Accessibility links

logo-print

ავტორი: მაია ჭანტურიძე

გაფრთხილება - ბლოგი დაწერილია ,,მარჯანჯას”, ,,ულეტაიწე ვორანის”, ,,ზოგი ასე უბერავს”, ,,ვაგონი მიქრის” და სხვათა ფონზე, აპათიის მდგომარეობაში. აქვე ვაფიქსირებ, რომ მე არ ვემიჯნები ქართულ საზოგადოებას, ტრადიციებს, რადგან ჩემი რეპუტაცია უკვე შერყვნილია - არაერთხელ თავაწყვეტით მიცეკვია ზემოხსენებულ უკვდავ სიმღერებზე.

ორსულობა, თეთრი კაბა, ,,გაპრავებული” სექსის სურვილი, მეზობელ-ნათესავებთან თავის მოუჭრელად შენარჩუნება, გაცემული ფულის თუ საჩუქრების უკან დაბრუნება და სიყვარული - ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ქორწილებს იხდიან.

,,ვაიმეე, რა ცქრიალა გოგოაა! რა თვალ-წარბი, რა ტუჩ-კბილი! მარა ქალო, ცირა, მაინც ბიჭი ჯობია, ხო? არაა, იმიტო კი არა რო ჩვენია!..” - აი ასე იწყება ყველა ქორწილი. ყოველ ჯერზე მეც ვდგავარ, ვათვალიერებ დარბაზს, სიტუაციას, სტუმრებს და ზუსტად ვიცი, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება, რაც წინაზე, იმის წინაზე და იმის წინის წინაზე: რომ ყველა კაცს ღიპზე დაგატკეცილ პერანგზევე შევატყობ რა ჭამა, რა დალია. ყველა კაცი წავა სახლში (წაიღებენ) არეული ფეხითა და დაბორკილი ენით. ქორწილის შემდეგ სიძე-პატარძლის გარდა აი, იმ ბიჭსაცექნება პირველად სექსი იმ გოგოსთან, გვერდზე მაგიდასთან რომ გაიცნო და მთელი საღამო ცეკვისას საჯდომთან მნიშვნელოვნად ახლოს ჰქონდა ხელები შემოხვეული. ამჯერადაც სცემენ პატივს სიძეს ძმაკაცები და პლანს გაუჩითავენ, გალიდან გამოგზავნილს, ,,უეჭველი მაგრად რო მოიტანს.”

ნამდვილ ქართულ ქორწილში გოგონების ოცნების კაბები მუდამ კორსეტიანია, მნიშვნელობა არ აქვს მხრების სიგრძე-სიგანეს, მკერდის ზომას, ტანის აგებულებას. ჭეშმარიტად ქართველი სიძე აუცილებლად ქორწილის დილით იკრეჭს თმას და სახეზე დაყრილი თმის ნარჩენებით პირველი ,,გორკის” შემდეგ პატარძალს უჩხვლეტს ტუჩებს. ზოლად ამოპარსულ კისერზედა ,,დროჟით” ამოფუებული ცომივით ამოჩრილ მკერდზე საუბარს აღარ გავაგრძელებ.

თაიგულის გარეშე კაბა, ისევე როგორც ქორწილი წარმოუდგენელია. რაც უფრო ლამაზი თაიგული, მით უფრო ძვირი უჯდება დედოფლის მეჯვარეს (ან მის ოჯახს), რადგან მტკიცე ქართული ტრადიციის თანახმად მეჯვარე (საწყალი) ანაზღაურებს პატარძლის თაიგულის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ხარჯებს (ხარჯები ამ ბედნიერების დღეს რა მოსატანია).ბევრი გასათხოვარი (გაუთხოვარი) გოგო თაიგულის სროლას უფრო ელოდება, ვიდრე ქორწილს, აქაო და იქნებ ბედს ვეწიოო. თუმცა აღარცერთ ქართველს აღარ უკვირს თაიგულის სროლის მოლოდინში უფრო მეტი დაოჯახების მოსურნე ბიჭის ხილვა.

ნამდვილ ქართულ ქორწილში შემოსწრებულებს ჯარიმებს ასმევენ ლიტრიანი ყანწებით. ნამდვილ ქართულ ქორწილში თამადა წყვეტს, ვინ იცეკვოს, ვისთან, როდის და რა სიმღერაზე. თამადა წყვეტს სიძე-დედოფალს რამდენი შვილი უნდა ეყოლოს, რა თანმიმდევრობითა და სქესის.

ნამდვილ ქართულ ქორწილში არის ბევრი ნათესავი, რომელთა უმრავლესობა თვალით არ გინახავს. არიან პატარა ბავშვები, სპეციალურად ამ დღისთვის დაქირავებული საკარნავალო კოსტიუმებით ან საპატარძლო კაბებითა და გვირგვინებით. არის ბევრი ტკბილი სიტყვა ყველას მიმართულებით, დათრობამდეც და დათრობის შემდეგაც. ოფლიან კისრებში კოცნა და პატარძლის ფეხსაცმლიდან განსხვავებულების დალევა (სწორედ ამიტომ არაა სასურველი გოგოს 37-ზე დიდი ზომის ფეხი ჰქონდეს. აბა 42 ნომერი განსხვავებული მტერმა დალია).

ქორწილი ერთადერთი ადგილია, სადაც ფული ციდან ცვივა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ 50 ლარიანი რესტორანთან ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიასთან 5 ლარიანებად არ დაშალე და მერე ცეკვის დროს არ ამოაფრიალე, რაა მამული?!

საოცარი სანახავია ქართველი ნათესავების მიერ პატარძლის საცეკვაოდ გამოწვევა. არა, ცეკვა დიდი ვერაფერი, ეტყობათ მეხუთე კლასის მერე მარტო ქორწილებში ვარჯიშობენ. აქ ერთი ქართული უნარი იმსახურებს გამოყოფას - უნარი მოცეკვავე პატარძალს ჰაერშივე წამოაცვა თითზე ბეჭედი, კორსეტში ძუძუებს შორის რომ ღარია აი იქ, 100 დოლარიანები, ან ჰაჰა 100 ლარიანები ჩაუკუჭო. თუ ყველა სტუმარმა არ დაინახა შენი 100-150 ლარიანი სიმწრით ნაყიდი ბეჭედი, რაა მამული?!

ქორწილებში კარგად ჩანს ძვირფასეულობისადმი (სანათესაოს არ ვგულისხმობ) ჩვენი დამოკიდებულება. ისედაც აბრჟღვიალებულ პატარძალს დედამთილის ნაჩუქარი ყველა ბეჭედი, საყურე, სამაჯური და ჯაჭვი თუ არ უკეთია მტრების თვალების დასავსებად,რაა მამული?!

ნამდვილ ქართულ ქორწილს ,,ვისია ვისია ქალი ლამაზი” აცხადებს გახსნილად. ქეიფი რომ შეხურდება და თამადისგანაც ნებართვას მიიღებენ ,,დამკვრელები” ასრულებენ ,,მარჯანჯას”,,,ულეტაიწე ვორანის”, ,,მილიონ ალიხ როზს”, ,,ზოგი ასე უბერავს”, ,,ვაგონი მიქრის”. ნაჭამ-ნასვამი სტუმრები ჯერ მორცხვად იკვანწებიან, შემდეგ კი ისეთ როკვა-ხტუნვას იწყენენ, ცოტა აკლიათ ტანსაცმლის ნაკერებმა სირცხვილი არ აჭამონ.

სიმღერას ფილმიდან ,,ხარება და გოგია” ჭეშმარიტი მექორწილე პირველივე ნოტზე სცნობს. ჰოდა, გაიგონებენ თუ არა კაცები, მაგიდებიდან აიშლებიან, თან მიაქვთ ღვინო, ჩასაყოლებელი ხაჭაპური, მწვანილი და დარბაზის შუაგულში ქმნიან წრეს. პირდაპირ იატაკზე გაშოლტილები კეცებით სვამენ სადღეგრძელოებს, მგონი მამულისა და ვაჟკაცობის...

ჩხუბი ყველა ქორწილის END-ია, რამდენად HAPPY თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ თუ მაყრებმა და მასპინძლებმა ,,ვისი მოწოდებული არ დალიე ბიჭოო??” , ,,ჩემ გოგოსთან ცეკვა როგორ გაბედე?”, ,,და ვის უბედაავ?” მიზეზებით ერთმანეთს სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი პრიალა პერანგები არ შემოახიეს და ტორტის დარჩენილ ნაწილში არ აბანავეს, ეს ქორწილი ჭეშმარიტად ქართული არ ყოფილა.

ამასობაში ნეფე-დედოფალი სულ გადამავიწყდა. რამდენიმე საათი მაინც დავტოვოთ მარტო, თუ პლანითა და ყანწებით გაბრუებულ სიძეს რამის თავი ექნება, რა თქმა უნდა. აბა დილით სიმამრი და მამათილი საძმაკაცოებით დაადგებიან საწყლებს თავზე. დედამთილიც იტყვის, თეთრეულს გამოგიცვლით შვილებოო და საოცნებო წითელ ლაქას დაუწყებს თვალებით ძებნას. აი, სწორედ ამ წითელ ლაქაზეა დამოკიდებული ოჯახის მომავალი.

ბედნიერებას გისურვებთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG