Accessibility links

logo-print

მწვანე პოლიტიკის საჭიროება საქართველოში


ავტორი: დავით ჩუთლაშვილი

რაც დრო გადის, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ განყენებული ლიბერალიზმი, რომელიც არ აღიარებს საზოგადოების სოციალური და ეკოლოგიური საჭიროებების უპირატესობას, ნაკლებად მიმზიდველი და ერთობ უინტერესოა მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის. ლიბერალიზმი, რომელიც ეჭვით და უნდობლობით უყურებს ადამიანების ბრძოლას შრომითი და მატერიალური პირობების გასაუმჯობესებლად, ლიბერალიზმი, რომელიც არ ცდილობს, შეამციროს სოციალური უთანასწორობა და რომელიც სათანადოდ არ არის ჩართული ეკოსისტემის გაჩანაგების წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში, ვერ ქმნის სათანადო მუხტს და საარჩევნო ურნებთან მოსახლეობის მინიმალური რაოდენობის მობილიზებასაც კი ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება მწვანე იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პარტია, რომელიც იქნება ლიბერალურიც, მემარცხენეც და დაჩაგრულ სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებულიც.

საქართველოში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მწვანე პარტიებმა მხოლოდ ხეები უნდა დაიცვან და მხოლოდ იგივე ფუნქცია შეასრულონ, რისი შესრულებაც მაგ. გარემოს დაცვის ინსპექციას ევალება. რასაკვირველია, როცა გაქვს მწვანე პარტია, ხეების უსამართლო ჭრის გაპროტესტება შენი პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ მწვანე პოლიტიკის დანიშნულება არამცდაარამც მხოლოდ ხეების დაცვით არ შემოიფარგლება. მწვანე პოლიტიკის სამიზნე არეალი არის საარსებო გარემოს დაცვა ზოგადად, ხოლო ხეების დაცვა მხოლოდ ვიწრო კონკრეტიკაა ამ უზარმაზარ არეალში. საარსებო გარემოს დაცვა გულისხმობს როგორც ხეების დაცვას უსამართლო ჭრისგან, ასევე ქალების დაცვას დისკრიმინაციისგან, ლგბტქი თემის დაცვას დისკრიმინაციისგან, ფერადკანიანების დაცვას დისკრიმინაციისგან, მშრომელების დაცვას არაადამიანური შრომითი პირობებისგან და მთლიანობაში როგორც ქალების, ასევე მამაკაცების, ფერადკანიანების და ლგბტქი ადამიანების დაცვას სოციალური ჩაგვრისგან. ყველა კარგ მწვანე პოლიტიკოსს კარგად ესმის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ყოველთვის განწირული იქნება დასაღუპავად, სანამ არ იარსებებს გენდერული თანასწორობა, სანამ იარსებებს რასიზმი, ჰომოფობია, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ კუთხური შუღლი და სანამ იარსებებს ისეთი ყოფიერება, რომელიც უშვებს მილიონერების და მილიარდერების იგავმიუწვდომელ განცხრომას საკვების ნარჩენების პოვნის მიზნით ნაგავში მქექავი ადამიანების გაუსაძლისი სიდუხჭირის ფონზე.

ამრიგად, ლიბერალიზმი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტია მხოლოდ. ის არ არის ყოვლისმომცველი და ყველა ჭირის მკურნალი პანაცეა. მწვანე პოლიტიკა, მისი ჭეშმარიტი არსის საუკეთესო გააზრებით, მოიცავს ლიბერალიზმს და საარსებო სივრცის დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს (თუმცა არა ერთადერთ) მექანიზმად აცხადებს მას. სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ნამდვილ მწვანე ფასეულობებზე ორიენტირებული პარტია. ასეთ პარტიად ქცევის რეალური შანსი აქვს „მწვანე სოლიდარობის მოძრობას,“ რომელიც სხვადასხვა მცირერიცხოვან სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს და რომელსაც გააჩნია ზრდის პოტენციალი, თუ ის საკუთარი იდეოლოგიის ჩარჩოებში დარჩება და მწვანე ფასეულობებს უერთგულებს. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობამაც ნათლად უნდა გაიაზროს, რომ სამყაროს მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში აღქმით და ყოფირების მრავალფეროვნების უგულვებელყოფით უგულვებელყოფს თავად სიცოცხლესაც, რომელიც სწორედ მრავალფეროვნების წყალობით გადარჩა და შენარჩუნდა ჩვენს პლანეტაზე. საქართველოს მოსახლეობამ ნათლად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატია კარგია, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესია ლიბერალური დემოკრატია, ანუ საზოგადოებრივი მოწყობის ისეთი ფორმა, როცა უმრავლესობა და უმცირესობები ერთმანეთს აკონტროლებენ და შესაძლებლობას არ აძლევენ ერთ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, მოახდინოს მთელი ძალაუფლების უზურპაცია. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, სწორედ დემოკრატიის აღნიშნული ფორმაა ყველაზე უფრო ეფექტური. ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საშინელებაა, როცა უმცირესობა დიქტატს ახორციელებს უმრავლესობაზე, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, როცა უმრავლესობა არაფერს ეკითხება უმცირესობებს და პირიქით, თავს ახვევს მას საკუთარ იმპერტიულ ნებას, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება,“ რომელმაც 2016 წელს საარჩევნო წარმატებას უაღრესად ბინძური და ამორალური გზით მიაღწია, მოახდინა რა ლგბტქი თემის ინსტრუმენტალიზაცია ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციაში ჩაწერის დაპირებით, რაც იყო არამხოლოდ ჰომოფობიური, არამედ ანტიკონსტიტუციური და არასამართლებრივი დაპირებაც (შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ისეთი ჩანაწერების გაკეთებას მასში, რომელიც აუარესებს პირთა რომელიმე ჯგუფის სამართლებრივ მდგომარეობას). რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ ნაცვლად რომ ყოფილიყო სიცოცხლეზე ორიენტირებული რომელიმე კარგი მწვანე პარტია, მსგავსი აბსურდული დაპირების ინიცირება არ მოხდებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება მწვანე პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პარტია, რომელიც თანაბრად იზრუნებს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობების მიერ დაჩაგრულ ყველა სოციალურ ჯგუფზე და მოუფრთხილდება საარსებო გარემოს ჩვენთვის და ჩვენი ახლობელი ადამიანებისთვის. ჩვენ გვჭირდება პარტია, რომელიც იზრუნებს საზოგადოების საარსებო მოთხოვნილებებზე და რომელიც იზრუნებს იმ გადაუდებელი საკითხების მოგვარებაზე, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დღეს უაღრესი სიმწვავით დგას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG