რეჟიმის დამყარება, თუმცა მან ვერ განახორციელა ეს ქმედება, მიუხედავად ამისა ინგლისში ტრადიციად შემორჩა ამ დღის აღნიშვნა, სადაც ხალხი ზეიმობს და საძულველ ეფიგიებს წვავენ. ამით ინსპირირებული ანონები, თავიან შეკრებებს გაი ფოქსის ღამეებს უწოდებენ.

საინტერესოა როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა აცოცხლებს უტოპიას, როგორც კიბერ სახელმწიფოს? პასუხი არის ლაო ძისეულ ფორმატში- მათ არ აქვთ მკაცრად განსაზღვრული ფილოსოფია. ეს არის ინტერნეტ თავშეყრის ადგილი, რომელიც ემსახურება სოციალური საკითხების განხილვას და ანალიზის მიხედვით, იდეაზე ოპერირებას და არა რომელიმე ლიდერის დირექტივებზე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ Anonymous-ი არის რეაგირება სამართლიანობის აღდგენისთვის. ისინი უპირისპირდებიან ინტერნეტ ცენზურას, კონტროლს, ტოტალიტარულ სისტემებს, მონოპოლიზებულ კორპორაციებს, კორუმპირებულ სამთავრობო ორგანიზაციებს. ერთ-ერთი ანონი წერს: “ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ინტერნეტში ვახორციელებთ იმას, რასაც რეალობაში ვერასდროს შევძლებდით და ამას ყველაფერს მხიარულებისთვის ვაკეთებთ.“

ანონების დევიზი- „ყველაფრის კეთება მხიარულებისთვის“, კიდევ ერთხელ უპირისპირდება კაპიტალისტურ წყობას, რომლის დევიზია „ყველაფრის კეთება ფულისთვის.“ ანონების სლოგანები, პრიმიტივიზმის შედევრია, რაც ბევრს ადამიანს იზიდავს სოციალურ ქსელებში, ასევე მარტივია მათი სტრატეგიაც, რომელიც ალქაიდას რეკრუტმენტს შეიძლება შევადაროთ- „თუ შენ გჯერა Anoymous-ის და უძახი თავს ანონს, მაშინ შენ ხარ ანონი.“

მთავრობა ცდილობდა ანონები საზოგადოებას გაუნათლებელ, თინეიჯერ ჰაკერებად აღექვა, რომლებიც არ იმსახურებენ სერიოზულ ყურადღებას. ამას ანონებმა დაუპირისპირეს ღია სოციალური აქტივობები, ყველაზე გამორჩეული სახე იყო ბარეტ ბრაუნი, მისი მონოლოგებიდან დასამახსოვრებელია თავისი აბაზანიდან გამართული რეპორტაჟები წითელი ღვინით ხელში. კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ გამწარებული სისტემა, როცა ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი აბაზანიდან ემუქრება. რა თქმა უნდა ბარეტის აროგანტული გამოხტომები FBI-ის შეუმჩნეველი არ დარჩენია და ვერც ციხეს გადარჩა.

Anonymous-ის პერზისტენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია განსხვავებული, მრავალპროფილიანი ჯგუფის წევრები,მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თანამედროვე ხელოვნები, რომლებმაც ჯგუფს თეატრალიზებული სახე მისცეს. ანონიმურობა თავის თავად უკვე მიმზიდველი ფაქტორია, ამას ემატება მოკლე ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ეხება მიმდინარე პოლიტიკურ/სოციალურ მოვლენებს. ისინი დროდადრო ქვეყნდებიან ინტერნეტში და დიდი პოპულარობით სარგებლობენ -ეს არის ტროლი გაი ფოქსის ნიღბით, რომელიც ანონების სახელით ლაპარაკობს მიმდინარე მოვლენაზე და აანონსებს დაუმორჩილებლობას. ვიდეო როლიკების ფუტურისტული განწყობა, კომპიუტერიზებული ხმა, ინკოგნიტობა, ASCII სპეცეფექტები, ჩანაწერს ვირალურად პოპულარულს ხდის. ასევე საინტერესოა მიმები, რომლებსაც ჯგუფი ხშირად იყენებს, ASCII art მხატვრობა, რითაც სლოგანებს და მოწოდებებს აფორმებენ, მუსიკა, რომელიც ნინტენდოს ადრეული თამაშის საუნდტრეკებს გვაგონებს. ერთი სიტყვით ამ ჯგუფმა მოახერხა ნიღბის უკან მითი შეექმნა და ეს ხელოვნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ასე მაგალითად სალვადორ დალი მთელი ცხოვრება ქმნიდა თავის პერსონაჟს-ფრანტიკულ პიროვნებას, რომელიც უაზროდ იქნევს ხელებს და ვერცერთ ენაზე დალაგებულად ვერ ლაპარაკობს. შოუს ბოლოს თვითონვე აღიარა ჩემი ყველაზე კარგი არტ პროდუქტი ჩემივე პერსონაჟის გამოგონება იყოო.

წარმოიდგინეთ სისტემა, რომელსაც თავად უნდა იყოს მითის პროტაგონისტი და ამ სტატუსს ართმევენ, სისტემა მზადაა ფიფქიის როლის დასაბრუნებლად დედაბერის ფორმა გადაიცვას და ხელში წითელი ვაშლების კალათაც დაიჭიროს. ფედერალებმა გაძლიერებული თვალთვალის შედეგად ბევრი ანონი დაიჭირეს. იყო დრო როცა საზოგადოებას ეგონა რეპრესირებული ჯგუფი შეწყვერდა სოციალურ აქტიობას, თუმცა დაჭერების სერიას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ad hoc შექმნილი ახალი ჰაკტივისტების ჯგუფიდან LulzSec, (Lulz არის lol-ის (laught out loud) ნეოლოგიზმი), ამით ჯგუფის წევრებს უნდოდათ ეთქვათ რომ აგრძელებენ ყველაფრის მხიარულებითვის კეთებას. მათ გახსნეს ახალი კიბერ ფრონტი მთელი სისტემის წინააღმდეგ. ისინი რიგრიგობით ტეხავდნენ InfraGard(FBI-ის არასამთავრობო ორგანიზაცია), senate.gov (შტატების სენატის ოფიციალური ვები), CIA, FBI, Arizona Department of Public Safetyდა ა.შ. გატეხვის შემდეგ ჰაკერები თავიანთ კვალს ტოვებდნენ წარწერით „ვეკაიფებით თქვენს უსაფრთხოებას 2011 წლიდან“. LulzSec იქცა ლეგენდის ნაწილად. მათი ხელწერაც გავდა ანონებისას, მათი მიმი იყო ულვაშევაპრეხილი, კოსტუმში გაკვეხებული, პენსნეიანი ტროლი, რომელსაც ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს. იგივე ASCII Art მხატვრობა და გემის ანიმაცია, Love Boat საუნდტრეკით. მოკლედ იგივე არტ კონცეპცია. Anonymous-მა და LulzSec-მა შექმნა თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც მაყურებელი, ინტრიგა და დრამა არასდროს მოკლებია.

თუმცა ეს წარმოდგენაც იმით დასრულდა, რომ ჯგუფის ყველა(6-ვე) წევრი დაიჭირეს. LulzSec დახურვის შემდეგ, ერთ- ერთმა ჰაკერმა, ტოპიარმა დაწერა „თქვენ შეგიძლიათ ყველა ჩვენგანს დაადოთ ბორკილები, მაგრამ თქვენ ვერასდროს დაატყვევებთ იდეას“. ეს ციტატა ხსნის მთელ კონცეპციას, Anonymous, LulzSec, ეს ყველაფერი იდეაა (და არა რამდენიმე ადამიანი), რომლის გარშემოც კვლავ გაერთიანდება საზოგადოება.

დღეს ანონების ძალა შესუსტებულია, თუმცა ამ ჯგუფიდან წარმოიქმნა რამდენიმე პროექტი, რომელიც აქტიურად განაგრძობს ბრძოლას, რომ სისტემა არ იქცეს ტოტალიტარულ მონსტრად. მაგალითად Project PM, რომლის გუნდიც ფოკუსირდება ადამიანების ამომცნობ სათვალთვალო სისტემის გატეხვაზე, რასაც ამერიკის სააგენტოები უკვე იყენებენ.

ალბათ კიბერ უტოპია ჯერ ადრეული მცნებაა, თუმცა IT პარადიგმა გრძელდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით web 2.0 სივრცეში, სადაც მომხმარებლის ჩართულობა კონტენტის შექმნაში უფრო და უფრო იზრდება. დღეს ინტერნეტი ემყარება ფოლკსონომიას (ინფორმაციის უფასო კლასიფიკაცია და მოძებნა, მაგალითად თაგინგი.), სოციალურ და ვებ სივრცეებში თვითგამოხატვა- კომენტარები, პოსტები. სოფტი, როგორც სერვისი, რაც გულისხმობს Mash up-ების არსებობას, ღია კოდებს, რომლებიც შეგიძლია ერთი საიტიდან მეორეში ჩააშენო და შენით შექმნა ახალი კონტენტი, ასევე არსებული საიტები გაამდიდრო შენი კოდით, უფრო მეტი, არსებობს პორტალები, რომლებიც მომხმარებელს ეხმარება პროგრამული ენის ცოდნის გარეშე შექმნას სრულყოფილი საიტი. თუმცა ეს დასაწყისია, რა იქნება როცა ბავშვები სკოლაში ისწავლიან პროგრამულ ენებს, ისევე როგორც მშობლიურ ენას სწავლობენ? რამდენად ძლევამოსილი იქნება კიბერ წინააღმდეგობა? დაჭირდებათ ამ ხალხს საერთოდ მმართველობა? დაჭირდებათ პარლამენტი? ბიუროკრატია? პოლიტიკური ახალი ამბები და თოქშოუები? დაკარგავენ ამაზე დროს, როცა შეეძლებათ თავად დააფორმირონ დეცენტრალიზებული წესრიგი, რა თქმა უნდა ძირითადი ადმინისტრაციული ნორმების გათვალისწინებით? რას იტყვით მაშინ კიბერ უტოპიაზე, როცა იარსებებს ონლაინ ჯგუფები, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და თავად აირჩიოთ ლიდერი, ან საერთოდ ულიდერო გუნდს შეუერთდეთ, მიიღოთ მონაწილეობა კონსტიტუციის შექმნაში, უფრო მეტი, თავად წამოიწყოთ ონლაინ სახელმწიფო, მოიწვიოთ წევრები, გასცეთ პასპორტები, და თუ მოგბეზრდათ ეს ჯგუფი საერთოდ დატოვოთ და რომელიმე სხვას შეუერთდეთ. ეს ყველაფერი ჯერ სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ როცა იქნება ამის მზაობა, მაშინ ოფსაიდში დადგება არა მარტო სისტემები, არამედ ქვეყნების, პოლიტიკის, ფულის არსებობა, რაც ერთი მხრივ შეიძლება დესტრუქციული იყოს ან პირიქით, გახდეს მასობრივი პაცეფიზმის დასაწყისი. ეს საკვლევი თემაა, ჩვენი გონება ჯერ ამგვარი ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობრივია, გვაშინებს მთლიანი სისტემის მოშლა.

ერთი რამ კი ფაქტია, Anonymous-ისთვის და LulzSec-ისთვის ფული და პოპულარობა არ იყო ამოსავალი წერტილი, ნებისმიერი მათგანი ძალიან მარტივად შეძლებდა ყოფილიყო, რომელიმე წამყვანი IT კომპანიის სახე, მაღალანაზღაურებადი პოზიციით, ან თუნდაც ჩვეულებრივი black hatჰაკერებივით ეშოვნათ ფული (მაგალითად ალბერტ გონსალესმა, 170 მილიონი საკრედიტო ბარათი და ბანკომატი დაჰაკა) მაგრამ მათთვის ეს უმნიშვნელო ფაქტორი იყო, მათ მიზნად დაისახეს კიბერ უტოპიური ოჯახის მშენებლობა და გარკვეულ წილად შექმნეს საწყისი პროტოტიპი, რომლიდანაც ბევრი რამის სწავლება შეიძლება სამომავლო პროექტებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG