Accessibility links

logo-print

წინ, 30 წლით უკან! საქართველოს ჰიბრიდ-დემოკრატია და ევროპის ფისკალური კონსერვატიზმი


ავტორი: დავით თოფჩიშვილი

საბერძნეთის ახალი მთავრობის კრიტიკა და “ტროიკას” ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი) მიმართ გამოხატული ისტერიული მხარდაჭერა საქართველოში გასაგებია, რომ შეიძლება გამოწვეული იყოს ევროკავშირის მიმართ კრიტიკის თავის არიდების მიზნით. თუმცა, უფრო ხშირად ეს ხდება ზედაპირული ანალიზითა და ისეთ ფაქტებზე დაყრნობით, რომლებსაც საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან სინამდვილეში კავშირი არ აქვს. მაგალითად, საქართველოში ძირითადად აგრესიას იწვევს სირიცას სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკური კურსი, რაც რატომღაც, ქართულ პოლიტიკურ წრეებში პირდაპირ ასოცირდება კომუნისტურ-სოციალისტურ წყობილებასთან და ავტომატურად ხდება დასკვნების გამოტანა - მისი გაიგივება საბჭოთა წარსულთან. სინამდვილეში, კომუნისტურ და სოციალ-დემოკრატიულ წყობილებას შორის განსხვავება დიდია. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალ-დემოკრატია პოლიტიკურად წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე, თანასწორობის დაცვაზე დამყარებულ კონსტიტუციურ წყობას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ის მოიცავს სახელმწიფო სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილების პოლიტიკას; სოციალ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი რესურსები ხალხის საკუთრებაში უნდა არსებობდეს ან უნდა იმართებოდეს საზოგადოების მიერ, რაც ხელს შეუწყობს საშუალო კლასის გაძლიერებას. ძლიერი საშუალო ფენის არსებობა კი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელია. მართლაც, ევროპისა და მსოფლიოს ის ქვეყნები, სადაც სოციალ-დემოკრატიული წყობილებაა, გამოირჩევიან ეკონომიკური და დემოკრატიული ხარისხის უმაღლესი მაჩვენებლებით.

საქართველოს ჰიბრიდული დემოკრატიისთვის, ევროპული კავშირი შეიძლება მართლაც იყოს ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მისი ინტეგრაცია იქნება დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება-დაჩქარებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების კარგი საშუალება, მაგრამ ამავდროულად, ნებისმიერმა გაუცნობიერებელმა ტრანსფორმაციამ ქვეყნისთვის შეიძლება სავალალო შედეგებიც გამოიწვიოს. სამომავლოდ კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, საბერძნეთის შემთხვევა საკმაოდ საიტერესო უნდა იყოს, რათა უკეთ გავერკვეთ რას ნიშნავს ევროკავშირის ე. წ. “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა” (Austerity Measures) და როგორ შეიძლება ის მოერგოს საქართველოს ეკონომიკას მისი გამოყენების შემთხვევაში.

ფისკალური კონსერვატიზმი (ქამრების შემოჭერის პოლიტიკა) წარმოადგენს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად წარმოებულ პოლიტიკას (განსაკუთრებით წარუმატებელი ეკონომიკის შემთხვევაში), ხარჯების შეკვეცის ან საშემოსავლო გადასახადის ზრდის საფასურად, ან ორივე ერთად. კერძოდ, კრიზისის დროს, მთავრობამ შეიძლება გაზარდოს საშემოსავლო გადასახადები, ასევე ის ამცირებს კადრებს, ხელფასებს, სამუშაო საათებს, ასევე კვეცს სოციალურ სადაზღვეო პროგრამებს, ზრდის საპენსიო ასაკს, ახდენს სახელმწიფო რესურსების პრივატიზაციას, და ა.შ. სწორედ ასეთი პოლიტიკის გატარებას ითხოვს ევროკავშირი საბერძნეთის მთავრობისგან, რამაც შესაძლოა საბერძნეთის ევროპული მომავლის განსაზვრაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. და არა მარტო საბერძნეთის, 2017 წელს ბრიტანეთშიც გაიმარეთება რეფერენდუმი, რამაც უნდა გადაწყვიტოს მისი ევროკავშირში წევრობის საკითხი. მსგავსი პრობლემა შესაძლოა განიხილოს შვედეთის პარლამენტმაც. ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიისა და ზოგადად ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისი მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან თემაზე; ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ევროკავშირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა, გახდა ევროპული კრიზისის წარმოშობის საფუძველი, ასევე მის მიმართ სკეპტიკოსთა რიცხვის მატებისა და კავშირის ერთიანობის კითხვის ქვეშ დაყენების მიზეზი, რამაც თავის მხრივ რუსეთს მისცა ევროპის მანიპულირებისა და გაძლიერებული აგრესიული პოლიტიკის განხორციელების საშუალება.

არსებული პოლიტიკა დიდ ფინანსურ მოგებას აძლევს ასევე გერმანიას და მისი მოკავშირე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროკომისიას და ევროპის ცენტრალური ბანკს. მათი წარმატების ფორმულა კვლავ მკაცრი ქამრების შემოჭერის პოლიტიკაშია, რაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნების დასჯის ხარჯზე ხდება. პრობლემა გაუთვალისწინებლად გაცემული კრედიტი და შედეგად მიღებული გადაუხდელი ვალია. ბერძენი ხალხი უარს ამბობს, მათი ფინანსური შემოსავლის და რესურსების გასხვისებაზე და ითხოვს ვალის ჩამოჭრას, რაც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნებოდა. ბერძნები ხშირად გერმანიას მის წარსულსაც ახსენებენ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სახელმწიფო ვალი, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 675 პროცენტს შეადგენდა, თუმცა მოკავშირეები გერმანიას ისე არ მოექცნენ როგორც გერმანია დღეს უსწორდება საბერძნეთს და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პროგრამის თანახმად, გერმანიას ვალის 90 პროცენტი ჩამოეჭრა, რათა დაეძლია არსებული კრიზისი. უკვე მომდევნო 1950იანი წლებისთვის კი, ომში წაგებული გერმანიის ვალი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით გაცილებით დაბალი იყო ვიდრე გამარჯვებული ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისა და რომ არა ეს პროგრამა, როგორი ძლიერი ეკონომიკაც არ უნდა განევითარებინა გერმანიას, მისი მთელი შემოსავალი ვალის გადახდას დასჭირდებოდა და მისი მოსახლეობა სიღატაკის ზღვარს ვერ გასცდებოდა. სწორედ ასეთი სურათის წინაშე დგას დღეს საბერძნეთის მოსახლეობა, 5 ივლისის რეფერენდუმმა კი ცხადყო, რომ ბერძენ ხალხს არ სურს დარჩეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ პირობებში, რომელსაც მომავალი არ გააჩნია არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც დიდი ალბათობით მალე საბერძნეთის ბედს გაიზიარებენ. ტროიკას პოლიტიკამ გამოაშკარავა ევროკავშირში არსებული სტრუქტურული პრობლემა; ევროპის საერთო მონეტარული პოლიტიკა მოიცავს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ საერთო საპროცენტო განაკვეთს ევროზონის მთლიან ტერიტორიაზე, რაც ლოგიკურად იწვევს დისბალანსს და საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ სტაბილურობას. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები იმყოფებიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ყველასათვის დაწესებული საერთო ეკონომიკური პოლიტიკა უბრალოდ არ იმუშავებს და ადრე თუ გვიან ის აუცილებლად შექმნის ფინანსურ პრობლემებს.

დღეს, ის სოციალური თანასწორობის დემოკრატიული ფასეულობები, რომელზეც თავად ევროკავშირი იქნა დაფუძნებული, სტაგნაციას განიცდის და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. ეს პირობა კი, საქართველოსა და მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების შანსს, გახდეს დასავლური დემოკრატიის ნაწილი კიდევ უფრო ამცირებს. ფსევდო-დემოკრატიული რეჟიმის სტატუსი, რომელიც საქართველოს აქვს მინიჭებული, როგორც ჩანს, არც საქართველოს მთავრობისთვის, და არც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავაც არ გამხდარა ისეთი აქტუალური საკითხი, რომ მოხდეს არსებული რეალობის სათანადო შესწავლა და შეფასება. სანაცვლოდ, ბერძენი ხალხის არჩევანის, ხშირად არაკონსტრუქციულ კრიტიკას და მსგავს რიტორიკას, უფრო მეტი დრო ეთმობა. ასეთი ემოციური დამოკიდებულება კი პირდაპირ აისახება ჩვენს რეალობაზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG