Accessibility links

logo-print

და მაინც, რამ გამოიწვია ლიბერალურ-დემოკრატიული ბლოკის მარცხი?!


ავტორი: თორნიკე შევარდნაძე

ტრენინგები, ვორქშოპები, საზაფხულო სკოლები, სოციალური ქსელები, ელექტრონული და ბეჭდური მედია, „ექსპერტები“, პოლიტიკოსები, ბლოგერები, მეზობლის ქალები და კაცები, მძღოლები, მეჩაიეები... ყველა ერთხმად იუწყებოდა მომავალი მრავალპარტიული პარლამენტის შესახებ. სატელევიზიო ეთერიც არასრულყოფილად ითვლებოდა, თუ კითხვა: - „უმრავლესობის არქონის შემთხვევაში, ვისთან აპირებთ თანამშრომლობას?“ - არ დაისმებოდა. ახლა ისევ ყველა ერთხმად ხსნის მიზეზებს, რატომ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი. (ძირითადი აქცენტი და მრავალპარტიულობის საზომი, რატომღაც, მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიებს ეხება, არადა, „პატრიოტთა ალიანსიც“, რაგინდ არაპარტიული იყოს, სამართლებრივად და დეკლარირებულად პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენს). მართლაც, მრავალპარტიულობის თვალსაზრისით ქართულმა პარლამენტარიზმმა უკუსვლა განიცადა. 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ორი ძალა შევიდა, „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა რამდენიმე პარტიის კონგლომერატს. ახლა კი, ერთი მხრივ უფრო მონოლითური „ქართული ოცნება“, რომელიც უკონკურენტოდ დარჩა და მისდამი წამოსული კრიტიკა, მარტივად გაბათილდება სტანდარტული „9 წლის ეფექტით“, ხოლო მეორე მხრივ ავტორიტარული წარსულის, გაბანკროტებული „ნაციონალური მოძრაობა“, ნაყოფიერ საპარლამენტო მუშაობას ვერ გვიქადის. ამას ემატება ულტრანაციონალისტური ძალა, რომელიც, როგორც ერთმა ტაქსის მძღოლმა კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი აღნიშნულ ძალას, პასუხად - „იჩხუბებენ მაინც“ დაასახელა. და მაინც, რა ძირითადმა მიზეზებმა განაპირობა სხვა პარტიების წარუმატებლობა: 1. უკვე გაბანალურებული, მაგრამ მაინც გადამწყვეტი, რა ფაქტორმაც განაპირობა და სავარაუდოდ, მმართველი გუნდი მომავალ არჩევნებზეც ეცდება მის ამუშავებას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად გამოყენება, რასაც „წარმატებით“ აყვა ოდესელი გუბერნატორი მისი ფანტაზიითა და რიტორიკით დაბრუნებაზე, ჯარისა და პოლიციის მხარდაჭერაზე და ა.შ, რამაც, გულწრფელად შეაშინა ისედაც დაბნეული ამომრჩეველი; 2. რეალობიდან, განსაკუთრებით, სოციალური რეალობიდან მოწყვეტა დამღუპველი აღმოჩნდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიებისთვის. კამპანიის შინაარსობრივმა მხარემ აჩვენა, თუ რაოდენ მოწყვეტილები არიან ისინი ამომრჩეველს. იმ ქვეყანაში, სადაც 1 200 000 ადამიანი ითხოვს, მიენიჭოს სოციალურად დაუცველის სტატუსი, საუბარი გათავისუფლებაზე და ადამიანის სამოქალაქო უფლებებზე, იმის ფონზე, როცა არ საუბრობ სტრუქტურულ უთანასწორობაზე, სოციალურ ჩაგვრასა და ამით უგულებელყოფ იმ რეალობას, სადაც ამომრჩეველი ცხოვრობს, ცხადია, პარტიისთვის დამღუპველია. დროა, ლიბერალურმა პარტიებმა სოციალურ საკითხებზე მეტი

ისაუბრონ. უთანასწორობის, განათლებისა და შრომით საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს - ცხადია, თუ კი მათ წარმატება სურთ; 3. ბევრი ითქვა, რომ მრავალპარტიულობა ხელოვნურად ვერ დამკვიდრდება, რომ ეს განწყობა საზოგადოებაში არ არის და ა.შ. რეალურად, ამ განწყობას ვერ ასახავს ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო სისტემა. რა ხდება რეალურად? - სინამდვილეში იმ ადამიანეთა რაოდენობა, რომლებმაც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭირეს მხარი, 20%-ს აღწევს, მათი ხმა კი წარმომადგენლობით ორგანოში არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე, პარლამენტში შესვლას შეძლებდნენ: „ქართული ოცნება“ – 74 მანდატით, „ნაციონალური მოძრაობა“ - 41 მანდატი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 8 მანდატით, „თავისუფალი დემოკრატები“ – 7 მანდატით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 7 მანდატით, „ბურჯანაძე-დემოკრატები“ – 6 მანდატით, „ლეიბორისტული პარტია“ – 5 მანდატით და „რესპუბლიკური პარტია“ – 3 მანდატით. ხოლო სრულად პროპორციული, მაგრამ 4%-იანი ბარიერის შემთხვევაში მივიღებდით „ოცნების“ 84 მანდატს, „ნაციონალების“ – 47, „პატრიორების“ – 10 და „თავისუფალი დემოკრატების“ - 8 მანდატს. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებდა, არამედ მას მთავრობის დასაკომპლექტებლადაც არ ეყოფობა ხმები და საქმე კოალიციური მთავრობის შექმნამდე მივიდოდა;

4. კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ყურადღებას ნაკლებად უთმობენ, არის ბურჭულაძის ფაქტორი, რომელმაც მთლიანად გააფუჭა პოლიტიკური ველი (შესაძლოა, სწორედ ეს იყო ბანის მთავარი მისია). პაატა ბურჭულაძე მართლაც რომ წლის მთავარი პოლიტიკური მავნებლობა იყო. მისმა შემოჭრამ დიდი პერსპექტივები შექმნა, ისედაც არეული და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სპექტრი უფრო არია და მთავარი, გადამწყვეტი - 60 000-ზე მეტი ხმა გააფუჭა, დაკარგა, გაფანტა. მან ამით ხმები დაუკარგა იმ ადამიანებს, ვისი პარლამენტში არყოფნაც დიდი დანაკლისია ყველასთვის, რაგინდ მიუღებელი შეიძლება იყოს მათი მოსაზრებები. როგორც ჩანს, არაპოლიტიკოსების პოლიტიკაზე გავლენის დრო კიდევ დიდხანს არ დამთავრდება; 8 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილად ცნობილი ბიულეტინების რეკორდი მოიხსნა: გაუქმდა 75 000-მდე მაჟორიტარული და 63 000-მდე პროპორციული ბიულეტინი. ჯამში გაუქმებული ბიულეტინების რაოდენობამ, საარჩევნო უბანზე მისულთა 4,5% შეადგინა, რაც, საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, ასევე კრიტიკულად საჭირო და მრავალპარტიულობისთვის გადამწყვეტ რაოდენობას წარმოადგენს. ბათილი ბიულეტინების რაოდენობის ზრდა და საარჩევნო აქტივობის კლება ნათელს ხდის, რომ საზოგადოებაში ახალი ძალის მოთხოვნილება არსებობს, რომელიც თვისებრივად განსხვავებულ ენას აირჩევს და არ იქნება ამომრჩეველთა სოციალურ რეალობას მოწყვეტილი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG