Accessibility links

logo-print

თავგადასავლები ავტობუსში


ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

ისევე, როგორც სტუდენტთა უმრავლესობას, მგზავრობა მეც უმეტესად ავტობუსით მიწევს ხოლმე (სტუდენტისთვის დამახასიათებელი მწირი ბიუჯეტის შესაბამისად). მისმა მგზავრებმა კარგათ ვიცით, როგორია ხალხით გადავსებული ავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მისვლა. გადაადგილების პრობლემა ერთი ორად მძიმდება დილაობით. ამ დროს ყველა სამსახურში, ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მიიჩქარის.

ჩემი დილაც სრულიად ჩვეულებრივად იწყება. ვდგები, ძირითადად, 9-დან 10 საათამდე მონაკვეთში და უკვე დაგვიანებულ ლექციაზე მივიჩქარი ხოლმე. გაჩერებაზე მისული ის ისარის ოცნებასავით გავიფიქრებ, ნეტავ ცარიელი მოვიდეს-მეთქი, რომ უნივერსიტეტისკენ მიმავალი ხალხით გაჭედილი ავტობუსი ჩნდება ჰორიზონტზე. გაჭირვებით ავდივარ (ზოგჯერ ვერც ავდივარ) და კონტროლიორის „მშობლიური“ ფრაზაც ისმის - „ბარათები გადმომაწოდეთ!“. ვიღებ ბილეთს და ვცდილობ, როგორმე მყარად დავდგე. რამდენჯერაც გავიფიქრებ - „მორჩა, ამ გაჩერებაზე მეტი მგზავრი ვეღარ ამოვა-მეთქი“- იმდენჯერ ვცდები. ალბათ, ეს ავტობუსები წელვადია.

პრობლემას მხოლოდ გადამეტებული მგზავრების რაოდენობა არ წარმოადგენს. ავტობუსით მგზავრობა ერთი დიდი გამოწვევაა (ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდებისთვის): როგორმე ისე უნდა მიაღწიო დანიშნულების ადგილს, რომ არავის ლანძღვის, კრიტიკისა და ქილიკის ობიექტი არ გახდე. უკმაყოფილების გამომხატველთა ასაკი თვალშისაცემად შემცირდა. ახლა მხოლოდ მოხუცები აღარ კიცხავენ ახალგაზრდებს, ამ „ეროვნულ“ საქმეში 40-50 წლის ქალებიც შესაშურ ენთუზიაზმს იჩენენ. ჩვენი თაობის გასაკრიტიკებლად უპირველესი და „ტრადიციული“ მიზეზი ადგილის დაუთმობლობაა.

მარიამ აღდგომელაშვილი, სტუდენტი: „მივდიოდი 6 ნომერი ავტობუსით ჯიქიას ბოლოში. ძალიან დაღლილმა ძლივს მოვახერხე დაჯდომა. მერე ერთი მოხუცი ქალი ამოვიდა, შორს იდგა ჩემგან. კი გავიფიქრე, დავსვა-მეთქი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, ადგომის თავი არ მქონდა, ჩანთაც მძიმე მეჭირა. უცებ ვიღაც ორმა ქალმა დამიწყო: „ ადექი! შენ ნამუსი გაქვსო?“ ჩემს უკან ორი ბიჭი იჯდა და მაინც და მაინც მე მომდგნენ. ავდექი და დავსვი უსიტყვოდ. ქალი, რომელიც დაჯდა მიუბრუნდა იმას, ვინც ჩხუბი დამიწყო და მადლობა იმას გადაუხადა. ვდგავარ და მესმის: „ღმერთო ეს ხო ოჯახის დამსახურებაა, არ გაზარდეს და რა ქნას“; „არ ვიცი, დღევანდელ თაობას რა ეშველება“ და ა.შ.“

კრიტიკის შემდეგი, ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზი გოგონების ჩაცმულობაა, განსაკუთრებით ზაფხულში. აღშფოთებას იწვევს მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, მაისურები და ყველაფერი, რასაც ჩათვლიან, რომ ზედმეტად მოღებულია. თუმცა როგორია ეს „ზედმეტად მოღებული“ თითოეულ მათგანს თავისებურად ესმის. ახლახან შევესწარი 45-50 წლის ქალბატონი გვერდით მჯდომ უცხო მამაკაცს რომ ესაუბრებოდა: „ჩემმა ბიჭმა რომ მოკლე კაბიანი გოგო მომითრიოს სახლში, იმან ფეხი ფეხზე გადაიდოს და სიგარეტი გამიბოლოს, ხო გვგლიჯე შუაზე. ასეთი გოგოები აჩხუბებენ მერე ბიჭებს დედებთან. მამაჩემს ახალგაზრდობაში ის უკვირდა, გრძელკაბიან გოგოს თუ კოჭი გამოუჩნდებოდა და ახლანდელმა გოგონებმა სულ დააკარგვინეს ბიჭებს ყველაფრის ინტერესიო." თვითონ ამ ქალს კი მუხლს ზემოთ ქვედაბოლო და გამჭირვალე შიფონის პერანგი ეცვა, საიდანაც, გაგიკვირდებათ და, ყველაფერი უჩანდა.

თუმცა უკმაყოფილების მიზეზი დიდიხანია გასცდა მხოლოდ ადგილის დაუთმობლობასა და ჩაცმულობას. თუ თქვენ ხართ 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდა, ნებისმიერი რამის გამო შეიძლება გახდეთ ლანძღვის ობიექტი. მიზეზი, ხშირად, აბსურდულადაც კი მოგეჩვენებათ. ახლა უკვე მოხუცები, და არა მარტო, ჩვენს „უზნეო“ თაობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ტრანსპორტში ტელეფონზე ლაპარაკობენ, ყურსასმენებით დადიან, თმა სხვადასხვა ფრად აქვთ შეღებილი, ტატუ აქვთ. კრიტიკისგან არც მაშინ ხართ დაზღვეული თუ შეუღებავ, მაგრამ გრძელ თმას ატარებთ. მახსოვს, ერთხელ მგზავრობისას ერთმა ქალმა ფანჯარაში ლამაზი, გრძელთმიანი გოგო შეამჩნია და ახალი „საკბილო“ მიეცა. მისი თქმით, დღესდღეობით გოგონები თმას იმიტომ იშლიან, რომ ცუდ მოდას მიჰყვებიან, ამით მავნე ჩვევები უყალიბდებათ და საერთოდაც, რა წესია ეს გრძელი თმის ტარება. არ დაგვავიწყდეს სიგარეტიც...მართალია, ზემოჩამოთვლილ მიზეზებს ზნეობასთან და განათლებასთან საერთო არა აქვს, მაგრამ ჩვენს თაობას მაინც „უზნეობისა“ და „გაუნათლებლობის“ იარლიყი აქვს მიკერებული.

მათი საქციელი იმას ჰგავს, ჩვენც (ახალგაზრდებმა) რომ დავიწყოთ ყველა მოხუცის ლანძღვა იმ ზოგიერთის გამო, რომელიც მადლობასაც არ გეტყვის თუკი ადგილს დაუთმობ.

არადა, ყოველთვის ასეთი ცუდებიც არა ვართ. ეს „წყალწაღებული“ ახალგაზრდობა მოულოდნელად საქებარი გახდა, როცა პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. თუმცა, ქებამ ცოტა ხანს გასტანა. ახლა ისევ ისინი ვართ, ვინც მოხუცებს ტრანსპორტში ადგილს არ უთმობს, უფროსებს ეპასუება და წიგნების კითხვა არ უყვარს.

თუ დაუკვირდებით, უკმაყოფილების გამომხატველნი თითქმის ყოველთვის ქალები არიან და ლანძღვის ობიექტებიც უმეტესად გოგონები. ამის მიზეზების ძიება კი თქვენთვის მომინდვია...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG