Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა...


ავტორი: ანა მებურიშვილი

ვლადიკავკაზი.სადგურში ვიჯექი და დედას მინიშნებას ველოდებოდი.მამაც სადღაც გაქმქრალიყო,ალბათ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდა.ზამთარი იყო,მაგრამ მზე სხივებით უხვად გვიმასპინძლებოდა,მთებიც,თავის ბინადართა მსგავსად,სტუმარტმოყვარეობას არ იშლიდა.ამსიწყნარეში ვერც იფიქრებდი,რომ რამდენიმე თვეში უბრალო მარშრუტკების მაგივრად აქ ტანკები გაივლიდნენ.

ჩემი დაბრუნების ისტორიაც ერთი შემთხვევის წყალობით მოხდა.ოთახში ორნი ვიყავით:მე და ბაბუა.ცხოვრება თავის დინებას ნელა მიჰყვებოდა,საათის ისრებიც კი ისე ზლაზვნით გადადიოდნენ ერთი რიცხვიდან მეორეზე,თითქოს რამდენიმე კვირის უძინარნი ყოფილიყვნენ.

ეს დღეც ასე უინტერესოდ ჩაივლიდა,ერთი რამ რომ არ მომხვდარიყო.

უეცრად,ისე,რომ ვერ შევამჩნიე,ბაბუა ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოჰყვა ბუტბუტს.ჩვეულებრივ ბუნჩულა,სიტყვაძუნწი მოხუცი შეუჩერებლად ლაპარაკობდა.შეშინებული მის დახმარებას ვცდილობდი,მაგრამ რად გინდა,მას არ ესმოდა ჩემი,მე კი-მისი.კონტაქტი შეწყდა,როგორც პირდაპირი,ასევე გადატანითი მნიშვნელობით.ბაბუა მხოლოდ მამის მოსვლის შემდეგ დაწყნარდა,ლიბრგადაკრული თვალები დაჭყიტა და ჩუმად,ჩემთვის უცნობ,შვილისთვის კი გასაგებ ენაზე თქვა:''წამიყვანეთ,თუ ღმერთი გწამთ,წამიყვანეთ.''

ბარგი ჩავალაგეთ,გადაწყვეტილია,მივდივართ.

ვლადიკავკაზი უკვე გავიარეთ.

ჩრდილოეთს საბოლოოდ დავემშვიდობე,იმ იმედით ,რომ ცოტა ხანში დავბრუნდებოდი.

სამხრეთში სტუმრად ჩამოსულს ფეხი დავადგი უცნობ,უცხო მიწას,რომლებსაც ჩემები პირობითად სამშობლოს ეძახდნენ.

მაშინ ნაღდად ვერ ვიფიქრებდი,რომ ეს უცხო ქვეყანა ჩემი სახლი აღმოჩნდებოდა.

თავიდან ტურისტის ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი ყველაფერს:ადამიანებს კრებითი სახელით ნათესავები,დანგრეულ,დაჟანგულ ქარხნებს,საბჭოთა წარსულის ნისლით დაფარულს,და ზოგადად ხალხს,რომელსაც უფრო დანელიას ფილმებიდან ვიცნობდი,ვიდრე პირადი გამოცდილებიდან.

ტურისტულ ნეტარებას მაშინ მოეღო ბოლო,როცა ოფიციალურად გამომიცხადეს,რომ ამიერიდან აქ ვრჩებოდით.

ამასმოჰყვა მოულოდნელობა და შოკი.

იყო პროტესტი,ხმამაღალი,ჯიუტი პროტესტი.

და ხვეწნა-მუდარა,რომელიც სასოწარკვეთილ შეძახილს უფრო ჰგავდა.

-დე,გთხოვ,დავბრუნდეთ.

-მა,გემუდარები,დავბრუნდეთ.

-გოგოებო,დავბრუნდეთ.

ჩემთვის არავის უპასუხია.

დაიწყო ადაპტაციის მძიმე,ხანგძლივი პერიოდი.

მივყვებოდი ქალაქის ბილიკებს,ვაკვირდებოდი ხალხს.ჭყაპით დასვრილ ქუჩებს ადამიანთა უწყვეტი ნაკადი ''აშავებდა''.ხალხის უმრავლესობა არ იღიმებოდა,განუწყვეტლივ ბუზღუნებდა,იგინებოდა და სადღაც მიიჩქაროდა,მაშინაც კი,როცა არსად ეჩქარებოდა.

რაც უფრო ახლოს ვიცნობდი ამ ადამიანებს,მით უფრო ვხვდებოდი,მათთან არაფერი მაკავშირებდა,მეტიც,ჩვენ ერთმანეთის არცგვესმოდა.

იმ ფონზე ერთი საბჭოთა ფილმის პერსონაჟს უფრო ვგავდი,სურათსაც ჩემი მდგომარეობის შესაბამისი სათაურიერქვა:''Свой среди чужих, чужой среди своих.''

ასე გავიდა გაზაფხული.

ზაფხულიც ნელ-ნელა იწურებოდა.

მერე ის აგვისტო დაიწყო,სისხლიანი,საბედისწერო აგვისტო.საბედისწერო არა იმიტომ,რომ მოგებული ომი წავაგეთ,არამედ იმიტომაც,რომ პირადად ის დავიბრუნე,რაც დაკარგული არც მეგონა.

ბომბდამშენების ზუზუნში,ცოცხალ ჯაჭვში,ხალხის მხარდამხარ ჩემს მიწაზე ვიდექი,ღრმაფესვიან,სისხლით გაჟღენტილ ნიადაგზე.ვიდექი,სრულიად უცნობ ხალხთან ხელიხელჩაკიდებული,და იმ მიწის,იმ ქვეყნის გულისცემასვგრძნობდი,რომელსაც მშობლიური კერა ჰქვია.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა,ოღონდ ხანდახან ამის შესახებ არც ვიცით ხოლმე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.ქუჩებს ისევ ხალხის უწყვეტი ნაკადი ''აშავებს''.მათი უმრავლესობა არ იღიმის,განუწყვეტლივ ბუზღუნებს,ილანძღება და სადღაც მიიჩქარის,მაშინაც კი,როცა არსად ეჩქარება.

სურათი არ შეცვლილა.ქუჩები ისევ ნაცრისფერია,ხალხიც არანაკლებ მოღუშული.მაგათ შემყურე სამართლიანი სკეპტიციზმი გიპყრობს,ოღონდ სხვანაირი,არა ისეთი,რამდენიმე წლის წინ რომ მტანჯავდა.

სკეპტიციზმს სიყვარული დაემატა.

სიყვარულს კი პასუხისმგებლობა ახასიათებს.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა,ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე...

მე კი უკვე ვიცი.

არა მხოლოდ ვიცი,კარგადაც გავიცანი ჩემი ქვეყანა,ის ახირებული,ბუზღუნა,პრობლემური მშობელი,რომელიც თან გარცხვენს,მაგრამ თან ძალიან,ძალიან გიყვარს.

ეეჰ,სიყვარულს რას გაუგებ,ჩემო ოლღავ,არავინ ვართ იდეალურები...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG