Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ


ავტორი: გიორგი მამულაშვილი

უკვე 25 წელია, რაც საქართველო განაგრძობს ცხოვრებას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. უკვე 25 წელია, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია განვსაზღვროთ სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება. ეს გზა რთული და გამოწვევებით აღსავსეა. ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი არჩევანის გაკეთება: საქართველოს ადგილი მის ისტორიულ, ევროპულ ოჯახსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გზა არ იყო მარტივად გასავლელი და დღესაც კი არაერთი კითხვაა. საზოგადოება დღემდე მსჯელობს და ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს, „სად ვიყავით?“ სად ვართ?“ და „სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი?“ ერთი შეხედვით ეს შემაშფოთებელია, თითქოს პანიკის საფუძველს ქმნის. გვესმის კითხვა, „რა გვემართება, ნუთუ 25 წელი არ იყო საკმარისი პასუხი გაგვეცა ამ კითხვებისთვის?“ მაგრამ გამოსავალი კონსტრუქციულ მიდგომაშია, თუ არსებობს შეკითხვა, როგორც ჩანს შესაბამისად არ გაგვიცია პასუხი მასზე. ან ჩვენი პასუხი არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და დასაბუთებული. სწორედ ახლა დადგა დრო, ყველა კითხვას ვუპასუხოთ ამომწურავად, ვუპასუხოთ არგუმენტებით და გასაგებად.

ახალი თაობა, ახალგაზრდები, მხარს უჭერენ ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ მათაც აქვთ ანალოგიური კითხვები. ეს არ უნდა გვაშინებდეს, მეტიც ეს სტიმულსა და ბიძგს უნდა გვაძლევდეს. მოტივაციას, ვიმუშაოთ გაასმაგებული ენერგიით და ვუპასუხოთ თითოეულ მათ კითხვას. ჩვენი პასუხი კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს „კი“ ან „არა“-თი. არამედ, ვისაუბროთ არგუმენტებით, კონკრეტული ხელშესახები შედეგებით. შიშის საფუძველი აქვთ მათ, ვისაც არ შეუძლიათ უპასუხონ კითხვებს. ჩვენ კი ნამდვილად შეგვწევს უნარი წარმოვადგინოთ ამომწურავი პასუხები.

არ შეგვეშინდეს იმ კითხვის ნიშნების, რომლებიც მრავლადაა ჩვენს გარშემო. შევხედოთ მათ როგორც შესაძლებლობას. დიახ, ეს არის შესაძლებლობა დავარწმუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები არჩეული გზის სისწორეში. გავიაზროთ, რომ კითხვა არ არის მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია, არამედ ის გზაა თავი დავაღწიოთ გაურკვევლობას და შევძლოთ პოზიციის ჩამოყალიბება. მაშასადამე, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ახალი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

დროა, გადაწყვეტილებები მივიღოთ გონებით და არა, ემოციით. მოვიმარჯვოთ ფაქტები, არგუმენტები და არსებული შედეგები. ვიმსჯელოთ უფრო ხშირად და ჩვენ აუცილებლად მივალთ საერთო დასკვნამდე, საერთო პასუხებამდე. ამის შემდეგ, ნაკლები ალბათობა იქნება იმისა ვიდაოთ იმაზე, თუ რატომ მიუყვება ქვეყანა დასავლურ კურსს და რა ბენეფიტის მომტანია საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG