Accessibility links

logo-print

ახალი, მესამე ძალა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე


ავტორი: ანა კამლაძე

დღეს ქართულ პოლიტიკას ორი ვექტორი აქვს - ერთი ქართული ოცნებაა, მეორე ნაციონალური მოძრაობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება განწყობები და სულ უფრო რთული ხდება მოსალოდნელი არჩევანის განსაზღვრა. ნაციონალურმა მოძრაობამ ხალხის მხარდაჭერა დიდი ხანია დაკარგა, მეორეს მხრივ, არც ქართული ოცნება აღმოჩნდა იმედებისა და მოლოდინების გამმართლებელი. თუმცა, ასპარეზზე არ ჩანს სხვა, არსებითად ახალი ალტერნატივა, რომელიც ნდობას იმსახურებს. რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი პოლიტიკური პარტია და დაჯგუფება, თუმცა არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რეალურ ალტერნატივას ქმნის, რომელსაც შეუძლია ხალხის მასობრივი მობილიზება მოახდინოს და იქცეს ახალ გზად, პოზიტიური ცვლილებების დაწყების წინაპირობად და იმედად. მესამე ძალის, ძლიერი ალტერნატივის არარსებობა არჩევანის შეუძლებლობას აჩენს. თითქოს, ეს, ორს შორის არჩევის შეუძლებლობა საკმარისი წინაპირობაა იმისთვის, რომ ასპარეზზე ახალი ძალა გამოჩნდეს. არსებობს საზოგადოებრივი შიმშილი, სიახლისთვის მზაობა, მაგრამ შესაძლებელია კი, არსებობს ახალი ძალის გაჩენის პოტენციალი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს?

ახალი ძალები თანდათან ჩნდება. ამის მაგალითია ახალი პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი’’, პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძის ,,ახალი საქართველო’’. დიდი ალბათობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფების რიცხვი თანდათან კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ბუნდოვანია ამ ჯგუფების პოტენციალი და რეალური მზაობა, უახლოეს პერიოდში იქცნენ მესამე ძალად, ძლიერ ალტერნატივად, რომელიც არსებულ პოლიტიკურ დიქოტომიაში შეიჭრება და ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე იქნება. სიტუაცია ასეთია: ქართული ოცნება დაკომპლექტებულია ოლიგარქის მიერ საგულდაგულოდ შემოკრებილი ხალხით, რომელთა მთავარი გამაერთიანებელი ღერძი სწორედ ივანიშვილი და ნაციონალური მოძრაობის მიერ რეპრესირებულობაა. ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობაში ირიცხებიან საერთო პოლიტიკური გამოცდილებებისა და წარსულის მქონე პირები, თუმცა მათი ლეგიტიმაციები საგრძნობლადაა შესუსტებული, ბევრი მათგანი თანდათან ტოვებს გუნდს და ახალი ალტერნატივების შექმნას ცდილობს, ბევრი გარიდების პოლიტიკას არჩევს და უბრალოდ გარე მხარდაჭერით შემოიფარგლება. ნაციონალური მოძრაობა ხალხის დიდი გამარჯვებიდან გადაიქცა რეპრესიული პოლიტიკისა და ნულოვანი ტოლერანტობის გამტარებელ პოლიტიკურ ჯგუფად, რომლის განხორციელებული ქმედებების შედეგებსაც დღემდე ვიმკით. ქართული ოცნება იყო სწორედ ის ხსნა, რომელიც ხალხს ასე სჭირდებოდა, ღია ფანჯარა ცვლილებებისთვის, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, თუმცა არჩევანმა არ გაამართლა, ოცნებამ დაპირებების უმრავლესობა არ შეასრულა და ქვეყნის ეკონომიკამაც კოლაფსი განიცადა. მესამე ძალის ბუნებრივად გაჩენის ლოგიკური შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს. პოლიტიკურ ველზე არ არის საკმარისად ძლიერი, შედარებით ახალგაზრდა გუნდი, რომელიც მზადაა სადავეების ხელში ასაღებად. დღევანდელის მსგავსი პოლიტიკური შიმშილი არსებობდა მაშინაც, როცა ,,ქართული ოცნება’’ შეიქმნა, მაშინ კოალიცია სწორედ ამ შიმშილმა გააჩინა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ერთობაში მარტივად გაჩნდებოდა ბზარები. დღეს შიმშილი კიდევ უფრო მძაფრია, არ არსებობს ავთენტური ბუნებრივი ძალა, არ არსებობს ახალი ძალის ფორსირებულად, ხელოვნურად გაჩენის დიდი შანსებიც. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ თამაშში ჩაბმა სწორედ ამ უკანასკნელს ემსახურება და იგულისხმება, რომ იგი ერთგვარად ივანიშვილისებრი წონისა და რეპუტაციის მქონე ფიგურაა, რომელიც საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს და ხალხი მას გაყვება. თუმცა პრეცენდენტი უკვე არსებობს, ივანიშვილმა არ გაამართლა, ბურჭულაძეს კი, მიუხედავად საზოგადოებისა და ელიტების სიმპათიის ქონისა, არც საკმარისი პოლიტიკური მოტივაცია გააჩნია და არც საყოველთაო ნდობა.

სავარაუდო პოლიტიკური კარტები უკვე გათამაშებულია - მოძალადე ხელისუფლება გადავარდა, ქველმოქმედი ოლიგარქი სათავეში მოვიდა, სამართლიანობამ მაინც ვერ იზეიმა და ხალხის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ცვლილებები ვერ განხორციელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაჩნდება პარტიული პოლიტიკის ახალი კულტურა, ვიდრე პარტიები იქნება იდეოლოგიური დაქსაქსულობის ბუდე. საჭიროა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკრეტულ იდეოლოგიაზე და ამ იდეოლოგიით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ღირებულებებზე იქნება დაყრდნობილი, რომელიც ხალხს შესთავაზებს კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტს, რომელიც მორგებული იქნება არსებულ კონტექსტზე და იქნება რეალისტური, ამის გარეშე ახალი ალტერნატივა არ იარსებებს. დილეტანტური და ფრაგმენტული პოლიტიკური დაჯგუფებები ფონს ვეღარ გავლენ, დღეს საჭიროა რეალური პარტიული დაჯგუფებების შექმნა და კონკრეტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებით შექმნილი პოლიტიკური ხედვების პროპაგანდა. შორეულ მომავალში, ჰორიზონტზე შეიძლება დავინახოთ ,,გირჩი’’, როგორც მემარჯვენე ახალგაზრდული პარტია, თუ ამ ჯგუფის საქმიანობა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური პროპაგანდიდან დავიწროვდება საზოგადოებისთვის რეალისტური პოლიტიკის შეთავაზებამდე. ასევე შესაძლებელია, არსებული მემარცხენე აქტივისტური ჯგუფების გაერთიანებით მემარცხენე ალტერნატივის შექმნა, თუმცა ამ ეტაპზე ამის უშუალო პერსპექტივა არ შეინიშნება. საკითხავია ასევე, შეძლებენ თუ არა ქვეყანაში გააქტიურებული ნაციონალისტური ჯგუფები გარდაიქმნან პოლიტიკურ ძალად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი ფორმით ფიზიკური ინტერვენციის ნაცვლად შეეცდებიან თუ არა, საკუთარი იდეების ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოტანით მიიმხრონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

დღევანდელი მოცემულობით, მეტად სავარაუდოა, რომ არჩევნების შედეგად, არსებული ძირითადი პოლიტიკური ძალებიდან ერთ-ერთი გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, ანდა ორივე მათგანი დაახლოებით თანაბრად გადაინაწილებს წარმომადგენლობასა და პოსტებს. სავარაუდოდ, ეს დრო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდება არსებულ პოლიტიკურ პრაქტიკას და ექნება მწყობრი, მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკური კურსი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG