Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალური ბედნიერება


ავტორი: ანა სისაური

მგონი არაფერი მზარავს ისე ძლიერ, როგორც სუფრაზე წარმოთქმული:"ქალური ბედნიერება". მინდა ამ სადღეგრძელოს არსს ჩავუღრმავდე და გავარკვიო, მაინც, რა არის ის მცირე განსხვავება "ქალურ" და ზოგად ბედნიერებას შორის, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაშიც კი ( ისეთში, რომელშიაც არაერთი გასაღები დაკარგულა) არ ემეტებათ "ქართველი მანდილოსნისთვის" ძვირფას მამაკაცებს.
დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერება არ არის რეცეპტი, რომელიც წამლის ფორმულასავით მიესადაგება ყველა პაციენტს. მისურვო ვეებერთელა ვილა უამრავი მოახლით, უამრავი შვილით, ულამაზესი მეუღლით, ანგარიშზე მილიონით და უახლესი "ჯიპით" სულაც არ ნიშნავს მისურვო სწორედ ისეთი ბედნიერება, როგორიც მე მესახება. შესაძლოა ჩემეული ბედნიერება ბედნიერება სულაც დახეული ზურგჩანთით წანწალი იყოს ჩემს შერეკილ მეგობრებთან ერთად. ბედნიერება არ არის თარგი, რომელსაც "ბურდა"-მოდენის ჟურნალიდან ამოჭრი, შენს ზომაზე დააყენებ და მოირგებ, მორჩა- ბედნიერი ხარ! მაშ რატომ არ გვისურვებენ მამაკაცები ქართველ მანდილოსნებს სწორედ ისეთ ბედნიერებას, როგორიც ჩვენ გვსურს ?! როგორცა სჩანს, არსებობს აბსტრაქტული, სწორედ რომ "ბურდა"-მოდენისეული, მინიმალისტური თარგი-ბედნიერება ქართველი მანდილოსნებისთვის, რომელიც ჩვენთვის წინასწარ განუსაზღვრავთ, რომელიც არამც და არამც არ შეეფერება ადამიანის თავისუფალ არჩევანს. ქალური ბედნიერების განსაზღვრება მათ ხელთ არის, რადგან "მანდილოსანი", სხვა არაფერია, თუ არა "ოჯახის საკუთრება", "ოჯახის სიწმინდე", ნივთი, რომლის "არასწორი", "ფეხგადაბრუნებული" საქციელი ოჯახის სახელს შელახავს. ვფიქრობ თავისუფალმა, ჩამოყალიბებულმა საზოგადოებამ ადამიანის აღზრდისას უნდა ჩაუნერგოს მას ის ცოდნა, რომ ადამიანი საკუთარი ქცევით მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არის პასუხისმგებელი მისი საქციელის გამო. დაბადებისას ადამიანი ხომ არ დებს ხელშეკრულებას ნათესაობასა თუ ახლობლებთან, რომ იგი მათი საკუთრებაა და უნდა იცხოვრებს მხოლოდ "სანათესაოს" გულის გასახარად. ადამიანის ნებისმიერი საქციელი და ცხოვრების სტილი არის მხოლოდ მისი თავისუფალი არჩევანი და ამდენად მისაღები უნდა იყოს მისი ნათესოაბისთვის (სამეზობლოსა და ნაცნობობისა და ა.შ.) მანამ, სანამ იგი სხვა ადამიანებს რაიმე საფრთხეს არ უქმნის ან არ ლახავს მათ უფლებებს. არც მოწოდება ახალგაზრდობისა რაიმე უზნეობისკენ არის მისაღები, მაგრამ ვიმეორებ, არ შეიძლება ცხოვრების სტილი და მისწრაფებანი განსაზღვრული იყოს გარეშე პირის მიერ, რადგან ადამიანი პირველ რიგში არის ინდივიდი და მრავალი ათასწლეულის წინ გამოეყო კომუნას, რადგან თემური წყობილება ისტორიას ჩაბარდა. არ მსურს არავის შეგონება, მაგრამ თუკი ოჯახს სულიერად მაღალ დონეზე სურს შვილების აღზრდა, მას თავისუფალი ნების წართმევით და "ოჯახის შემარცხვენელის" სახელის და შედეგად "ოჯახიდან გარიყვის" მუქარით კიარა, არამედ ფუძიდანვე სწორი აღზრდით, და რაც მთავარია საკუთარი დადებითი მაგალითის მიცემით, რათა შვილისთვის მისაბაძი იყოს მათი ქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ძველებურად "იძულებით ქალწულებს", რომელთაც ქალწულება მხოლოდ ფიზიკუირი მდგომარეობა ჰგონიათ მხოლოდ იმისთვის შეუნარჩუნებიათ, რათა სამომავლოდ "დაოჯახბაში ხელი არ შეეშალოთ" ან სულაც ქირურგიული გზით "აღდგენილ ქალწულებას", რაც ისედაც მრავლადაა ჩვენს საზოგადოებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG