Accessibility links

ჩრდილოეთის სარკე


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

რუს მეგობართან ერთად იუთუბზე ვუყურებდი ვიდეოს სადაც რუსი ქალბატონი ლანძღავდა ახალგაზრდა უცხოელს - მოუწოდებდა, რომ რუსეთიდან წათრეულიყო.
„აი არმაზ, რუსეთში შეშლილი მოხუცი ილანძღება და ბელგიაში მრცხვენია“ - მითხრა იურამ, რომელიც 2008 წლის ომამდე სამი კვირით ადრე გავიცანი შვედეთში. იურასთან დიალოგისას ვხვდები, რომ ოკუპანტსა და ოკუპირებულს იდენტური გზა აქვთ გავლილი. როცა რუსეთიდან დასავლეთ ევროპის მოყვარული უკმაყოფილო ადამიანი ჩამოდის და გვიზიარებს უკმაყოფილებას გვეღიმება და გვგონია, რომ მათზე წინ ვართ, რატომღაც გვგონია, რომ ევროპა ვართ და უკეთესები ვართ.
რას იტყოდა ევროპელი ტურისტი, რომელსაც ქუჩაში გააჩერებდნენ და მხოლოდ ეჭვის საფუძველზე წაიყვანდნენ მოსაშარდად? არათუ ევროპელი, რუსიც კი გაოცდებოდა.
„სისტემა უნდა დაინგრეს“ - ბევრმა ადამიანმა შეცდომად მიიჩნია ეს მოწოდება. მინახავს როგორ ლანძღავენ ამავე სახელწოდების სიმღერის ავტორებს ეკონომიკური რეგრესის გამო. დიახ, არის ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ აღნიშნული სიმღერა ეკონომიკურ სისტემაზეა. ასევე არის ხალხი, რომელიც აპროტესტებს დღევანდელ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ „სისტემა უნდა დაინგრეს“ მაინც შეცდომად მიაჩნია. სისტემა არ დანგრეულა და სანამ მსგავსი ნარკოპოლიტიკა გვექნება ვერც დაინგრევა. პროტესტი გვქონდა ადამიანის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების გამო, რომელიც სხვადასხვა სფეროში იჩენდა თავს, მათ შორის ნარკოპოლიტიკაში. გახრწნილი სისტემისგან შემორჩენილია არაადამიანური ნარკოპოლიტიკა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი - სისტემა უნდა დაინგრეს!!
იურასთან დიალოგისას ვხვდები, რომ იდენტურია ჩვენი ქვეყნების გზები. რის გამოც შეიძლება რუსეთი გძულდეს, ის ყველაფერი საქართველოშიც გამეფებულია.
ორივე ქვეყანას საბჭოთა წარსული აქვს, წითლების მომხრეები როგორც რუსეთში, ასევე საქართველოშიც შემორჩენილები არიან. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე სიბნელის დრო მოვიდა, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. რუსეთში მასიური არაყში ჩახრჩობა მიმდინარეობდა კრიმინალის პარალელურად, ჩვენთან ტყვიას მორფი უხდებოდა. ელცინის რუსეთი ასოცირდებოდა მურა დათვთან, რომელიც ფეხზე ვერ დგებოდა, შევარდნაძე თავად სიბნელე იყო.
რუსეთში პუტინი, ჩვენთან მიშა. ორივე ქვეყანა წელში გაიმართა, გაჩდნენ „ახალი რუსები“ და „ახალი ქართველები“. პრეზიდენტების გადადგმული ნაბიჯები და მეთოდები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს: პუტინი ზეწოლას ახდენს ტელევიზიებზე, ანადგურებს ოპოზიციურ ტელევიზიებს და დევნის ჟურნალისტებს. იგივეს აკეთებს სააკაშვილი. არბევს „იმედს“. ჟურნალისტებს, რომლებიც მის წინააღმდეგ მიდიან არ იღებენ არცერთ ტელევიზიაში.
პუტინი დარტყმას აყენებს ბიზნესმენებს, ავიწროებს. მათი შემოსავლებით ავსებს ბიუჯეტს, თავად ხდება ქვეყნის მთავარი ბიზნესმენი.
სააკაშვილი ატერორებს ბიზნესს, ხდება აურაცხელი რაოდენობის ქონების გადაფორმებები.
რუსული მედიის საშუალებით პირდაპირ თუ ირიბად ამბობენ, რომ კავკასიელები არიან პირველყოფილები და ღორები.
ქართული მედიაშიც პირდაპირ თუ ირიბად ილანძღება რუსი მოსახლეობა. ხალხმა ერთმანეთი ცოტა არ იყოს მოიძულა და მმართველ ძალებს ეს აწყობდათ.
პოლიტპატიმრები. უმკაცრესი დარტყმები ოპოზიციის წინააღმდეგ, უნივერსიტეტებში ჩანერგილი თვითმმართველობები, ტვინგამორეცხილი სტუდენტები, რომლებსაც საღი აზრი უბრალოდ არ გააჩნიათ და მთავარი - გზავნილი ხალხს.
მიშას გზავნილი - „ჩვენ შევალთ ევროკავშირში!“ ჩვენ ეს გზავნილი შევჭამეთ იმიტომ, რომ ამაზე გემრიელი გზავნილი ჩვენთვის არ არსებობს, შევჭამეთ ისე როგორც თევზები ჭამენ ანკესზე წამოგებულ სატყუარას. ბავშვები ყოველთვის ჭამენ იმას რაც გემრიელია, მიუხედავად იმისა სასარგებლოა თუ არა. ჩვენ კი გამომდინარე 70 წლიანი ტყვეობისა, ჯერ კიდევ პოლიტიკურად მიამიტი ბავშვები ვართ. გზავნილს ვჭამთ დღესაც და შევჭამთ იქამდე სანამ რამე უფრო გემრიელი არ გამოჩნდება.
პუტინის გზავნილი - „რუსეთს განსაკუთრებული მისია აკისრია მსოფლიოს წინაშე“ - ბევრი არც უფიქრია, მთელი რუსული ლიტერატურა და რელიგიური სწავლებანი გაძეძგილია რუსეთის მისიონერიზმით. რუსებისთვის ეს არის ყველაზე გემრიელი გზავნილი და ჩვენი არ იყოს, ისინიც დღემდე ჭამენ.
შეუძლებელია შეხვიდე ევროკავშირში მაშინ, როცა გაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტური ზონები, რომელიც რუსეთისთვის ბერკეტია.
დასავლეთ ევროპის არათუ ორი ქვეყანა, ერთი ქვეყნის ორი ქალაქი და რიგ შემთხვევებში ერთი ქალაქის სხვადასხვა ქუჩები სრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის თქმა განსაკუთრებით იტალიაზე შემიძლია. განსხვავდება კულტურულად, ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკური ხედევებით, ერთმანეთთან და უცხოელებთან დამოკიდებულებით. (მაგალითად ბელგიაში ქსენოფობია ყვავის) მიუხედავად ამისა არათუ ორ ქუჩას არამედ მთელ დასავლეთ ევროპას ერთიანად მოვიხსენიებთ. რატომ? რა აქვთ მათ საერთო? ისინი შეთანხმდნენ მინიმუმზე, რომელიც აძლევთ საშუალებას, რომ ეწოდოთ ევროპელები. შეთანხმდნენ, რომ ძალადობა (ფიზიკური, სიტყვიერი, ინფორმაციული, ფსიქოლოგიური და სხვა) არის სირცხვილი და არ აქვს არანაირი გამართლება. შეთანხმდნენ, რომ ადამიანი არის მთავარი ფასეულობა.
ჩვენ ამ მინიმუმზე ვერ ვთანხმდებით და კიდევ დიდხანს ვერ შევთანხმდებით. ვითომდა ევროპის აპოლოგეტი პარტიები ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ძალადობრივი მეთოდებით. ინტერნეტში წავაწყდი სტატიას - „გერმანელი ფაშისტების აშენებული საუკეთესო ათი შენობა“. მართლაც დიდებული ნაგებობები იყო.
ძალიან, რომ მოვინდომოთ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ვერაფერს დავაბრალებთ, იმიტომ, რომ რა არაადამიანური და საშინელი აზრიც არ უნდა მოგვივიდეს თავში, აღმოჩნდება, რომ მათ ეს უკვე გაკეთებული აქვთ.
ვზივარ ბრუგეს ბნელი უბნის ერთ-ერთ ბინაში, მწერს მეგობარი, რომ ისევ მოსაშარდად მიჰყავთ ხალხი ქუჩებიდან, გავდივარ გარეთ და თვალს ვერ ვუსწორებ ვერავის. ვეღარც იურას.
ქართველ და რუს ხალხს შორის კარგი ურთიერთობა შესაძლებელია იქამდე სანამ დაჩოქილები, ოკიპირებულები და გატეხილები ვართ. როგორც კი ფეხზე წამოვდგებით და წელში გავსწორდებით რუსი მოსახლეობა თავად მოთხოვს ქვეყნის მმართველებს რეგიონში „წესრიგი“ დაამყარონ. ეს რუსული იდეაა, ეს იმ გზავნილის ხმაა, რომელსაც რუსები ჯერ კიდევ ჭამენ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG