Accessibility links

ცხოვრება მშვენიერია?!


ავტორი: გიორგი კომახიძე

როდესაც პირველად მოვისმინე ფრაზა: „ცხოვრება მშვენიერია“ გულში უცნაური, აღმატებული გრძნობა გამიჩნდა. უეცრად დავიჯერე, რომ ყველაფერი შემეძლო, რომ მართლაც მქონდა უნარი ვინც გამაბრაზებდა მისთვის „პანჩური“ ამომეკრა და ამერიკაში გადამესროლა, რომ შემეძლო შუაღამით, სრულიად ჩაბნელებულ ქალაქში, მხოლოდ მე მქონოდა ელექტრო მომარაგება, რაც რაღა თქმა უნდა ტელევიზორთან ასოცირდებოდა, რადგან მისი დახმარებით შემეძლო სრული ანშლაგით (ისეთით, „მარაკანაზეც“, რომ ვერ მოისმენთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მიმდინარეობისას) მეგულშემატკივრა მათთვის, ვინც მხოლოდ ორი რამით შეიძლებოდა ყოფილიყო გამორჩეული: 1) განსაკუთრებული ფერის ფორმით, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იდგა და 2) ლამაზად ეთამაშათ და მაინც მდევრის როლში ყოფილიყვნენ. ანგარიშს მამა მეუბნებოდა ხოლმე, თვის იმ ერთ თუ ორ დღეს, როდესაც „უფროსი ბიძიები“ შუქს მირთავდნენ, რომელთაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ყველა აგინებდა და ამავდროულად, რომელიღაც მეცხრე ბლოკს იხსენიებდნენ ხოლმე. ბლოკი მხოლოდ სამშენებლო თუ მქონდა ნანახი და ჩემს ფანტაზიაშიც მსგავს ასახვას ჰპოვებდა. რომელიღაც ტრიალ მინდორზე ცხრა დიდი ზომის ბლოკი რიგითობის მიხედვით უნდა ყოფილიყო დაწყობილი და რატომღაც ამ უკანასკნელს მუდმივად რაღაც ემართებოდა. ის კია, წარმოდგენა არ მქონდა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ბლოკს ტელევიზორთან, თუმცა მამა ასე ამბობდა და მეც ვუჯერებდი.

საქართველოს ნაკრები ისევ ალბანეთს ხვდებოდა, ბრძოლა კვლავ დაძაბული იყო და ერთი კინკილა გოლით თუ მოვიგებდით, მთელი თვის გასახარად ეგეც მყოფნიდა. სტადიონზე იშვიათად მივდიოდი, მამა ყოველთვის ამბობდა, უაზრობაა, ტყუილად ნერვები უნდა იშალოო და ჩემს თითოეულ გაშმაგებულ რეაქციაზე, რომელიც მეზობლის სახლში ფიქსირდებოდა („დვიჟოკი“ მხოლოდ მათ ჰქონდათ), ჩუმად მანიშნებდა, დაწყნარდი, თავი სახლში ნუ გგონიაო. ამავდროულად ჩუმად, თავისთვის გაიქნევდა ხოლმე თავს, იმის გამოსახატად, რომ „აზრი არ ჰქონდა“, თუმცა ამ ყველაფრის შემჩნევის მიუხედავად ჩემს ემოციებში არც სიშმაგე იკლებდა და არც მოლოდინი. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც „მშვენიერი“ გახლდათ. მართალია ეს ყველაფერი ჩვენ ნაკლებად გვეხებოდა, თუმცა ამ ჭეშმარიტებას გვერდს ვერავინ აუვლიდა.

ათ წელზე მეტი გავიდა, მეცხრე ბლოკი არავის ახსოვს, მე ტელევიზორს თითქმის საერთოდ არ ვუყურებ, არც ფერების მიხედვით ვირჩევ ფავორიტებს და არც იმგვარი ემოციათა სიშმაგე მეტყობა, როგორც მაშინ. საქართველოს ნაკრები ალბანეთს აღარ ერკინება (ეს უკანასკნელი დანიასთან ფრის „გაგორებით“ არის დაკავებული) და ის კინკილა გოლიც აღარსად ჩანს, რომელსაც შეეძლო ჩემთვის მთელი თვის სიხარული ეჩუქებინა, მეზობელს „დვიჟოკი“ აღარ სჭირდება, მამაჩემისთვის ისევ „არ აქვს აზრი“, „უფროსი ბიძიები“ კი, ისევ აქრობენ შუქს, მხოლოდ, ჩემს გონებაში. ცხოვრება ისევ მშვენიერია, მხოლოდ, ნაკლები რომანტიკით, ისევ დედამიწის სხვა ნაწილში და ჩვენ ეს ყველაფერი ისევ არ გვეხება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG