Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრესის ფონზე ვერ მიღებული ქულები


ავტორი: ანა კვიჟინაძე

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016. უკვე ზოგადი უნარების ტესტის პასუხებიც ცნობილი გახდა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოციალურ ქსელებში გამოცდების, საკუთარი, ნათესავის, კოლეგის შვილის, შვილის მეგობრის მაღალი/დაბალი ქულების შესახებ საუბრებმაც იმატა.

ამ დროს განსაკუთრებით საინტერესოა მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, საუბრობენ გაუთავებლად თუ „როგორ კარგად იყო მომზადებული მისი შვილი ამა თუ იმ საგანში და როგორ ვერ აიღო ცოდნის შესაბამისი ქულა“. საუბრობენ იმაზე, რომ „მასწავლებელი ძალიან აქებდა და ქულათა მაქსიმუმს ელოდა აბიტურიენტისგან, რა მოხდა გამოცდაზე „კაცმა არ იცის““. საბრობენ იმაზე, რომ „“ბავშვი“ გამოვიდა თუ არა თქვა, რომ ძალიან ინერვიულა, ბევრი რამ დაავიწყდა“.

საინტერესოა, როდესაც მშობლები ცდილობენ გამოცდის წარუმატებლობა სტრესს, ნერვიულობას ან გარემო პირობებს გადააბრალონ.

წლებია ვუყურებ გამოსაცდელის შეშინებულ თვალებს, გაფითრებულ სახეს, „სველ“ ხელებს, ხშირად ცრემლებსაც. რას ნერვიულობენ ალბათ რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ გარკვეული ვარაუდები, ჩვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე.

სამზადისი, უმეტესად, გამოცდებამდე ერთი წლით ადრე იწყება. იწყება ფინანსების და რეპეტიტორების მოძიება მოსამზადებლად. იწყება სტუდენტად გახდომის მსურველთა გადარბენები ზოგადი უნარების, ქართულის, მათემატიკის, ბიოლოგიის რეპეტიტორიდან-რეპეტიტორთან. ასე, დაუსრულებლად გამოცდებამდე.

გადარბენებს თან ახლავს ოჯახის, რეპეტიტორის, გარშემომყოფთა შეძახილები: „ა) ამდენს გიხდი, ამდენ საგანში გამზადებ უნდა ჩააბარო, ბ) გრანტი გვინდა ისე ვერ გასწავლი, გ) ჩემი მოსწავლეები სულ უმაღლეს ქულებს იღებენ და შენც უნდა აიღო“, დ) რეკავენ ნათესავები რას შვება, ხომ აბარებს და ა.შ.“

გარშემომყოფთა თავდასხმისაგან შეწუხებული, მუდმივ გადარბენაზე მყოფი აბიტურიენტი ვეღარ ასწრებს ფიქრს, ფიქრს საკუთარ მომავალზე. ფიქრს საკუთარ თავზე, რა უნდა და რისთვის უნდა. ფიქრობს ოჯახს, ნათესავებს, მასწავლებლებს იმედები არ გაუცრუოს. „რას იტყვიან თუ კარგ ქულებს ვერ ავიღებ?“ პასუხისმგებლობა მაღალია არა საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მიმართ, რომელთათვისაც მე თუ ჩავაბარებ შეიცვლება მხოლოდ ჩემი სტატუსი, რომ მე ვარ „სტუდენტი“.

ასეთი განწყობით და ფიქრებით გამოცდაზე შესული გამოსაცდელი ვერ იქნება სტრესისაგან თავისუფალი, თავისუფალი აზრებისაგან, რომ „თუ კარგად არ დაწერს ვერ ისწავლის, სახლში მოუწევს ჯდომა და რას იტყვიან ახლობლები ის ხომ ემზადებოდა“.

ფიქრი-ფიქრს ემატება, ნერვიულობა-ნერვიულობას და ქულა-ქულას აკლდება.

გამოდის, რომ მშობლები ახლობლები, რომლებიც ნერვიულობასა და სტრესს გადააბრალებენ ხოლმე წარუმატებლობას თვითონ ქმნიან ასეთ სტრესულ გარემოს გამოსაცდელისთვის.

იქნებ გვეცადა შვილებისთვის გვეთქვა „მე ხელს შეგიწყობ, შენ გააკეთე, გააკეთე შენი მომავლისთვის, შენი თავისთვის და არა ჩემთვის“. იქნებ მიგვეცა მეტი თავისუფლება „ბავშვებისათვის“ საკუთარ მომავალზე ეფიქრათ. ეფიქრათ მომავალზე, რომელიც, ხშირად სწავლას სულაც არ უკავშირდება. ეფიქრათ პროფესიაზე, რომელიც მათთვის უფრო სასურველია, ვიდრე თქვენთვის.

იქნებ გვეფიქრა და გვეზრუნა, რომ ფსიქოლოგიური მზაობა, განწყობა შევუქმნათ, წონასწორობა, სტრესის მართვა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, აბიტურიენტებს. ხშირად ხომ სწორედ აღნიშნულის ფონზე ხდებიან წარუმატებელნი ან წარმატებულნი.

და ჩვენს რელობაში ადამიანი, რომელიც გამოცდებისაგან გამოწვეულ სტრესს ვერ გაუმკლავდება ვერ გაუმკლავდება სტრესს, რომელიც კარიერული, ცხოვრებისეული წინსვლისთვის მოუწევს რომ განიცადოს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG