Accessibility links

logo-print

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პრობლემა საქართველოში


ავტორი: ანი გელაშვილი

პოლიტიკური პარტია არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ის მამოძრავებელი ძალა , რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტიული დემოკრატიული იდეალების განხორციელებას. საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რაოდენობა 200-ს აღემატება, თუმცა ეს ავტომატურად არ მიუთითებს ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის არსებობას. ქვეყანაში პარტიული სისტემის მთავარი მახასიათებელი პოლიტიკური სპექტრის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებად დაყოფაა. ეს დაყოფა აქტუალური იყო როგორც ვარდების რევოლუციამდე, ისე მას შემდეგ. სამწუხაროდ საქართველოში მოწინავე პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობა აქტიურდება წინასაარჩევნოდ, ხოლო არჩევნებს შორის პერიოდში პასიურნი ხდებიან.

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან? ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემას ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება თანხები. ერთ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიები საქართველოში სახელმწიფოს მიერ შეიძლება იყოს ის რომ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის წინაშე მდგომ გამოწვევებზე რეაგირება პარტიებმა უფრო ეფექტურად შეძლონ, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არამედ რეგულარულად.

პარტიათა დაფინანსების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საინტერესო იდეების გარშემო გაერთიანებულ, მაგრამ სუსტი ფინანსური რესურსების მქონე პარტიების მხარდასაჭერად სახელმწიფომ გამოყოს თანხები და ეს ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნასაც. პარტიების ამ თანხებს იღებენ სხვადასხვა ტიპის შემოწირულობებისგან, საწარმოებისა და სახელმწიფოსგან. საქართველოში არსებულ უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებში, წევრები არ იხდიან საწევრო გადასახადს, მაშასადამე ამ პარტიებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი ფინანსური ბაზისი და ამ სახსრებს ისინი კერძო შემოწირულობებისგან ან სახელმწიფოსგან გამოელიან. სახელმწიფოსგან მომდინარე თანხები კი შეზღუდულია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამიტომ პარტიების უმთავრეს იმედად ფიზიკური ან კორპორატიული დონორები რჩება.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობას არეგულირებს 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ორგანული კანონი ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. კანონში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. არსებული კანონმდებლობა პარტიებს ანიჭებს უფლებას მოიპოვონ დაფინანსება შემდეგი წყაროებიდან: საწევრო შენატანებისგან (პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს), სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებისგან (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით), შემოწირულობებისა და პარტიის მიერ პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა, საჯარო ღონისძიებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხებისგან, რომლებიც არ ცვლის პარტიის არასამეწარმეო, არამომგებიან ხასიათს. ორგანულ კანონში არსებული ამ ქვეპუნქტის საფუძველზე წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანიცაა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

არსებული კანონმდებლობით, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოსაპოვებლად საპარლმენტო ან თვითმართველობის არჩევნებზე ოთხპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ, ანუ სახელმწიფოს დაფინანსებას იღებენ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები - ის პარტიები, რომლებიც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტი ცესკოს გავლით კვალიფიციურ სუბიექტს წელიწადში საბაზო პრინციპით 150 ათასი ლარით აფინანსებს, რასაც ემატება დამატებითი თანხები პარტიის მიერ არჩევნებში ნაჩვენები შედგებიდან გამომდინარე: მიღებული ხმების რაოდენობა, პარლამენტში შეყვანილი დეპუტატების რაოდენობა, სიებში ქალების პროცენტული რაოდენობა და სხვა კრიტერიუმები კანონში მოცემული საერთო ფორმულის მიხედვით ითვლება და, საბოლოო ჯამში, დგინდება, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის პარტია ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა პარტიები იღებენ დაფინანსებას მანდატების და მიღებული ხმების პროპორციულობის შესაბამისად. შესაძლოა, ეს «პროპორციული დაფინანსების» იდეა ერთი შეხედვით სამართლიანი ჩანდეს, თუმცა მეორეს მხრივ ის წყალს ასხამს ძალაუფლების სათავეში მყოფ პარტიის წისქვილზე.

2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა პარტიათა დაფინანსება შეზღუდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს და ფინანსურ ლიმიტებს აწესებს ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში საკუთარი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რაც ითვალისწინებდა დაფინანსების შესახებ დროული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარჯების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას.

გადაწყვეტს თუ არა პარტიების უმთავრეს პრობლემას უშუალოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მოცულობის გაზრდა, ეს სადავო საკითხია. თუმცა შედარებით მცირე პარტიების მწირი ფინანსური რესურსები ნამდვილად დიდი დაბრკოლებაა კონკურენტული პარტიული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ამომრჩევლის მოსყიდვის მოტივით, უნდა განისაზღვროს როგორც კანონის დარღვევა და წარმოშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სათანადო პირობებში ეს შეიძლება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ასალაგმი მექანიზმიც კი გახდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო შემოწირულობები, რომელიც ამავდროულად, დაკავშირებულია რისკთან, რომ შეძლებულ ბიზნესმენებს თუ სხვა პირებს უფრო მეტი გავლენა ექნებათ პარტიებზე, თუმცაღა, ამ რისკების შემცირება შესაძლებელია ინფორმაციის გასაჯაროებითა და გამჭვირვალობით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG