Accessibility links

logo-print

როდესაც რეალობა სიზმარს ჰგავს


ავტორი: ანი ბარისაშვილი

ღამის 4 საათზე მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. არა, არ შემშლია. მაღვიძარა ღამის 4 საათზე შეგნებულად დავაყენე. ვიღვიძებ, მაგრამრეალობის არ მჯერა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისევ სიზმარში ვარ. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება. დედაჩემის ხმა მესმის და მალე კარებსაც აღებს- გაიღვიძე? მეკითხება. პასუხს არ ვცემ და ჩაცმას ვიწყებ. ხელში რაც მხვდება იმას ვიცვამ.. უკვე მზად ვარ. სარკეში ვიხედები და ჩემი თავი იმედებს მიცრუებს. ჩვეულებრივი ვარ... არადა მინდოდა დღეს მაინც ვყოფილიყავი განსაკუთებული... გამოვიცვლი-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ საათს რომ დავხედე ამის დრო აღარც მქონდა. უკვე მანქანაში ვიჯექი, როცა მოვლენების შესაძლო განვითარებას ჩემს ფანტაზიაში ვქმნიდი- ყველა სიტყვა, ფრაზა, მოქმედება, დიალოგი გონებაში წარმოდგენილი და პიესასავით გაწერილი მქონდა. ალბათ, ეს შეგრძნება თქვენთვისაც არ იქნება უცხო- როდესაც სადღაც გეჩქარება, გზა უაზროდ იწელება და წარმოუდგენლად დაუსრულებელი ხდება. როგორც იქნა აეროპორტს მივაღწიე. შევედი თუ არა, გაუაზრებლად კარებში მდგომ ქალთან მივირბინე. ვკითხე კიევის რეისი ჩამოფრინდა თუ არა-მეთქი.თანამშრომელი არ ვარო რომ მითხრა, შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, ვერ მივხვდი, რატომ ვიფიქრე, რომ ეს ქალი აეროპორტის თანამშრომელი შეიძლებოდა ყოფილიყო . ამას მისი ვიზუალი ნამდვილად არ მეუბნებოდა. ,,ჩვენც კიევის რეისს ველოდებით, 10 წუთში დაჯდებაო თვითმფრინავი”- შუახნის მამაკაცმამითხრა, რომელსაც შემთხვევით გაეგონა კარებში მდგომ ქალთან ჩემი რამდენიმე წამიანი დიალოგი. გამიხარდა. არ დამიგვიანია-მეთქი გავიფიქრე და იმ ადამიანების ნაკადს შევუერთდი, რომელიც კიევი-თბილისის რეისის მგზავრებს ელოდებოდა.5 წუთში აეროპორტში რაღაც გამოაცხადეს. აღარაფერი მესმოდა. მივხვდი, რომ თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა და მალე აეროპორტის ექსკალატორიდან მგზავრების ჩამოსვლა დაიწყებოდა.ყველა მგზავრს ვაკვირდებოდი და თვალებით იმ ადამიანს ვეძებდი, რომელიც ბოლოს რეალურ ცხოვრებაში 16 წლის წინ ვნახე... მაშინ 4 წლის ვიყავი ამიტომაც, როცა მამა ამერიკაში მიფრინავდა მე სახლში დამტოვეს- პატარაა, მაინც ვერაფერს გაიგებს და გაწვალდებაო უთქვამთ და დამაძინეს. მამას წასვლა ასე გამომაპარეს, მაგრამ ახლა, 16 წლის შემდეგ მის დასახვედრად სულ მარტო წამოვედი აეროპორტში. როდესაც ექსკალატორზე გამოჩნდა მხარზე ჩანთამოკიდებული, მივხვდი, რომ თვალებით მეძებდა და უნებლიეთ ხელი ავუწიე. ,,მაა, რამხელა გოგო გაზრდილხარ, მე რა პატარა მახსოვხარ იცი?”-ეს პირველი წინადადება იყო. ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთელი ძალით ჩავეხუტე და თვალებიდან ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა... პირველი, რაც მაშინ ვინატრე იყო ის, რომ არ მინდოდა ეს სიზმარი ყოფილიყო (რაც უკვე ბევრჯერ დამსიზმრებია), შემდეგ როცა მივხვდი, რომ რეალობაში ხდებოდა ჩემს თავს ეს ყველაფერი, ბრაზი, ბედნიერება და ზიზღი ერთდროულად ვიგრძენი. გავბრაზდი მამაზე, თავს უფლება რომ მისცა მის გარეშე გავზრილიყავი, ბედნიერი ვიყავი ამდენი ხნის ნანატრიოცნება რომ ამისრულდა (5 წლიდან მოყოლებული არცერთ დაბადების დღეს ისე არ ჩაუვლია, ტორტზე ანთებული სანთლისთვის მამას დაბრუნება რომ არ მეთხოვა), მეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც არ გაძლევდა თვითრეალიზებისა და ნორმალური ცხოვრების საშუალებას... მატერიალური კეთილდღეობისთვის კი შორს გადახვეწა რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი...

მამასთან შეხვედრა ამ 16 წლის განმავლობაში ბევრჯერ მქონია წარმოდგენილი, ისიც კი ვიცოდი რაზე დაველაპარაკებოდი, როგორ გავატარებდი მასთან დროს და სად წავიყვანდი განახლებული თბილისის დასათვალიერებლად. გულწრფელად გეტყვით, ეს ყველაფერი ჩემს წარმოდგენაში ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 16 წლიანი პერიოდის განმავლობაში მასთან კონტაქტი არასოდეს გამიწყვიტავს,ახლა ჩემ წინ სრულიად უცხო მამაკაცი იდგა, რომლისთვისაც ,,მამა ”უნდა დამეძახა და მომდევნო 1 თვე გამეტარებინა... წლებმა მაინც თავისი ქნეს... ჩვენ შორის გაუცხოება აშკარა იყო, მაგრამ ამას არცერთი ვაღიარებდით. ,,რას არ მივცემდი ოღონდ დროის დაბრუნება შემეძლოს...” ამას მაშინ იტყოდა,როცა ხედავდა მასთან კონტაქტი როგორ მიჭირდა... რაღაცის თქმას, როდესაც დავაპირებდი, მხარზე ხელს ფრთხილად ვარტყამდი და გამოხედვას ასე ვთხოვდი... ვხვდებოდი გული ტკიოდა და ამას ძალიან განიცდიდა, თუმცა, საბედნიეროდ ეს ყველაფერი 1 კვირაზე მეტხანს არ გაგრძელებულა...

ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მამას ძალიან ვგავდი, მაგრამ მე მსგავსებას ვერასდროს ვამჩნევდი. ერთად გადაღებული პირველივე ,,სელფის” შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი... სურათზე ორი აბსოლიტურად იდენტურნაკვთებიანი ადამიანი დავინახე... დღეს ტატუს გასაკეთებლად ერთად წასვლა გადავწყვიტეთ... ის თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ მიამბობს, მე კი მასთან საუბრისას ჩემი ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო დეტალებსაც კი არ ვტოვებ...მამას ამერიკაში დაბრუნებამდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი.. ამასობაში კი ჩვენ ერთმანეთის გაცნობას ვაგრძელებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ 1 თვეში დაკარგული 16 წელი ავინაზღაუროთ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG