Accessibility links

logo-print

ავტორი: დარინა ქამადაძე

ზუსტად არ მახსოვს 4 თუ 5 წლის ასაკიდან დავყავდით მშობლებს მე და ჩემი ძმა თოჯინების თეატრში. აღარც მახოსოვს რამდენჯერ მაქვს ნანახი წითელქუდა, კარლსონი, კომბლე. საახალწლოდ უფასოდ გვერგებოდა ორი ბილეთი, უფრო სწორად მე მერგებოდა. ხელზე თანდაყოლილი ტრავმის გამო, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (იმდროინდელი გაგებით ინვალიდ) ბავშვს. ეს რა არის, პენსიასაც ვღებულობდი და ხანდახან სოციალურ დახმარებას საკვები პროდუქტის სახით, რომელიც იმდენად ბინძური იყო და ასეთსავე ბინძურ ყუთში იდო რომ დედა იქვე ტოვებდა ხოლმე. პენსიას რუსი ქალი დაატარებდა დიდი შავი ტყავის ჩანთით, 14 ლარი იყო მაშინ. ფულს დედას აბარებდა, დედაც ხელს აწერდა რაღაც ქაღალდზე და მერე ამ თოთხმეტი ლრიდან, რომლის ნაწილი თანხა რატომღაც ყოველთვის იყო 50 თეთრიანებად, 50 თეთრს ან ლარს უკან გაუბრუნებდა (ეს იმაზე იყო დამოკიდებული თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა ოჯახში იმ თვეში). ფოსტალიონის წასვლის შემდეგ უკან მობრუნებულ დედას ორი წყვილი მომლოდინე თვალი ხვდებოდა, რომლებიც 20 ან 50 თეთრიანებად კიაფობდნენ. ჩვენც რომ გაგვისტუმრებდა ხელში დაახლოებით 12 ლარი რჩებოდა, ამას დამატებული მამას რამდენიმე, ხანდახან ათეული ლარი და ასე სიამტკბილობით ვცხოვრობდით თვიდან თვემდე. მაგრამ ამაზე მერე.

პენსია წესით და კანონით მე არ მერგებოდა, ამას მიმტკიცებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იმიტომ რომ მე არ მჭირდა არაფერი ისეთი, რომ ინვალიდად ვწოდებულიყავი. მეტიც, ბევრ ჯანმრთელ ბავშვს ვჯობდი ჩემი მოხერხებულობით. აიმტომ ყოველ წელს ვიხდიდით თანხას, რათა გაეგრძელებინათ ჩემთვის დაუმსახურებელი პენსიის მოცემა. ერთხელ შემოწმებაზეც ვიყავი, სანამ ე.წ კომისიის წინაშე წარვსდგებოდი, უბნის ექიმმა მიგვიხმო და გვაჩვენა ფურცელი, სადაც ეწერა თუ რა მჭირდა და რითი ვიმსახურებდი დახმარებას. ამ ფურცლის წაკითხვის შემდეგ დავიწყე საკუთარი თავის საფუძვლიანი შესწავლა, მეგონა ეს ყველაფერი მჭირდა და ვერ ვამჩნევდი ან კარგად მიმალავდნენ. აი რა ეწერა: აღნიშნულ პირს (გარდა იმ სიკეთისა რაც უკვე მჭირდა) აღმენიშნებოდა, რომელიღაც ფეხის სიმოკლე, რის გამოც ბუნებრივია ვკოჭლობდი, სიელამე, და ფსიკიქასთან დაკავშირებული ცოტაოდენი პრობლემები, ანუ დღვანდელი გაგებით აუტისტი ვიყავი. კომისია ,როგორც აღმოჩნდა, ერთი კაცისგან შედგებოდა, რომელმაც ერთხელ გავლა მთხოვა, მეც ცდა არ დავაკელი და ფეხი ისე გავითრიე უკან დამრჩა. მერე გამეხუმრა, მეც ხუმრობა დავუბრუნე, გაიღიმა და დადაებითად გადაწყდა პენსიის გაგრძელების საკითხი.

ერთხელ რაღაც ზეიმივით მოგვიწყვეს ბავშვებს, სადაც ახალგაზრდა კაცი მიკროფონით დაიარებოდა და ბავშვებს კითხვებს უსვამდა. ჩემი დრო რომ მოვიდა მკითხა: ვინ ხარ შენ? ეს ახლა არის რომ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თორემ მაშინ თავი სამყაროს ჭიპი მეგონა და დავიწყე-გოგო, შვილი, და, მეგობარი, მოსწავლე, მოქალაქე, ადამიანი, კლასელი, შვილიშვილი,გავკადნიერდი და ისიც ვთქვი პიროვნება ვარ-მეთქი. ისე მიყურებდა ის კაცი, მგონი აქეთ ვაგრძნობინე საპენსიო პირად თავი.

ცოტა რომ წამოვიზარდე შემიწყვიტეს მუქთა ფულის წყარო. ეს ფაქტი, ოჯახისგან განსხვავებით, ჩემს ბიუჯეტზე არ ასახულა, ამიტომ ვერც გავიგე ისე გადმოვეწერე საღსალამათთა სიაში. ბევრი შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ იყო გარკვეული უსიამოვნო მომენტები, რომელიც მახსენებდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო ჩემს თავს. მაგალითად არ მიყვარდა, როცა დაწყებით კლასში მასწავლებელი აწეული ხელებით გვთხოვდა დასახელებული ციფრის ჩვენებას, ცხრამდე რა მიჭირდა, დაწყევლილი ათიანი იყო რომ მიქმნიდა პრობლემებს, ცერა თითი არ მაქვს და რა სიგანეზეც არ უნდა გადამეფარჩხა ორივე ხელის თითები, რაოდენობრივად ათს მაინც ვერაფრით ვღებულობდი.

ფიზკულტურა მიყვარდა, მხიარულ სტარტებშიც ვმონაწილეობდი. ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა ჩაგვმწკივრა და გასწორება გვთხოვა. მეც მოვიღერე ყელი და გავიწკიპე როგორც შემეძლო. უცებ მესმის ხმა -დარინა, გაასწორე ხელი. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ იმ გაუსწორებელი ხელის იდაყვის სახეში ჩაჭედება მომინდა მასწავლებლისთვის. „ჯერ ერთი ამდენი წელია მავარჯიშებ და იქნებ შეგემჩნია, მეორეც როგორ ფიქრობ, რა მუღამს ვუჭერ ნახევრად მოხრილ ხელს“-ეს ჩემი ფიქრები იყო, იმ წამს ერთბაშად მოზღვავებული. პასუხად მხოლოდ კბილებში გამოვცარი-„ვერ ვასწორებ“. ამას ალბათ ისეთი გამომეტყველება დავურთე მთელი გაკვეთილი და მერეც, სანამ ის მასწავლებელი გვყავდა სახეში არ შემოუხედავს.

არ ღირს წერა კლასელებზე, რომლთა ნაწილმა თავად შემისწავლა დროთა განმავლობაში, ნაწილიც შეძლებისდაგვარად კორექტულად და ფრთხილად მეკითხებოდა რა მომივიდა, ალბათ საინტერესო ისტორიის მოლოდინით, მეც უშურველად ვასხამდი მათ ცივ წყალს და ერთი სიტყვით ვისტუმრებდი-თანდაყოლილია.

მერე როცა ოპერაციები გავიკეთე (ცოტა არ იყოს წარუმატებელი) და როცა არ მეზარებოდა უკვე უხვი ნაიარევის მიზეზებს ვხსნიდი.

ყველაზე უსიამოვნო შემთხვევა, საპირისპირო სქესს უკავშირდება. უბნელი ბიჭი მომწონდა, მაშინ ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ის მერვეში. უსაშველოდ სიმპათიური, მოწესრიგებული და მიმზიდველი ვინმე იყო. ველოსიპედით გვიყვარდა ორივეს სეირნობა და გადავწყდებოდით ხოლმე ერთმანეთს. სახეზე ფერების ცვალებადობას ახლა ვერ ვარეგულირებ და მაშინ ხომ პირდაპირ შუქნიშნად ვენთებოდი მის დანახვაზე. რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია. საერთო ნაცნობი გოგო გვყავდა და რომელიც თავდაუზოგავად ეზიდებოდა ამბებს იმ ბიჭის შესახებ. ერთხელაც შემხვდა დაჩემი მოწონებული სუბიექტის დიდსულოვნებისა და გულკეთილობის შესახებ მაუწყა. თურმე შეუმჩნევია რომ ხელს ვერ ვშლი და ველოსიპედის საჭეც ერთი ხელით ცერისა და საჩვენებლის ნაცვლად, საჩვენებლითა და შუა თითით მიჭირავს. ასე უთქვამს „ იმ გოგოს ხელზე რაღაც სჭირს და თითიც არ აქვს ხომ, რა ცოდვაა, მაგას რომ ვინმემ რამე უთხრას, არ უნდა გაუხეთო თავი?! „ მაშინ პირველად და ყველაზე ცხოვლად ვიგრძენი რას ნიშნავს-გაქვავება. მერე ვიგრძენი ამ გაქვავებული სხეულის ნაწილ-ნაწილ, ხმაურიანი ჩამოშლა. მომენტალურად განვიხიბლე და ასევე მომენტალურდა დამეუფლა უსაზღვრო თავმოყვარეობის გრძნობა, რომელიც დღემდე არ მაძლევს საშუალებას ბარიერად მივიჩნიო ჩემი ხელი ადამიანებთან ურთიერთობისას.

პატარა ვიყავი, სახელმწიფო პროგრამა იყო ასეთი-გერმანიაში მიყავდათ ბავშვები, რომლეთაც ქირურგიული პრობლემები ჰქონდათ, იქ ოპერაციას უეკთებდნენ და გარკვეული დროის შემდეგ აბრუნებდნენ. თუ რაიმე ხერხი არსებობს ადამიანის დაყოლიების, მაშინ ყველა ერთბაშად გამოსცადა დედამ. ბოლოს თითქოს დამიყოლია. გააკეთებინეს საბუთები, შეუთანხმდნენ წასვლის დროზე და სხლში დაბრუნებულ მშობლებს საზეიმოდ გამოვუცხადე, რომ მარტო არსადაც არ წავიდოდი და სულ არ მაინტერესებდა მეშველებოდა თუ არა რამე ამ ხელზე. დედა ლამის მოსასულიერებლი გახდა, მამამ გადაწყვიტა რომ აღარ დაეძალებინათ, გვიან გავიგე, ასე უთქვამს: ხელი გაუსწორებიათ და ფსიქიკა დანგრევია ბავშვს, რად მინდა ეგეთიო. პრობლემა ის იყო რომ არავის წაყვანის უფლება არ გვქონდა, სრულიად უცხო ხალხთან უნდა ვყოფილიყავი, უცხო ქვეყანაში ღმერთმა უწყის რამდენი ხანი. ეს იმდენად შემზარავად ჟღერდა, ოღონდ არ წავეყვანე და თანახმა ვიყავი მეორე ხელიც შემეწირა. დღემდე ვერ ინელებს დედა ამ ფაქტს, ჰგონია რომ დღეს გაცილებით უკეთესი შედეგი მექნებოდა ვიდრე აქ ჩატარებული ოპერაციებით მაქვს. და ფიქრობს სად შეიძლება წავიდეთ რომ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს ოპერაციობანა. მეც ვამშვიდებ და ვეუბნები რომ რაც შეეძლოთ უკვე გამიკეთეს, ახლა უკვე თავად მივხედავ თავს. დედა არაფერს მეუბნება, მაგრამ იცის რომ ხელი არ შედის ჩემს გეგმებში და ალბათ მილიონი მაინც უნდა ვიშოვო რომ ამას მივხედო. ამიტომ თავისთვის აწყობს ხანგრძლივ გეგმებს იმ ქვეყანაში წასასვლელად, სადაც უკეთ არის განვითარებული ქირურგია და სადაც ყველაზე მეტი სასწაულები მოუხდენიათ ექიმებს.

მე კი ვაწყობ გეგმებს იმ ქვეყანში წასასვლელად, რომელიც უბრალოდ უკეთ არის განვითარებული, ყოველგავრი კონკრეტული მოთხოვნების გარეშე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG