Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკად გადაქცეული ლილი და პირიქით


ავტორი: დარინა ქამადაძე

ის ადრე ლიკა იყო. ცოტა ხნით დინაც იყო, მაგრამ ვინაიდან ხშირი და ფიზიკური კავშირი არ აქვს თავის მშობელ სვანეთთან და მისი წარმომავლობაც ხშირად არ გვახსენებს თავს, მაინცდამაინც ვერ ვიგუე ეს სიტყვა და ახლა მხოლოდ ჩემს მობილურში შემორჩა მისი ნომრის სახელად. (დინა სვანურად გოგოს ნიშნავს. დინოლა გოგონას. მომწონს დინოლა, ლილის რომ გოგო ეყოლება იმას დავუძახებ, ასე ავინაზღაურებ დანაკლისს).

როგორ გადაიქცა ლილი ლიკად და მერე პირიქით.

ლილი მისი ნამდვილი სახელია, მამიდას ერქვა, იმდენი მამიდა ჰყავს, პატივისცემასა და ერთგვარ ქართულ ვალდებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალი სახელის მოფიქრების პრობლემაც იქნებოდა. მალევე გახდა ლიკა, ეს უფრო უხდებოდა ბავშვს. ცოტა რომ წამოიზარდა არც მაშინ გასჩენია ძველი სახელის დაბრუნების სურვილი, მიაჩნდა, რომ ეს სახელი მხოლოდ მამიდებს და მოხუცებს უნდა რქმეოდათ. მეც ამ სახელით გავიცანი უნივერსიტეტში, პირველი კურსის პირველივე დღეებიდან. მას შემდეგ ვმეგობრდებით, ცხოვრების მოკლე ეტაპებს გავდივართ, წინააღმდეგობებს ვლახავთ, ერთმანეთის წარმატება გვიხარია, მარცხზე დავცინით, სისუსტეებზე მივუთითებთ, შეცდომებს ხშირად ვახსენებთ, ნაკლს არ ვავიწყებთ, ვსაუბრობთ ადამიანებზე, ადამიანობაზე, ვსწავლობთ ურთიერთობას, ქცევას, ვპოულობთ საკუთარ თავსა და ერთმანეთში ახალ ნიჭსა და მისწრაფებას, ყოველ აღმოჩენას უკიდურესი სარკაზმით ვხვდებით და განვაქიქებთ, ასე მუშავდება ალმასი და გვრჩება ბრილიანტი.

ლილი სამი დის შემდეგ ბიჭად იყო ჩაფიქრებული. სქესმა უმტყუნათ, თორემ სხვა მხირავ ჩანაფიქრი გამართლდა. შარვლით, კედებით ან ბათინკებით, ზურგჩანთით, გადამწვარი ნათურის ოსტატურად გამოცვლით, კლუბში სუსტი მეგობრის ვაჟკაცურად დაცვით, ღამე წანწალით, ლაშქრობებში წინ გაჭრითა და ყველაზე მძიმე ჩანთის ტარებით, მამრობით სქესთან უკიდურესად შეხუმრებული და ლაღი ურთიერთობით, ლილი ბიჭი იყო. არ გამოსდიოდა გაპრანჭვა, ნელა სიარული, თავის მოსულელება, თვალების ჟუჟუნი და ჩვეულებრივი ამბის მოსმენისას აღტაცებული ან გაოცებული გამომეტყველების მიღება. მოკლედ, ლილი არ იყო სუსუტი, ნაზი და დაუცველი არსება.

ჩვენი გაცნობიდან მეორე წელს თმა შეიჭრა, მერე ისევ შეიჭრა, მერე გადაიპარსა, მერე კიდევ არაერთხელ შეიჭრა, შიგადაშიგ კაბის ჩაცმა დაიწყო და ბიჭებთან ზღვარდაუდებელი იუმორის ფრქვევასაც უკლო. მერე საკუთარი ნაწერები წაგვაკითხა და თავის თავს დაუბრუნდა - ლილი გახდა. სწორედ წერით აღმოვაჩინეთ, რომ ლილის ჰქონდა ალმასი.

წერა ბავშვობაში დაიწყო. სკოლაში ხშირად გამოჰყავდათ ზეიმზე და ლექსებს აკითხებდნენ, კარგად კითხულობდა. მერე ალბათ იფიქრა, რომ თუ კითხვა შეეძლო, წერაც უნდა შესძლებოდა და ლექსების წერა დაიწყო. მერე მიხვდა, რომ წერასა და კითხვას შორის ტოლობაზე ხშირად მეტობა-ნაკლებობის ნიშანი ისმევა. მოგვიანებით ისევ დაიწყო წერა. წერს მოკლედ, სხარტულა იუმორით. ზუსტად და მკაფიოდ სვამს მახვილებს. არ ერიდება არავის და არაფერს. მეტი მოურიდებლობისა და თავისუფლებისთვის თავისი ბლოგი აქვს, რომელსაც „ცხარე ლიმონი“ დაარქვა. ცხარე ალბათ, პოსტების შინაარსისა და იქ დასმული პრობლემური საკითხების გამო, სიტყვა მჟავეს განმარტება კი სავარაუდოდ, ავტორის ხასიათსა და ამ ხასიათიდან გამომდინარე წერის მანერაში უნდა ვეძიოთ.

საინტერესოა ლილი და თავადაც საინტერესო ადამიანებთან უყვარს კონტაქტი. ერთი ფობია აქვს - ეშინია, რომ შეიძლება ადამიანები ამოწუროს და აღარფერი ჰქონდეს მათთან საერთო, ეშინია, რომ ამის გამო ვერ შეძლებს სიყვარულს და მალე დაკარგავს ინტერესს მოწონებული სუბიექტისადმი.

რჩევა ლილის, რათა იქონიოს სიყვარულის იმედი: ნუ უყურებ ადამიანებს მომხმარებლის თვალით, არამედ შეხედე პროდუქტის თვალით, თავად რამდენად გამოადგები და დააინტერესებ მათ. იმუშავე თავზე, რათა თავად არ ამოიწურო და არ ამოგეწუროს ფანტაზია სხვათა სამყაროს გამდიდრებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG