Accessibility links

logo-print

მაჟორიტარული სისტემის დილემა


ავტორი: სანდრო ტაბატაძე

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მსჯელობა დაიწყო იმაზე, თუ რატომ მოხვდა პარლამენტში მხოლოდ 3 პოლიტიკური პარტია და როგორ შეიძლება მოახერხოს 48 %-ის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება? ამ ყველაფერში დამნაშავედ კი- მაჟორიტარული სისტემა მიიჩნევა. არჩევნებამდე იყო მცდელობა ძველი მოდელი შეცვლილიყო, მაგრამ მაშინ საყოველთაო თანხმობა არ შედგა. ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა მოვლენამ კი, ამ სისტემის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა.

ვინ არიან მაჟორიტარები?

პირველ ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ,რომ„ბუნებით მაჟორიტარები“ ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში არსებული იარაღია. თუ, ოპოზიციური პარტიების გავლენა მნიშვნელოვანი არ არის, როგორც წესი, მათი ადგილები პარლამენტში სახელისუფლებო ძალის მიერ ივსება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გარანტი მინიმუმ უბრალო უმრავლესობის, ხოლო მაქსიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა.

მეორეც, დღესდღეობით ერთი საარჩევნო ოლქი (მაგ: მთაწმინდის 1-ლი, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტი და ა.შ) ერთ მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში. როგორც წესი, ეს ეხმარება დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებს და ბიზნესმენებს. ისინი ახერხებენ რესურსების თავმოყრას და შედარებით მარტივად იმარჯვებენ. თუმცა, პარლამენტში უმეტესად თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს ატარებენ. ეს იმთავითვე გამორიცხავს მრავალპარტიულობას.

სხვა მხრივ, მას შემდეგ, რაც მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტარები ხდებიან, ავიწყდებათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა სოფლისა თუ ქალაქის ხმა უნდა ყოფილიყვნენ, კავშირი უმეტესად წყდება, ხოლო მათი ბიუროები წარმატებით ერწყმიან დიდ ბიუროკრატიას.

და ბოლოს, 2008 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მაჟორიტარების მეშვეობით მოახერხეს საპარლამენტო მანდატების უდიდესი უმრავლესობის მოპოვება, რაც მოსახლეობის ნებას ზუსტი პროპორციით არ ასახავდა. წარმოვიდგინოთბიზნესმენი, რომელიც ცდილობს მმართველ პარტიასთან იყოს დაახლოებული, საკუთარ მუნიციპალიტეტში აქვს გავლენა, ფლობს დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს და ამდენად, სურს იყოს პარლამენტარი. ის პირდება ამომრჩეველს, რომ იქნება მათი წარმომადგენელი, გააჟღერებს მათ ხმას, დაიცავს მათ ინტერესებს და მოუგვარებს პრობლემებს. რეალურად, კი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს კანდიდატი რამდენიმე ათეული წელია ამ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარია, იმის მიუხედავად, ვინ არის მმართველი ძალა. თუმცა, წინასაარჩევნო დაპირებები და რეალური მიზნები უცვლელი რჩება. სწორედ ასეთია კრიტიკულად დანახული ქართველი მაჟორიტარის სახე.

მიუხედავად ამისა, მაჟორიტარულ სისტემას დადებითი მხარეებიც გააჩნია. ამ მოდელის გაუქმების შემთხვევაში, გურჯაანელი მეღვინე, ოზურგეთელი მეციტრუსე, ჭიათურელი მეშახტე და თუში მეცხვარე ვერ შეძლებს მისთვის ნაცნობი სახე აირჩიოს პარლამენტში და უმეტესად არჩევანს მათ მაგივრად უმეტესად დიდი ქალაქების მოსახლეობა გააკეთებს. გარდა ამისა, ერთპარტიული სისტემის გამოცდილების (საბჭოთა კავშირი) გამო, მოსახლეობის ნაწილს ერთიანი და მტკიცე ხელისუფლება ურჩევნია, ვიდრე ცვალებადი კოალიციური მთავრობები. ასეთი მმართველობა კი მოცემული მოდელის სრული გაუქმებით, ნაკლებად მიიღწევა. ამდენად, ყველა მაჟორიტარი ერთნაირად არ უნდა შევაფასოთ.

რა გამოსავალი არსებობს?

ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში, ქვედა (უფრო ქმედითი) პალატა პროპორციული, ხოლო ზედა- მაჟორიტარული წესით იქნებოდა შევსებული. ეს, ერთი მხრივ, მოხსნიდა საპარლამენტო დედაქალაქის პრობლემას და ერთი პალატა- ქუთაისში, ხოლო მეორე- თბილისში გააგრძელებდა მუშაობას. თუმცა, ეს გამოსავალი საკმაოდ ძვირი ჯდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. გარდა ამისა, ყველა ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ამომრჩეველი იმედგაცრუებულია პოლიტიკით. ამ ფონზე, ორპალატიანი პარლამენტის არცთუ იაფი პერსპექტივა საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი იქნება.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს, მოსახლეობის ნება ზუსტად აისახება პარლამენტის დაკომპლექტებისას. თუმცა, ჩვენს პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში ეს გაართულებს ეფექტური მთავრობების ჩამოყალიბებას და ამომრჩეველი ვალდებული იქნება, უკვე გაწერილ პარტიულ სიას მისცეს ხმა. ამდენად, მთელი საკანონდებლო ორგანოს ამ წესით შევსებით, სრულად იკარგება მაჟორიტარული სისტემის ღირსებები.

ასეთ დროს, მსოფლიო გამოცდილებით, ყველაზე მისაღები რეგიონულ-პროპორციული სისტემაა. პარლამენტის ნახევარი პროპორციულად იქნება წარმოდგენილი, ხოლო მეორე ნახევარი - საარჩევნო ოლქებიდან რამდენიმე მანდატით. თუ დღეს მოქმედი მოდელით, ერთი ოლქის მოსახლეობა ერთ კანდიდატს ირჩევს, ახალი სისტემით, რამდენიმე ოლქი გაერთიანდება და თითოეულიდან, რამდენიმე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გახდება პარლამენტარი. ეს მოსახლეობის ნებას მეტ-ნაკლებად პროპორციულად ასახავს და განამტკიცებს მრავალპარტიულ სისტემას, თუმცა შესაძლოა, ერთიანი და მტკიცე მთავრობა ვერ ჩამოყალიბდეს.

გვჭირდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა?ამ საკითხზე საზოგადოების აზრი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მივაწვდით ინფორმაციას. თუ ვიტყვით,რომ ეს პარლამენტარები ჩვენი გადასახადებიდან საზრდოობენ, არ ასრულებენ დაპირებებს, მხოლოდ საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს იცავენ, ლოგიკურად მათი გაუქმების მომხრეთა რაოდენობა გაიზრდება. თუმცა, თუ ჩვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მრავალპარტიული მთავრობა შექმნასთან და, ამდენად, პოლიტიკურ კრიზისთან გავაიგივებთ, ამ შემთხვევაში საზოგადოება, სავარაუდოდ, ექსპერიმენტებს არ დაუჭერს მხარს. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 3 პოლიტიკური პარტია შევიდა, პირველ ადგილზე გასული ძალა კი, სწორედ მაჟორიტარების დახმარებით ახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და მხოლოდ მას შეუძლია საარჩევნო მოდელის შეცვლა. უცნაურია, მაგრამ იმის იმედად ვართ, დაუჭერენ თუ არა მაჟორიტარები მხარს იმ სისტემის გაუქმებას , რომლის წყალობითაც პარლამენტარები გახდნენ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG