Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

დედის ღელვა, რომელიც შვილს სასწავლებლად 250 კილომეტრით შორს უშვებს, ზღვის ტალღებად რომ იქცეს, ზვირთები, ალბათ, მთლიანად წალეკავდნენ ქალაქებს. ასეთ დროს დედები გადმოიღებენ დედურ რჩევებს, ინსტიქტებს, გამოცდილებებს, დარიგებებს და ერთიანად მოგვაყრიან მთელი წლის მარაგს. ჩვენც ასე დახუნძლულები მოვდივართ, თუმცა ბევრი მათგანი დანიშნულების ადგილამდეც ვერ აღწევს. თითქოს საცერზე ვყრით და გზადაგზა ვცხრილავთ. ბოლოს მასზე ერთი ისეთი "მარგალიტი" რჩება, მთელი ცხოვრება თუ არა, მთელი სტუდენტობა რომ გაგვყვება. მეც მაქვს ასეთი.

დედაჩემს ჩემთვის არ უთქვამს 6-ის მერე სახლიდან არ გახვიდე და ღამის კლუბებში არ იაროო, არც ბიჭების გაიძვერობაზე დასცდენია სიტყვა და არც ის შეუხსენებია სასწავლებლად რომ მოვდიოდი, მაგრამ მაინც ბევრი იმჭერმეტყველა და რამდენიმე ჭრიჭინასმამისეული დარიგებაც გამოურია, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ახლა მხოლოდ ერთი მახსოვს (მოკლედ, სამაგალითო "შეაყარე კედელს ცერცვი" აღმოვჩნდი) - დედაჩემმა თვალები დაჭიმა (წარმოდგენა არ მაქვს ამას როგორ აკეთებს), მერე ჩემი თვალები იპოვა და ეჭვნარევი, დაბალი ხმით შემომაპარა, მიტინგებზე არ იაროო. მაშინვე შევახვედრე გზაში დასამშვიდებელი ფრაზა: "რა მემიტინგება".

აგერ უკვე მესამე წელია ერთხელაც აღარ გამიხედავს მიტინგებისკენ! თუმცა, რას გემართლებით, თქვენ ხომ არ იცით, როგორი აღტაცებით დავრბოდი აქციებზე. მე-7 კლასიდან პოლიტიკამ ისე გამიტაცა, მიტინგებზე სიარული ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა. სიამაყით ვაცხადებ, იმ დროიდან, ქუთაისში უჩემოდ მიტინგი არ ჩატარებულა! ხან ვის დროშას ვიქნევდი, ხან _ ვისას, ხან ვის სახელს ვყვიროდი, ხან _ვისას. ერთი ფრაზა ყველა მიტინგზე "მიდიოდა" : სცენიდან გადმოსროლილი "საქართველოს გაუმარ..." და ხალხის ნაგუგუნარი "ჯოს!" მეტი დამაჯერებლობისთვის, თუ მთლად ქანცგაწყვეტილები არ ვიყავით, სამჯერაც შევსძახოდით. მერე ჩვენი რჩეულები სცენიდან ხალხში ინაცვლებდნენ. მე ყველაზე მეტად ეგ მომენტი მომწონდა. ხელის ჩამორთმევის, ფოტოების გადაღების და ავტოგრაფების დარიგების ცერემონია ყველა ამომრჩეველის გულის კარს კიდევ უფრო ფართედ აღებდა. თავად კი, განსაკუთრებით ბედნიერი სახეები მაშინ ჰქონდათ, ფოტოაპარატის გარდა, სატელევიზიო კამერითაც თუ უღებდნენ. მაგ დროს ყველას გვიმართლებდა, გულდაწყვეტილს არც ერთს გვიშვებდნენ. ახლა ჩემს ყუთში გამომწყვდეულ მაისურებზე, ქუდებსა და თავსაფრებზე წარწერებს რომ ვათვალიერებ, ვხვდები, თუ რა ხშირად გამმართლებია. ფოტოებიც არაერთი მომეპოვება, ზოგი განსაკუთრებულად, დაფასებულად მაქვს გამჭვრივალე ლენტით გადაწებებული, დაზიანებისგან ვიცავდი, ალბათ. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ავტოგრაფს რომ მაძლევდა, ვიღაც "იმათი კაცი" მომეტუზა, ვიფიქრე, ალბათ, ამასაც უნდა-მეთქი და ვთხოვე, არ ვაწყენინე. კმაყოფილი სახით გამიღიმა, სახელი მკითხა და გაკრული ხელით მიმიჩხაპნა "მარიამს სიყვარულით, სახელი გვარისგან" ბოლოს იმ პირველს ამაყად გადახედა და ბლოკნოტი დამიბრუნა.

ცოტა ხანში ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა ქუთაისს გასცდა და თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩამწკრივებულ საკნებთან გადმოინაცვლა. შესვლა ვერ გავბედე, საკანი იყო მაინც... ერთ-ერთის წინ ვიპოზიორე და ვალმოხდილმა დავტოვე ტერიტორია, თუმცა გზაში არ მასვენებდა სურვილი საკუთარი თავის მოშიმშილის ამპლუაში გამოცდისა. მით უმეტეს, ოჯახში მოშიმშილის სტატუსი ისედაც მქონდა, ჰოდა ვიფიქრე, იქნებ ეს ჩემი უჭმელობა გამართლებულად ჩაითვლოს, თუ მას სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოვიყენებ-მეთქი. დედაჩემს რომ გავანდე ჩემი სულისკვეეთება, მითხრა, ისინი იქ ღამითაც რჩებიან და მერე ჩუმად ჭამენო. რას ჭამენ-მეთქი, ჩავეძიე. საჭიროდ აღარ ჩაუთვლია ეპასუხა. მე კი ვფიქრობდი, იქნებ, ტკბილეულს ჭამენ და ღირდეს ღამე დარჩენა-მეთქი.

ცოტა რომ გავიზარდე მხოლოდ მიტინგებზე სირბილს აღარ დავჯერდი და იმ ახლადდაფუძნებული პარტიის ოფისში შევაჭერი გაწევრიანების მოთხოვნით, გარეთ პოლიციის მანქანები რომ ითვლიდნენ შემსვლელ-გამომსვლელს. ჯერ ახალგაზრდული ფრთა მოვიკითხე, არ გვაქვსო. მაშინ პირდაპირ თქვენთან გამაწევრიანეთ-მეთქი. უფ, გაეხარდათ, რაღაც ფურცლები შემაჩეჩეს, შეავსეო. რამდენიმე წუთი ვფიქრობდი, რა უნდა ჩამეწერა პირადი ნომრის გრაფაში, დაბნეულობა რომ შემამჩნიეს, მითხრეს დახმარება გჭირდებაო. მოკლედ, არასრულწლოვანი აღმოვჩნდი (ისე, თუ მიხვედრა უნდოდათ, პირადობის გარეშეც მიხვდებოდნენ, თავებს 90 გრადუსით რომ ხრიდდნენ ჩემს დასანახად). არაუშავსო, შესძახეს ერთხმად, არ გადაიფიქროსო, შეეშინდათ, ალბათ. მეც დავმშვიდდი. ბოლოს ხელი რაღაცას მოვაწერე და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა, გაზრდილი თვითშეფასებით დავტოვე ოფისი.

ვერაფრით ვიხსენებ, მათემატიკის და ფიზიკის ამოცანების ამოხსნას შორის ვაბულბულებდი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს თუ ბავშვურ ინტუიციაზე დაყრდნობით ვიღებდი გადაწყვეტილებებს, თუ რომელი პარტია იყო უკეთესი სამშობლოსთვის. ან რა ნიშნით ვარჩევდი, არ მგონია რომელიმეს ლოზუნგში კანფეტების ტომრები დომინირებდეს. ეს გაზრდილი პენსიები და სამუშაო ადგილები ჩემთვის რა პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. ვერც იმით დავიკვეხნი, 15 წლის ასაკში აფხაზეთი და სოხუმი მტკიოდა-მეთქი და არც ქალბატონ ნატოს ვიცნობდი კარგად.

ჩემმა პოლიტიკურმა ენთუზიაზმმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა თავად გადავწყვიტე მიტინგის მოწყობა და საკლასო ოთახის წინ რამდენიმე კლასელი ავაყუდე თაბახის ფურცლებზე ფლომასტერით წაწერილი ლოზუნგით: "დაგვიბრუნეთ ძველი ინგლისურის მასწავლებელი!". ჩვენ დასაშლელად არც მოლოტოვის კოქტეილები გამოუყენებიათ და არც ხელკეტები. ამოვიდა სასწავლო ნაწილი, ზარი დაირეკაო ჩაიბურტყუნა და ჩვენც შეშინებული თაგვებივით შევძვერით საკლასო ოთახში. მერე კლასის პრეზიდენტობა გადავწყვიტე და ორტყუპა ფურცელზე ჩამოვწერე დაპირებები: "5 წუთიანი პოეზიის საღამო (რომელსაც ჩემმა გონებაგახსნილმა კლასელმა წინ "4" დაუწერა და მათემატიკის გაკვეთილის ნაცვლად პოეზიის საღამო მოითხოვა, მხარზე ხელი მოვხვიე, და უმალ მოვუწონე იდეა. ვიცოდი, ასეთი წესი იყო ), ექსკურსიები თვეში ერთხელ (უფასოდ!), ბუფეტში ორცხობილებზე ფასების განახევრება (მუდმივი კლიენტებისთვის "ნისიად" გაცემაც მომთხოვეს, არც ამაზე მითქვამს უარი) და მსგავსი შეუსრულებლობისთვის განწირული დაპირებები ამომრჩეველთა გულების და შესაბამისად არჩევნების მოსაგებად. ჩემი მცდელობა დემოკრატიის შექმნისა აქაც კრახით დასრულდა და ნეპოტიზმის მძლავრი საცეცების წყალობით კლასის პრეზიდენტი მასწავლებლის შვილი გახდა. აქცია აღარ დამიგეგმავს, რადგან ვიცოდი, ჩემი და თავისუფლების ხათრით x საგანში მაღალ ქულას არავინ დათმობდა.

მას შემდეგ აღარც ელიოზის პოზაში ველოდები ნატვრისთვალგადაყლაპულ ხელისუფალს, რომელიც მაღაზიებში ჩამოარიგებს უფასო სარჩოს და გააოთხმაგებს ხელფასებს და აღარც თავად ვგეგმავ განმათავისუფლებლობისთვის მებრძოლი პარტიის შექმნას, არადა, რომ შევქმნა, მარტო არ ვიქნები. ვის არ უნდა უფასო მოგზაურობა სამყაროს გარშემო ან სახლი მარსზე!

ბავშვობაში ჩამოყალიბებული იდეები ჯერ კიდევ ჩემს გონებაში იფილტრება. სახელწიფომ საფულეებით უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეები. აბა, თუ საფულის საყიდლად "გადაყარეს" სიმწრით ნაკოწიწები ფული, შიგ რაღა ჩაყარონ?!

ჩემი ლოზუნგები, ალბათ, ასეთი იქნება : გავაუფას(უროთ)ოოთ ყველაფერი! ძირს ბეგბედერი! არაფერი არ იყიდება!

მგონი, ღირს დაფიქრებად...

ვისაც სურს, შემომიერთდეს! ერთად გადავარჩინოთ საქართველო! პარტიაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი ასაკის, სქესის, კანის ფერის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, მიწის ქვევით თუ მიწის ზევით, ან კიდევ უფრო ზევით -ჰაერში მცხოვრებთ... მოკლედ, ნებისმიერ დაბადებულ არსებას.

თუ ვინმე აკმაყოფილებთ წარმოდგენილ მოთხოვნებს, მობრძანდით მითითებულ მისამართზე: ქალაქი მე-9 ცა. "dream"-is ცატკეცილი, ღრუბელი #7, ბალიში #7

ტელეფონი: უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ ნომერზე განხორციელებული თქვენი ზარი, მოისმინება, ასე რომ, დარეკეთ ნებისმიერ ნომერზე, ჩვენი ოპერატორები მუდმივად მზად იქნებიან თქვენს მოსასმენად.

227-ე პარტია მზადების პროცესშია...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG