Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკიდან რესპუბლიკამდე


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

როგორც ამბობენ ისტორია საუკეთესო მასწავლებელია. ბანალურად ჟღერს და თან ხშირად მხოლოდ ამბობენ, ანუ ადამიანები ისტორიიდან როგორც წესი არ და ვერ სწავლობენ. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა სწავლობენ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ევროპაა. არ ვაპირებ ევროპის ქება-დიდებას, უბრალოდ მინდა იმ ფაქტს გავუსვა ხაზი, რომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ ჭკუა ისწავლა. ახლა როცა აღმოსავლეთ ევროპაში ომია გაჩაღებული და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, ერთიორად მნიშვნელოვანი გახდა ის ევროპული მონაპოვარი რასაც მშვიდობა ჰქვია. ცივი ომის დასრულების და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგ თითქოს მიაღწია ევროგაერთიანებამ წითელ ხაზს, ანუ ზღვარს რომელიც რუსულ იმპერიალიზმს ჰყოფს დანარჩენი სამყაროსგან. ამ ზღვარს მიღმა დარჩენილი სახელმწიფოები რუსული პერსპექტივიდან ე.წ. ,,ახლო საზღვარგარეთია“ ანუ პოსტსაბჭოთა სივრცე. ამ სივრცესთან დაკავშირებით რუსული პრეტენზიები ცნობილია, მაგრამ ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებამ ევროპულ ინტერესთა არეალის გაფართოებაც გამოიწვია და ეს არეალი აშკარად მოდის რუსულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში. პირველ რიგში იმის გამო, რომ რუსეთი მიუხედავად დასავლეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებისა მასში უფრო მტერს ხედავს ვიდრე პარტნიორს. რუსული ელიტებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეულია ის ტრამვა, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევამ და იმპერიის, სუპერსახელმწიფოს სტატუსის დაკარგვამ მიაყენა მათ. 90-იანების სუსტი, დამთმობი რუსეთის შემდეგ ახალ ათასწლეულში გაცლებით ძლიერ რუსეთში ისინი ხედავენ შანსს აღიდგინონ დაკარგული „ღირსება“ და რაც მთავარია დაკარგული სტატუსი.

სამწუხაროდ ამ ომის ნაწილი საქართველოცაა და სწორედ ამ ფაქტმა გამახსენა პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. 1918 წლამდე საუკუნეების განმავლობაში არ არსებობდა საერთო, ქართული სახელმწიფოებრივი გამოცდილება ანუ ბაზისი, რომელსაც დაემყარებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო. პირველი მსოფლიო ომის და მეფის რუსეთის დაშლის შედეგად მენშევიკებს მიეცათ უნიკალური შანსი, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა აღედგინათ. გერმანიის იმპერიამ ფაქტიურად აიძულა იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს მომავალი დემოკრატიული რუსეთის ფარგლებში წარმოედგინა, გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის პერიოდში მენშევიკების მცდელობა გამოეყენებინათ დასავლური ქვეყნები უსაფრთხოების გარანტად ბოლშევიკების მიმართ წინასწარვე განწირული იყო. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ახალი რუსეთი ომისგან დაღლილი ევროპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე უმნიშვნელო, პატარა საქართველო და შესაბამისად არ მიიღეს პირველი ქართული რესპუბლიკა ერთა ლიგაში. ის რომ მაშინ ევროპამ და მსოფლიომ საქართველოს ზურგი აქცია, პირველი ქართული რესპუბლიკის ოკუპაციით და საქართველოსთვის ფატალური პროცესებით დასრულდა, რომელთა შედეგს დღესაც ვიმკით. მართალია უხეში შედარებაა, მაგრამ თუ მიმდინარე პროცესებს ქართული პერსპექტივიდან განვიხილავთ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: 1. რუსეთი ხელყოფს და გაქრობით ემუქრება ქართულ სახელმწიფოებრიობას 2. საქართველო ცდილობს უსაფრთხოების გარანტია დასავლეთისგან მიიღოს 3. დასავლეთი ფიქრობს რა მოუხერხოს პოსტსაბჭოთა სივრცეს. თითქმის ასი წლის შემდეგ თითქოს მეორდება ისტორია ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ევროკავშირი მიუხედავად გარკვეული სტრუქტურული სისუსტეებისა სუვერენულად წარმოადგენს ევროპული ქვეყნების ინტერესებს, მსოფლიო მასშტაბის მქონე ერთა ლიგისგან განსხვავებით. ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობის და დემოკრატიულობის, უპირველესი გარანტია და წინაპირობა - მშვიდობა კვლავ ევროპის უმთავრეს მიზნად რჩება. იმისთვის, რომ დაიცვა შენი ტერიტორია საჭიროა დაცული იყოს საზღვრები. უმჯობესია თუ სივრცე ამ საზღვრებს მიღმა უსაფრთხოა, რადგან ამ შემთხვევაში საზღვართან ერთად ორმაგად დაცულია ტერიტორია. საქართველო რუსული ინტერესების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცის კვეთაში მდებარეობს და ეს ქვეყნისთვის უიღბლობასთან ერთად (მუდმივი მომდინარე საფრთხე ყოფილი კოლონიზატორისგან) დიდი ისტორიული შანსია. შანსი იმისა, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა გახდეს იმ ევროპის ნაწილი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ასი წლის წინანდელი ევროპისგან. თუ ეს ევროპა ზურგს გვაქცევს, მაშინ ის უღალატებს იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომლებზეც დამყარებულია მისი არსებობა. თუ ეს ევროპა ზურგს გვაქცევს მაშინ ქართული სახელმწიფო უფრო ფატალურად დაასრულებს არსებობას და შედეგებიც უფრო მძიმე იქნება ვიდრე 93 წლის წინ. ამიტომ აუცილებელია ამ შესაძლებლობის გააზრება და სრული სისწრაფით სვლა დასავლეთისკენ. ევროპული პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ არ აქვს ჩამოყალიბებული ფორმა და ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიქცნენ, ჩვენ თავად უნდა შევიტანოთ ევროპული პოლიტიკის ფორმირებაში გარკვეული წვლილი. შეიძლება ვცდები, მაგრამ ხშირად მგონია, რომ ქართველები ისტორიიდან არათუ არ ვსწავლობთ, არამედ პრაგმატული აზროვნების დიდ დეფიციტს განვიცდით და გვირჩევნია მითებით ვისაზრდოვოთ ნაცვლად ქმედებისა. ხშირად მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია მაინც გვაქვს არარსებული იმედი, რომ ერთმორწმუნე კოლონიზატორი ცოტა ხნით მაინც იქნება მინიმუმ ჩვენი უფროსი ძმა და იქნებ ევროპის უკანასკნელი დიქტატურის და ორი ავტორიტარული სახელმწიფოს მიერ დაარსებული ევრაზიის კავშირი არც ისე ცუდია საქართველოსთვის. იმიტომ, რომ შეიძლება ტერიტორიები დაგვიბრუნონ...

გვგონია რომ ჩვენს მდიდარ ისტორიაშია ძაღლის თავივით დამარხული ის რაზეც წუხს ერი და ბერი, ანუ საქართველოს მომავალი, რომელზეც მხოლოდ ის ვიცით, რომ გაბრწყინდება, არადა ამ დროს წარსულით უფრო მეტად ვართ დაკავებული ვიდრე მომავლით. გაბრწყინება არ ვიცი ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ ვიცი ის, რომ (თუ არ ვიცი, მგონია მაინც) ევროპა კულტურულის გარდა უპირველეს ყოვლისა დროის ამ ქარტეხილში უპირველეს ყოვლისა ჩვენი პოლიტიკური, პრაგმატული არჩევანია რათა გადავრჩეთ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG