Accessibility links

logo-print

აიოვას არჩევნები, რესპუბლიკელთა თვითხრწნა


ავტორი: დევი დუმბაძე

ჯებ ბუში ჩანდა გონივრულ კანდიდატად: აწონ-დაწონილი, პატიოსანი, ნეოკონსერვატორი — ზოგიერთ სოციალურ საკითხზე ნაკლებად მემარჯვენე. იმიგრაციას უფრო რბილად უყურებს. 12 მილიონი არალეგალური იმიგრანტის დეპორტაციას უარყოფს. სამაგიეროდ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაღებია. პუტინის რუსეთს მტრად მიიჩნევს, თუმცა მასთან საუბარსაც არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპი, პირიქით, პუტინს აქებს. პუტინმა დეკემბერში მას მოშხამული ქათინაური შემოუთვალა: ტრამპი “ძალიან კოლორიტულ და ნიჭიერ” პიროვნებად მოიხსენია. ტრამპს, რომელმაც ეს შეიფერა, თავის მხრივ, პუტინში ძლიერი კაცის ხელი იზიდავს. ტრამპის პოლიტიკა, საერთოდ, ნაციონალისტური და ნეოფაშისტური ელემენტებისაგან თავისუფალი არ არის.

თუმცა, ჯები შეუდარებლად სუსტია ტრამპის კრიტიკისას. კამპანიის დაწყებიდან, ტრამპს კანდიდატების უმრავლესობა ჯერ სერიოზულად არ აღიქვამდა, შემდეგ იწყნარებდა — არადა, ის თითოეულს პიროვნულად უტევდა. ბუშს “მცირე ენერგიის” მქონე უწოდა; ქართულად: “სლაბაკი”. ჯონ მაკკეინს საჯაროდ ლაფი ასხა: თუ ომის გმირია, მტერს როგორ ჩაბარდა? (მაკკეინი ვიეტნამის ომში წლების განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. როცა ცნობილი გახდა, რომ ის ამერიკელი ადმირალის შვლია, მას გათავისუფლება შესთავაზეს და ამაზე უარი თქვა. მპყრობელობაში მას აწამდებდნენ). მეტოქეების ასეთი გათითხნა ტრამპის რჩეულ რეპერტუარს ეკუთვნის.

ბუშმა ადრევე დაკარგა ინიციატივა. კამპანიებს შორის ყველაზე დიდი ფონდიდან, ყველაზე მეტი, 50 მილიონი დოლარი დახარჯა სარეკლამო რგოლებზე. ამაოდ. მისი “პოზიტიური” მიდგომა: რომ აუცილებელია 2012 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების მიერ დაკარგული აფრო-ამერიკელების, ლათინოსებისა და ქალთა ამომრჩეველთა ჯგუფების ხმების მოგება, ამომრჩევლებს, როგორც ჩანს, მხოლოდ მარგინალურად აღელვებთ. ცენტრში აღმოჩნდა — რაც ყველაზე მოულოდნელია ამ, თითქოს, ისედაც უჩვეულო წინასაარჩევნო რბოლაში — უპრინციპო დონალდ ტრამპი. თვით ტედ კრუზის მხარდაჭერამ, რომელმაც სახელი გაითქვა ისტებლიშმენტის წინააღმდეგ სენატში ნამდვილი კონსერვატიული პრინციპების ჯიუტი დაცვით, კლება იწყო — კონსერვატიულ აიოვას შტატშიც კი.

ვითარება სწრაფად შეიცვალა სამხრეთ კაროლინის დებატების შემდეგ. აქ ტრამპმა კრუზს ის დააბრალა, რომ მას, როგორც კანადაში დაბადებულ ამერიკის მოქალაქეს, არ აქვს უფლება, გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. ამერიკის კონსტიტუციით, პრეზიდენტობა შეუძლია მხოლოდ “ბუნებრივად დაბადებულ მოქალაქეს” — არა დაბადების შემდეგ ნატურალიზებულს. თუმცა, კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს ზუსტად ეს ტერმინი. უმრავლესობა კონსტიტუციონალისტ-იურისტებისა თვლის, რომ საკმარისია ერთ-ერთი მშობელი იყოს ამერიკის მოქალაქე; დაბადების ადგილი — ამ შემთხვევაში, კანადა — უმნიშვნელოა. ტრამპს და მის მრავალრიცხოვან მომხრეებს სწორედ ამაში შეაქვთ ეჭვი. კრუზს ცილს სწამებენ, რომ ის, ფაქტობრივად, კანადელია (მან მხოლოდ 15 თვის წინ უკუაგდო კანადის მოქალაქეობა, მანამ ორმაგით სარგებლობდა). ეს აგულიანებს ტრამპის ნაციონალისტ მხარდამჭერებს.

კრუზის კონტრშეტევა თანმიმდევრული იყო. მან წინა პლანზე ტრამპის ლიბერალური წინაისტორია წამოწია. ათწლეულების განმავლობაში, შემოწირულობებით თუ გამოსვლებით, ტრამპი ემხრობოდა დემოკრატებს. კონსერვატორთა პრინციპები: კონსტიტუციონალიზმი, პიროვნული თავისუფლება და შემცირებული მთავრობა (“გირჩი”!), ტრამპისთვის მხოლოდ ნომინალურად წარმოადგენს ღირებულებებს. ყველაზე ქმედითად კრუზი მას იმაში აკრიტიკებს, რომ კონსერვატორის მანტია მხოლოდ კამპანიაში ჩართვის შემდეგ მოირგო. თავის პოზიციებს ტრამპი ხშირად იცვლის. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის დემოკრატებთან უფრო შეხმატკბილებულად ითანამშრომლებს, ვიდრე ნებისმიერი რესპუბლიკელი.

არჩევნებში ამ რეალობას ტრამპი რადიკალური განცხადებებით ფარავს. კამპანია ანტი-მიგრანტული ტირადებით დაიწყო, მექსიკელები “სექსუალურ მოძალადეებად” ლანძღა და ამერიკაში მიგრაციის რელიგიური ნიშნით რეგულირება მოითხოვა: ყველა მუსლიმისათვის შემოსვლის აკრალვა, არა მარტო რადიკალური ისლამისტი ჯიჰადისტების თუ საეჭვო პირებისთვის.

ტრამპმა კრუზს საგრძნობი დარტყმა მაშინ მიაყენა, როცა სარა პეილინმა მისი ოფიციალური მხარდაჭერა გამოაცხადა. ალასკას ყოფილი გუბერნატორი კონსერვატორთა დიდი სიმპატიებით სარგებლობდა, მას შემდეგ რაც, წააგო რა მაკკეინთან ერთად 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კონსერვატორთა “თი პარტის” მოძრაობის ერთ-ერთ დამაარსებლად იქცა. მარკო რუბიო, კრუზი, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰეილი — ყველამ პეილინის ლობირებით მოიგო არჩევნები. ახლა მან კონსერვატორებს ზურგი აქცია. ამით პეილინმაც და ტრამპმაც გავლენიანი კონსერვატიული რადიოწამყვანების მარკ ლევინის და რაშ ლიმბოს მათ მიმართ კრიტიკის გამწვავება გამოიწვია. ქრისტიან-კონსერვატორმა გლენ ბეკმა, ტელეკომპანია The Blaze-ის დამფუძნებელმა, საპასუხოდ პირველად გამოაცხადა კრუზის პრეზიდენტობის მხარდაჭერა.

თუმცა, ეს არ ჩანს საკმარისი კონსერვატორების გასაძლიერებლად. ტრამპის პოზიცია გამოკითხვებში უფრო და უფრო უმჯობესდება, აიოვასა და ნიუ-ჰემფშირის შტატების ჩათვლით. ცხადი ხდება, რომ აიოვას მოგების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ტრამპის ნომინაციის შეჩერება შეუძლებელი გახდება.

ამან გამოიწვია კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი. უილიამ ფ. ბაკლის, რონალდ რეიგანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის მიერ 60 წლის წინ დაარსებული ჟურნალი National Review-ს გამომცემლებმა სპეციალური გამოშვება გამოაქვეყნეს — მარტივი სათაურით: “ტრამპის წინააღმდეგ.” “ნეშენალ რევიუ” ტრამპის განჯადოებას ცდილობს, მის მიმართ ანტიპატია კი უკვე კანდიდატობის გამოცხადებამდე ჩანდა. ახლა The Weekly Standard-ის რედაქტორი ბილ კრისტოლი, გლენ ბეკი, ლიბერტარიანული კატონის ინსტიტუტის პრეზიდენტი დევიდ ბოაზი, ჯონ პოდჰორეცი და მაიკლ მედვედი Commentary-დან — სულ 22 მნიშვნელოვანი კონსერვატორი კომენტატორი, არა პოლიტიკოსი, ერთხმად ასაბუთებს, თუ რატომ იქნებოდა თავზარდამცემი ტრამპის ნომინანტობა.

რთულია ამ კუთხით მათთან არ დათანხმება. ტრამპის მთავარი ძალა ეკონომიკური კრიზისით და ამერიკის საერთაშორიო ასპარეზზე სავარაუდო დაღმასვლით მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულ შიშზე აპელირებაა. რაციონალური მის ლოზუნგებში ცოტაა. ისინი განდევნილი ლტოლვების აღგზნებას ისახავენ მიზნად. ობამა-კლინტონის პოლიტიკას ტრამპი მხოლოდ ზედაპირულად და მეტწილად წინააღმდეგობრივად უტევს.

მაგალითად, ირანთან გარიგებას, რომელიც როგორც ამერიკის, ისე ისრაელის ახლო აღმოსავლეთში პოზიციებს საგრძნობლად აუარესებს, ირანის თეოკრატიულ რეჟიმს კი დაუმსახურებელ ლეგიტიმაციას ანიჭებს — ამასთან, 100-დან 150 მილიარდ დოლარამდე უბრუნებს და ურანის გამდიდრებას, საბოლოოდ, არც კი უკრძალავს — ტრამპი არ ეწინააღმდეგება. როცა დასჭირდა, იგი კრუზთან და ბეკთან ერთად ამ გარიგების წინააღმდეგ ვაშინგტონში გამართულ მსხვილ დემონსტრაციას შეუერთდა. გარიგებას “ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კონტრაქტი” უწოდა, “რაც კი მინახავს.”

თუმცა, ტრამპი ირანთან მხოლოდ უკეთესი გარიგების მიღწევას აპირებს — მაშინ, როცა ირანთან მიმართებით რეგიონში უკვე ახალი სტატუს-კვო ყალიბდება. გარიგება კი, სავარაუდოდ, არა მარტო ისრაელს, არამედ, საქართველოსაც უქმნის ახალ საფრთხეს. ის ირანს, რეგიონში ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს, ჰეგემონის პოზიციის დამკვიდრების პერსპექტივას უხსნის. ირანი, სირიის გავლით, რუსეთის მოკავშირეა. ის, რომ ეს საქართველოს მომავლისთვის კარგის მომასწავებელი ვერ იქნება, ცხადი ჩანს. საქართველოს, ერთის მხრივ, რუსეთთან, მეორეს მხრივ კი ირანთან, ყველაზე მძლავრად ის კლერიკალიზმი აერთიანებს, რომლის პოლიტიკურ აღზევებასაც “ქართული ოცნება” უწყობს ხელს.

აიოვას წინასწარი არჩევნები ცნობილია თავისი მოულოდნელობებით. შესაძლოა, კრუზმა, ან სულაც სხვა, ისტებლიშმენტის კანდიდატმა — ეს კი მხოლოდ რუბიო შეიძლება იყოს ­— ტრამპს მაინც აჯობოს. თუმცა,რესპუბლიკელებმა, თუ ასე გაგრძელდა, როგორც ჩანს, თავად გაითხარეს ამ არჩევნებში სამარე. სახელმოხვეჭილი “ნეშენალ რევიუ” ტრამპს, როგორც იქნა, კი ასწორებს მიწასთან, მაგრამ არც ერთ სხვა კანდიდატს არ უჭერს ცალსახად მხარს. კრუზის მიმართ კი, მისი შეუპოვრობის გამო, დღემდე ზიზღითაა განწყობილი რესპუბლიკელი სენატორიების და კონგრესმენების დიდი ნაწილი. აიოვას გუბერნატორი საჯაროდაც კი მოუწოდებს ამრჩევლებს, არ მისცენ მას ხმა. ხოლო, ბუშს, კეისიკს, კრისტის ან რუბიოს კვლავაც დიდი შანსები არ უჩანთ.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ ტრამპი აიოვაში, შემდეგ ნიუ-ჰემფშირშიც გაიმარჯვებს და შედეგად ნომინაციასაც მოიპოვებს, მის წინააღმდეგ როგორც დემოკრატების, ისე დამოუკიდებელ ამომრჩეველთა განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა დაირაზმება. დემოკრატებზე აქ იმის თქმა იყოს საკმარისი, რომ მათი საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ მართლაც თავზარდამცემია.

არ არის გამორიცხული, რომ აიოვას ამომრჩევლები სწორედ ტრამპის ელიტებთან სიახლოვის, სულ უფრო მეტი ისტებლიშმენტი-რესპუბლიკელის მხარდაჭერის გამო მას ხაზს გადაუსვამენ. 1-ლ თებერვალს — რაც არ უნდა უნცაური ჩანდეს ეს — საქართელოს მომავლისთვის ბევრი რამ ამერიკის შუა დასავლეთის ამ სიმინდის ყანებით ცნობილ შტატში წყდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG