Accessibility links

logo-print

სტალინის მუზეუმი - საქართველოს გაუაზრებელი სირცხვილი


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

სტალინის სახელობის მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. არც მომავალში ვაპირებ, რომ ვესტუმრო მუზეუმს, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენს დიდ ბელადს. სტალინი არ ყოფილა ჩემი ბელადი. მაგრამ იყო ჩემი წინაპრების ბელადი, რომლებიც ბრმად მიყვებოდნენ კომუნიზმში შესვლის იდეას და ცხოვრების დინებას საბჭოთა კავშირში. ჩემი ბოიკოტი არაა მიმართული კონკრეტულად მუზეუმის წინააღმდეგ, რადგან როგორც ვიცით მუზეუმი საკუთარ თავს ვერ უხელმძღვანელებს და ვერც სხვა მუზეუმს დაექვემდებარება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მუზეუმების ფუნქციონირება ადამიანების გარეშე რთული წარმოსადგენია. ადამიანებს საქართველოში კი სურთ, რომ არსებობდეს სტალინის, როგორც დიადი პიროვნების საგმირო საქმეების ამსახველი მუზეუმი. თუმცა არ ყველას. მაგრამ ვისაც არ სურს, ისიც იშვიათად საუბრობს ამ თემაზე.

რატომ არ უჩნდება საზოგადოების ფართო წრეებს პროტესტი სტალინის და მისი სახელობის მუზეუმის მიმართ მაშინ როცა აქტუალური პრობლემები საქართველოში მჭიდროდაა დაკავშირებული სტალინის საქმიანობასთან და მის მიერ შექმნილ სისტემასთან? როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქვეყანა, მაგრამ პატივს სცემდე სტალინს, როცა იცი, რომ სტალინი მოსკოვიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდა წითელი არმიის მიერ თბილისის აღების ოპერაციას და ზოგადად პირველი ქართული რესპუბლიკის ანექსიას 1921 წელს? რატომ უნდა იყო ამაყი სტალინით, მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში სხვა სახელმწიფოებთან ერთად ნაცისტური გერმანია დაამარცხა, როცა იცი, რომსაქართველოს ანექსიამეორე მსოფლიო ომამდე 18 წლით ადრე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ მოხდა. გარდა ამისა ისტორიული წყაროების მეშვეობით დიდი ხანია დადასტურებულია, რომ სტალინი პირადად აწერდა დასახვრეტი ადამიანების სიებს ხელს და შესაბამისად მითი, რომ დიდი ტერორის ფარგლებში ადამიანთა მასობრივ დახოცვასთან დაკავშირებით სტალინს ინფორმაცია არ ჰქონდა, ტყუილია. გადასახლებებზე აღარაფერს ვამბობ. სტალინიზმმა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რადგან ისინი ბოლშევიკების მიერ შექმნილი სისტემისთვის, რომლის სათავეში სტალინი იდგა სტალინის პერსპექტივიდან საფრთხეს წარმოადგენდნენ და მათი წარმოდგენები სტალინისვე აზრით არ შეესაბამებოდა ახალ საბჭოთა ადამიანს, რომელსაც თავის მხრივ საბჭოთა იმპერია კომუნიზმის კარიბჭეში უნდა შეეყვანა. გაუნათლებლობას, არცოდნას, კრიტიკული დამოკიდებულების არქონას ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს. ქართველ ერში ჩემს თავსაც მოვიაზრებ, რადგან მეც ქართული საზოგადოების ნაწილი ვარ და ჩემი სირცხვილიცაა, როცა ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ განვითთარდით იმ დონემდეც კი, რომ წარსულის რეფლექტირება მოვახდინოთ და დავფიქრდეთ საკუთარი ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებზე, რომლებმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეცვალეს საქართველოს წარსული და დიდ ზეგავლენას ახდენენ აწმყოზე,

სირცხვილია ისიც, რომ ამ ტექსტს ვწერ. დამოუკიდებლობის აღგენიდან 24 წელი გავიდა და ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადამიანის მუზეუმი, რომლის პიროვნებაც ისტორიოგრაფიის მიერ ერთმნიშვნელოვნად უაღრესად ნეგატიურადაა შეფასებული. გვაქვს ფაქტიურად კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საშინელი მონსტრის სახელობის მუზეუმი, რომელიც მონსტრს საბოლოო ჯამში პოზიტიურ მოღვაწედ წარმოაჩენს. ამ თემებზე დისკუსია ვიწრო წრეებში ხდებოდა და ხდება, თუმცა საბოლოო სურათს ეს დისკუსიები ვერ ცვლის, რადგან არ ხდება მასშტაბურად წარსულის გააზრება. სკოლა უნდა იყოს პირველ რიგში ადგილი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტენსიური დისკურსში საქართველოს ისტორიაში ისეთ მნიშვნელოვან მოვლენასთან, როგორც სტალინიზმია და არ უნდა მოხდეს უბრალოდ ამ თემის, როგორც ისტორიის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მონაკვეთის გავლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად ვიცნობდეთ სტალინს და სტალინიზმს? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ შევრცხვეთ პირველ რიგში მომავალი თაობების წინაშე. თორემ დამერწმუნეთ, თაობებს, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად საბჭოთა მენტალიტეტსაც შორდებიან, გაუჩნდებათ შეკითხვები, თუ რატომ ვერ შევძელით პატარა ერის კომპლექსის დაძლევა და რატომ ვცხოვრობთ პარადოქსების სამყაროში, თბილისში ოკუპაციისდა გორში სტალინის სახელობის მუზეუმებით...დასაწყისში აღვნიშნე, რომ სტალინის მიერ და ზოგადად საბჭოთა კავშირში წარმოებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დღესაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. პირველ რიგში ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება. 1921 წლის ანექსიის შემდეგ ერთა ლიგის მიერ აღიარებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრების თვითნებურად შეცვლით და ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოებისთვის გადაცემით ბოლშევიკებმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს და შელახეს იმ ქართველების უფლებები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩნენ. ეროვნებების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოში შეიქმნა ნელი მოქმედების ნაღმები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში ამოქმედდა და სეპარატიზმის ფორმით მოგვევლინა ცხინვალში და სოხუმში. აღნიშნული კონფლიქტები 24 წელზე მეტია აფერხებს საქართველოს განვითარებას, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ კონტექსტში და რაც უმთავრესია ხელს უშლის საქართველოს, როგორც სრულყოფილი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის დასრულებას. რადგან სახელმწიფოს ერთ ერთ უმთავრეს განსაზღვრელს, საზღვრებს, როგორც ვიცით ქართული სახელმწიფო ნაწილობრივ ვერ აკონტროლებს. აღარაფერს ვამბობ 70 წლიან ტოტალიტარიზმის ხანაზე, რომელმაც შეიწირა ის საზოგადოებრივი სტრუქტურები, რომელიც მანამდე საქართველოში არსებობდა.

რაც უმთავრესია. მცირე პაუზის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალე ქვეყნის სათავეში ისევ კომუნისტური ელიტები დაბრუნდნენ და მოწინავე კომუნისტები დემოკრატებად „გარდაიქმნენ“.თუ შევხედავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სადაც ჯერ კიდევ კომუნისტური ელიტები მართავენ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს ავტორიტარულ ან დიქტატორულ სახელმწიფოებთან. საბჭოეთში სოციალიზირებული ელიტა, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში, ეკონომიკაში თუ ხელოვნებაში არ იზრუნებს იმაზე, რომ აღარ იარსებობს სტალინის მუზეუმმა. არ იზრუნებს, რადგან არც იმ იმ ელიტამ იზრუნა ამ სირცხვილის მოგვარებაზე ვინც დასავლეთში მიიღო განათლება. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მართლა ამაყობს სტალინით (განსაკუთრებით სუფრაზე), მეორეს კი ხმების დაკარგვის ეშინია. იმ გამონაკლისების ხმა კი ვინც არც ამაყობს და არც ეშინია სუსტია საიმისოდ, რომ რეალურად მოხდეს ცვლილებები. მუზეუმის გაუქმებით პრობლემები, რომლებზეც ამ ტექსტში ვსაუბრობ არ გადაიჭრება, სანამ არ გაქრება სტალინის პოზიტიური სურათი ადამიანთა თავებში, სანამ დალევენ დიდი ბელადის სადღერგრძელოებს სამშობლოს სადღეგრძელოს შემდეგ, სანამ იტყვიან, რომ მაინც ქართველი იყო და მსოფლიოს აზანზარებდა. როცა არ ვიცნობთ ჩვენს საკუთარ წარსულს, არ ვცდილობთ გავიაზროთ ის და ვცხოვრობთ მითებით, რომლებიც უბრალოდ პროპაგანდის ნაყოფი და ისტორიოგრიაფიის ინსტრუმენტალიზების შედეგია, ვერ შევქმნით სტაბილურ აწყმოს და მითუმეტეს ვერც მომავალს...

P.S.: რამდენჯერმე მოვისმინე მუზეუმის არსებობის ეკონომიკური მიზნებით გამართლება. ეს არგუმენტაცია ჩემთვის სტალინიზმის მსგავსი გახრწნილებაა, რადგან ასე სულში ვაფურთხებთ ჩვენს წარსულს და იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ზრუნავდა ჩვენს ქვეყანაზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG