Accessibility links

logo-print

დემოკრატია, ხეების მოჭრა და ნორმატიული ლექსიკის ფარგლები


ავტორი: თეიმურაზ ანთელავა

ბევრს „ეხამუშა“ ნატა ფერაძის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა. ბევრისთვის ამ ფორმით გამოსვლის სრული მხარდაჭერა, ხეების მოჭრისადმი პროტესტის მიუხედავად, საკუთარი თავის თვით-დისკრედიტაციის შიშთან ასოცირდება. ფიქრობენ, „უზრდელად და „უკულტუროდ“ ხომ არ გამოვჩნდები, თამამად რომ ვთქვა რა ყოჩაღი ქალია, როგორ პრინციპულად და კატეგორიულად დაიცვა თავისი პოზიცია...“

მოდით, ამაზე საპასუხოდ, სახელი დავარქვათ იმას, რაც ნატას ფერაძეს იმავე გადაცემაში ორი დანარჩენი რესპონდენტის შერჩევით და მათი ნარატივით დაუპირისპირეს.

ჯერ ერთი, როგორც ჩანს, იმისთვის ვინც ამ გადაცემის დაგეგმვისას მერიის ინტერესების დაცვაზე ზრუნავდა, ნარმანიას არათბილისელობაზე და „გოიმობაზე“ ქილიკმა შედეგი გამოიღო. ამიტომაც დაუპირისპირეს ნატა ფერაძეს „პროფესიით“ „თბილისელი“ გია კორკოტაშვილი და მაყურებლისთვის მრავლისმთქმელი ბუნდოვანებით „იურისტად“ გაცნობილი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის „სვეცკი თბილისელობასაც“ წყალი არ უნდა გასვლოდა. ეს ქალბატონი თავისი „სვეცკობის“ დასტურად ალბათ თავის დროზე „შისტოიში“ ან „პისატტრეტსიშიც“ სწავლობდა (თუმცა ერთ-ერთ „მეექსვსე“ სკოლად წოდებულში, სავარაუდო ასაკით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით იმავე პერიოდში მეც ვსწავლობდი და ის არ მახსენდება; ამიტომ ალბათ უფრო „პისატტრეტსელია“ და ვეჭვობ იქ კორუფციით სახელგანთქმული დირეტორის პერიოდში სწავლა მისთვის „სვეცკობის“ ღირებული შემადგენელია).

გადაცემის დასაწყისშივე, ნატა ფერაძესთან ერთად სტუდიაში მყოფმა ამ ქალბატონმა ნარმანიას არანორმატიული ლექსიკა იმით გაამართლა, რომ „ადამიანს აქვს ნერვები, რაღაცა ზღვარი, რის იქითაც უკვე ვეღარ მოითმენ ალბათ“. თუმცა მოგვიანებით, ნატა ფერაძის ამოწურული მოთმინება და არანორმატიული ლექსიკა სატელევიზიო ეთერით მისი გამოჩენის საწინააღმდეგო მყარ არგუმენტად მოიყვანა. ამაზე, ჟურნალისტის ადგილას, აუცილებლად ვკითხავდი, ნარმანია თუა მისთვის ამავე ლოგიკით ტელევიზიით გამოსაჩენი?

ეს ყველაფერი კიდევ მეორადია იმასთან შედარებით რა „დადგმის“ მცდელობასთანაც გვაქონდა ამ გადაცემით საქმე. თბილისში დარჩენილი უკანასკნელი ხეების მოჭრაზე და ქალაქის „ბეტონის ჯუნგლებად“ გადაქცევაზე პროტესტის გამომთქმელ აქტივისტს რესპონდენტებად არა ამ ხეების მოჭრაზე თანამდებობრივად პასუხისმგებელ პირებს (რომელთაც როგორც ჩანს შესაბამისი სამსახურის „სამომავლო რეორგანიზაციის“ გარდა არაფერი აქვთ სათქმელი), არამედ „ნაღდ“ და „სვეცკი“ „თბილისელებს“ ახვედრებენ. ამით მაყურებელს უნდათ რომ უთხრან: ეს საზოგადოების პროტესტი კი არაა ქალაქის ხელისუფლების მიმართ, არამედ საზოგადოების შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე უნდა გავაპროტესტოთ თუ არა ხეების მოჭრა. სხვა

ყველაფერთან ერთად, სტუდიის დატოვებამდე ნატა ფერაძისადმი ბოლო მიმართვაც - „რომელი საზოგადოებისთვის იბრძვით, ქალბატონო ნატა?!“ - სწორედ ამ შთაბეჭდილების შექმნის მცდელობაზე მიუთითებს.

თავი დავანებოთ იმას, რამდენად უანგაროდ ასრულებენ ხოლმე ასეთი ფსევდო „ალტერნატიული საზოგადოებრივი აზრის“ წარმომჩენის როლს მისი შემსრულებლები. ასეთი ადამიანები საქართველოში ყოველთვის მოიძებნებოდა - კომუნისტების და ყველა შემდეგი ხელისუფლების დროს. ისინი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საწინააღმდეგო მექანიზმის მცირე ჭანჭიკები არიან და ამიტომ უშუალოდ მათი განხილვა ნაკლებად საინტერესოა.

გაცილებით უფრო საინტერესოა ის ნარატივი, რომელსაც ეს მექანიზმი თავისი ჭანჭიკების მეშვეობით აჟღერებს ხოლმე რათა ყველა იმ ადამიანის სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომელიც საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე დამოუკიდებელი, მართლაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობს. დამოუკიდებელი აზრი ხომ ძალაუფლების მქონე პირთა ნებისმიერი ჯგუფისთვის საფრთხის შემცველია? ასეთი ნარატივი, როგორც წესი, მთლიანობაში ერთ პრიმიტიულ აზრამდეა დაყვანადი. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში, ოფიციალურისგან განსხვავებული აზრის საჯაროდ გამომთქმელი ყველა ადამიანი, საბოლოოდ „შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის გადმონაშთად“, „ჩარეცხილად“, ბოლო წლებში კი „რუსეთის აგენტად“ „ინათლებოდა“. რას ვხედავთ ახლა? იგივე მიზნით შექმნილი „ოცნებისეული“ ნარატივი იმას გვამადლის, რომ საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატად 2012 წლის ოქტომბრიდან მეტი თავისუფალი სივრცეა ქვეყანაში და ყველას ვინც ამ დროიდან მოყოლებული, უკვე ამჟამინდელი ხელისუფლების იმ საზიანო ნაბიჯებს აპროტესტებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერაც იდგმებოდა, „სად იყავი 2012 წლამდე“-ს უყიჟინებს. თანაც, ამას ისე წარბშეუხრელად აკეთებს თითქოს სხვისი მიუღებელი ქმედების შეცვლის დაპირებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმავე ქმედების გაგრძელება, თუ მას ადრე ვერ აპროტესტებდი, ხოლო ახლა შეგიძლია უშედეგოდ, მაგრამ გააპროტესტო, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ყველანი „მადლობლები“ ვიყოთ უშედეგო პროტესტის შესაძლებლობისათვის და „მადლობის გრძნობით“ ეგზალტირებულებმა, ამ ქმედების რეალურ შეწყვეტაზე ზრუნვას თავი დავანებოთ.

რეალურად, ეს უთხრეს ნატა ფერაძეს გუშინდელ გადაცემაში. რამდენად მისაღებია ამის საპასუხოდ მისი რეაქცია - ყველამ თავად განსაჯოს. ჩემი შეფასებით, უკვე აოხრებულ თბილისში კიდევ დამატებითი ხეების მოჭრაზე კამათისას, ამ მოჭრის „გასაპრავებლად“ „სად იყავი 2012 წლამდე“ არგუმენტის მოშველიება, თუ მართლა უანგაროდ გჯერა რასაც ამბობ, ნატა ფერაძესვე რომ დავესესხო ლექსიკურად - მართლაც „დეგენერატობის“ მაჩვენებელია, ხოლო თუ ამას გარკვეული სარგებელის სანაცვლოდ აკეთებ - ნაძირლობის.

და ბოლოს, ამ ნარატივის შემქმნელებს მინდა ვუთხრა: მართლაც მწვავედ იდგა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კორუფციის პრობლემა და მის მოსაგვარებლად მართლაც შედეგიანი ნაბიჯები გადადგა ნაციონალურმა მოძრაობამ; რუსეთი მართლაც იყო და არის ეგზისტენციური საფრთზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ყველა მიუღებელ ქმედებაზე ამით პასუხმა, ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის გააქარწყლა ამ მიმართულებებით მიღებული პროგრესის, როგორც მონაპოვარის აღქმა. ამის მსგავსად, ასევე იკარგება საზოგადოებრივი პროტესტისათვის 2012 წლის არჩევნებით გამოთავისუფლებული სივრცის, როგორც მონაპოვარის აღქმადობა, თუ მას ყველა, ცალსახად არაორაზროვან, არასწორ ქმედებაზე საპასუხოდ, „სად იყავი 2012 წლამდე“-ს შემოძახებაში გამოვიყენებთ.

P.S.: თუ ვინმეს ამ ყველაფრის გააზრების ნაცვლად, ახლა ჩემზე „დაგაინტერესებთ“ „სად ვიყავი 2012 წლამდე“, ნორმატიული ლექსიკის ფარგლების ზედმიწევნითი ცოდნის მიუხედავად, გეტყვით, რომ მეც იმით ვიყავი დაკავებული, რაც ნატა ფერაძემ უკვე გააჟღერა გუშინდელ გადაცემაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG