Accessibility links

logo-print

ავტორი: დარეჯან სუმბაძე

ტაბუ [პოლინეზ.] – პირველყოფილ ხალხებში: რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც, ცრუმორწმუნეობრივი წარმოდგენების მიხედვით იწვევს ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სას ჯელს.

„უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, გვ. 488

არა. აშკარად მჭირდება მეთქი კონცენტრირება. გადავწყვიტე. აღარაფერს დავწერ ცოტა ხანს მაინც მეთქი. აღარაფერს. საერთოდ დავდებ კალამს. ცოტა ხნით შევინახავ. და გადავიტან გონებას. ფიქრს. რამე უფრო სასარგებლოზე. ეფექტურზე. სასიცოცხლოზე. მაგალითად ზრუნვაზე ვინმეს ჯანმრთელობისთვის. ვინმეს. უცხო. სულ სხვაგვარი საფიქრალით დავტვირთავ დღეებს. გავაფერადებ სასიცოცხლო ფერებით. ისე. ისე მჭირდება ისე. მოკლედ: დავდებ კალამს. უთქმელობას მოვიკრებ. ასე. „პოეზია მოკვდა“ ვიდრე. როგორც ამბობდნენ. არაფერზე ვიფიქრებ ვიდრე. ეს შეცვლის მოულოდნელობასაც. გააჩენს სულ სხვა მოლოდინს. გადავწყვიტე. აი, ასეთი კონცენტრირება მჭირდებოდა.

და რა უნდა გამოსულიყო ამ ყველაფრიდან, გარდა ამის: ესსეს ტაბუსთვის.

ყველა დროს აქვს თემები თუ ნიუანსები, რაზეც მეტად ან ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი აზრის გამოთქმა, ეთიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისებით, მასზე მოლაპარაკის მიერ. რაც ანგარიშგასაწევია – უარსაყოფი ან მისაღები – სივრცულ და დროით შესაბამისობაში, თორემ, შესაძლებელი გახდება ბოლოს ყველაფერზე აზრის გამოთქმა, დადგება დრო ყველა აზრის გამოთქმისა. ანუ სათქმელის დროულობა აქაც, როგორც სხვა შემთხვევაში, უმთავრესია. ბოლოს და ბოლოს ყველა ყველა დროს მოახერხებს რამის თქმას. მაგრამ ქმედების სახიფათოობა (ანუ თემის აქტუალობა, რაც ერთდროულად ერთმანეთს შორის ტოლობის ნიშანს მოიაზრებს) გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი ხდება სათქმელის თქმისთვის, ქმედებისთვის, რომელიც ზუსტად იქ და იმ დროს უნდა იქნას ჩადენილი. როგორც სულხან-საბას გმირები რჩევის კრიტერიუმებად ალაგებენ. თორემ, რა თქმა უნდა, აჯობებს, „არაფერი თქვა, ვიდრე სუსტად გამოხატო შენი სათქმელი“. და აი, მსგავსი გამოცდილების, ტრადიციის თუ რეალობის გაჯერებით გადავწყვიტე: – ვკონცენტრირდები მეტად ყოფითი საფიქრალისკენ. თანაც თუ ეს საშუალებად იქცევა – მეთქი – არაფერი დავწერო ამის შესახებ. მოკლედ: ჩემი ნებით ტაბუ დავადო შესაძლებლობას, რაც სასურველს არ აღემატება.

რაზე არ უნდა ილაპარაკო?

რაზე უნდა ილაპარაკო, უდაოა, ნათელი და ადვილი ყველა დროში. მაგრამ: რაზე არ – ?

ეს, რა თქმა უნდა, რთულია და საფრთხილოც, თუ (ჯერ კიდევ) შეშლილი არ ხარ, ანდაც – პოეტი. დანარჩენი სტატუსები თავისთავად ლავირებენ შესაბამისად საზოგადო აზრის. ასეთ დროს. არაფერი დაშავდება. უფრო პირიქით. იქნებ უფრო ფუნდამენტურიც. მაგრამ ეს ბევრად უსაფრთხოა. ამიტომ ეს პოზიტიური მდებარეობა ამბობს: არ თქვა! არ შენიშნო! მით უფრო, სხვისი თვალთახედვა არ მიმართო! ეს ყველა საქმეს წაადგება!

აშკარად. ჩვენი სამოქალაქო შეგნება მართლაც საჭიროებს გარკვეულ ელემენტარულ აღზრდას. თუნდაც ტერმინთა შესაბა -მისი ცოდნის გონიერ ათვისებას. გააზრებას ვალდებულების. უფლების. თორემ. მართლაც მგონია, როცა ვხედავ ასეთ შეუსაბამობებს, რისი ხშირად გახმოვანება უფლების გარდა საკუთარ მოვალეობადაც უნდა მიგაჩნდეს. სად მთავრდება ამ დროს ერთგვარი კორექტულობა, თუ რეალობის მოცემულობა, თუ ცდომილება, თვალის დახუჭვის საშუალებას არ მომცემს, რაც გზასაც აღარ დამიტოვებს.

აკრძალული თემა, ანუ: რაზე არ უნდა ილაპარაკო, დროის ცვლილებასთან ერთად იცვლის აქტუალურობასაც.

რაზე არ უნდა გველაპარაკა ჩემს ბავშვობაში?

როცა მსგავსი აკრძალვები ბევრად თვალშისაცემი იყო. მაშინ ამბობდნენ: რომ კედლებსაც ქონდათ ყურები. მაგრამ, რომ ეს არ უნდა თქვა! არ უნდა თქვა, მაგალითად, რომ ილია საკუთარ ყმებთან ჰუმანური მემამულე სულაც არ იყო; რომ მაჩაბლის უღვთო გაქრობა აკაკის მონაწილეობას ვარაუდობდა; რომ ექსცენტრულ და ფანატიკოსს, მათივე სისხლში ხელებგასვრილ ვლადიმერ ილიჩს, ბავშვები ვერ ეყვარებოდა; რომ დიქტატურის მუშურ-გლეხური ის ქვეყანა, ჩვენი ბავშვობის კეთილდღეობის მიზნით შექმნილი, მხცოვანი და მარიონეტი ბრეჟნევის მუხლჩაუხრელობით და ღამისთევით, ზრუნავდა ჩვენს მშვიდ მომავალზე. არაფერია უცხო მას შემდეგ. არაფერი იქნება უცხო. მანამდე. ეს ბუნებრივი პოზაა თუ რწმენა იმ ფორმის შესაბამისი არსებობის. მაგრამ ხომ არის უბრალო და ბუნებრივი ფაქტორი, რისგან. ადამიანი ვერასოდეს შეინიღბება. რომ ილია ჩემს (ჩვენს) თვალში ვერ იქნებოდა შეუსაბამოდ გამორჩეული მემამულე; რომ აკაკიც ჩვეულებრივი მოკვდავი იყო; რომ ლენინიც -ხელაღებული, იდეის უზენაესობით, მემარჯვენე; რომ ლეონიდ ილიჩი უღვთოდ გადაღლილი მხცოვანი, მოსასვენებელი, მისსავე წინამორბედებზე იქნებ მეტად ჰუმანურიც კი. მაგრამ იდეოლოგია, თუ სისტემური სტერეოტიპი ასეთ განსჯით მოსაზრებებს აკრძალულ საგნად აქცევს, რაც თემის, თუ მოვლენის საკრალურობის მიზეზი ხდება. რისი დარღვევაც ცრუ თუ მორწმუნეობრივი „წარმოდგენების მიხედვით იწვევს ბუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს“. სუბიექტისთვის აქ სასჯელის ფორმად (განგების რისხვის გარდა, რაც ამ სიტყვის მნიშვნელობას არსად დაედო) იქცევა ხოლმე დროის შესაბანისი ფორმით იგნორირება, მისით მოქმედი სუბიექტისა, მსგავსი ქცევის გამოვლენისა. ასეთი განმარტებისა და აზრის ინტერპრეტირების საშუალებას გვაძლევს „ტაბუ“, უცხო სიტყვა, ლექსიკური ერთეული, ინგლისელი მეზღვაურების მიერ მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში გავრცელებული ტერმინი.

მე მას მერე, მოგვიანებით, სტუდენტობისას გადავაწყდი, როცა „სონეტზე“ დიპლომის თემას ვამზადებდი. ეს იყო 90-იანი წლების შუა პერიოდი, შესაბამისი წვდომის შესაძლებლობებით. თემატური ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. რაკი ამ ფორმას იყენებდნენ „ცისფერყანწელი“ სიმბოლისტები, უმეტესად მიძღვნით ტექსტებად, მათი გაქრობის შემდეგ დიდხანს თავს არიდებდნენ ფორმალურ მხარეს. მოკლედ, პეტრარკასეული სტრუქტურული ამ ლექსის ფორმას (რასაც მცირე ნიუანსური განსხვავებით იყენებდა დანტე, რონსარი ან შექსპირი), როგორც ბურჟუაზიული კულტურის ნიშანს, საბჭოთა დროს ტაბუ დაედო. მაშინ ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა ბევრი რამ.

აკრძალვას ანუ თემის გასაკრალურებას, ფაქტობრივი მორჩილების საშუალებას თუ ფორმას, რელიგიები ძალაუფლების წყაროდ აქცევენ. ის, რაც ბუნდოვანებითაა მოცული, მიმზიდველია. მსგავსი ტაბუ, შეუვალობა, აუხსნელობა ერთგვარად ხსნის რწმენის უთქმელ იდუმალებას. წმიდა ნაწერთა საიდუმლო მისტიკურობას. რასაც გონების თვალი არ უნდა შეეხოს, რასაც თუ შეეხო, ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვი იდუმალების საბურველს მოხსნის და მისტიკურ საკრალურ ნაწერს რიგით ტექსტურ მოცემულობად გადააქცევს. აკრძალვა ძალაუფლებაა მის ხელში, ვინც შეუცნობლის ხიბლით უნდა დაიმორჩილოს, უნდა მართოს მორწმუნეთა წარმოსახვები.

„ტრადიციები და ჩვეულებანი მოხერხებული გამოგონებაა მორცხვი ბუნების მქონე ადამიანებისათვის. ვინც ვერ ბედავენ, სულს მიანიჭონ თავისუფლება“. შემოქმედის ნახელავი ამსხვრევს ჯებირებს. ზღვარს გადადის. ფარავს სამყაროს. იჭრება სხვათა ნების გარეშე. სიცოცხლის ახალ ფორმას ქმნის. თუმცა. ის, რაც დრომოჭმულ ჯავშანს სცდება. არღვევს. დროს უძლებს. ვერანაირად შეუშლის ხელს სამყაროს წესრიგს. აი, როდის ეძლევა აზრი ტაბუს რღვევას, რაც რაღაც დროს იქნებ წესრიგსაც ამყარებდეს: როცა მისი ახსნა ხელოვანს ევალება, ის აშკარად ასახსნელია. ანუ სამყარო ფორმას აძლევს ახალ წესრიგს, სრულიად სხვა მოცემულობას. და ხელოვნების ხელით ტაბუს მსხვრევა რაკი ესთეტიკურ ქმედებათა სახით ვლინდება, ის ვერ იქნება უდროო ანდა უადგილო. ვერ იქნება უტაქტო, თავზეხელარებული. ის იქნება ხელოვნება, სულიერი, ლოიალური. მაგრამ: მსაჯულიც, პირუთვნელიც ნესტიანი, ხავსმოდებული, უჰაერო უმომავლო რეალობისთვის, ვისაც კავშირი დაკარგვია დროსთან, ტაბუს მოჭიდებია წყალწაღებული.

წესრიგი კი მარადიულად ალაგებს საგნებს.

II

ტაბუს გაჩენა, რაც აღკვეთათა სისტემურ მოცემულობაში გამოიხატა, სოციალურ გამთლიანებას ედო საფუძვლად. ის ყოველგვარ ინდივიდუალურ ქცევას გამორიცხავდა და სისტემას ჯოგის შემდეგ კულტურულ სახეს ანიჭებდა. მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ვიტყვოდით, რომ განწყობით ასიმილირებისა და ექვილიბრიუმის ფაზებს არეგულირებს ინდივიდის ტაბუსთან დამოკიდებულება, რაც გარკვეულად ტოვებს გარკვეულ საფიქრალებს მოცემულ საზოგადოებაში, როგორც „იგის“ არსებობა, როგორც „ალუდა ქეთელაურის“, როგორც საერთოდ ყველა დროში – ინდივიდისა, ვისაც განგებამ თუ შემოქმედმა მიუსაჯა ამადყოფნის მდგომარეობა, ვინც „ნახევარი წუთით ადრე ამბობს“ ჩვენს სათქმელს. და ეს მაშინ, როცა რიგით, ფორმალურ ტაბუს ზნეობრივი, დაუწერელი ნორმები ამსხვრებს.

ყოველი ახალი სისტემური წესრიგი, მომავალი პოტენციური ტაბუს ფორმა, ამსხვრევს უკვე არსებულს, ყოფილს. როცა სიახლის, სახელმწიფოს თუ რელიგიის, სახით მკვიდრდება ძალისმიერ თუ მშვიდობიან საფუძველზე. დამკვიდრების პროცესი ყველა შემთხვევაში ძველის მსხვრევას, ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. ხალხური რწმენა ჯიუტად ეჭიდება წარმართულ სახე-სიმბოლოებს. და, ფაქტობრივად, არ იხსნის ძველი რწმენის ტაბუს. რელიგიის შემთხვევაში ეს ქმნის ახალ სინთეზებს, რაც უმეტესად მთის კულტურებში მკვეთრად ვლინდება, სადაც ხალხი უმეტესად მტკიცეა და შეუვალი, წინაპრების ფასეულობებისთვის, როგორც კერპებისთვის, თავგანწირული. მაგრამ ძალა დამწერლობაა, რაც ამკვიდრებს მომავლის მეხსიერებაში საკუთარ კულტს, შეუვალად აქცევს, მტვერს აყრის წარსულის ძლიერ, მაგრამ ზეპირ ფასეულობას. დამწერლობა კარნახია, მითითებაა საზოგადოებისათვის მეტად ხანგრძლივად. და ამავე დროს ბერკეტი, რითიც წიგნიერი რელიგიები თავს ამეტებენ, აჭარბებენ და მკვიდრდებიან გასულ, მისტიურ და კოსმიურ რელიგიებზე უმეტესად. მხოლოდ ფოლკლორმა ხალხურ ხსოვნად რაც ზეპირად შემოინახა.

მარქსიზმი, რაც რელიგიას საკრალიზების საბურველს აცლის, და ადამიანს არა როგორც „რელიგიურ არსებად“, არა აბსტრაქტულად, არამედ როგორც „საზოგადო სინამდვილის ურთიერთობათა ერთობლიობად“ განიხილავს, იდუმალების მიღმა „წმიდა წიგნს“ „წიგნად“ აქცევს. ეს რიგითი ნამარხიდან ამოღებულ საგანს წააგავს. ნივთმტკიცებას არსებულისა, რაც სასწაულმოქმედების არეალიდან (დროიდან და ადგილიდან) გამოსული (თუ თავდაღწეული) კულტურული საგნობრივი ნივთმტკიცების ფუნქციას იძენს, როგორც ფაქტის არსებობის დასტური, როგორც უპირველესი ფუნქციისგან ძალააყრილი ან დესაკრალიზებული.

მაგრამ ძნელია წიგნიერ რელიგიურობასთან არგუმენტირებული ბრძოლა. ის საკუთარ თავში თავად პოულობს ძალას გათანამედროვდეს. ამის საფუძველს სქოლასტიკაც მისცემს მანამდე, ვიდრე ექნება უნარი და შესაძლებლობა საეკლესიო წმიდა დოგმათა დასაბუთების, ანტიკური გამოცდილების გახსენების. ეს გააცოცხლებს სულიერ აწმყოს ძველი ფესვებიდან. გამოიხმობს რიტორიკულ საფუძვლებს. შექმნის „სხვა რეალობას“. ერთგვარი შემოქმედებითი გარდასახვა რელიგიის დოგმატიზმიდან სულის მოთქმაა მანამდე, ვიდრე კვლავაც ავტორიტარული მიდგომა არ გაპატონდება. ანუ: როცა მსგავსი მიდგომა თუ მეთოდი ვეღარ ახსნის თავის თავს, როცა საზოგადოების შემეცნების სურვილს ვეღარ შესწვდება, როცა ტაბუს ახსნა თუ შეუცვლელობის მსხვრევა გარდაუვალია, როცა დოგმატურ შეუვალობას ლოგიკური ახსნის მწყობრი წესიერების ხიბლი აჭარბებს. ეს ხელოვნების გზაა ისევ, გარდაუვალი კრიტიკული ხედვების, როცა სიწმიდის გადამწერები საკუთარ ინდივიდუალიზმს ტოვებენ მათი დროის ნიშნად: „წმინდა წიგნის“ თავდაყირა სამყაროების, თუ „ყურანის“ სურათ-ხატებში პერსპექტივების თვითმყოფადობის წარმოჩენით.

მსჯავრი გარდაუვალია რასაც ვერ წვდება ინკვიზიცია, იქ თვითგვემა არკვევს სამართალს. საზოგადოება არ არის მზად სიახლისთვის. ინკვიზიცია „მწვალებელთა“ საქმეების გამოძიებას სასამართლოს ანდობს, რომელსაც, ამავე დროს, ეკისრება დაცვის ფუნქციაც. მსგავსი სამართლის განაჩენი მოკვეთაა ან აუტოდეფე.

როცა არსებობს ნამდვილზე მეტად უნამდვილესი სამყარო. როცა. კანონზე მეტად სამართლიანი კანონი. როცა ნამდვილად გაცხადებულა სიცოცხლის დრო, რაც საგნობრივ წესრიგს განაგებს.

ხელოვნება დანაღმულ ზღვარზე სიარულია. აქ მუდმივად სცდები რაღა -ცას, გადადიხარ. როცა ამდენი სიტყვა თქვი უკვე, ეს, რა თქმა უნდა, კორექტურობის მზარდი რისკის ხარისხს გულისხმობს. ბუნებრივად მადლიერი ვერ დაგრჩება ყველა ასეთ დროს. წერა არ არის მაამებლობა, ან ხოტბისთვის გარჯა. პირიქით: არსებულზე ვერგაჩუმება, გულისწუხილის გაქარვება. და, აბა, ამ დროს მადლიერი როგორ დაგრჩება ყველა. ვინმეს. ბუნებრივად ენიშნება სიტყვების მეტა მნიშვნელობები. რაც, ღმერთმა იცის, იქნებ არც კი გიგულისხმია. წერა არ არის ნორმა, სიმშვიდე. სტაბილურობის მუდამ მომტანი. მით უფრო, როცა ამდენი სიტყვა დაგროვდა, როცა ზღვარზე დადიხარ. სიცოცხლის რაღაც დროს, რაც გარკვეულ წესრიგს განაგებს.

ბუნებრივად უნდა სცდებოდე ადამიანთა უფლებების შეუვალობას: რასობრივ და ეთნიკურ და გენდერულ და რელიგიურ და დანარჩენ ორიენტირებს. არ შეურაცხყო რაღაც ნიშნით უმცირესობა. მაგრამ როგორ უნდა გაჩუმდე იმაზე, რასაც ირგვლივ ხედავ. რაც გეხება უკვე, რასაც იქნებ შენამდე ჯერ კიდევ არ მოუღწევია, თუმცა რაკი ვინმეს შეეხო, საკუთარ თავსაც ვერ გამორიცხავ.

შეგიძლია. ვთქვათ, გაფილტრო სიტყვა. ტაბუ დაადო. გადადო გვერდით. ვინმეს პატივ -მოყვარეობას არ შეეხოს. და -ნარჩენი ნელ-თბილი, უემოციოები დაიტოვო. ეს, რაც არავის ააღელვებს. ყველაფერი რიგზეა! ანუ: არავინ გაგინაწყენდება. რა თქმა უნდა, ეს სიტყვების სივრცეს ეხება. როცა ამდენ მათგანს კიდებ ხელს, შენთან ტოვებ, ეს მეტ საფრთხეს ქმნის: არ მოწონდეს. ვინმეს. ყურს ჭრიდეს. „რატომაც არა“. აბა მუდამ ემოციური სტაბილურობა ხომ არ უნდა გამოიწვიონ ამ სიტყვებმა. ისინი ხომ ვერ შექმნიან მაამებელ თანასწორობას, მათ შორის, ვინც მათ წაიკითხავს. პირიქით. ამ დროს დესტრუქცია სასურველი ნორმა იქნება. ასეთ დროს ფრთხილად ყოფნა შეუძლებელია. პოლიტიკოსის ვალდებულება პოლიტკორექტულობაა. ჩვენი, რიგითი მოკვდავების, – მათი ქმედების შეფასება. მადლიერების სიტყვებზე მეტად – შეხსენების სიტყვები. აბა. კომუნისტური რეალობა სხვა რა იყო: ერთის ხოტბისთვის დანარჩენი მილიონის თანასწორი ბეჯითმცდელობა.

შემეძლო არ ვყოფილიყავი გულწრფელი, და აქ სათქმელი მეტად შემერბილებინა, შემეფუთა არაფრისმთქმელი ზომიერების საბურველით. კი. ეს უდაოდ ემსგავსებოდა სათბურის მსგავს თანაბარი წარმოების მეურნეობას, რაც ჩვენსა და დანარჩენს შორის ემოციურ რეგულაციას იქნებ გააკონტროლებდა. რაც შემოქმედ მიდრეკილებას ჩაახშობდა. როცა 1=1 ზუსტად! მაგრამ სამყარო ხომ არ არსებობს ინდივიდების გარეშე. ნების გარეშე ან არჩევანის გარეშე. ჩვენ. გამოვიარეთ თანასწორობის სახელით ჩაგვრის ეტაპები; ვინმეს მიერ ურთიერთობის კონტროლისა და ნორმირებების ეტაპები. როცა მხედველობის მიღმა უმთავრესი – ადამიანი – მუდამ რჩებოდა.

პოლიტკორექტულობის დაცვა იქნებ კიდეც ევალებოდეს პოლიტიკოსს. მაგრამ მწერალი როგორ იქნება კორექტული. უბრალოდ იმის გამო, რაც მის ირგვლივ არსებობს, წუხილების, რასაც ის ხედავს. ანუ ასეთ დროს კორექტულობა რეალობაზე თვალის დახუჭვას, არ მეხებას, არ მაღელვებს უნდა ნიშნავდეს? კარის მწერლობას იგულისხმებდა ეს მიდგომა, ასეთი მაამებლობა. რაც, უდაოა, ხანმოკლეა. და არანაირ კავშირში მთავარ არსთან, რასაც ასეთი ტიპის ქმედება უნდა გულისხმობდეს: სიცოცხლის რაღაც მდგომარეობას, გარკვეული წესრიგის ნიშნით.

რა ვქნა, ეს დრო წიგნთან ჩემი მიჯაჭვულობის დროს დაემთხვა. შესაბამისად. და ვერ ავცდი „უცნობი“ მწერლის მორიგ წუხილსა თუ მინაწერს:

„პირველი ლექსებიდან ასე დამებედა. მას მერე ჩემი შვიდიათასი ლექსი დაიბეჭდა, მაგრამ არც ერთი ისეთი, რომელშიც რედაქტორს ან კორექტორს ან სხვას შესწორება არ შეეტანოს“.

აქ რაზეც მართლაც ვერაფერს იტყვი. თუმცა ესეც ხომ არაა უცვლელი დამოკიდებულება. უცვლელია რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ნების გარეშე მართლაც მუდამ მოძრაობს, ცვალებადობს. რის ასახსნელად უთქმელობა გამოსავალი, რა გითხრათ, იქნებ არის კიდეც.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG