Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი?


ავტორი: შალვა სარდალიშვილი

საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საზოგადოების გარკვეულ წრეებში განხილვის საგანია. თუკი წინასაარჩევნო პერიოდში ექსპერტთა, ანალიტიკოსთა, პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა არც თუ მცირე ნაწილი მრავალპარტიულ პარლამენტს პროგნოზირებდა, ეს პროგნოზი სამწუხაროდ არ გამართლდა. წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვებითაც არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე იქმნებოდა მოლოდინი იმისა, რომ პარლამენტში შევიდოდა ანგარიშგასაწევი მესამე პოლიტიკური ძალა და კიდევ რამდენიმე პარტია. მესამე ძალა პარლამენტში მართლაც შევიდა, ,,პატრიოტთა ალიანსის" სახით, თუმცა იმდენად მცირე წარმომადგენლობით, რომ ამ ეტაპზე მათი წარმოჩენა, როგორც ძლიერი ძალისა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მოლოდინისგან აცდენილი რეალობის მიზეზები სხვადასხვაგვარია. პირველი და ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი, თავად პარტიებშია. თუ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს თვალს გადავავლებთ და გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მეტ-ნაკლებად მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანების შემთხვევაში მათ ჰქონდათ პარლამენტში შესვლის შანსი. მაგალითისთვის, ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების, რომელსაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 4.63%-მა დაუჭირა მხარი, ასევე უსუფაშვილი - რესპუბლიკელების, რომელმაც 1.55% მიიღო და პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, რომელსაც 3.45% ერგო წილად, ერთ ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში პარლამენტში მივიღებდით ლიბერალური მიმართულების, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უდავოდ გაამრავალფეროვნებდა პარლამენტს. მეორე მხრივ, ისეთი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, როგორებიც არიან ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა, რომლის მაჩვენებელი საპარლამენტო არჩევნებზე 3.53%-ია, პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც ისედაც გადალახა ბარიერი და მიიღო 5.01% და კიდევ რამდენიმე მსგავსი იდეოლოგიის მქონე მცირე პოლიტიკური პარტიებისა, არალიბერალურ და დასავლეთისადმი ნიჰილისტურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს მისცემდა საშუალებას პარლამენტში უფრო სოლიდურად და შედარებით ანგარიშგასაწევ ძალად წარმოჩენილიყვნენ. პროცესის ამგვარი განვითარების შემთხვევაში დღესდღეობით აქტიური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში მოხვდებოდა და პოლიტიკური პროცესებიც ალბათ უფრო საინტერესოდ და საბოლოოს ჯამში ქვეყნისთვის სასაარგებლოდ წარიმართებოდა. თუმცა პოლიტიკური პარტიების, პარტიათა ლიდერების ეგოიზმის, გადამეტებული ამბიციებისა და რეალობის არაადეკვატურად აღქმის გამო მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი არ გამართლდა. თუკი ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინასააჩევნო განცხადებებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ პარტიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ ბარიერის გადალახვა, მათივე თქმით ამისათვის საკმარისი რესურსები გააჩნდათ. შესაბამისად, არ იყო დაინტერესება პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანების საკითხის მიმართ. პარტიები, რომლებიც პოლიტიკური ბლოკების აუცილებლობაზე საუბრობდნენ ძირითადად იყვნენ ,,პატრიოტთა ალიანსი“ და პაატა ბურჭულაძის ,,სახელმწიფო ხალხისთვის“, მათ ნაწილობრივ შეძლეს ბლოკების ფორმირება. მაგალითისთვის, საქართველოს პატრიოტთა

ალიასნმა ბლოკი შექმნა 5 არასაპარლამენტო პარტიასთან ერთად. ბლოკის საარჩევნო შედეგი 5%-იან ზღვარზეა, შესაბამისად საფუძვლიანია ეჭვი, რომ ბლოკის ვერ/არ ფორმირების შემთხვევაში მათ შესაძლოა ვერ გადაელახათ ბარიერი. ეს მაგალითი კიდევ უფრო მოწმობს იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე პარტიების გაერთიანებას მინიმალური შედეგების მისაღწევადაც კი. პროდასავლურ ფლანგზე, პაატა ბურჭულაძის ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ ბლოკად გაერთიანება შეძლო მხოლოდ გიორგი ვაშაძის ,,ახალ საქართველოსთან“, ,,ახალ მემარჯვენეებთან“, ,,გირჩთან“, თუმცა ამ უკანასკნელის არჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულმა განხადებამ ბლოკის დატოვების შესახებ, ბლოკს რეიტინგი დაუგდო. ამასთანავე მათ ვერ შეძლეს გაერთიანება ,,თავისუფალ დემოკრატებთან“ და ,,რესპუბლიკელებთან“,რომლებმაც არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად მსგავსი ელექტორატის მქონე პარტიებმა ხმები გაიყვეს და პარლამენტში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა. არჩევნებში ჯამში მონაწილეობა მიიღო 25-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა, აქედან 19 წარდგა პოლიტიკური პარტიის სახით, ხოლო 6 ბლოკის სახით. მსგავსი იდეოლოგიის პარტიების დაჯგუფების შემთხვევაში აუცილებლად მივიღებდით 4-5 პარტიულ პარლამენტს, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური პლურალიზმის გზაზე უთუოდ კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

პარტიების მიერ წინასაარჩევნოკამპანიის წარმოების პროცესმა და მათ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა რაოდენობამ ასევე მნიშვნელოვნად განაპირობა მათი შესვლა/ვერშესვლის საკითხი პარლამენტში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პარლამენტში შესულმა სამმა პარტიამ შეძლო მაჟორიტარი კანდიდატების თითქმის ყველა ოლქში წარდგენა. ერთადერთი ოლქი, სადაც ,,ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ დააყენა მთაწმინდაა. ასევე ,,პატრიოტთა ალიანსმა“ მხოლოდ ნაძალადევის მე-19 ოლქში ვერ შეძლო კანდიდატის წარდგენა. დანარჩენმა პარტიებმა ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში ვერ შეძლეს კანდიდატების წარდგენა. ცხადია, პოლიტიკური პარტიისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ადგილებზე მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიის რეიტინგის გაზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, სხვა პარტიების მიერ კანდიდატების ვერ წარდგენა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა მათი წარმატებისთვის.

მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი მედიარესურსების არათანაბარ გადანაწილებაში მდგომარეობს. კერძოდ, საუბარია ტელევიზიებზე. პარლამენტში შესულ სამივე პოლიტიკურ პარტიას თავისი მხარდამჭერი ტელევიზია ჰყავს. ,,ქართულ ოცნებას“ - ,,ჯიდიესის“, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ - ,,რუსთავი 2“ -ის, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსს“ - ,,ობიექტივის სახით“. დღესდღეობით, როდესაც საქართველოში ტელევიზია ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით მოსახლეობისთვის პირველადი წყაროა და მათი როლი ადამიანის აზროვნების ფორმირებასა და განწყობების ჩამოყალიბებაზე დიდია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური პარტიებისადმი მათი მხარდაჭერა, რაც უპირველეს ყოვლისა პროპაგანდასა და აგიტაციაში გამოიხატება. მხადამჭერი ტელევიზიების არსებობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ პარტიების წარმატებას.

ჩემი აზრით, მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი სწორედ ამ მიზეზთა გამო არ გამართლდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ უმთავრესი მიზეზი მაინც მსგავსი იდეოლოგიის მქონე

მცირე პარტიების ვერ/არ გაერთიანება იყო. იმედია, საერთო ელექტორატის მქონე პარტიები მომავალში წინასაარჩევნოდ მაინც შეძლებენ გაერთიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალპარტიული პარლამენტის იდეა კიდევ დიდხანს დარჩება განუხორციელებელ მიზნად.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG