Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის ქვეყნის სათავეში და ახალი სახელმწიფო იდეოლოგიის დეკლარირება ხდება, ასეთი ახალი ხელისუფლება ცდილობს რაღაც შეცვალოს, შესაძლოა დაანგრიოს კიდეც, რათა შემდეგ ააშენოს, ან მხოლოდ დაანგრიოს. ერთი სიტყვით, ცდილობს საკუთარი დამღა დაასვას ეპოქას, ისტორიაში შევიდეს, კვალი დატოვოს. როგორც გსურთ, ისე უწოდეთ. ამასთან, ცვლილებებს ნიშანი დადებითიც შეიძლება ჰქონდეს და უარყოფითიც. ასეთი იყვნენ ფაშისტები და ასეთი იყო პოლონეთის „სოლიდარობაც“.

თუკი ახალმოსული ხელისუფლება ამ ყველაფერზე უარს ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მნიშვნელოვანწილად (თუ სრულად არა) იზიარებს წინამორბედის მიდგომას სახელმწიფოს მართვისადმი და მისი მოსვლა მხოლოდ ე.წ. დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ასეთია ხელისუფლება დღევანდელ ე.წ. განვითარებულ სახელმწიფოთა უმეტესობისა.

საინტერესოა რა შედეგს ვიღებთ, როდესაც რაიმე ძალა, როგორც არსებული ხელისუფლების ცვლილების, ასევე რეფორმების მოთხოვნით გამოდის, ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერს ხელუხლებლად ტოვებს. ასეთი მდგომარეობაა შექმნილი დღეს ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება („ქართული ოცნება“) თითქმის მესიანური ხსნის ლოზუნგით („საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაში; სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც მისი წინამორბედი იმყოფებოდა მსგავსი ამბიციისგან შორს) მოვიდა ქვეყნის სათავეში, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო სისტემებმა და სტრუქტურებმა ისევე განაგრძეს მოქმედება, როგორც მოქმედებდნენ. არანაირი ძირეული, რეფორმატორული ცვლილება არ შეინიშნება სახელმწიფო მოღვაწეობის არც ერთ სფეროში, თუმცა პროგრამის 12-პუნქტიანი პრეამბულა ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყებას, კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ა.შ. ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ხედვით მდგომარეობა საგანგაშო გახლდათ, ხოლო მისი გამოსწორება ძირეულ ცვლილებებს საჭიროებდა. შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ იმდროინდელი მდგომარეობის შეფასება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს. შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელთა შესახებ საუბრობდა კოალიცია, ადგილი არ აქვს. რამდენადაც შორს იყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა, ისევე შორს არის; როგორც იყო ჯანდაცვა და განათლება ხელმიუწვდომელი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ისევეა; რამდენადაც მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყნის საზღვრები, ასევე მოწყვლადია; როგორც შიმშილობდა და იქექებოდა საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა ნარჩენებში, ისევე განაგრძობს; როგორიც იყო ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ისეთივეა და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლების მიერ შეცვლილი კონსტიტუცია, სახელმწიფო ატრიბუტიკა, აქტივები, სისტემები, პროცესები, ქვეყნის სვლის ვექტორი და იმავე გზით განაგრძო.

ვინაიდან ძირეულად არაფერი შეცვლილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიედ, იზიარებს წინამორბედის მიდგომას სახელმწიფოს მართვისა და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირებისადმი და, აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ, მიუხედავად დეკლარირებისა, ცვლილებები არ წარმოადგენს ამ ხელისუფლების პრიორიტეტს; ხოლო რადგან ძირეულად არაფერი შეცვლილა, მათი აუცილებლობა კი ორივე მიმართულებით (როგორც ხელისუფლების, ასევე სახელისუფლებო სისტემების) დეკლარირებული იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ მიზანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა იყო და არა სახელისუფლებო სისტემის ან პროცესებისა; ან მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამდენად, მოქმედმა ხელისუფლებამ მიზანს უკვე 2012 წელს მიაღწია. ახალი მიზნის ფორმირება კი, მცდელობის მიუხედავადაც, ვერ მოხდება. ამას შესრულებული მისიის განცდა უშლის ხელს. შესაბამისად, არსებული ხელისუფლებისგან მხოლოდ ისეთ აქტივობას უნდა ველოდოთ, რასაც ინერციის ძალა განაპირობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შინაგანი ენერგია არ გააჩნია. შედეგი უძრაობაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG