Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ გვჭირდება სოციალური სახელმწიფო და მას ვჭირდებით ჩვენ!


ავტორი: გვანცა ბაიდოშვილი

ახალი საკონსტიტუციო კომისია სოციალური და ეკონომიკური უფლებების შესახებ მსჯელობს და თანხმდება რომ კონსტიტუციაში გაჩნდება სოციალური სახელმწიფოს შესახებ სპეციალური ნორმა. ასე თუ ისე, იმედი მომეცა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მაინც აისახება ცოტაოდენი საზოგადოებრივი საჭიროება და სუბიექტურ სოციალურ უფლებებამდე თუ ვერ მივალთ, პრეამბულაში ნახსენები სოციალური სახელმწიფო მაინც მიიპყრობს ცოტა უფრო მეტ ყურადღებას ვიდრე დღეს.

ამ ცნობამგულწრფელად გამახარა. თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ, მეტიც ისინი საკონსტიტუციო კომისიაში არიან, გრძნობენ საზოგადოებრივ საჭიროებებს, ისინი იურისტები არიან, იციან რომ სოციალური სახელმწიფო, ჩვენ რომ გვინდა, შორეული იდეალია, მაგრამ რითაც შეუძლიათ იმით ცდილობენ რეალობას დაუბრუნონ საქართველოს უზენაესი კანონი და, ალბათ, უნივერსიტეტებში, რომლებშიც კონსტიტუციის პრეამბულას ზოგჯერ ზეპირადაც ასწავლიან, მაგრამ სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის რა მნიშვნელობა აქვს იქ ნახსენებ სოციალურ სახელმწიფოს, ცოტა უფრო მეტი დრო დაეთმოს სოციალურ უფლებებსა და იქნებ თანამოაზრეებიც გამოუჩნდეთ მათ. დიახ, თანამოაზრეები, რომლებიც ძალიან ცოტაა იმათთვის ვინც რეალობას არაა მოწყვეტილი. ეს ერთგვარი პარადოქსია, რომ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, სტუდენტები სწავლის საფასურს ვერ იხდიან და მშრომელებიც არაადამიანურ პირობებში მუშაობენ, ახალგაზრდებისათვის სოციალური თემატიკა საერთოდ არაა აქტუალური, დუმულია გამეფებული იმ ფენებშიც კი, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ.

წელს ევროპული კინო მდიდარია სოციალური თემატიკით, განსაკუთრებული მგრძნობელობით კი კენ ლოუჩის ,,მე, დენიელ ბლეიკი“ გამოირჩევა, შეუძლებელია ეს ფილმი ოდესმე დაგავიწყდეს, ღრმად რჩება კადრები გონებაში, თანაც როცა იგი შენი ქვეყნის ყოველდღიურ რეალობასაც ასახავს. თუმცა, არც ეს ფილმი იგრძო ახალგაზრდობამ, არც სხვა რომელიმე სოციალური თემატიკის, უფრო ბრჭყვიალა ფილმებია პოპულარული ჩემს თაობაში.

ამ ბლოგის დაწერა ერთმა ნაწყვეტმა შთამაგონაბრიტანელი მოაზროვნის, ტონი ჯატის წიგნიდან ,,უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას’’. იგი წერს -

,,საზოგადოების’’ დაყვანა ცალკეულ ადამინაებს შორის ურთიერთქმედების თხელ მემბრანამდე ამჟამად წარმოდგენილია, როგორც ლიბერტარიანელთა და თავისუფალი ბაზრის ქომაგთა ამბიცია. მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს იყო იაკობინელების, ბოლშევიკებისა და ნაცისტების უპირველესი და უდიდესი ოცნება: თუ არ არსებობს არაფერი, რაც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას, მაშინ ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ სახელმწიფოზე. მთავრობა, რომელიც მეტისმეტად სუსტი ან დისკრედიტირებულია იმისათვის, რათ იმოქმედოს თავიანთი მოქალაქეების მეშვეობით, მიზნის მისაღწევად უფრო მეტად მიმართავს სხვა საშუალებებს, როგორებიცაა: დარწმუნება, პირფერობა, დაშინება და, საბოლოო ანგარიშში, ადამინაებისათვის მორჩილების იძულება. საზოგადოებრივი მიზნის დაკარგვა, რაც საზოგადოებრივი მომსახურების მეშვეობით გამოიხატება, სინამდვილეში ყოვლისშემძლე სახელწიფოსშეუზღუდველ ძალაუფლებას ზრდის... “

საქართველოში სახელმწიფოს დისკრედიტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მას სოციალური ფუნქცია სრულიად გამოცლილი აქვს, კონსტიტუციის პრეამბულაში ნახსენები სოციალური სახელმწიფოს მნიშვნელონა სტუდენტებსაც არ ესმით, გაუგებარია მისი როლი უზენაეს კანონში. რა თქმა უნდა, ისიც აღარაა გასაკვირო ზოგიერთი სიტყვა ,,სოციალურს“ ,,სოციალისტურად’’ რომ კითხულობს და აღშფოთებულები ,,საით მივექანებითო“ წერენ. ქართულ საზოგადოებას თითქოს აღარაფერი აერთიანებს, იგი უკიდურესად უთანასწოროა და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ერთ ენაზე საუბრობს და ერთნაირი რელიგია აქვს, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს, სოციალური სახელმწიფოს იდეაზე არავინ საუბრობს. ნეპოტიზმსა და პროტექციონიზმზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ თან ინდივიდუალური შრომის წარმატებისაც სწამთ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს ცალკეული ადამიანების სიზარმაცესაც აბრალებენ. ეს იდეოლოგიური წინააღმდეგობები უნდა დაიძლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს ვერ გადავჭრით.

ამ ყველაფრის გამო ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში სოციალური უფლებების საკითხის განხილვის ინიციატორების მოტივაციაა არა საქართველოს სოციალურ სახელმწიფოდ გადაქცევის მიამიტური ილუზია, არამედ ამ საკითხებზე დაფიქრება და პატარა ნაბიჯების გადადგმა მაინც სოციალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე. ამიტომ ახლა მათემატიკური გამოთვლებით ჭკუის სწავლება კი არ უნდა დავუწყოთ კომისიის წევრებს, არამედ მხარი დავუჭიროთ ამ შესანიშნავ იდეას და გავიაზროთ რომ საკითხი იურიდიულ კონსტრუქციებს ეხება, ჩვენი კონსტიტუციის ღირებულებით სისტემასა და მისი რეალური საზოგადოებრივი საჭიროებისაკენ მიმართვას, საკითხს თუ რაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს და როგორი უნდა იყოს მომავალი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG