Accessibility links

მეორე ტური და მოსალოდნელი იმედგაცრუება


ავტორი: აკაკი შანავა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. სხვადასხვა წრეებში აქტიურად განიხილავენ ჩატარებული არჩევნების შედეგებსა თუ ამ შედეგების მიზეზებს. არცთუ ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა რომლებიც თვლიან, რომ ყოველივე მახინჯი საარჩევნო სისტემის ბრალია. ძალიან მცირე ნაწილი თუ უდგება საკითხს გლობალურად. ის, ვინც ამას ახერხებს შეიძლება თვლის კიდეც, რომ საზოგადოების მოუმწიფებლობა, საკითხის ფართო ჭრილში დანახვისა და გააზრების შეუძლებლობასთან ერთად არის ის, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. როგორც არ უნდა დავსვათ საკითხი, როგორი პოლიტიკური გემოვნებითაც არ უნდა შევხედოთ მოცემულობას ფაქტია, რომ პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და დასმულ კითხვაზე - თუ რატომ გავდივართ უკვე მერამდენედ ამ მოჯადოებულ წრეს, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ან დასკვნის გამოტანა ისევ უტოპიურ ამოცანად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი არსებობდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ნიშანდობლივია, რომ პოსტკომუნისტურ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი 1991 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰყავდა, რომლის შედეგადაც 75 დეპუტატი არჩეულ იქნა მაჟორიტარული წესით (ერთმანდატიანი ოლქებიდან), ხოლო 150 კი პროპორციული სისტემით (მრავალმანდატიანი ოლქები). საარჩევნო ბარიერი 2 % გახლდათ. ხსენებულ არჩევნებში მონაწილე 36 პარტიიდან ბარიერი 24-მა გადალახა. თითოეულ ამომრჩეველს სამი ხმა ჰქონდა. კენჭისყრა ხდებოდა სამბალიანი სისტემით. დარჩენილი ხმები კი პრეფერენციის წესით ნაწილდებოდა. მაგრამ, მოდით ნუ გავართულებთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შერეული საარჩევნო სისტემა უცვლელი დარჩა, თუმცა იცვლებოდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და მათი ურთიერთმიმართება (225; 235; 150) პარლამენტართა საერთო რაოდენობის ცვლილებასთან ერთად. იცვლებოდა საარჩევნო ბარიერიც (2 %;5 %; 7 %; და ისევ 5 %).

მიხუედავად ფორმალური ცვლილებებისა, რაც ნორმატიულ მოცემულობას ცვლიდა, არ შეცვლილა მთავარი -საზოგადოების მიდგომა, სტანდარტები და აზროვნება. ის ისევ ისეთია, როგორიც უწინ. აღსავსე რადიკალიზმითა და გულუბრყვილო იაფფასიანი პოპულიზმისადმი. განმსჭვალული ბელადის მიმართ თვალდახუჭული მორჩილებითა და პარტიული დისციპლინით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების გაუაზრებელი რეალიზებით.

კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმი, პარლამენტარიზმი, პარტიული პლურალიზმი, პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ვნებათაღელვისა და დებატების ტრიბუნა - ეს ის სიტყვებია, რომელთა პრაქტიკული რეალიზებაც 2020 წლამდე გადაიდო. გადაიდო და თანაც ისე, რომ არავინ უწყის როდის გვექნება ბედნიერება თავადაც გამოვცადოთ ისინი. პარლამენტარიზმის გულმხურვალე მომხრეებს ის წარმოედგინათ ადგილად, სადაც საზოგადოებისთვის სენსიტიური და დიდი მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი საკითხების გადაჭრა მოლაპარაკების შედეგად მიღწეული კონსენსუსით იქნებოდა შესაძლებელი და არა უმრავლესობის ნების აპრიორი რეალიზებით.

როგორ ვაქციოთ პარლამენტი ადგილად სადაც ქუჩის საპროტესტო აქციებისა და ბარიკადების ნაცვლად საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან ცივილიზებულად და გააზრებულად წყდება? შევცვალოთ საარჩევნო სისტემა - ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა. კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტის უკანასკნელ საშემოდგომო სესიაზე სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ დააყენა საკითხი მაჟორიტარული წესით პარლამენტართა არჩევის გაუქმების შესახებ. ამისთვის მათ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებაც კი არ დაიზარეს. ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან დანაპირების შესრულებას მოითხოვდა. მმართველი გუნდი კი იმ 9 წელზე აპელირებით ცდილობდა ფონს გასვლას, როდესაც ხელისუფლებაში კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატორები იყვნენ და საამისოდ არაფერი მოიმოქმედეს. რა მივიღეთ შედეგად? არაფრისმომცემი ბრალდებები, პოლიტიკური სპეკულაციები და სამომავლო დაპირებები. ესეც 2020 წლისთვის.

არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება რომ მმართველ ძალას აწყობდა ყველა დროში, ეს რეალობის გახუნებული ახსნა და დადასტურებული ფაქტია. რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლზე, დაკარგული ხმების დიდ რაოდენობაზე და ა.შ. მთავარი მაინც ისაა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა და სახელმწიფოებრივი საკითხების პოლიტიკურად რაფინირებული გადაწყვეტა ჯერ ისევ მიუწვდომელ ფუფუნებად რჩება ქართული საზოგადოებისთვის.

ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით გაგრძელდება რა არსებული მანკიერი პრაქტიკა, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს, ხოლო ოპოზიციის როლი საპარლამენტო საქმიანობისაში არათუ მიმდინარე ან ორგანული, არამედ კონსტიტუციური კანონის დონეზეც კი დაკარგავს აზრს. მიუხედავად არასახარბიელო სიტუაციისა, არსებულმა სისტემამ ის მინიმუმი მაინც უზრუნველყო, რომ საფრთხე წინასწარ განჭვრეტადი გაეხადა. თეორიული შანსი იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას დავაღწიოთ თავი ისევ არსებობს. არსებობს მეორე ტურის სახით, სადაც ამომრჩეველმა არჩევანი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოს, რათა პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები პარლამენტში წყდებოდეს და არა ერთი პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე კულუარულად, რისი ფორმალური რეალიზებაც პარლამენტში მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას შეიძენს.

მეორე ტური... პარტიებისთვის ეს პოლიტიკური დივიდენდის მიღების დამატებითი შანსია. ამომრჩევლისთვის კი დიდი გამოცდა. ჩვენ გვჭირდება სამომავლო ბერკეტი, რომლითაც საკუთარი თავის შეჩერებას მომავალშიც შევძლებთ და შევძლებთ იმის მიუხედავად თუ რა არჩევანი გავაკეთეთ გუშინ. მათთვის, ვინც თვლის, რომ ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მათი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე საფრთხეს სულაც არ წარმოადგენს, გთავაზობთ ჯეფერსონის სიტყვებს, რომლებიც მართალია სხვა კონტექსტში ითქვა, თუმცა მორალი აქტუალურია: „ნუ შეგაცდენთ მათი მიზნების სიწმინდე, არასოდეს არ უნდა გვჯეროდეს რომ შეუზღუდავი ძალაუფლება არასოდეს იქნება ბოროტად გამოყენებული, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ისინი არ არიან განწყობილი ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მოვა დრო, და საკმაოდ მალე, როცა ამ ქვეყანაში, ისევე როგორც იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ვართ წარმოშობით, მთავრობის მეთაური კორუფციის კლანჭებში აღმოჩნდება... ადამიანის ბუნება ატლანტიკის ორივე მხარეს ერთნაირია.“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG