Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი მკვლევრის და არაღიარების პოლიტიკის პრობლემა


ავტორი: ანა წურწუმია

პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული დეფაქტო სახელმწიფოების მიმართ გატარებულ არაღიარების პოლიტიკას 2014 წლიდან ვიკვლევ.

არაღიარებული სახელმწიფოების შესახებ უკვე გამოცემული აკადემიური კვლევები ძირითადად ამ ერთეულების შიდა პოლიტიკურ პროცესებს, საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების პრობლემებსა და იზოლაციით გამოწვეულ წინააღმდეგობებს ეხება.

საკითხის მეორე მხრიდან, ე.წ. „მეტროპოლიის“1 პერსპექტივიდან კვლევა იშვიათია. ეს პერსპექტივა არ გულისხმობს ერთი ან მეორე მხარის მხარდაჭერას, უბრალოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ აკადემიურ სივრცეს აკლია აზერბაიჯანის, მოლდოვას და საქართველოს მოქმედებების ანალიზი.

არაღიარების პოლიტიკა საგარეო პოლიტიკის ნაწილია და მისი მიზანი არაღიარებული ერთეულებისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვების ხელშეშლა. საერთაშორისო აღიარება და სუვერენული სახელმწიფოების კლუბში შესვლა, უმაღლესი ჯილდოა ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისთვის.

საქართველოს არაღიარების პოლიტიკა ოფიციალურად 2008 წლიდან ამოქმედდა. თუმცა, მანამდეც, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხრიდან საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო.

არაღიარების პოლიტიკა ახალი მოვლენა არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში. საქართველოს მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მქონე ქვეყნები ხშირად იყენებენ ტერმინებს „ოკუპირებული“, „მარიონეტული მთავრობა“, ხელს უშლიან დეფაქტო სახელმწიფოებს საერთაშიროსო სატელეფონო კოდის მიღებაში და არ უშვებენ მათი დროშის გამოჩენას სილამაზის კონკურსზე თუ საფეხბურთო მატჩზე.

სამწუხაროდ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე ინფორმაცია ძალზე მწირია.მაგალითისთვის, იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საწინააღმდეგოდ ატარებს, ყოველწლიურ ანგარიშში მხოლოდ 2 აბზაცი ეთმობა. ასეთი ვითარება, მონაცემთა მოპოვების პროცესში მკვლევარს არჩევანის გარეშე ტოვებს და მას ცალმხრივ ინფორმაციაზე უწევს დაყრდნობა.

მე, როგორც მკვლევარს, საქართველოს არაღიარების საგარეო პოლიტიკაზე ინფორმაციის მოძიება ყველაზე ხშირად, თვითონ არაღიარებული სახელმწიფოების ვებგვერდზე მიწევს. ჩემი პრობლემა ისეთი ინფორმაციის მოპოვებას ეხება, რომელსაც წესით, არ უნდა ედოს გრიფით საიდუმლო და პირიქით, გახმოვანებული იყოს, როგორც ქართული დიპლომატიის წარმატებული ნაბიჯი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არა აფხაზური ვებგვერდები, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიერ საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების საწინააღმდეგო ნაბიჯებზე, პრაქტიკულად საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნებოდა.

ერთი შეხედვით, მხოლოდ ერთი მკვლევრის პრობლემაა - მან ხომ ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს საკვლევი მონაცემები. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას ის ფაქტი, რომ ჩემს მსგავსად სხვებიც(უცხოელები) იკვლევენ ამ საკითხს, ხშირად აკითხავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს, სხვა საინფორმაციო პორტალებს და იქ შეუძლებელია ამ საკითხზე საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

ვფიქრობ, პრობლემა ბევრად მასშტაბურია და ცდება ერთი სადოქტორო დისერტაციის მონაცემთა სიმცირის საკითხს, რადგან საინფორმაციო პოლიტიკა საქართველოს არაღიარების სტრატეგიის სისუსტეა.

გვაქვს პერიოდული „გამონათებები“, როცა რომელიმე ქართველი ჟურნალისტიც შეამოწმებს აფხაზურ საიტებს და შეიტყობს, რომ მაგალითად, ენგურჰესის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზებს შორის შეხვედრა შედგა(დიახ, ამ ინფორმაციის პირველადი წყარო აფხაზური გვერდი იყო), ბელგრადის ტურიზმის გამოფენაზე, აფხაზების დელეგაცია დროშა ჩამოახსნევინეს სტენდიდან, ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზური მხარის უმთავრესი მოთხოვნა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაა და არა ქართველების დაბრუნება.

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ყველაზე ხშირად „რადიო თავისუფლება“ და „ნეტგაზეთი“ აქვეყნებენ. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ მათი წყარო უმეტესად ისევ და ისევ დეფაქტო სახელმწიფოებში არსებული ვებგვერდებია. ინფორმაციის სახით ჩვენ ვიღებთ თარგმნილ სტატიებს, ანალიზის გარეშე. მართალია, ქართულ საინფორმაციო წყაროებს არ ჰყავთ წარმომადგენლები ადგილზე და რთულია შიდაპოლიტიკურ პროცესებზე პირველწყარო იყოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, აფხაზური წყარო რომ ერთადერთია, უხერხულიც კი არის.

საქართველოს ხელისუფლების ეს მიდგომა, საკმაოდ მომგებიანად არის გამოყენებული ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო მთავრობების მიერ. არაღიარებული სახელმწიფოსთვის, უდიდესი გამარჯვებაა, მისი ვებგვერდი აფხაზეთის საკითხზე ერთადერთ პირველწყაროს წარმოადგენდეს.

18 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიხსნება და აფხაზეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენლისგან ბევრად მეტი ვიცით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, ვიდრე საქართველოს მხარისგან.

მართალია, საქართველოს არაღიარების პოლიტიკა წარმატებულია (თუმცა, წარმატების შეფასების კრიტერიუმები უცნობია) დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ აკადემიური კვლევის მიზნებისთვის ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა, მკვლევრებს მხოლოდ ერთმხრივი ანალიზისკენ უბიძგებს და საქართველოს წამგებიან პოზიციაში ამყოფებს გრძელვადიანად.

-----------------

1 Patron/metropolitan state - სახელმწიფო, რომელსაც გამოეყო სეცესიური ერთეული.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG