Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის დღიური


ავტორი: ანასტასია დგებუაძე

18.02.2012

ჩემი ჯგუფელი ნუცა მირეკავს და მეკითხება: არ მოდიხარ? მე ბაზალეთიდან წინა დღის ჩამოსული ვარ და გადაბმულად მძინავს. მგონია, რომ სამი დღე გავიდა, სწავლა დაგვეწყო და მაგიტომ მირეკავს. სად? - ვეკითხები მძინარე. ტელევიზიაში, - მპასუხობს ის.

19.02.2012

გამოვფხიზლდი, გადავრეკე, გადმოვრეკე, მოკლედ, დამიბარეს. ჯერ ისევ ბაზალეთზე "ვარ," მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდები ქვეყნიერებას. ჯერჯერობით, თავი მაგარი ჟურნალისტი მგონია, ჟურნალისტობა მინდა და ტელევიზია კარგ შანსად მეჩვენება. მოკლედ, წავედი. ძლივს მივაგენი. ეზოში ნუცა შემხვდა და მითხრა, კულტურა აირჩიეო; გადაღებაზე მიდიოდა. ვარაუდით მივაგენი ნიუსრუმს. უდაბნეულესი სახით შევედი, თან გამარჯობას ვეუბნები ყველა შემხვედრს, იმ იმედით, იქნებ ვინმემ დაბნეულობა შემატყოს და მიშველოს. საპასუხო სალამიც კი ვერ მივიღე. უფრო დაბნეული სახით გავაგრძელე სვლა და გავჩერდი. ამ დროს, ვიღაც სასიამოვნო გარეგნობის გოგო ღიმილით მოვიდა და მეკითხება: შენ, ალბათ, ნუცას ჯგუფელი ხარ, ხომ? - ამოვისუნთქე, - წამო, გოჩასთან შეგიყვან.

პირველი გადაღება ფილარმონიაში, ინტერვიუ. ოპერატორ(ებ)მა დაიწყო ნერვების მოშლა. ვიჯექი გაოცებული და (არც) ვუსმენდი რესპონდენტს. სახლში მოვედი დაღლილი, დაბნეული, ცუდ ხასიათზე. მეორე დღეს, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ აპრიაში (ძველი სამსახური) მივდიოდი. მივხვდი, რომ ჟურნალისტობა არ მინდოდა.

02.03.2012

ბოლო დღე ძველ სამსახურში და დერვინის პირველი დღე ტელევიზიაში. ამიტომ ტელევიზიაში დილით დაგვიბარეს დააპრიაში პირველად (და უკანასკნელად) დავაგვიანე. თარჯიმანი მომეწონა. ძალიან მომეწონა. ტელევიზიაში სიარულს აზრი მიეცა.

03.03.2012

დერვინის გამო ისევ ადრე დაგვიბარეს და ლექციაც გავაცდინეთ. სხვა თარჯიმანი დაგვხვდა. იმედგაცრუება.

მერე არაფერი ხდებოდა საინტერესო, სანამ "ქიშმიშებს" გაუშვებდნენ, მათი გაშვების შემდეგ - მით უმეტეს. ვიყავით უპატრონოდ და ვამზადებდით მასალას არაფრისთვის (სად მიდის ჩემი ძვირფასი დრო).

29.03.2012

დაუვიწყარი გადაღება, ნათელაშვილის აქცია პარლამენტთან. პირველად ვიყავი მიტინგზე, მით უმეტეს, ნათელაშვილის მიტინგზე! ამ დღეს მიკროფონისთვის ლოგოები ჩამოგვივიდა და ამაყები ვიყავით. ასეთივე სიამაყით მივედი სოსო შატბერაშვილთან (მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო, უბრალოდ სხვა ჟურნალისტები წერდნენ ინტერვიუს და მივხვდი, რომ მეც უნდა ჩამეწერა) და ამაყად დავუსვი კითხვა. მან, რა თქმა უნდა, რაც თვითონ უნდოდა ის თქვა და არა ჩემი კითხვის პასუხი, თუმცა, ეს არ მადარდებდა, უბრალოდ ივანიშვილის ლანძღვაზე რომ გადავიდა სად წამეღო ეს ჩემი მიკროფონი აღარ ვიცოდი...

ხალხი სასაცილო იყო. გადავწყვიტე, ცოტა გავხალისებულიყავი და საინტერესო სახეების ძებნა დავიწყე. ერთი ქალი ვიპოვე, რომელსაც "თავისი შალიკოს" იმედი ჰქონდა, მაგრამ გაჯიქდა, ვერ ჩაგეწერები, დავიღალეო. სერიოზულად დაიფასა თავი. მერე კიდევ ერთი ქალი ვიპოვე, რომელსაც ტუჩზე, ლოყაზე და კბილზე ერთი რაოდენობის პამადა ესვა. ჩაგწერთ-მეთქი და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. რატომ მოხვედით აქ-მეთქი და სანაცვლოდ კარგად სასაცილო ამბავს ველოდები, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა. ქალმა შეურაცხყოფილი სახით მიპასუხა, რომ პარტიის წევრი ვარ და დიდი თანამდებობაც მაქვსო.

დაიწყო გამოსვლა. ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი სოსო შატბერაშვილი გამოვიფა და პირველივე სიტყვები იყო ასეთი: ჩვენი მიზანია წაეთრეს (!) სააკაშვილი და მისი ხროვა! თავის შეკავებაზე ფიქრის დრო არც მქონია და ვერც შევიკავებდი, ძალიან ხმამაღლა გამეცინა. რამდენიმე წამით ხალხის ყურადღება და მზერა ჩემზე გადმოვიდა. მოგვიანებით, საკუთარი სიცილის ხმა დავაოკე, მაგრამ ისტერიული ხავილი გრძელდებოდა ჩემდა უმართავად. პირველი არხის ჟურნალისტთან მივედი, რომელიც იმ დღეს გავიცანი და ზურგზე თავი დავადე, ვცადე, სიცილი დამემალა. მან მკითხა, პირველად ხარო?!

მოგვიანებით შალვას მონოლოგში საუბარი იყო ხალხის ბრბო ფსიქოლოგიაზე, რომელმაც ჯერ "პატარკაციშვილი მოკლა," ახლა კი "იქ წავიდნენ, იმ მუთაქასთან," ანუ ბიძინა ივანიშვილთან. მოკლედ, ვინ გაცალა მიკროფონით მარიაჟობა, სულ (საკუთარ) თავში სახლელად გამიხდა.

ერთი კაცი იყო ძაან სასაცილო, ვინმე გიჟი აქტივისტვის ჩაწერა მინდოდა, ეგ მოვიდა გამომელაპარაკა და ჩაგწერთ-მეთქი; არ გინდა ჩემი ჩაწერა, დაგიჭერენო; ვინც ჩამწერა, ყველა დაიჭირესო. წავიდა, მოვიდა, მეუბნება, მე არ ვამხელ თორემ ზვიადისტი ვარო. კიდევ ერთი კაცი იყო, რომელიც დადიოდა და კითხულობდა ამ ფურცლებს ვინ არიგებსო (წითელი ქაღალდები დაარიგეს საფრიალებლად). 7-ჯერ მოვიდა მარტო ჩემთან. მერე ვნახე, უშოვია და იქნევდა, ძალიან ბედნიერი ჩანდა.

როგორც იქნა, მოვიხელთე შალვა ინტერვიუსთვის. კომენტარმა, რომელიც ტელევიზებს ერთად მოგვახსენა, არ დამაკმაყოფილა და კიდევ ერთხელ ვცდილობ ინტერვიუს ჩაწერას. ბოდავს. მაგრამ შეიძლება ამ ნაწილის გამოყენება. როგორც იქნა. და ამ დროს... აქციის მონაწილე ასაკოვანი ქალი კამერაში იჭრება და შალვას შოკოლადს აძლევს!!!

XX.04.2012

"ქართულ ოცნებას" ოფიციალურად არეგისტრირებენ, მაგრამ ჩემ გარეშე როგორ იზამდნენ ამ ამბავს. ეს ყველაფერი ხდება იუსტიციის სამინისტროში. ამ დროს პროდიუსერი მირეკავს, მაქედან "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში წადიო. დავეთანხმე. ტელეფონი გავთიშე და საკმაოდ ხმამაღლა ვეკითხები ოპერატორს: "ქართული ოცნების" ოფისი სად არის, იცი? ივანიშვილის პრესსამსახურის ჟურნალისტი და ოპერატორი, მაესტროს და კავკასიის ჟურნალისტები და ოპერატორები, ეკა ბერიძე, მანანა ფანჯიკიძე, მარინა ვიღაცა და ვიღაცა ვიღაცა გაკვირვებულები, შეურაცხყოფილები, თავზარდაცემულები, გაფართოებთვალებიანები, რათაობამოდისები, რადუნდაამასმუშაობები, ყველაჟურნალისტიუნიჭოაები მიყურებენ და რამდენიმე წამში ყველა ერთდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მეუბნება: "მე ვიცი!"

30.04.2012

ეთერის პირველი დღე. წინა დღეს გვთხოვეს, ცოტა ნორმალურად ჩაიცვითო... გარდაბნის რაიონ სოფელ ახალსოფელში გამიშვეს იმ იმედით, რომ სატელევიზიო თეფშების დაყენების დროს დეპუტატი გამოვარდებოდა გინებით (რა შუაში ვარ) ან ვინმე კამერას გულს გადაუშლიდა, თუ როგორ ავიწროვებს "ეს მთავრობა" (რატომღაც). მოკლედ, არაფერი მოხდა და ასე "ცოტა ნორმალურად ჩაცმული" თეთრი პერანგით (!), პიჯაკით და ზომიერად ქუსლიანი ფეხსაცმლით ვიჯექი ჯერ გარდაბნის რაიონ სოფელ ახალსოფლის მაღაზიაში და ყავას ვსვამდი, მოგვიანებით კი - ამავე სოფლის ერთ-ერთ ეზოში და ყველს და პურს ვჭამდი.

02.05.2012

დღეს აქციაზე ვიყავი და მონაწილეები არ მოვიდნენ. მხოლოდ ჟურნალისტები.

07.05.2012

"მზად ხარ დაცარიელებისთვის, მზად ხარ სიახლისთვის(!). წამოვედი. ავდექი და წამოვედი. აზრზე არა ვარ სადა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გზაში ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია. აუცილებელი ხომ არ არის, რომ ყველაფერი ნანახი მქონდეს?! ცურვას კიდევ კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი(!). მე სიახლის არ მინდა, რომ მეშინოდეს(!), თორემ რა ძალა მადგა, ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ-დიიი... ხანდახან კითხვები მხოლოდ ჯობია პასუხებს. ვიზრდებოდე ჩემთვის. ამიტომაც ვარ გზაში, ამიტომაც წამოვედი. ჩემი მთავარი თვისება აზროვნებაა(!). ნამდვილი მხატვარი იცი ვინ არის? - ვინც აღარ ხატავს."

მაგრად გავერთე და სახლშიც დავაგვიანე. თუმცა, ეს უკვე არაჟურნალისტური დღიურია. არსებობს ნიუსის ჟურნალისტიკა და არსებობს ცხოვრება. მე ვაგრძელებ ცხოვრებას.

ჟურნალისტიკის დასასრული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG