Accessibility links

logo-print

ჩვენი წილი სოფლების შესახებ


ავტორი: ანა ბაქანიძე

ერთი სვანი მეგობარი მყავს, ბერდია ჰქვია. საერთო მეგობრებისგან გავიცანი, ახლა სამსახურში გვერდიგვერდ ვსხედვართ და მის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი, თუმცა მანამდე ჩვენი მეგობრები სულ ამ ძველ, ქართულ სახელს რომ ახსენებდნენ თვალწინ ყაზბეგის დახატული მთიელი პერსონაჟი წარმომიდგებოდა, ჯმუხი, წარბებშეკრული, წვერ-ულვაშით... ასეთი პერსონაჟები, ბავშვობიდანვე მაშინებდნენ რატომღაც და ამიტომ, ამ წიგნებიდან გამოყოლილი ასოციაციის გამო, მისი გაცნობის სურვილი არც არასდროს არ გამჩენია.

მერე ბერდიამ ერთი ამბით მოიგო ჩემი გული: თურმე, რიგაში სასწავლებლად ჩასულს, ერთ-ერთ კაფეში უცხოელი ბიჭების საუბარი მოუსმენია, ერთ მათგანს ნაცნობი ქართველი ქალის შესახებ რაღაც უხამსად უთქვამს, მოგეხსენებათ, რიგაში ბევრი ქართველი - მათ შორის სტუდენტი გოგონა ცხოვრობს. ჰოდა, ჩვენს მეგობარს არც აცია, არც აცხელა, ამ მაგიდასთან მივიდა, ეს უცხოელი ააყენა და გემრიელი სვანური ალიყურიც უთავაზა. მაშინ რამდენიმე დღის ჩასული აყალმაყალის ამტეხი დეპორტს გადაურჩა.. ალბათ, ბევრი ასეთი ისტორია ექნებოდა, მაგრამ ფაქტია, საქართველოში დეპორტით კი არა და ევროპული უნივერსიტეტის დიპლომით დაბრუნდა, ახლა ყველაზე არაჯმუხი, წარბებგახსნილი და მომღიმარი სახით მუშაობს თბილისში... ჰოდა, მეც ეს ისტორია რომ მოვისმინე, ჩემი ლიბერალობა, კაცთმოყვარეობა, პრობლემის მოგვარების არაძალადობრივი მეთოდები, სხვისი უფლებების დაცვა და მსგავსი ჰუმანური დებულებები უმალ დავივიწყე, უფრო მეტიც - ტრადიციულ-ქართული სიამაყით ავივსე და მის მიმართ პოზიტიურად განვეწყვე...

დღეს ბერდია ჩემთვის მაგალითია - როგორ ბანალურ-პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს თავისი კუთხის სიყვარულის მაგალითი, ოღონდ, არა ზემოთ მოთხრობილი ისტორიის გამო.

ყოველდღე, როგორი დატვირთული გრაფიკიც არ უნდა გვქონდეს, ბერდია დღის რაღაც მონაკვეთში ერთხელ მაინც მოუსმენს სვანურ ნანას, მერე სვანეთის ხედებს, იქ გადაღებულ ფოტოებს ალბათ მემილიონედ ჩამოათვალიერებს და ბოლოს ინტერნეტში სიახლეებს მოძებნის, აბა, ლენტეხში რაიმე ახალი ამბავი ხომ არ მოხდა და მას გამოეპარა... დღეში ორი-სამი იქაური ახალგაზრდა მაინც დაურეკავს და ერთად გეგმავენ: ხან ქარსაფარი ზოლის გაშენებას, ხან ადგილობრივი ბავშვების თბილისში სტაჟირებას, ხან ლენტეხში საჭიდაო მოედნის გახსნას, ხან გაზეთის გამოცემას, ხან დათო ტურაშვილის სვანეთში სტუმრობის ამბავს და ა.შ. თუ ისინი არ დარეკავენ ეს ჩამოუვლის ,,ნახევარ ლენტეხს’’ და ტელეფონით დააწიოკებს: ,,მუხბე, იმე ათვეფ?!’’

მეც, ყოველდღიური სიხშირით, ალბათ მეათასედ ვისმენ ამბებს მწვერვალ აილამაზე, მდინარე ყორულდაშზე, სკალდობის ტრადიციებზე... ჰოდა, ასევე მეათასეც ვაპროტესტებ, რომ თურმე სკალდის სალოცავზე ქალის ასვლა არ შეიძლება! ის ხელებს გაასავსავებს და ყოველ ჯერზე თავიდან, სვანური მოთმინებით მიხსნის, რომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა და არც მოხდება...

მისი ყურებისას მახსენდება, რომ შეიძლება წელი ისე გავიდეს, ერთხელაც არ ჩავიდე გურიაში, მახსენდება, სტუდენტობისას მამას მუდმივი სათხოვარი - 1 დღით მაინც მომეცალა სოფლისთვის და ჩემი ცხოვრების სინანული - მასთან გატარებული დროის სიმცირე - თავიდან იწყებს მტკივნეულად ჩხვლეტას გულის შორეული კუნჭულიდან...

მე ბევრი წარმოშობით არათბილისელი მეგობარი მყავს.. ყველა აქტიურადაა ჩაბმული ქალაქური ცხოვრების ფერხულში, ამაში ცუდი არც არაფერია, საერთოდაც, მავანთაგან განსხვავებით, დანაშაულად არ მიმაჩნია აქ ცხოვრების გამძაფრებული სურვილი, ეს ჩემთვის მწარე და რეალური პრობლემიდან მომდინარეობს - რეგიონებში არ არსებობს ამდენი ახალგაზრდის რეალიზების შესაძლებლობები...

მაგრამ ერთი რამ ცხადია: ალბათ, ყველას შეუძლია, თავისი წილი საქმე გააკეთოს მისი სოფლის, თემის, კუთხისთვის... ალბათ, აქედანაც შეიძლება ხელი შევაშველოთ უიმედოდ წელში მოხრილ სოფლებს, ჩვენი ბებიების სუნით გაჟღენთილ სახლებს და ეზოებს, აქედანაც ვიგრძნოთ საკვამურების ან ეზოში გაჩაღებული კოცონების სუნი...

და სანამ მსოფლიო მოწინავე პრობლემათაგან ერთ-ერთს, უძველეს საზოგადოებრივ-გეოგრაფიულ მოვლენას - ურბანიზაციას ებრძვის, სანამ ხელისუფლება შიდა მიგრაციის საწინააღმდეგოდ და რეგიონული განვითარების სასარგებლოდ რეფორმების გამხორციელების მძიმე აღმართს ადგას, იქნებ, თითოეულ ჩვენგანს გვეფიქრა, როგორ შეგვეცვალა გარემო იქ, სადაც ჩვენი ბავშვობის სურვილები და თავგადასავლები ტომ სოიერის წიგნში, ნავთის ლამფაში, ან ძველი ხის ფუღუროსთან მოწყობილ სათამაშო სახლებში გველოდებიან...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG