Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰორიზონტი ნისლში ანუ აფხაზეთი - უეპიტაფიო მიწაყრილი


ავტორი: ქრისტინე პახომოვა

გამთენიისას, ტყვიისფერ ეთერს რომ ნისლი ბოლავს, სველ ბალახებში მაღალი და ფრთხილი ნაბიჯებით მივიწევ წინ. ვეძებ. გადაშლილი, ნახევრად გადაშლილი და ახალი ეპიტაფიები; უეპიტაფიო მიწაყრილები. ძველ ეპიტაფიებზე ფოტოები, ახლებზე მხოლოდ წარწერები. ზოგიერთ მათგანს გულზე, ცრემლებამდე დახრილი ტირიფები აქვს დაფენილი. თანდათან ნისლი ფილტვებამდე ჩადის და სხეულიც ნაცრისფერი ბურუსით ისე ივსება, სუნთქვა ჭირს. ვერ მივაგენი ვერც ერთ ეპიტაფიაზე სახელში, გვარში ან დაბადების თარიღში მაინც. ვირჩევ ყველაზე ბალახიან, მოუვლელ მიწაყრილს და დავტირი. დავტირი. თმები, როგორც ტირიფები შუაგულ საფლავებზე; დავტირი საკუთარ ბავშვობას, რომელსაც არასდროს სძინებია მის მკლავზე.

- იქნებ სულაც სხვის მკვდარს დასტირი?! - სხეულში გაჟღენთილი ბურუსიდან ხმა ხან მკვეთრი და ხან მკრთალი ბგერებით ამოდის - ვის მკვდარს დასტირი? როცა ცოცხალი არასოდეს გიძებნია.

მერე ჩუმდება და მე ვაგრძელებ მიწაში თითებით ბორიალს, თითქოს ბოლომდე მინდა ჩავიდე და ძვლები ცრემლებით დავალბო, ან იქნებ ძვლებადაც აღარ დარჩა ან იქნებ?… შინაგანს ხმა აუბეს ტირიფებიდან, შუა და განაპირა საფლავებიდან. შემოჯარდნენ ჩვენს ირგვლივ. ერთხმად, ხმადაბლა, ისე ხმადაბლა იმეორებენ, რომ სხვის მკვდარს დავტირი, მინდა საფლავში ჩავძვრე და დავემალო.

ასეთია ჩემი სიზმრები. გამთენიისკენ, როცა ტყვიისფერი ხდება ცა. საწოლში თბილა. ოთახში - არც ისე.. მეღვიძება. გულაღმა ვწევარ, თვალებს ვერ ვხუჭავ. ქალაქმა არ იცის ნისლი, ისევე როგორც ვარსკვლავები. ყველაზე მაღალ წერტილებშიც კი იშვიათად ჩამოწვება ცის დარდად და ნაღველად. ამ ოთახში კი გამთენიისას, ყოველთვის ნისლია. თითქოს სიზმრიდან გადმოდის და ავსებს ყველა კუთხეს. სივრცეს მაგიდის, საწოლის, კარადის ქვეშ. კედლის საათის და რამდენიმე ნახატის უკანა სივრცეს კედლამდე, წვება ჩემსა და საბანს შორის არსებულ სიცარიელეებში. მე კი ვფიქრობ, ნისლივით მრუმე და უმოძრაო ფიქრით, როდის იქცა ის მიწა მამის გამოწვდილი ხელიდან მამის საფლავად?

- იცი რა მენატრება? აი, იქ რომ ჩავდივარ. მამაჩემი რომ ეზოში გადის და შეშას ჩეხავს. მერე ცალხელა ხერხით ხის ტოტებს მორავს. ვერ ვჩერდები საწოლში. წამოვხტები, გავვარდები. მივარბებნინებ ორხელა ხერხს და გაბრწყინებული თვალებით, ყურებამდე გაკრეჭილი ვდგები მამაჩემის წინ. მამაჩემს ეცინება. გადადებს ცალხელას და ვხერხავთ ერთად, ნელა და დიდხანს. იმიტომ რომ დიდხანს ვუყურო, როგორ თოვს ჭრილებიდან ნახერხი. მე ისევ ბავშვი ვარ. ბედნიერი, ლაღი. აუ, როგორ მიყვარს შენ არ იცი, შენ არ იცი - მეუბნება ჩემი მეგობარი, რომლის ოჯახიც დღემდე გალში ცხოვრობს და ხანდახან, ხანდახან მაინც ახერხებს მშობლებთან, მშობლიურ სახლში ჩასვლას და ისეთი სახით მიყვება ამბავს, როგორიც მამის წინ დგას, ორხელა სახერხით ხელში.

მახსენდება: საათობით შემეძლო მეყურებინა, როგორ ხერხავდნენ ხის ტანებს ბიძაჩემი და ჩემი ძმა. როგორ მიყვარდა სახერხიდან ჩამონათოვი ხის ფანტელების ყურება და ფიქრი. ჩუმად. ვჯდებოდი შორიახლო და რეტდასხმულივით სუნთქვასაც ხერხის “შლაწ-შლუწ” ხმას ვურითმავდი.

მერე როგორ ამზადებდა ჩემი, წელს ზემოთ შიშველი ძმა დამორილ ხეებს შეშად. მოზრდილ საჩეხ მორზე დადებდა შედარებით პატარა მორებს. დაუმიზნებდა ნაჯახს. აწევდა მაღლა, აიზნექდა წელს და მისი ნეკნების დათვლას ვიწყებდი, ზურგზე კი ჩადგმულ მხრებში ერთმანეთს უახლოვდებოდნენ ბეჭის ძვლები. დაუშვებდა ნაჯახს მთელი ძალით და როცა მისი სხეული უცნაურ შეძახილს ამოუშვებდა პირიდან, იპობოდა მორი შუაზე და გვერდი-გვერდ ვარდებოდა.. ასეთი იყო ჩემი ბავშვობა, ან მზეს ვაშტერდებოდი, ან ჭიანჭველებს ვაწვალებდი მანამ სანამ ჭიანჭველები სისხლში ჩქმეტას არ დამიწყებდნენ, მოხრილი მუხლებით გამოწვეული დაბუჟების გამო ან ბებიაჩემს ვუყურებდი, როგორ ცრიდა მჭადის ფქვილს და საცერიდან თოვდა ან სწორედ შეშის ხერხვისა და ჩეხვის ყურება და საკუთარი თავიც ბავშვობიდან ყოველთვის გარინდული მახსენდება - სამზარეულოს კარებთან, როცა ბებიას ვუყურებდი; ეზოში, როცა ბიძა და ძმა შეშას ჩეხდნენ; სახლის კედელთან, მზეზე მიშტერებული ან ეზოში, ჩამუხლული ჭიანჭველებთან.

და კიდევ, ჭიშკართან. როცა მეგონა, რომ ორ საათიანი თუ არა, ოთხიანი ავტობუსი მაინც მოიყვანდა მამაჩემს ჩემთან.

“აფხაზეთი მხოლოდ მიწა არ არის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთის სახით ხალხს ვიბრუნებთ და არა ტერიტორიას”; “ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც სისხლში არ გაუსვრია ხელები და ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და სურვილი ხიდია, აფხაზ ხალხთან შერიგებისთვის”; “სთხოვე პატიება და აპატიე”და მსგავსი, ათასი ფრაზა. გულწრფელი, რწმენით სავსე, რომელსაც სხვადასხვა საუბრებში, სტატიებში, ჩანაწერებში თუ ტელე გადაცემებში ვამბობდი. იმასაც ვაცნობიერებდი, რომ თაობის ცვლილებამ შიშველი ტკივილი უფრო ცივი გონების ჩარჩოებში მოაქცია, რომელსაც სუფთა მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ ისიც მაწუხებდა - დრომ, რაციონალური მოქმედების საშუალებასთან ერთად, ემოციურად “დაავიწყა” თაობას, მოგლეჯილი ნაწილის ტკივილი. მაგალითისთვის, თუ ჩემს დას სოხუმი ყოველღამ ესიზმრება, ჩემმა დისშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ დედა აფხაზეთიდან ჰყავს და რომ აფხაზეთი მისი მოკვეთილი მხარია. თუმცა მოკვეთილი მხარი არ სტკივა. შესაბამისად, “თვალი და გული არ უჭირავს” და თვითმიზნად აფხაზი ხალხის დაბრუნება არასდროს ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მასაც ისეთივე ძილისპირული ზღაპრებში ჰქონდა აფხაზეთზე, როგორც მე.

მაწუხებდა საზოგადოების ნაწილის არაადეკვატური, სიძულვილის ენით გამოხატული დამოკიდებულებები. აფხაზი ხალხის დემონიზების მცდელობა თაობაში და აფხაზეთის აღქმა, როგორც ნაყოფიერი მიწის ნაგლეჯის(ნოყიერი ხორცის ნაწილის). მძაფრი რეაქციით ვხვდებოდი ყოველ სოციალურ გამოხმაურებას, რომელიც რიგ კამპანიასა და პროექტს მოჰყვებოდა ხოლმე საზოგადოებაში. როცა მცდელობებს არასერიოზულ, უფუნქციო, ფუტურისტულ და არაფრისმომცემ ქმედებებად, ცინიკურ კონტექსტში აღიქვამდნენ, ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ როგორ ესროდნენ აფხაზები მათ, მაგრამ ვერ იხსენებდნენ თავიანთ ნასროლ ტყვიებს; ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, როგორი სიხარულით შეხვდა აფხაზი ხალხი “გამარჯვებას”, როგორი სისასტიკით გამოირჩეოდნენ ისინი ქართველებთან ომის დროს, თუმცა ვერაფრით იხსენებენ მათ გაძარცვულ სახლებს(მომიტევეთ უფროსო მეგობრებო, ალბათ უჩემოდაც იცით, რა იყო საომრად წასულ ჯარისკაცთა ნაწილის თვითმიზანი); ვერაფრით იხსენებენ აფხაზებს, რომლებიც მათ დასაცავად მალავდა და საზღვრამდე, რისკის ფასად იცავდა.

მათ არასდროს დაავიწყდებათ “აფხაზი კაციჭამიები”, თუმცა რატომღაც არავინ ლაპარაკობს, რა ხდებოდა სვანეთის გრძელ, ცრემლებით და ამინდით ატალახებულ გზაზე, სადაც სამშვიდობოს გამოსულ ლტოლვილებს ძარცვავდნენ “მეტად მოძმენი, ვიდრე აფხაზნი”.

არასოდეს მიფიქრია, რომ “დამნაშავეები” მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მაგრამ არც ერთი ენგურსმიღმელი მიმიჩნევია ყველაფერში ბრალეულად. ამიტომაც ვფიქრობდი, უნდა გვეთხოვა პატიება და გვეპატიებინა.

ახლა. ტყვიისფერ გამთენიებში, რაციონალური აზროვნების უნარ-დაკარგული, სხეულში გარინდული სულით და ჩაგუბული ფიქრებით ჭერში მამაჩემის საფლავს ვუყურებ. დადიან ადამიანები მამაჩემის საფლავზე. ადამიანი ეპიტაფიები. ზოგიერთი მათგანის სახეზე თარიღს ვკითხულობ. ზოგიერთისაზე სახელს და გვარს და ა.შ.

მე არ ვიცი სად მარხია მამაჩემი და მგონია, რომ მათი ყველა ნაბიჯით მისი ძვლები იმტვრევა.

მე მინდოდა შენთან მოსვლა, შენი დაბრუნება, მაგრამ ახლა..

თუმცა, იქნებ ერთ დღესაც ამოძრავდეს სხეულში ჩაგუბული სული, გამომეღვიძოს და გაპატიო, ჩემი ჩასახუტებელი სხეული შენ რომ ჩაიკარი მიწაში ჩემამდე.

12.11.2016

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG