Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროინტეგრაცია - საქართველოს ეკონომიკის კოლაფსის თუ განვითარების წინაპირობა?


ავტორი: ელენე ცხომელიძე

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური თამაშისა სამხრეთ კავკასიაში, საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს ერთი შეხედვით ისეთი ამბიციური ნაბიჯის გადადგმა,როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა. ამ პროცესის საპირწონედ კრემლის პროპაგანდაც გააქტიურდა. დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გარშემო შექმნილი მითების გავრცელება და მისი რეალური ფაქტებით დამსხვრევაა.

ერთ–ერთი ყველაზე საყურადღებო მითი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად ქართული ბაზრის განვითარების შეფერხებას უკავშირდება. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, თითქოს საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიები შეწყვეტენ არსებობას, სტანდარტების ზრდასთან ერთად ისინი დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას ევროპულ კომპანიებთან შედარებით.ამასთან ერთად, ქართული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე შემცირდება, ხოლო იმპორტი გაიზრდება, ეს კი ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლებას გამოიწვევს.

მოსახლეობაში გაჩნდა შიში, თითქოს ევროკავშირიდან შემოსული პროდუქტს საქართველოში წარმოებული საქონელი ვერ გაუწევს კონკურენციას, ამას ემატება ევროკავშირში დამკვიდრებული მაღალი სტანდარტები და რეგულაციები, რომლებსაც საქართველოს ბაზარი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნული ვითარების განხორციელების შემთხვევაში მართლაც მოსალოდნელია საქართველოში წარმოებისა და ბიზნეს კომპანიების გაქრობა, ასევე ექსპორტის შემცირება. თუმცა მოცემული დასკვნების გაკეთებამდე აუცილებელია იმ შესაძლებობების ანალიზი, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს.

პირველ რიგში მოცემული სცენარის განვითარებას უარყოფს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ეს თავის მხრივ წარმოებისა და ქვეყნის შიგნით არსებული კომპანიების გაძლიერებას გამოიწვევს. მაგალითად „East Invest”-ის პროგრამა კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ევროკავშირის ბიზნესწრეებთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად. გარდაასოცირების ხალშეკრულებით გათვალისწინებული დახმარებისა, ევროკავშირთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს ბაზრის პრესტიჯის ზრდას, რაც ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. ევროკავშირის სტაბილური და 500 მილიონიანი ბაზარი, რომლის ნაწილი საქართველოც იქნება, მიმზიდველია ინვესტორთათვის. დაფინანსების ზრდასთან და ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად მოხდება წარმოებული პროდუქციის ხარისხის ზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

რუსეთის დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს ევროკავშირში მაღალი სტანდარტებისა და რეგულაციების არსებობა. როგორც უკვე ავღნიშნე საქართველოში წარმოებული პროდუქცია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში ვერ აკმაყოფილებს მოცემულმოთხოვნებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ DCFTA-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რათა საქართველომ უზრუნველყოს საკუთარი კანონმდებლობისა და საწარმოო სტანდარტების დაახლოვება ევროპულთან. ეს გამორიცხავს ბაზრის მოთხოვნების მყისიერ ცვლილებას და საფრთხეს საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას სტანდარტების დაკმაყოფილებაში საწარმოო პროდუქტების, საჯარო შესყიდვებისა და მომსახურების რეგულირების სფეროში 8 წლიან პერიოდში, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული. 2011-2013 წლებში საქართველომ უკვე მიიღო 180 მილიონიანი დახმარება ევროკავშირისაგან რეფორმების გასატარებლად.

ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია ევროკავშირში გაწევრიანებული პოსტ საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვა, რათა ნათელი გახდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის სარგებელი. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდნენ, რასაც სამივე ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მოჰყვა. ამის კარგი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ), რომელიც ესტონეთში 102 %, ლიტვაში 133%, ხოლო ლატვიაში 153%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნია ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ ხელი შეუწყო მოცემული ქვეყნების წარმოების განვითარებას. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გაწევრიანების შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა: ესტონეთში 62.5%-ით, ლატვიაში 58%-ით, ხოლო ლიტვაში 36%-ით. მოცემული ვითარება გვაჩვენებს, რომ მიუხედავად მაღალი სტანდარტებისა და ევროკავშირში პროდუქციის მაღალი ხარისხისა ინტეგრაციის შედეგად სახელმწიფოები დიდ სარგებელს ნახულობენ და არა დანაკარგს.

გასათვალსიწინებელია ასევე ის ვარაუდები, რომლებიც “Ecorys”-ისა და „CASE”-ის 2012 წლის კვლევებმა აჩვენეს. მათი ინფორმაციით, საქართველოს არათუ შეუმცირდება ექსპორტი, არამედ საგრძნობლად მოემატება. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო იმპორტის 4.4%-ით გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ექსპორტის 12%-იან, ხოლო იმპორტის 7.5%-იან ზრდას უნდა ველოდოთ. ამ მიმართულებით რიგი ცვლილებები უკვე ნათლად შესამჩნევია. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის მიხეილ დუნდუას თქმით, 10 თვის მაჩვენებლით სუფთა ექსპორტი 20%-ითა არის გაზრდილი, ისევე როგორც იმპორტის რაოდენობა. იმპორტის ზრდა არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, რადგან ეს შედეგი ზუსტად ექსპორტის ზრდის შედეგია. აღნიშნულს მარტივი ახსნა აქვს: იმპორტის მაჩვენებელი ვერ გაიზრდება, თუ საზოგადოებაში ფული არ ტრიალებს, საიმპორტო შესყიდვებს ხომ ზუსტად მოსახლეობა ახორციელებს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში გაიზარდა თხილისა და ღვინის ექსპორტი, მოსახლეობის შემოსავალმაც პარალელურ რეჟიმში მოიმატა, რის შედეგადაც მას გაუჩნდა შესაძლებლობა უცხოური პროდუქციის შეძენისა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაზრდილი იმპორტი პირდაპირპროპორციულია ექსპორტის ზრდისა.

ზემოთგანხილული ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების სისტემის დამკვიდრება როგორც ქართული კომპანიებისა და პროდუქციის ურყეობას შეუწყობს ხელს, ისე კონკურენტუანარიანს გახდის მას მსოფლიო ბაზარზე. იმის მტკიცება კი, თითქოს ევროპული პროდუქციის იმპორტი ქართულს ჩაანაცვლებს სრულიად გაუმართლებელი ბრალდებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ 2013 წელს ევროკავშირში გაწევრიანებული ხორვატია, რომლის ექსპორტიც ზუსტად მსგავსი ვარაუდების მიხედვით, ხორვატიის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით ერთი წლის თავზე 12.1%-ით გაიზარდა.

მოცემული ვითარების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ პერსპექტივაში ევროკავშირთან ინტეგრაცია გაზრდის ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ბიზნეს კომპანიების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, რეფორმების საშუალებით ეკონომიკის რამდენიმე სექტორის მოდერნიზებას, რაშიც საქართველოს ევროკავშირიც დაეხმარება, ამასთან ექსპორტის გაზრდას ევროკავშირის ძალიან დიდ ბაზარზე. მითი, თითქოს ევროკავშირთან ასოცირება ქართული ბაზრის გაქრობის მომასწავებელია, დაანგრია იმ რეალურმა ფაქტებმა, რომლებიც აშკარა პოტენციურ სარგებელზე მიანიშნებენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG