Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობი გმირის უცნობი ისტორია


ავტორი: მაკა ხუციშვილი

„არავინ თქვას, რომ რაღაც ახალი ვთქვი, უბრალოდ მასალა დავალაგე ახლებურად“ ეს გამოთქმა ეკუთვნის მე-17 საუკუნეში მოღვაწე ფრანგ მათემატიკოსს ბლეზ პასკალს, რომელიც სრულიად შეესაბამება ჩვენი სტატიის გმირებს, რადგან ასეთი ადამიანების სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა მთელი სამოცდაათწლიანი კომუნისტური მმართველობის პერიოდში და გმირებადაც არავინ მოიხსენიებდა მათ. ისინი ხალხის მტრებად და ყაჩაღებად იყვნენ შერაცხულნი.

წელს ზუსტად 90 წელი გავიდა საერთო-ეროვნული აჯანყებიდან, რომელსაც სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად სათავეში ედგნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქაქუცა და მისი თანაშეფიცულები.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელ მატანში ჩაწერილი ზეპირი ისტორია, ეხება ქაქუცას ერთ-ერთ მხარდამჭერს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი ჩრდილში რჩებიან და მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.

როგორც ცნობილია, 1921 წლის თებერვალში როცა ბოლშევიკებმა დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრეს ქვეყნის მთავრობა და სამხედრო პირების უმრავლესობა დასავლეთ ევროპაში, ემიგრაციაში წავიდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი დამოუკიდებლობის წლებში იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. იყო საქართველოს არმიის პოლკოვნიკი. ის იყო ერთ-ერთი მათგანი ვისაც საქართველო არ დაუტოვებია და ბოლომდე ებრძოდა ბოლშევიკებს. ის თავის თანაშეფიცულებთან ერთად კავშირს ამყარებდა მეზობელ ჩეჩნებთან და ერთობლივი ძალით ცდილობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე ბოლშევიკების მიერ გადაბირებული, მაგრამ ჰყავდა ბევრი მხარდამჭერიც.

ერთ-ერთ მათგანზე ყველაზე საინტერესო და ვრცელ ისტორიას მოგვითხრობს ქალბატონი სალომე უძილაური. მისი დიდი ბაბუა ბასილი დავითაშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს იმის გამო, რომ ქაქუცას და მის თანაშეფიცულებს მატერიალურ დახმარებას უწევდა და მათ სულისკვეთებას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ბოლომდე იზიარებდა.

სალომე უძილაური: „ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ის ეპიზოდია, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს და ჩემი დიდი პაპის, დავითაშვილი ბასილის ოჯახის ტრაგედიას მოიცავს. მაშინ მე კი არა, მამაჩემიც არ ყოფილა დაბადებული და ყველაფერი მამაჩემის დეიდისგან ბაბალე ბებოსგან ვიცი. ის ისე ხშირად გვიყვებოდა ამ საშინელ ისტორიას, რომ ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს.

მამაჩემის დედა ნინო, ახმეტის მახლობლად სოფელ ხევისჭალაში დაბადებულა. ბასილი დავითაშვილის ოჯახში, რომელსაც სულ შვიდი შვილი ჰყავდა. მეუღლე ცოქალი თურმანაული - ულამაზესი ქალი, მეტსახელად „კუკლა“ და ერთი ძმისშვილი, ობოლი, რომელიც თვითონ გაუზრდია. ძალიან წარმოსადეგი, ჭკვიანი, მშრომელი და შეძლებული მაცხოვრებელი, თავისი კუთხის და ხალხის მოყვარული, გაჭირვებულის დამხმარე და ავ-კარგის გამრჩევი ყოფილა, როგორც ბაბალე ბებო ამბობდა. იმ დროისათვის ბასილი უკვე 67 წლის იყო.

ის საშინელება, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის მხარდაჭერის გამო დამართეს ჩემ დიდ პაპას და მის ოჯახს, ასეთი იყო: საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქაქუცა კახეთში, თავის მშობლიურ სოფელ მატანში დაბრუნებულა თავის შეფიცულებთან ერთად. ალბათ იმედოვნებდა, რომ აქ უფრო მეტ მხარდაჭერას იპოვიდა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო და ამ შემთხვევაშიც ასე მომხდარა. მას მატანში დასაყრდენი ვერ უპოვია, პირიქით დევნა-შევიწროვება დაუწყეს თურმე და იძულებული გამხდარა მატნის მოსაზღვრე - ხევისჭალის ტყეებისთვის შეეფარებინა თავი. მტერი და დამბეზღებელი ბევრი ჰყოლია, ერთგული კი ძალიან ცოტა. აი ასეთ დროს ქაქუცას პაპაჩემი დავითაშვილი ბასილი დასდგომია გვერდში. პაპას ხევისჭალის გარდა სახლი, გომურ-საბძელები, ბეღლები, სახნავ-სათესი, სათიბე-მინდვრები, საზაფხულო ფერმები და მამულები ჰქონია ხევისჭალიდან 10-12 კილომეტრით დაშორებულ მთაში - საძროხის-დაბალში. აი, სწორედ აქ მიუცია ქაქუცასა და მისი შეფიცულთა რაზმისათვის თავშესაფარი და როგორც შეეძლო ეხმარებოდა, შოულობდა მათთვის ტყვია-წამალს, ტანსაცმელს და ამარაგებდა საკვებით. ასე გაგრძელებულა რამდენიმე თვეს.“

1924 წლის შეიარაღებულმა აჯანყებამ მარცხი განიცადა. საბჭოთა ხელისუფლებამ ის სისხლში ჩაახშო და დაიწყო დევნა არა მარტო უშუალო მონაწილეების, არამედ ყველა იმ პირის ვინც რაიმე კავშირში იყო აჯანყების ხელმძღვანელებთან. მიუხედავად ბოლშევიკების მწვავე რეაქციისა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის თანაშეფიცულებთან ერთად კვლავ აგრძელებდა ბრძოლას, მაგალითად კახეთში მდინარე ხევგრძელასთან მან დაამარცხა წითელი არმიის ნაწილები, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველა რესურსი ამოწურული იყო და ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

სალომე უძილაური: „შეიარაღებული აჯანყების შემდეგ ქაქუცამ დაატყო თურმე, რომ კახეთში თანამებრძოლებს ვეღარ მოაგროვებდა და გადაწყვიტა გასცლოდა კახეთს,გადასულიყო ფშავისკენ და შემდეგ როგორმე საზღვარგარეთ მოეხერხებინა გამგზავრება. პაპაჩემს გაუცილებია მოკლე გზებით და როცა პაპას უკან დაბრუნება დაუპირებია ქაქუცამ თავის ცხენს მოხადა ძვირფასი ვერცხლის უნაგირი და გადასცა ბასილის იმ დიდი დახმარებისთვის, რაც მან გაუწია ქაქუცას და მის შეფიცულთა რაზმს. (სწორედ ეს უნაგირი ექცა ბედისწერად პაპაჩემის ოჯახს) შემდეგ ქაქუცას დაუჩოქია, მიწისთვის უკოცნია და გულისტკივილით უთქვამს: „იქნებ აღარც მეღირსოს ამ მიწაზე ფეხის დადგმაო.“ პაპაჩემის უბრალო უნაგირი დაუდგია თავისი ცხნისათვის და წასულა.“

პაპა, რომ ქაქუცას უნაგირით დაბრუნდა სოფელში, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო იცნეს და დააბიზღეს ბოლშევიკებთან. ამის გამო ის მაშინვე დაკითხეს ახმეტაში, მაგრამ მაშინვე არ გაუტარებიათ სადამსჯელო ღონისძიებები, მის წინაარმდეგ. თუმცა პაპა ხვდებოდა, რომ ქაქუცას მხარდაჭერას ბოლშევიკები არ აპატიებდნენ. უთქვამს კიდეც მე ეს მთავრობა არ გამახარებსო და უცდია თავისი ქონების და ოჯახის გადარჩენა, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გამთენიისას თავზე დაეცნენ ხევისჭალაში მის სახლს, ასამდე შეიარაღებული ბოლშევიკი. ყველაფერი გადაწვეს: სახლი, პირუტყვით სავსე ბეღლები და ა. შ. ქაქუცას ნაჩუქარი უნაგირიც წაიღეს. ყველაფერი ისე გააცამტვერეს, რომ ოჯახის წევრთა ფოტოებიც კი არ არის შემორჩენილი.

ბასილი თავის ორ ვაჟთან და ძმისშვილთან ერთად მთაში ყოფილა წასული, უკან მომავალს შორიდან შეუმჩნევია თავის სახლიდან ამომავალი კვამლი. საბოლოოდ, ბოლშევიკებმა ბასილი დავითაშვილი დახვრიტეს თავის ძმისშვილთან ერთად, თავისი ხელით გაათხრევინეს მიწა და უამრავი ტყვიით დაცხრილული ჩაყარეს ორმოში სოფელ მატანთან ახლოს, იმ ადგილს თეთრ მიწებს ეძახიან. მისი მეუღლე, რადგან ალმოკიდებულ ცხენს აღვირი აუშვა ცეცხლში გადააგდეს და ხალხმა ძლივს გადაარჩინა. შვილებს სცემეს ისე, რომ ერთი ქალიშვილი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და მაშინდელი ნაიარევი წელზე მოხუცებულობამდე ახსენებდა თავს, ერთ-ერთი ქალიშვილი ნინო ნერვიულობისგან დაბრმავდა და მამაჩემი ბრმამ გააჩინა (ბასილის ქალიშვილი ნინო მამაჩემის დედა იყო), ვაჟიშვილები დახვრეტას გადაურჩნენ იმის გამო, რომ არასრულწლოვანები იყვნენ.

იმავე საღამოს, მისმა გადარჩენილმა ქალიშვილებმა ჩუმად ამოთხარეს დახვრეტილი მამა და ბიძაშვილი, ურმით სოფელში წაასვენეს და ისე დამარხეს, რომ ბოლშევიკების შიშით საფლავებს ნიშანიც ვერ გაუკეთეს. ბაბალე ბებო იხსენებდა: „ღრიალი მინდოდა, მაგრამ ბიცოლა პირზე ხელს მაფარებდა, სუ შვილო არავინ გაიგოს და მკვდრებიც არ წაგვართვან.“

კიდევ ბევრი ადამიანი მოიძებნება კახეთში, არა მხოლოდ მატანში, არამედ სხვა სოფლებშიც,რომელთა დიდი ბაბუები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად იბრძოდნენ წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ბასილი დავითაშვილის მსგავსი ბედი გაიზიარეს. ბოლშევიკების შიშით ზოგს საფლავიც კი არ ეღირსა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა სხვების ისტორიებიც ჩაგვეწერა, რათა მკითხველმა კარგად გაიაზროს როგორ იწყებოდა კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი მმართველობა საქართველოში, რომელმაც უამრავი მსხვერპლი მოიტანა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG