Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

benfrost - ბანკის ქრონიკები


ავტორი: ბექა შათირიშვილი

მიჭირს წარმოვიდგინო,თუ როგორ აღმოვჩნდი საბანკო სისტემაში ჩართული.სისტემაში,რომელიც ყველა - დაფარული თუ გამოცხადებული ხერხით ცდილობს ფული წაგლიჯოს მოსახლეობას.წაგლიჯოს ფული და თან წაგლეჯვის საკომისიოც მიაყოლოს.

თუმცა ამის წარმოდგენა არც თუ ისე რთულია.23 წლის ბიჭი,რომელიც მალე „პერსპექტიული ახალგაზრდა“-ც(ეს ერთადერთი ღირსებაა,რომელიც გამაჩნია) კი აღარ იქნები,სხვა გზა აღარ დაგრჩენია.დროა უკვე სადმე იმუშაო,თუნდაც ამისთვის გარკვეულ მორალურ პრინციპებზე უარის თქმა და კონფორმიზმის ჭაობში გადავარდნა გახდეს საჭირო.მიუხედავად იმისა,რომ კაპიტალისტური სისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალაში - ბანკში დავსაქმდი,ხელფასი იმდენად მიზერულია შემხვდამ,რომ პენსიასა და ჩემს ხელფასს შორის,არანაირი განსხვავება აღმოჩნდა.ერთადერთი დადებითი მხარე,თუ შეიძლება ასე ეწოდოს,არის შენი სტატუსი.სტატუსი,რომელსაც ბანკის თანამშრომლობა ქვია.მერე რა რომ ხელფასი საარსებო მინიმუმს დიდად არ აღემატება,ბევრი თანამშრომელი ამ სტატუსით თუ იწონებს თავს.

პირველი დღე იყო დაკვირვების დღე.ადრე მომიწია მისვლა და მქონდა ბედნიერება შესწრებოდი ბანკის კარების გაღების სცენას,რომელსაც აგერ უკვე დიდი ხანია ელოდნენ მოხუცებული ბაბუა-ბებოები.საკმაოდ მძიმე კადრები იყო.საშუალოდ 70 წლის ადამიანები მთელი ძალით ცდილობდნენ პირველები აღმოჩენილიყვნენ შენობაში და ამისთვის საკუთარი სიცოცხლის დარჩენილ რამდენიმე წელიწადსაც კი არ ზოგავდნენ.

დაკვირვება ზოგადად საინტერესოა,მაგრამ ვერ ვიტან,როცა მე თვითონ ვარ იძულებული ჩავერთო იმ პროცესში,რომელსაც როგორც წესი შორიდან ვაკვირდები.არადა ჩემი მთავარი მოვალეობა,არა მხოლოდ ამ პროცესში ჩართვა,არამედ ინიციატივის გამოჩენა და სხვა პირის ამ პროცესშივე ჩართვის იძულებაა.ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ბანკში შემოსული კლიენტების დაკერვა,რომ მათ ანაბარი გახსნან,საკრედიტო ბარათი აიღონ და ა.შ..ეს საქმიანობა წყალწაღებული ინტროვერტისთვის სიკვდილის ტოლფასია,მაგრამ როგორც დასაწყისში აღვნიშნე,ზოგიერთ მორალურ პრინციპთან ერთად ჩემი ხასიათის დავიწყებაც მომიწია.

სიცოცხლე ბანკის შიგნით ისევე მიმდინარეობს,როგორც მის გარეთ.ყველა ტიპისა და სოციალური საფეხურის ადამიანები შემოდიან და გადიან.რიგის პრინციპს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ,ნეპოტიზმი ყვავის - ნაცნობ-მეგობარის პატივისცემა უპირველესია და შესაბამისად მათ რიგის ნომრის გარეშე იღებენ ოპერატორები.ჩხუბი და ყვრილი.ერთმანეთის დაცინვა და აბუჩად აგდება.დაბნეული მოხუცების ინფანტილური ქცევები.მაგრამ ისინი ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით მაინც საყვარლები არიან.დიდი და წყლიანი თვალებით შემოგცქერიან,როცა კითხავ თუ რა ოპერაცია სურთ.

ბანკომატიდან პენსიის გამოტანა ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა.პენსია 150 ლარია და კითხვაზე,სულ ნებავთ თუ არა თანხის გამოტანა,ყველა პენსიონერის პასუხი თითქმის იდენტურია - „რაღაა აბა დასატოვებელი შვილო“.ამ დროს ირღვევა ბარიერი ბანკის თანამშრომელსა და რიგით პენსიონერს შორის.ბანკის თანამშრომელში მზზრუნველსა და ყურადღებიან ადამიანს ხედავენ თავის მოკლე ისტორიასაც მოგიყვებიან.გულთბილი მადლობა და დალოცვაც არ დაავიწყდეთ.მოკლედ,ერთადერთი ნათელი წერტილი პენსიონრები არიან,რომელთაც პატარა ადამიანურობა შეაქვთ ამ ყალბ,ბიუროკრატიულ წყობაში.

რიგის დარღვევა ვახსენე და უცილებლად უნდა აღვნიშნო სასულიერო პირების ქცევა.რიგის ნომრის არ აღება არც მათთვისაა საჭირო და ბანკში შესულებს ხშირად საკუთარი მრევლის ყოფილი წარმომადგენლები ხვდებიან და იმართება შეხვედრა წარსულთან,თბილი მოკითხვებით.

ზოგადად რელიგიური თემა ძალიან საინტერესოა.თავიდანვე მომხვდა თვალში ერთ-ერთი ოპერატორის პრინტერსა და კომპიუტერზე მიკრული ხატები.შემდეგ სხვა ოპერატორის რეპლიკა მომესმა,რომელმაც სრულიად შეუსაბამო სიტუაციაში აღნიშნა რომ მარხვაზეა(ეს ოპერატორი ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეა მამაოებისადმი).ასევე თვალში მომხვდა ფილიალის მენეჯერის საფულეში გამოკრული მოზრდილი ხატი.ადრე მქონდა ერთი შემთხვევა,როდესაც პრაქტიკაზე მყოფს ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშო მაგიდასთან მომიწია ჯდომა.რაღა ეს მაგიდა და რაღა მარშუტკის მძღოლების საჭის მიმდებარე ტერიტორია,რომელიც ხატებითაა მოჭედილი.ეკრანის დაბლა,მაგიდაზე კი პატარა მონაკვეთი იყო დაკრული სახარებიდან.ახლო მომავალში ალბათ საკუთარ ტაძარსაც გახსნიან თანამშრომლები,რატომაც არა.

პირველ და მომდევნო დღეებშიც ყველაზე არასასიამოვნო დრეს კოდის დაცვა იყო.ბანკში,რომელსაც ქართულად თავისუფლება ქვია და შიგნით შესულს კედელზე,რამდენიმე ათეულ ენაზე დაწერილი სიტყვა თავისუფლება შემხვდა,არ მაძლევს იმის უფლებას,რომ შავი ტუფლებისა და შავი ნაჭრის შარვლის მაგივრად,თუნდაც ბოტასები(შავი) და სხვა ნებისმიერი მატერიის შარვალი ჩავიცვა.თავისუფლების ერთობ საინტერესო გაგებასთან გვაქვს საქმე.

ერთ საათიანი შესვენება სასიამოვო მომენტია.თავიდან შემომთავაზეს სასადილოში შევსულიყავი და იქ მეჭამა.მე თავაზიანად უარი ვუთხარი და გარეთ გასვლა ვარჩიე.სინამდვილეში საჭმლის ფული არ მაქვს და მირჩევნია გარეთ ვიბოდიალო გამხმარ კუჭიანმა.ბედნიერებაა,როდესაც ცარიელის სკვერში,სკამზე მჯდარი ფეხსაცმელს გაიხდი და თითებს ცოტა ხნით თავისუფლებას მიანიჭებ.ეს კი ნამდვილად თავისუფლებაა,არამგონია ბანკის უფროსობას ეს სიამოვნებად ოდესმე განეცადოს.

ყველა დღე ერთნაირია,ყველა დღე მონოტონურ სტილში მიედინება.ამ რეჟიმში ცხოვრებისას ეგზისტენციალური კრიზისი გარანტირებული გაქვს.მეც ვფიქრობ,გავხდები თუ არა ბანკის სტანდარტული თანამშრომელი და დამრჩება თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი უბრალო,კარიერისტი ტიპებისგან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG