Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მანჩობიადა ანუ პოლიტიკის კეთებას რა უნდა?!“


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

ერთ ბრძენ კაცს უთქვამს: „პოლიტიკა ჭკვიანი ადამიანების საქმეა“-ო. არ ვიცი ჩვენთან რა ხდება, როგორც ყოველთვის თარგმანის და სიტყვების არასწორი დეფინიციის ამბავია, ვისაც როგორ უსწორდება ისე რომ ესმის-მაგის ამბავია, „ბრბოს მართვას რა უნდა“-მაგის ამბავია, თუ რა, თუმცა ჩვენში პოლიტიკას ჭკვიანი ბიძიები რომ არ აკეთებენ, რაც ცნობიერებაში ჩავვარდი ეგ იმის მერე მამაო ჩვენოსავით მაქვს დაზეპირებული.

თუ საქართველოში ხარ მანჩო გიორგობიანი და მოგბეზრდა აბაშიძეზე „People”-ში უსაქმოდ ჯდომა და ყავის წრუპვა, ისედაც არარსებული საქმე-საზრუნავები გამოგლევია და არ იცი, რა წყალში გადავარდე, ადექი და წამოდი პოლიტიკაში. მაინც ყველა აქაა ... პრაიმ ტაიმის საკონფერენციო ოთახს დაგიჭერს ვინმე თუ?! კვირაში ოთხჯერ მოდი თუ გინდა და ილაპარაკე უსასრულოდ. აქეთ მელიას ეცი ! სახე ჩამოკაწრე, მერე მოგვიყევი, როგორ ულაპლაპებდა მელოტი თავი, ვითარცა ლამპარი. იქით ის თქვი, როგორ არ შეგიძლია ეს მამა გაბრიელები, ზეთისცხებები და ეკლესიის გარშემო მულისჩოქა მეტანიები, როგორ წაგიღ-წამოგიღეს იერუსალიმში (აქ პირჯვრის გადაწერა). ამას ცოტა ბომონძღები დაუმატე, ტანცი-შმანცაობები, „ბათინკებზე კოპლებიანი ნასკები“, „პარიზში შვიდჯერ ვარ ნამყოფი, დედა მომიკვდეს“ და შოუ შედგა, ბატონებო. 1 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი თუ არა, პოლიტიკოსობასთან მიახლოვებული პირი ხარ, გილოცავ ! - ციკლიდან „პოლიტიკას ჭკვიანი ადამიანები არ სჭირდება #1“

თუ საქართველოში ხარ კახა კალაძე, ადექი, თავიდან ცოტა იშრომ-იწვალე, ბურთს გამოეკიდე, არაფერი გიშავს, ცოტა უნდა დაიღალო კიდეც ისე სადაა? კარიერას აქ ვერ აიწყობ და იტალიაში წადი. მერე იქ ცნობილი ტიპი გახდი. არა, ბურთს რომ კარგად დასდევ მაგას არავინ გიკარგავს, კაცო. თუმცა იქამდე, სანამ საკუთარ კარში 2 გოლს არ გაიტან... მერე, როგორცაა ხოლმე: ასაკში შეხვედი, დაცოლშვილდი, იტალიურ ბომონდში და ფეშენ-ვიკებზე გაიჩითე. ბიჭოლას დაბადების დღეზე ხარ ნამყოფი, ბოლოსდაბოლოს. ხვდები, რომ ფეხბურთში შენი თავი მოჭამე. შენი კარიერა და მიღწევები კიდევ კარგა ხანს ეყოფათ შენს შვილებს საბლატაოდ. რა დარჩა? პოლიტიკა, რაღა თქმა უნდა. ქართველი მილიარდელის ვაჟს „ჩაუბრატდი“. მეორე შვილი მოანათვლინე. მერე პარტიაში ‘’გაიჩითე“ და იმდენი ქენი, რომ ვითომ ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფოდა, ახლა ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი ხარ. მერე რა, რომ წარმოდგენა არ გაქვს, ეგ როგორ უნდა და სკოლაში ფიზიკაშიც საშინელი ნიშანი გყავდა. სამაგიეროდ, თავებზე და ნათურებზე დაგვაჯექი და ახლა გგონია, რომ „რა მარტივია პოლიტიკოსობანა, ამის დედაც ვატირე“. ჩვენ ვიკითხოთ ! - ციკლიდან „პოლიტიკას ჭკვიანი ადამიანები არ სჭირდება #2“

თუ საქართველოში ხარ ბიძინა ივანიშვილი (იფ იფ იფ) მაშინ ყველაფერი ისედაც „გაიასნებულია“. ყურადღების მოსაპოვებლად მანჩო გიორგობიანობა სულაც არ გჭირდება. რასაც არ უნდა აკეთებდე, სუპერსტარი ხარ იესო ქრისტესავით. ჩრდილში ყოფნა და ჩუმად, ინკოგნიტოდ, მადლიანად სიკეთის კეთებით დაიღალე? მობრძანდი, ბატონო, აგერ არაა პოლიტიკა? ფული და გავლენა შენ რომ გაქვს, ისეთი უნდა. სუფთა წარსული და მადლიბარათზე დაგროვებული ქულები სადღაც ოდესღაც რომ გამოგადგებოდა, ზუსტად იცოდი. 10-იანში გაარტყი ! „ეგ კეთილი კაცია“, „მაგან საჩხერე ააყვავა“, „ამ კაცმა სამება აგვიშენა“-მ მოგაგებინა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნები და ისე გარეკე წინა ხელისუფლება ქვეყნიდან, მიშას ჩაი ტკბილ მოგონებად დაგვრჩება თაობებს. პოლიტიკაზე კარგად ანეგდოტების მოყოლა გამოგდის. შენმა „შედი, ქალო, ბუტკაში“-მ 2 თვე აკეთებინა შოუები ქართულ იუმორისტულ გადაცემებს. მაგაშიც მადლიანი კაცი ხარ, ბიძინა ჩემო ! - ციკლიდან „პოლიტიკას ჭკვიანი ადამიანები არ სჭირდება #3“

ყველაფერი წმინდა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ხომ სამობითაა. რომ გავიზრდებით, დავცოლ-ქმარ-შვილდებით, ინჟინერ-ჟურნალისტ-მწერალ-მემანქანე-მომღერალ-მოცეკვავეები გავხდებით და ოდესმე მივხვდებით, რომ თავები ამოვწურეთ ჩვენს საქმიანობაში, სანერვიულო აქაც არაფერია ! აქ ყოველთვისაა ადგილი, სადაც ჩვენნაირ თავ-დრო-ენერგიამოჭმულებს ელოდებიან. ქალბატონებო და ბატონონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლიტიკაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG