Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ რამეს მოვითხოვდეთ...


ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

დრო გადის და მასთან ერთად იცვლება ცხოვრებაც. კაცობრიობა მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს ჟამთა სვლასა და მის წინაშე მდგარ ახალ-ახალ გამოწვევებს. ამის პარალელურად ადამიანების მიერ ერთმანეთისთვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბიჭების მიერ გოგონებისთვის) წამოყენებული მოთხოვნებიც სულ უფრო მკაცრდება.

სოციალურ ქსელებში საკმაოდ ხშირად წააწყდებით ბიჭების მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომ ქართველი გოგონები მოუწესრიგებლები და მოუვლელები არიან, ჩივიან იმაზე, რომ არა აქვთ ნავარჯიშები და ლამაზი სხეული, არ არიან სექსუალურები, ჭკვიანები და არ იციან ბიჭებთან ურთიერთობა, ერთი სიტყვით, დაკარგული აქვთ ყოველგვარი ქალურობა. გამუდმებით ადარებენ უცხოელ გოგონებს როგორც ვიზუალურად, ისე ხასიათით და სინანულს გამოთქვამენ, რომ ქართველები მათ არ ჰგვანან. მტკიცედ სწამთ, რომ ყველა უცხოელ გოგოს გრძელი ფეხები, კარგი ტანი და ლამაზი სახე აქვს, ქართველს კი - მოდუნებული, სიმსუქნეშეპარული ტანი და წვერ-ულვაშით დამშვენებული სახე. გარდა ამისა, არაერთ ბიჭს სჯერა, რომ ქართველი გოგოსთვის კომპლიმენტის თქმა თავში მოხვედრილ ჩანთად დაუჯდება, სამაგიეროდ უცხოელი ამ კომპლიმენტზე ღიმილით და მადლობით უპასუხებს. ეს ახალი ტენდენცია, რომ ქართველი გოგო ტოლს ვერ დაუდებს უცხოელს, სულ უფრო პოპულარული ხდება. ალბათ, სწორედ ამიტომ ელოდება ბიჭების უმრავლესობა კაზანტიპის ფესტივალს ასე სულმოუთქმელად. ეს უკანასკნელი ასოცირდება არა მუსიკასთან, არამედ დაუცხრომელი ვნებების დაკმაყოფილებასთან. იქ ხომ ასე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე იქნებიან გრძელფეხება უცხოელი გოგონები, ასე რომ შენატრიან ქართველი ბიჭები.

იმ დროს, როცა გოგონების ვიზუალური თუ პიროვნული მხარე მუდმივი განჯის საგანია, არ იქნებოდა ურიგო, მათთვისაც გვეკითხა ცოტა რამ. საინტერესოა, ქართველი გოგონებით მუმდივად უკმაყოფილო ბიჭები თუ დაფიქრებულან იმაზე, თავად რამდენად პასუხობენ მათ მოთხოვნებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც გოგონებს მოგვწონს ქუჩაში დღე და ღამ მობირჟავე, ანდა კომპიუტერთან მჯდომი, უსაქმურობით დაღლილი ბიჭები, მამის ან ნათესავის წყალობას რომ უცდიან მუშაობის დასაწყებად; რომ უნდათ, გოგონები ფოტო-მოდელებივით გამოიყურებოდნენ, თავად კი არც არასდროს უზრუნიათ საკუთარ გარეგნობაზე; თავის მოვლა მხოლოდ გოგონების საქმედ რომ მიაჩნიათ და სისუფთავე მათთვის უცხო ხილი რომაა.

ნეტავ ის ბიჭები, ლანძღვის ობიექტებად რომ უქცევიათ ქართველი გოგონები, თუ დაფიქრებულან იმაზე, რომ თავადაც დაკარგეს სახე. რატომო, ალბათ, შემომედავებიან მავანნი. სახის დაკარგვა თუ არ არის, მაშ რა დავარქვათ იმ საქციელს, როცა ლამაზად ჩაცმული, გამოპრანჭული გოგო გზაზე გადადის, ამ დროს კი ბიჭები მანქანებიდან სიგნალით და შეძახილებით იკლებენ მას?

თუკი დღესდღეობით ბიჭებს თავიანთი სახე არ დაუკარგავთ, მაშინ რატომ ჩუმდებიან იქ, სადაც ხმის ამოღებაა საჭირო? რატომ იმალებიან ხალხში იმ დროს, როცა გოგოს მათი გამოსარჩლება/დახმარება სჭირდება? არაერთხელ შევსწრებივარ შემთხვევას, როცა ხანშიშესული გარყვნილი მამაკაცები ხალხით სავსე ავტობუსში გამიზნულად ადიან, გოგონებთან დგებიან და ხელებს „ვერ იმორჩილებენ“. გოგონები კი ამ დროს ხან სხვა ადგილას ინაცვლებენ, ხანაც ამ ფაქტს ახმაურებენ და იმ ავადმყოფ კაცს სახალხოდ ეჩხუბებიან. რას აკეთებენ ამ დროს ავტობუსის მგზავრი სხვა ბიჭები თუ კაცები? არაფერს, სრულიად არაფერს. ეს ხომ მათი საქმე/პრობლემა არაა, არც ის გოგონაა მათი ახლობელი, ამიტომაც თავს ტყუილად აღარავინ იტკიებს.

მამაკაცთა უმოქმედობას რომ მასობრივი სახე მიეცა, ამას სულ ახლახან მომხდარი ფაქტიც ადასტურებს: #19 ავტობუსის მძღოლი, შეიძლება ითქვას, არაფრის გამო გარდაიცვალა. ერთ-ერთი მგზავრის მიერ მის მიმართ უსამართლოდ გამოვლენილ აგრესიას ხელი არ შეუშალეს დანარჩენებმა, ამას კი მძღოლის გარდაცვალება მოჰყვა. კაცებს, რომლებიც იმ დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ, ხმა რომ ამოეღოთ და მძღოლს მხარში ამოსდგომოდნენ, ამ სავალალო შედეგს სულ ადვილად აიცილებდნენ.

მოკლედ, სანამ ბიჭები ქალურობადაკარგულ ქართველ გოგონებს აკრიტიკებენ და უცხოელებს შენატრიან, ამასობაში თავადაც კარგავენ სახეს.

პარადოქსია, აბა რა არის: იმის მაგივრად, რომ იდეალურობა პირველ რიგში საკუთარი თავისგან მოვითხოვოთ, სხვებს ვთხოვთ. სრულყოფილები ჩვენ თვითონ არა ვართ, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ისინი (საპირისპირო სქესი) იყვნენ. ამდენად, სანამ სხვას გავაკრიტიკებთ და რამეს მოვთხოვთ, უმჯობესი ხომ არ იქნება დავფიქრდეთ, თავად თუ ვართ ისეთები, ასეთი მოთხოვნების წამოყენების უფლება რომ გვქონდეს?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG