Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: დარინა ქამადაძე

ბავშვობაში მეგონა, რომ მისი მრგვალი და მუქმინიანი სათვალის ზომა ორნიშნა რიცხვს აღემატებოდა. იმიტომ, რომ ამ დამცავი ფარების გარეშე თვალები მეტისმეტად პატარა და უსუსური მოუჩანდა.
ნადია დეიდას მამა წარმოშობით ხულოდან იყო, დედა რუსი ჰყავდა. თავად ხულოში გაიზარდა. დაახლოებით ოცი წელია ბათუმში ცხოვრობს და ამ გეოგრაფიულ-ეთნიკური სინთეზის გამო დანამდვილებით ვერ იტყვი სადაურია, ან როგორია.
ჩვენი ორსართულიანი კორპუსი საუკუნისაა. თავიდან საჰაერო სამხედრო ძალების საერთო საცხოვრებელი იყო, დროთა განმავლობაში შეიცვალა შიდა კონსტრუქციაც და არაერთი თაობაც, გადაწყვეტილი მქონდა ამ ისტორიული სახლისა და მათი მაცხოვრებლების წარსულის ჟამთააღმწერლობა მეკისრა. ამ სააღდგომოდ რომ ვიყავი ჩასული დედამაც შემახსენა-“სანამ უფროსი თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია მიხედე საქმესო”. ის იყო მეზობლების ჩამოვლას ვაპირებდი რომ მეორე სართულის ფანჯარაში ნადია დეიდა შევნიშნე, სარეცხს ფენდა.
-ნადია დეიდაა
-ჰო ჩემო კარგო
-გცალიათ რამდენიმე წუთით?
-კი ჩემო კარგო-
-გახსოვთ რომ გითხარით კორპუსის ისტორია მაინტერესებს-მეთქი, რამდენიმე კითხვა მაქვს, გცალიათ?
-ამოდი სოხარულო.
სულ რამდენჯერმე ვარ მის ერთოთახიან ბინაში ნამყოფი, რომლის ლამის ნახევარიც საწოლს უჭირავს. ამჯერად კიდევ უფრო დაპატარვებული მეჩვენა ოთახი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დღე-დღეზე უნდა გადაბარგებულიყო და არაფერი არ ეწყო თავის ადგილას. პატარა ფეჩიც, რომელიც თითქმის ოთახის ცენტრში იდგა და მის გვერდით ასეთივე პატარა სარეცხი მანქანა, რომელსაც ბებიაჩემის თაობა “მალიუტკას” ეძახის გასამგზავრებლად იყვნენ მზად. ნადია დეიდას ბინაში ცარიელი სუნი იდგა, ისეთი, რომ არც გაწუხებს და არც გსიამოვნებს. ნახევარსაათიანი გასაუბრების შემდეგ წარმატებები მისურვა და ღიმილით გამომაცილა.
ზოგადად ნადია დეიდაზე ვერავინ იტყვის ტკბილხმოვანიაო, პირიქით წყევლა და ქოქოლა უკეთ ეხერხება. განსაკუთრებით თუ საქმე ისეთ მეზობელს ეხება, რომელიც ფიქრობს რომ ჩვენი კორპუსის აღება ცის გახსნის ტოლფასია და 30 კვადრატულში დაახლოებით 200 კვადრატულს ითხოვს, დარწმუნებული იმაში რომ მისი საცხოვრებელი სანაპირო ზოლია, ირგვლივ სულ ახალი კორპუსებია და ამ ორსართულიანს მაინც არავინ დატოვებს. ისეთ მეზობელსაც შეუძლია გადასწვდეს რომლიც ინვესტორის მოთხოვნის მიუხედავად 27 კვადრატულს არ იკლებს მხოლოდ იმიტომ რომ პატარა ბინიანი კორპუსი შენდება და კვადრატობა ვერ ნაწილდება. ამ უკანსკნელთა რიცხვს ჩვენი ოჯახიც ეკუთვნის და არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება ვყავდეთ სხვადსხვა ბრუნვაში მოხსენიებული, თუმცა მისი “ჩემო კარგოს” გამგონე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი.
პატარა რომ ვიყავი ნადია დეიდა სოციალურ სააგენტოში თუ რაღაც ამდაგვარში მუშაობდა, მოკლედ დიდი ჩანთა ჰქონდა და ფურცლებს დაატარებდა. მიუხედვად იმისა, რომ დილით გადიოდა და საღამოს ბრუნებოდა არასოდეს მიფიქრია რომ მოუცლელი და დაკავებული ადამიანი იყო. რაც სამსახურიდან წამოვიდა ხომ ლამის ის დროც დამავიწყდა თუ ოდესმე მუშაობდა. ჩემი ამ წარმოდგენის მიზეზი ის არის, რომ დაკავებულობის პერიოდშიც ძალიან დიდი დრო ჰქონდა ახლო-მახლო ეზოების, კორპუსებისა და მათი მაცხოვრებლების ამბების გასაგებად და გასავრცელებლად. აღარაფერს ვამბობ ჩვენი კორპუსის ადამიანებსა და მათ ნათესავ-მეგობრებზე. სახლიდან გასვლისა-“დარო ჰა მიხვალ?” დაბრუნებისას-“დარო ჰა იყავ?” თუ ვინმე უცხო შემოვიდოდა ეზოში და მისამართს იკითხავდა-“ვისთან მიბრძანდებით?” ამას მოჰყვებოდა კითხვები თავის სავარუდო პასუხებით-“ ამის თანამშრომელი ხართ? არა? აბა? აა ბიძაშვილი? გუშინ თანამშრომლები ჰყავდა და ვიფიქრე” და ა.შ სიტუაციის შესაბამისად.
ბავშვობაში, ჩვენს ეზოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თამაში” წრეში ბურთი”. დაიძახებდა უცებ ერთი- არჩევანი, მოჰყვებოდა მეორე ხმა-არადანისა და იყო ერთი გაწევ-გამოწევა კარგ კადრებზე, ანუ კარგად მორბენალ-მოხტუნავე ბავშვებზე. გაჩაღდებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, განსაკუთრებით თუ “კოჟა-ბურთით” ვთამაშობდით. ეს ჩვენი ეზოს ბიჭების ტერმინი იყო და ფეხბურთის ბურთს აღნიშნავდა. როცა თამაში კულმინაციას აღწევდა და ერთი გუნდი აშკარა უპირატესობას ფლობდა მაყურებელთა რიგებიდან მოთამაშეთა რიგებში ინაცვლებდნენ უფროსები, მათ შორის ტომა დეიდა, ნადია დეიდა და მამაჩემი. თუ მამაც თამაშობდა ის ერთ გუნდს ეხმარებოდა, ნადია დეიდა და ტომა დეიდა მეორეს. სამივე კარგ მოთამაშედ ითვლებოდა. აღტაცებაში მოვყავდი მათ მიზანსა და ბურთის დაჭერის ოსტატობას.
ნადია დეიდა თუ თამაშს გადაწყვეტდა მამაჩემსაც შეაგულიანებდა-“გენო. ადე დევეხმაროთ ბაღნებს.” მერე სათვალეს საგულდაგულოდ გაწმენდდა, ასეთივე მოწადინებით მოირგებდა და თამაშს იწყებდა. მოგების სიხარულს ჩვენთან ერთად იზიარებდა, წაგების ბოღმას კი ხვლინდელი, უკეთესი თამაშის იმედით გვიშოშმინებდა
ჩემი ბავშვობა იმ დროს დამეთხვა, როცა ერთ ოჯახში სუპი ნახევარი კორპუსის ოჯახებიდან მოკრებილი ინგრედიენტებით მზადდებოდა და ერქვა მას კორპუსის სადილი. ასეც იყო. ხშირად მატანდა ხოლმე დედა მოხუც მეზობლებთან ცხელ წვნიანს. ძღვენს რომ მივუტანდი ეგრევე გამოვრბოდი, არა იმიტომ რომ ან მადლობის მოსმენა ან დიდ გოგოდ გაზრდა არ მინდოდა, არამედ იმიტომ რომ ჭურჭელი დამეტოვებინა და მერე წამოსაღებად მისულს შიგ თუნდაც ვაშლი ან კოწახურის კანფეტები დამხვედროდა. მახვდრებდნენ კიდეც. ამ დრომ მოიტანა კიდევ ქუჩებში და ეზოებში ჩამოვლა და ლიმონათის ბოთლების შეგროვება პურის თუ არა ისევ ლიმონათის საფასურად. ზღვის პირისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოვლა გამორიყული ხის ტოტების შესაგროვებლად, რომელიც იმდენად სველი და ნედლი იყო, თუ კარგი ამინდი არ დაგემთხვეოდა და ვერ გამოაშრობდი ვერც ფეჩს გაანთებდი, თუ მაინც ცდიდი ნაცრისფერი კვამლით დაგიბრუნდებოდა ურჩობის სამაგიერო.
ნადია დეიდა და ტომა დეიდა ერთად აგროვებდნენ ხოლმე ამ ეგრეთ წოდებულ შეშას. არ ვიცი რას უხერხებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ნადია დეიდა ფეჩს ანთობდა. მაშინდელი გამოცდილებაა ალბათ დღესაც რომ ეხმარება, მართალია უკვე იშვიათად, მაგრამ ხანდახან მაინც, ზღვის პირას იმავე მიზნით გადასულს უკან სველი ტოტები რომ მოაქვს.
არ ვიცი რატომ არ ჰყავს ბავშვი ნადია დეიდას ან რატომ არ ისურვა ოჯახის შექმნა. იქნებ ჩემი და მისი წამოდგენა მასზე ემთხვევა და თავადაცვერ წარმოედგინა თავი ქმარ-შვილიან მეოჯახე ქალად. იქნებ ფიქრობდა ერთი ოჯახის ამბების ცოდნაზე საინტერესო ხუთი კორპუსის ოჯახების ამბების ცოდნა იყო. მე მხოლოდ ვიცი, რომ ყველაფერიპირობითია, მათ შორის ადამიანის ისეთი მდგომარეობაც, რომელსაც მარტოხელას ეძახიან და რომელიც აუცილებლად გულისხმობს უქმარ-შვილოდ დაბერებულ, ამის გამო მძიმე სულიერი ტრავმის მქონე, ხშირ შემთხვევაში ხასითდამძიმებულ ქალს. მაგრამ ჩემი მეზობელი ნადია დეიდა თითქმის ბოლომდე ადასტურებს ჩემს წარმოდგენას პირობითობაზე, და თითქმის სრულიად აქარწყლებს აღნიშნულ წარმოდგენას მარტოხელებზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG