Accessibility links

logo-print

პარლამენტის არჩევნების სასურველი (გერმანული?) მოდელი


ავტორი: გაგა ჩხეიძე

25 წელია, უკეთესი საქართველოს მოლოდინში პატიოსნად მივდივარ ხოლმე არჩევნებზე, იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლების, თუ საქართველოს პარლამენტის. ჩემი მოყვანილია ყველა მთავრობა, და ჩემივე გაშვებული. სიმართლე გითხრათ, დამღალა ჩამოუყალიბებელმა პოლიტიკურმა სისტემამ, დამღალეს არაპროფესიონალმა პოლიტიკოსებმა. ასეთი შეგრძნება აქვს ალბათ ბევრ ამომრჩეველს, რომელიც ირჩევს მემარჯვენე პარტიას, და აღმოჩნდება, რომ მემარცხენე აურჩევია. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ თვითონ ვერ ერკვევა თავის ღირებულებებში, არამედ პარტია ვერ გარკვეულა თავად, რას გვპირდება, ან რა ჩაწერა თავის საარჩევნო პროგრამაში.

არადა პარტია არის დემოკრატიულ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი. მსოფლიო ჯერჯერობით არ იცნობს ალტერნატივას.

დღეს რიგითი ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა არის ძლიერი, სტრუქტურულად გამართული, მომავალზე ორიენტირებული და საკუთარი ღირებულებების ერთგული პარტიების მშვიდობიანი პაექრობა.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მსხვილი პარტიების ჩამოყალიბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ამომრჩეველი ვერასდროს იტყვის ევროპელთათვის ჩვეულ ფრაზას: "მე ტრადიციულად ვარ სოციალ-დემოკრატების ამომრჩეველი", ან ლეიბორისტების, ან რესპუბლიკელების ან სახვა რომელიმე პარტიის.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მომსწრე ვართ იმისა, რომ გაერთიანების და გაძლიერების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ახალი პარტია და პოლიტიკური ძალა ჩნდება, უმეტეს შემთხვევაში ერთი ქარიზმატული პიროვნების ინიციატივით. შესაბამისად კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება ამომრჩევლისთვის პარტიული ლანდშაფტი და განუჭვრეტელი - მათი პოტენცია და შესაძლებლობები.

არადა, 25 წლის განმავლობაში თითქოს უნდა "დაღვინებულიყო" პოლიტიკური სისტემა, პარტიების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო და პარლამენტში 6-7 ძლიერი პარტია შესულიყო. მაგრამ ეს არ მოხდა, და ალბათ არც მოხდება, თუ გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგა არსებული ვითარების შესაცვლელად.

თითქმის ყველა საპარლამენტო პარტიას, მათივე განცხადებით, სურს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა. ქართულ ოცნებას, ნაცმოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს და სხვა პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა რომ ზოგად სასურველ პრინციპად გამოეცხადებინათ და შესაბამისი კანონპროექტით შესულიყვნენ პარლამენტში, ეს იქნებოდა ამ ეტაპზე ძალიან დადებითი ცვლილება, რომელსაც უმრავლესობა ალბათ მხარს დაუჭერდა. ვგულისხმობ საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. ამისათვის საარჩევნო კოდექსის 114-ე მუხლის შეჩერება იქნებოდა საჭირო. ცალ-ცალკე ძალების მოსინჯვის სურვილმა პარლამენტის გარეთაც გაიჟღერა, მაგალითად ლეიბორისტულ პარტიაში, პატრიოტთა ალიანსში, ანუ პარტიებში, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი აქვთ. ორი წამყვანი პოლიტიკური ძალის დასუსტების პირობებში სხვა პარტიებსაც გაუჩნდათ მსგავსი ამბიციები. როგორც ჩანს, ამის მოთხოვნილება ლოგიკურად გაჩნდა, და შესაბამისი ცვლილება უცებ მოაცილებდა პარლამენტს წვრილ პარტიებს. ეს დიდი დარტყმა იქნებოდა ისეთ პარტიებზე, რომელთა სახელწოდებები არ გვახსოვს, მაგრამ რომელთა ლიდერებს შესანიშნავად ვცნობთ ტელეეთერებში მათი გაუთავებელი წუწუნით საარჩევნო სისტემის არასრულყოფილების თემაზე. ამ დარტყმის გასანეიტრალებლად შესაძლებელი იქნებოდა ბარიერის დაწევა 3%-მდეც კი. ამ ცვლილებას უეჭველად ექნებოდა ერთი დიდი პლუსი: პარტიები არა ერთმანეთთან სირბილით და ურთიერთობის გარკვევით დაკავდებოდნენ, არამედ პროგრამებზე მუშაობით და ამომრჩევლამდე მათი მიტანით. ყველა პარტია ჩადგებოდა ერთნაირ პირობებში და საარჩევნო გარემო ავტომატურად გაუმჯობესდებოდა. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის აუცილებლობა ალბათ გამოიწვევდა პარტიების შეერთებას ერთი და იგივე იდეოლოგიური პლატფორმის საფუძველზე.

კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ცვლილებას რამდენიმე მცირე მოთხოვნაც დაემატებოდა, მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენში კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების სახელისა და გვარის მოხსენიების აკრძალვა, შედეგად, ბიულეტენში არ გვექნებოდა მსგავსი ჩანაწერი: "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა. ერთიანი საქართველო".

აშკარაა, ზემოთ აღნიშნული ცვლილების მიღებას პარლამენტი არ აპირებს. ის დღეს დეპუტატთა არჩევის ორი ძირითადი პრინციპის განხილვითაა დაკავებული. ოპოზიციას სურს მაჟორიტარული პრინციპის გაუქმება, ხოლო ხელისუფლებას - მისი შენარჩუნება წლევანდელ არჩევნებზე. ამ დისკუსიის დროს ვიღაცას გაახსენდა "გერმანული მოდელი", რომელიც უზრუნველყოფს პარტიების პროცენტულ წარმომადგენლობას პარლამენტში, პარტიულ სიას კი უპირველესად მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებით აკომპლექტებს. გერმანულ მოდელს სხვა არც თუ უმნიშვნელო ნიუანსები აქვს, რომლებზე მსჯელობა პირადად მე ჯერჯერობით არ მომისმენია. ყველა ეს ნიუანსი იქითკენ არის მიმართული, რომ დააბალანსოს პარტიული წარმომადგენლობა, და არ მისცეს რომელიმე პარტიას საშუალება, ბუნდესტაგში შეიყვანოს არაპროპორციულად დიდი რაოდენობის დეპუტატები.

პროპორციული სისტემა, რომელზე გადასვლას პარლამენტი 2020 წლის არჩევნებზე აპირებს, თავისთავად ძალიან მარტივი სისტემაა, რომელიც ავტომატურად მოხსნიდა დაბალანსების აუცილებლობას.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, დღესდღეობით ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის სახით. მაჟორიტარ დეპუტატებს უამრავ ბრალდებას უყენებენ, და არც თუ უსაფუძვლოდ. სწორედ ამიტომ პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემა. ამ ეტაპზე მთლიანად გაუქმება ალბათ არ იქნება სასურველი, რაოდენობის შემცირება - კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსგან განსხვავებით გერმანია ფედერაციული სახელმწიფოა დიდი ადმინისტრაციული ერთეულებით, სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრებით, რომელიც ხარისხობრივად გაცილებით მაღალია ქართულთან შედარებით. ჩვენს სინამდვილეში სრულებით საკმარისი იქნებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან (და არა მუნიციპალიტეტიდან) ერთი დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით. ასეთ შემთხვევაში გურია, მაგალითად, სამ დეპუტატს კი არ წარადგენდა, არამედ ერთს მთლიანი რეგიონიდან. საერთო ჯამში საქართველოს ეყოლებოდა 12 მაჟორიტარი დეპუტატი და 138 - პროპორციული წესით არჩეული. ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულებიდან დეპუტატების არჩევა სავსებით ორგანულად დაემატებოდა არჩევნების პროპორციულ სისტემას.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი შერეული მოდელი გაამართლებდა ქართულ სინამდვილეში.

ჩემს ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს უხეში არითმეტიკული გაანგარიშება. 80 მილიონიანი გერმანია დაყოფილია 299 საარჩევნო ოლქად, თითოეულ ოლქში საშუალოდ 267 559 ამომრჩეველია. იგივე ციფრზე რომ გავყოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით 13-ს მივიღებთ. ამ რაოდენობის მაჟორიტარი დეპუტატი ლოგიკური იქნებოდა საქართველოს პარლამენტისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG