Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა ვაშაყმაძე

ჩემთვის სასურველი ნომერი „მარშუტკა“ მოვიდა.ავედი, თავისუფალ ადგილზე დავჯექი და მარიამს შეტყობინება მივწერე. გამოვედი და მალე მოვალ – მეთქი. მგზავრობის დროს მუსიკის მოსმენა მიყვარს, მაგრამ, რადგან ჩემი უყურადღებობის გამო ყურსასმენები უნივწეაიტშიგამათბობელის ქვემოთ დამრჩა, უკვე რამდენიმე კვირაა ყურსასმენების გარეშე მიწევს მგზავრობა. მეც დროის გაყვანის მიზნით ხან ფანჯრიდან ვაკვირდები ხალხს, მანქანებს და ყველაფერს რაც ჩემს ყურადღებას მიიქცევს, ხან კიდევ „მარშუტკაში“ ამოსულ ხალხს გავხედავ წამიერად და მზერას სწრაფადვე ვაშორებ.

მიმართულება „თბილისი მოლია“, საწყისი წერტილი კი ქავთარაძის ქუჩა.მგზავრობას 40 წუთი მაინც სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ საცობები არ იქნება და მარიამსაც არ მოუწევს ლოდინი. 10 წუთი არ გასულა, რომ სულ უკანა სკამიდან ისმის ხმა. მივბრუნდი და დავინახე მამაკაცი, რომელსაც სახე აწითლებული ჰქონდა (სავარაუდოდ სასმელის გამო) შავი დიდი წვერი ჰქონდა, სულ შავებში იყო გამოწყობილი, შავი სტვირი და შავი ნაჭრის შარვალი ეცვა. ფეხსაცმელები ვერ დავინახე...

„უკაცრავად მეგობრებო, თუ შეიძლება ერთ ფსალმუნს წავიკითხავ. მთვრალი არ ვარ, ბელგიაში ეკლესია შენდება და ჩვენი ლოცვა აუცილებელია.“ – თქვა შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა.

უკვე მობრუნებული ვიყავი ეს რომ გავიგონე და ცოტათი გამიკვირდა, ბელგიაში ეკლესიის ასაშენებლად ყვითელ „მარშუტკაში“ ლოცვა რა საჭიროა – მეთქი. მაგრამ შეიძლება ვინმე შემედაოს, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება და ადგილს მნიშვნელობა არ აქვსო.

მამაკაცის ამ წინადადების შემდეგ მგზავრებისგან ან თანხმობას ან უარს მაინც ველოდებოდი. მგზავრები დუმდნენ. მამაკაცმაცკი არც აცია არც აცხელა და თქვა, დუმილი თანხმობის ნიშანიაო და ფსალმუნის კითხვა დაიწყო. კითხვა პირობითად, თორემ მთლიანი ფსალმუნი ზეპირად იცოდა.

პეკინის ქუჩა ფსალმუნის კითხვაში გავიარეთ. ვაკვირდებოდი ამოსული ხალხის სახეებს, ზოგმა წარბი ასწია გაოცების ნიშნად, ერთ გოგონას გაეცინა, მობილური ამოიღო და ჩუმად გადაღება დაიწყო. რამდენიმე წამში შეტყობინების დაწერა დაიწყო თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. სადაქალოს ახალი საღადაო თემა გაუჩნდა –მეთქი გავიფიქრე.

პირველი ფსალმუნის კითხვა დასრულდა, „მარშუტკაში“ სიჩუმეა. „მერე რა თუ მეც გიჟი ვარ. მოსახლეობის 75% გიჟია და დიდი ამბავი მეც მათ რიცხვს თუ მივეკუთვნები. მოდი ერთს კიდევ წავიკითხავ.“ – ისევ თქვა მამაკაცმა დადაიწყო.

ფსალმუნის კითხვის ფონზე ხალხი ერთმანეთს ეცვლება, ზოგი ჩადის,ზოგი ამოდის.გზა გრძელდება და მეჩვენება, რომ სულ მცირე ერთი დღე მაინც დამჭირდება, სანამ „თბილისი მოლამდე“ მივალ. არადა მარიამი უკვე მელოდება. მეც ვწერ, რომ საცობია (არ ვტყუი, წერეთლის გამზირზე მართლაც საცობი იყო) გაბურძგნული ბიჭი ამოვიდა, ლამბერსექსუალობაზე, რომ არ დებდა თავს ეტყობოდა. გრძელი თმა და წვერი ერთმანეთს უერთდებოდა. მამაკაცს გახედა და ჩაეცინა. დაჯდა და დროდადრო უკან გაიხედავდა, ისევ საწყის პოზიციას უბრუნდებოდა და ფანჯარაში იყურებოდა.

ამ ხნის განმავლობაში არცერთ მგზავრს არაფერი უთქვამს, მორჩილად უსმენდნენ ფსალმუნს. პასუხად არც პირჯვარს იწერდნენ და არც პროტესტს გამოთქვამდნენ.

მეორე ფსალმუნი დასრულდა. სიჩუმეა... სიჩუმეს კვლავ ნაცნობი პერსონაჟი არღვევს. ღმერთი სამობითაა და მოდი მესამესაც ვიტყვიო. წვერებიან ბიჭს გაეღიმა, ღმერთი ერთია ერთიო და მამაკაცისკენ შეტრიალდა. ჩემ გვერდით მჯდომმა ქალმა პირჯვარი გადაიწერა, არადა უკვე ორი ფსალმუნი წაიკითხა კაცმა და ამ ქალს რეაქცია არ ჰქონია. იმან ერთიცო და დაიწყო.

კითხვა დაასრულა და დიდუბის პანთეონთან ჩავიდა. მძღოლმა კი მადლობის ნიშნად თუ სიხარულის გამოსახატად რომ ჩადიოდა უთხრა.

–თქვენი გადაიხადეს

– ვინ გადაიხადა?

– აი წეღან, რომ ჩავიდნენ იმათმა.

– კარგი მადლობა.

კარი გააღო და კინაღამ ბორდიურზე დაეცა, მაგრამ მამაცად შეიკავა თავი. „მარშუტკისთვის“ გვერდის ავლა უნდოდა, თუმცა ადვილი შესამჩნევი იყო, როგორ შემოასკდა ფანჯარას. ხალხმა არ დააყოვნა და მთელმა „მარშუტკამ“ ერთხმად იქუხა, არ იყო მთვრალიო და სიცილი ატეხეს.

გზა გაგრძელდა, მე კიდევ დიდი ხანი ვფიქრობდი იმ კაცზე, რომელსაც სჯეროდა, რომ გიჟი იყო და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მისი ლოცვა, თან არაფხიზელ მდგომარეობაში აუცილებელი იყო ბელგიაში ეკლესიის ასაშენებლად. ვინ იცის შენდება კი? მე უფრო ჩემ გვერდით მჯდომი ქალის რეაქციამ გამაკვირვა, სანამ იმ კაცს ვიღაც არ გამოელაპარაკაარ გაიხუმრა და სიჩუმე არ დაარღვია, ხმა არავის ამოუღია. არც პირჯვარი გადაუწერია, ჩუმად ისხდნენ და მგზავრობდნენ. ზოგი ნერვიულად ღრმად ამოისუნთქავდა, ზოგიც გაღიმებული იჯდა.

აი, როგორც იქნა მივაღწიე „თბილისი მოლამდე“, მძღოლს ფული გადავუხადე და ჩავედი. მარიამი მაღაზიაში იყო და მეც იმ მაღაზიისკენ წავედი.

ვფიქრობ,იქნებ იმ ქალს დიდი ხანი უნდოდა პირჯვრის გადაწერა? რატომ არ იწერდა? თუ იმ ბიჭს ელოდებოდა, რომელმაც საყოველთაოდ გაუგებარი სიჩუმე დაარღვია, თან მგზავრებს მის ნათქვამზე გაეღიმათ. არ ვიცი, ფაქტი ისაა, რომ ჩემ გვერდით მჯდომმა ქალმა პირჯვარი გადაისახა, ჩემ უკან მჯდომმა მამაკაცმა, კი ჩასვლისას ღვთის წყალობა და მხნეობა უსურვა დღის გმირს...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG