Accessibility links

logo-print

ბედნიერების ძიებაში


ავტორი: ქეთი მეფარიძე

ალბათ, მეც ადამიანთა იმ რიცხვს მივეკუთვნები სნობური სიყვარულით რომ უყვართ ყველაფერი ევროპული. ევროპა ჩემთვის პატარა, ლამაზ ქუჩებთან, ჭრელყვავილებიან აივნებთან, ცოცხალ მეტროსთან, მსუბუქად ჩაცმულ გამვლელებთან და რაც მთავარია, თავისუფლებასთან ასოცირდება. შეიძლება ეს სნობური განცდა არც არის. ხშირად გამიფიქრია, რომ ესპანეთის რომელიმე ქალაქში უნდა დავბადებულიყავი და სადღაც ზევით, ზეცაში საშვილიშვილოდ დიდი შეცდომა დაუშვეს, ერთგვარი „პროგრამული error–ი“.

აი, სწორედ ამ სნობური სიყვარულით და სკეპტიკური სახით ვიყიდე ბათუმის მატარებლის ბილეთები და მივიღე რეალობა, რომ წელს ევროპაში ვერ წავიდოდი.

ხუთსაათიანი მგზავრობის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორი სასიამოვნო იქნებოდა, მაგალითად, ბარსელონაში რომ მივდიოდე. გიფიქრიათ იმაზე, რომ ახალ სივრცეში ადამიანი საკუთარ თავს თავიდან პოულობს? სივრცეში, სადაც არავინ გიცნობს, არავის ადარდებს შენი სქესი, ორიენტაცია, ასაკი და სხვა მრავალი დეტალი. შესაძლებელია საერთოდ ახალი ადამიანი იყო. თითქოს ცარიელი ფურცელია, რომელსაც განსხვავებული სიტყვებით ავსებ. ამ ფურცელზე კი არ არის სტერეიტოპები. არ მჯერა იმის, რომ ყველგან შეიძლება ბედნიერი იყო, თუ მოინდომებ. ყველა ადამიანს ხომ საკუთარი ბედნიერების სივრცე აქვს.

არც ასე არის საქმე. შენ არ გიცხოვრია ევროპაში, ტურისტისთვის კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს– მეუბნება ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ. მჯერა მისი, მაგრამ მაინც საკმაოდ რომანტიკული ემოციები მაქვს ევროპის მიმართ.

მგზავრობისას წარმოვიდგენ, როგორ ვსაუზმობ ბარსელონას პატარა კაფეში. მახსენდება ზღვის ოდნავ მომჟავო სურნელი და ჩემი ახალი „მე“ უცხო ქვეყანაში.

სკეპტიკური ფიქრებით დავდივარ ბათუმის ქუჩებში. ბევრი ტურისტია. ყველა ადამიანი უცნობია. გრილა. ბულვარის სკამთან წყვილი ერთმანეთს კოცნის. მუსიკის ხმა ისმის.

ზოზინით გავიარე ქუჩის ოდნავგანათებული მონაკვეთი, სადარბაზოს მსგავს ადგილას შევუხვიე და უცბად აღმოვჩნდი კაფეებით სავსე მოედანზე. ზუსტად ისეთ მოედანზე, როგორიც ბარსელონაში იყო: ლამაზად მოხატული კედლები, მრგვალი მაგიდები, მოფუსფუსე ხალხი და თავისუფალი სივრცე. სნობურად შემიყვარდა ბათუმი. ალბათ, ბარსელონაზე ჩემსავით სიგიჟემდე შეყვარებულმა არქიტექტორმა დააპროექტა ეს მყუდრო ადგილი, რომელსაც ბედნიერებისთვის ფიზიკური სახის მიცემა სურდა.

იქნებ, ძალიან მალე მოვიდეს ის დრო, როდესაც ჩვენს ქალაქში ჭრელყვავილებიანი აივნებიდან მეზობლები აღარ გვითვალთვალებენ და ვიწრო ქუჩებში არ მოგვერიდება ერთმანეთის მოფერების..

იქნებ, ძალიან მალე დადგეს ის მომენტი, როდესაც ყველასთვის სულერთი იქნება დაოჯახდი, თუ არა, რამდენი კილო ხარ, ან, სულაც, გახდი, თუ არა მინისტრი. იქნებ, ჩვენც მალე ვიპოვნოთ ჩვენი თავისუფლება?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG