Accessibility links

შეკრული წრის მგზავრი


ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

ღამის ორი საათია და ქალაქი სიჩუმეში ჩაიძირა. დავწექი თუ არა ძილისწინა ფიქრებმა წამიღო. პირველი, რამაც თავში გამიელვა, იყო, რომ ფინალურ გამოცდებს მოვრჩი და რამდენიმე დღეში საყვარელ სოფელს მივაშურებ. ამ ხელისგულისოდენა ადგილზე ვერ ნახავთ ტელევიზორს, ინტერნეტს, ხალხმრავლობას, ხმაურს, სიცხეს, მანქანებს...და მე მის გარეშე ჯერ არცერთი ზაფხული არ გამიტარებია. ამ ფიქრებში ვარ გართული, რომ მახსენდება, იქაური ჩემი თანატოლების უმეტესობა სამსახურის გამო სოფელში არ იქნება. მე კი, მათგან განსხვავებით, დაუსაქმებელი (უსაქმური) სტუდენტი ვარ და ახლა ზაფხულის არდადეგებზე კი არა სამსახურზე უნდა ვფიქრობდე.

ამ დროს ჩემი მეორე მე საკუთარი თვითშეფასების დაცვას ცდილობს და თავს იმართლებს: რამდენიმე დასაქმების შანსზე ხომ იმიტომ ვთქვი უარი, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება შემენარჩუნებინა. საქართველოში ისეთი „სტუდენტური“ სამსახურები, სადაც მუშაობისა და სწავლის წარმატებით შეთავსება შესაძლებელია, ხომ დიდი იშვიათობაა. ამდენად, ის მიზნები, რის გამოც ერთი-ორი სამსახური ხელიდან გავუშვი, მიღწეულია- მაქვს მაღალი GPA და სტიპენდია. თვითშეფასება მაღლა იწევს და თავის ადგილს უბრუნდება.

თუმცა დაძინების საშუალებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ბოლო სემესტრი არც თუ ისე სახარბიელო ქულებით დავხურე და მომდევნო სემესტრში სტიპენდიის აღების ალბათობა მცირდება. გამოდის, შემდეგ სემესტრში უფულოდ ვრჩები და ეს აზრი არ მომწონს. მეორე მხრივ, მახსენდება ისიც, რომ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ ერთ-ერთ ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნას ვაპირებ. თუ დავსაქმდები, უკვე სტიპენდიის მაგივრად ხელფასი მექნება. ამისათვის კი დასაწერი მაქვს სამოტივაციო წერილი, სადაც დამსაქმებლის დარწმუნება უნდა ვცადო, სამსახურში ამიყვანოს მე, გამოუცდელი სტუდენტი და არა ვინმე სხვა, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე. ჰოდა ჩემი თვითშეფასების ნიშნული კვლავ დაბლა ეშვება...

მეორე მე პოზიციებს არ თმობს, საკუთარ თავს ახსენებს იმ უნარებისა და ინგლისურენოვანი სერთიფიკატის ქონას, რითიც ყველა ვერ დაიკვეხნის და სამოტივაციო წერილის დასაწერად აგულიანებს.

დავდივარ ასე შეკრულ წრეზე და უკვე თავბრუ მეხვევა. თუმცა ისიც ვიცი, რომ ამ შეკრული წრის ერთადერთი მგზავრი მე არა ვარ. მგზავრები ბევრნი ვართ და თან სულ სტუდენტები...

ამასობაში ქალაქი ახმაურდა, მე კი ისევ მღვიძავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG