Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მითები ზვიად გამსახურდიას შესახებ


ავტორი: გიორგი არქანია

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე „საკამათო“ პიროვნება უდავოდ ზვიად გამსახურდიაა - მწერალი, მეცნიერი, მთარგმნელი, დისიდენტი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. წლების განმავლობაში ამ ადამიანის შესახებ უამრავი ჭორი თუ მცდარი მოსაზრება ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში მითების სახით მყარად დამკვიდრდა. საჭიროდ ჩავთვალე, მოკლედ გავაანალიზო რამდენიმე მათგანი, მითუმეტეს, რომ მოვლენების უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ (დავიბადე 1995 წელს) და მკითხველი სუბიექტურობას ვერ დამწამებს.

მითი1. ზვიად გამსახურდიამ დისიდენტური საქმიანობა მოინანია

გამსახურდიაზე საუბრისას ხშირად იხსენებენ მის ცნობილ „მონანიებას“. 1978 წელს ქართული ეროვნული მოძრაობის ორი ლიდერი - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ დააპატიმრეს. ორივეს ქვეყნიდან შორს და დიდხან გადასახლება ემუქრებოდა, რაც არათუ დააზარალებდა ეროვნულ მოძრაობას, არამედ სიცოცხლისუნარიანობასაც დაუკარგავდა მას. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, ზვიად გამსახურდიამ წარმოსთქვა „მონანიების“ ტექსტი და სინანული გამოხატა გარკვეული დისიდენტური მატერიალების გავრცელების გამო. საბჭოთა ხელისუფლებამ და გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა ბანაკმა „მონანიების“ ჩანაწერი შემდგომში მრავალჯერ გამოიყენა მისი ავტორიტეტის შესალახად.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1987 წლის მაისში, მერაბ კოსტავამ განაცხადა: „ამ ყველაფრის შესახებ სიმართლე ჩემზე უკეთ არავინ იცის... სასამართლოზე ზ.გამსახურდია არ უარყოფდა და არ ინანიებდა უფლებათა დამცველის პატრიოტულ საქმიანობას, რაც ჩანდა მის სტატიებში ქართული ეკლესიის, ქართული ენის, კულტურული ძეგლების, პატიმართა მდგომარეობის შესახებ, ასევე საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტებსა და განცხადებებში... სასამართლოზე ზვიად გამსახურდიამ შეცდომად აღიარა და მოინანია მხოლოდ ზოგიერთი მატერიალის გამრავლება და გავრცელება, რომლებიც არ ეკუთვნოდა მის კალამს; მაგრამ პრესამ საქმე წარმოაჩინა ისე, თითქოს, მან უარი თქვა თავის ძირითად საქმიანობაზე. სინამდვილეში ის მხოლოდ რამდენიმე მცდარ ქმედებაზე საუბრობდა. მან „მოინანია“ არა როგორც უფლებათა დამცველმა, არამედ როგორც გამომცემელმა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქმესთან გაცნობის მიზნით შემდგარი შეხვედრების დროს ჩვენ წინასწარ შევთანხმდით. სასამართლოზე ჩემი უკომპრომისო პოზიცია (მე თავი დამნაშავედ არ ვცანი) და ზ. გამსახურდიას ნაწილობრივ კომპრომისული პოზიცია იყო ჩვენს შორის წინასწარ შეთანხმებული და მიზანმიმართული. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ დევნილობაში მყოფი ზ. გამსახურდია პრეზიდიუმს გაუგზავნიდა თხოვნას განთავისუფლებისა და საქართველოში ჩემზე ადრე დაბრუნების შესახებ, რაც აუცილებელი იყო ჩვენი საერთო საქმისათვის, ჩვენი დანარჩენი მოთხოვნების შესრულებისა და პატრიოტული ძალების დარეგულირებისათვის. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ზ. გამსახურდიამ ეს ყველაფერი შეასრულა და გათავისუფლების შემდეგ უფლებათა დამცველის საქმიანობა გააგრძელა.

ზვიად გამსახურდიას ნაბიჯს და მის პოზიციას არამხოლოდ ვამართლებ, უფრო მეტიც - იმ სიტუაციაში ვთვლი მას აუცილებლად. ის, ვინც თავის სიცოცხლეს სწირავდა სიმართლისა და სამშობლოსათვის, მსხვერპლად გაიღო თავისი თავმოყვარეობა, რაც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირველი მსხვერპლი“.

მოწინააღმდეგეები გამსახურდიას საკმაოდ პარადოქსულად უდგებიან, ერთი მხრივ უწუნებენ მსგავს ტაქტიკურ ნაბიჯს, მეორე მხრივ კი ბრალს სდებენ სიხისტესა და რადიკალიზმში. რაც მთავარია, ყველაზე მეტად მას აკრიტიკებდნენ ის ადამიანები, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თავს საკმაოდ კომფორტულადრომ გრძნობდნენ!

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1978 წელს გამსახურდია პირველად და უკანასკნელად არ დაუკავებიათ - დისიდენტური საქმიანობისათვის მას არაერთხელ მოუხდია სასჯელი. პირველად დააპატიმრეს 1956 წელს მერაბ კოსტავასთან, გურამ დოჩანაშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისათვის. მაშინ ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო.

მითი 2. ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“ და ის დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებდა ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.

დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, თუმცა, მას არც ერთ განცხადებაში, არც ერთ მიტინგზე მსგავსი ფრაზა არ გამოუყენებია. სინამდვილეში ეს მოწოდება გიორგი ჭანტურიას „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის“ პროგრამულ დოკუმენტში ეწერა. ჭანტურია მაშინ განმარტავდა, რომ „საქართველო ქართველებისათვის“ არ იყო ეთნიკური უმცირესობების საწინააღმდეგო ლოზუნგი. ვითარება ისე შეიცვალა, რომ მან და მისმა მომხრეებმა ეს ლოზუნგი გამსახურდიას „გადაულოცეს“ და იგი სხვა ეთნოსების მტრად მონათლეს. 1990 წლის ივლისში, პრაღაში ჩატარებულ დისიდენტთა და უფლებათა დამცველთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს „რეზოლუცია #24 საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების შესახებ“. მასში ჩაიწერა: „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში გამოიყო ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც დგას ეროვნული შეუწყნარებლობის, ანტიდემოკრატიზმისა და ეთნოსთა შორის არსებული პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის პოზიციაზე. გამსახურდიას ალიანსის ქმედებები ეწინააღმდეგება ჰელსინკის შეხვედრის შემაჯამებელ აქტში ფორმულირებულ საერთაშორისო ნორმებს ადამიანის უფლებათა შესახებ“. ეს ინფორმაცია კონფერენციას გამსახურდიას მოწინააღმდეგე ქართველმა დისიდენტებმა (გ. ჭანტურია, ი. სარიშვილი, ძმები გუდავები) მიაწოდეს.

„ქართველი დემოკრატების“ ასეთმა საქმიანობამ, თვრამეტი წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უფრო დიდი აბსურდი ათქმევინა: „1991 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ ლოზუნგით „საქართველო ქართველებისათვის“ ბრძანა სოხუმისა და ცხინვალის შტურმი. ათასობით დაღუპული, ათი ათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები - აი, ამ ყველაფრის შედეგი“ - ამ ციტატის სერიოზულად აღქმა წარმოუდგენელია; რუსეთის პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში სოხუმზე და ცხინვალზე არანაირი შტურმი არ განხორციელებულა, უბრალოდ ხომ უნდა გაემართლებინა „ქართველების მიერ ჩაგრული“ აფხაზების და ოსების „დაცვა“?!

სახალხო ფრონტის ყრილობაზე ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: „საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არეკლილი ამ პროგრამაში და კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს და ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის“. გამსახურდიას საქმიანობა მიმართული იყო ქართველი ერის უფლებების დაცვისაკენ, მაგრამ ეს არ გულისხმობდა სხვა ეთნიკური ელემენტების ჩაგვრას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არცერთ ეთნიკურ ჯგუფს ზეწოლა და დევნა არ განუცდია, პირიქით, რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო ყველამ, ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ისევ პარადოქსთან გვაქვს საქმე -ერთი და იგივე ხალხი გამსახურდიას ეთნიკური უმცირესობების დევნაში ადანაშაულებს და ამავე დროს აფხაზეთის მიმართ „აპართეიდული“ კანონის მიღებას აბრალებს. ამ კანონის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იყო 65 დეპუტატი: 28 აფხაზი, 26 - ქართველი, 11 - სხვა ეროვნების წარმომადგენელი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზი, მისი პირველი მოადგილე - ქართველი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც ქართველი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ვერცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტლება ვერ მიიღებდნენ აფხაზებისა და ქართველების კონსესუსის გარეშე. ამ ნაბიჯმა აფხაზი სეპარატისტების გამოსვლები ჩააქრო და გამსხურდიას მმართველობის პერიოდში (1992 წლის 6 იანვრამდე) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

გამოდის, რომ გამსახურდია უმცირესობებს სდევნიდა და ამავდროულად მათ უფლებებს მნიშვნელოვნად ზრდიდა?!

მითი 3. ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის მისაღწევად რადიკალური და სისხლიანი გზა აირჩია

მრავალი ადამიანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი ისედაც დაინგრეოდა და ამდენი მიტინგი და არეულობა არ იყო საჭირო. ამ შემთხვევაშიც მთავარი ბრალდებული ზვიად გამსახურდიაა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავისით არაფერი ინგრევა, მითუმეტეს - მსოფლიოში უდიდესი იმპერია. მის ჩამოშლას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის ეკონომიკურმა, საგარეო ფაქტორებმა და საბჭოთა კავშირის შიგნით გაშლილმა ეროვნულმა მოძრაობებმა.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურმა პარტიამსაქართველოში რეალური ძალაუფლება დაკარგა, ეროვნული მოძრაობა კი გაძლიერდა. 1990 წელს ქართული ეროვნულ მოძრაობის წინაშე დადგა ამოცანა - მათ უნდა აერჩიათ მოვლენების განვითარების ძირითადი გზა. 1990 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები. ეროვნული ძალების ნაწილმა (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადოება და ა.შ) მასში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მეორე ბანაკმა (ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვები) ბოიკოტი გამოუცხადა და ეროვნული ფორუმი ჩამოაყალიბა. ბოიკოტის ძირითადი მიზეზი იყო არჩევნების საბჭოური და არადემოკრატიული ფორმატი - მასში კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ; დაშვებული იყო მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა. ბოიკოტმა შედეგიც გამოიღო - მარტის კენჭისყრა ჩაიშალა და იმავე წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ამის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესახებ განაცხადა და ჩამოაყალიბა საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ეროვნულ ფორუმში დარჩენილი ძალები აზრს არ იცვლიდნენ და ქმნიდნენ ხელისუფლების ალტერნატიულ ორგანოს - ეროვნულ კონგრესს. „კონგრესისტებმა“ ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს გამსახურდიას და ყველანაირად ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. (შემდგომში „კონგრესისტები“ კომუნისტურ ნომენკლატურას უპრობლემოდ ამოუდგნენ გვერდში გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ).

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მანდატების უმრავლესობა გამსახურდიას ბლოკმა მოიპოვა, საქართველოში კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა. ეროვნულმა ხელისუფლებამ პირველივე სესიაზე გააუქმა საბჭოთა სიმბოლიკები და გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის დაწყება, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. ამგვარად, კომუნისტური რეჟიმი არჩევნების გზით (ე.წ. „ლიტვური გზა“) შეიცვალა, რაც უდავოდ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.

მითი 4. ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარება საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია.

ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. გამოკითხვის დროს ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლეოსობამ (99,08%), მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, დადებითი პასუხი გასცა. სწრორედ ეს რეფერენდუმი იქცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე იურიდიულ გარანტად. სწორედ მას ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია.

ხშირად გვსმენია, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმის ჩატარების დღე საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თენგიზ სიგუამ, რომელსაც „ზვიადისტობას“ ვერავინ დასწამებს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: „დღეს ჭორსაც ავრცელებენ, რომ ეს ზვიად გამსახურდიამ თავის დაბადების დღეს დაამთხვიაო, 31 მარტს არის დაბადებული. ეს ტყუილია, მე უშუალოდ ჩართული ვიყავი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი ამ რეფერენდუმის მომზადებისა და მას, ზვიადს, 24 მარტს უნდოდა ჩატარება... 24 მარტისათვის არ ვიყავით მზად და ამიტომ მე გადავაფიქრებინე ზვიადს და ერთი კვირით გადავატანინე. მაშინ არც გვიფიქრია არც ზვიადს და არც მე, რომ 31 მარტს მისი დაბადების დღე იყო და რომ ეს დღე ემთხვეოდა“.

რატომ მაინცდამაინც 31 მარტი? პასუხი მარტივია: რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოესწროთ 9 აპრილამდე და 24 მარტის მომდევნო კვირა დღე სწორედ 31 მარტს დაემთხვა.

მითი 5. ზვიად გამსახურდია „აგვისტოს პუტჩის“ ორგანიზატორებს დაემორჩილა და საქართველოს ეროვნული გვარდი დაშალა.

1991 წლის 19 აგვიტოს მოსკოვში ძალოვანი სტრუქტურების (უშიშროების კომიტეტი, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) ხელმძღვანელებმა, სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის მეთაურობით, ჩამოაყალიბეს „საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი“ (ГКЧП) და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ეს მოვლენა „აგვიტოს პუტჩის“ სახელითაა ცნობილი. პუტჩისტებმა გადააყენეს მიხეილ გორბაჩოვი, ზოგიერთ რეგიონში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა და აკრძალეს ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციები, მიტინგები და გასამხედროებული ფორმირებები. მათ მთავარ მიზანს საბჭოთა კავშირის მთლიანობის შენარჩუნება წარმოადგენდა.

19 აგვისტოს გამსახურდია ყაზბეგში იმყოფებოდა, იგი სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა და მოქალაქეებს მოუწოდა დაეცვათ სიმშვიდე, არ აყოლოდნენ მოსალოდნელ პროვოკაციებს. იმავე დღეს თბილისში ჩამოვიდა სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ვლადიმერ შურავლიოვი;ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. შურავლიოვი შეხვდა გამსახურდიას და კატეგორიულად მოსთხოვა ეროვნული გვარდიის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა ჯარი ქართულ გვარდიას გაანადგურებდა. საფრთხე დაემუქრა ქართული ეროვნული მოძრაობის ყველა მონაპოვარს.

გამსახურდიამ სიტუაცია ობიექტურად შეაფასა და ეროვნული გვარდიის სტატუსი დროებით შეცვალა- ის გახდა „განსკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფი“ და დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდიის შემადგენლობა უცვლელი დარჩა, გაუქმდა მხოლოდ მისი მეთაურის თანამდებობა (რამაც თენგიზ კიტოვანი „გაანაწყენა“). მეორე დღეს ზვიად გამსახურდიამ საერთაშორისო საზოგადოებას განცხადებით მიმართა, მოსკოვში მომხდარი მოვლენები საქართველოსა და სხვა რესპუბლიკებისთვის საფრთხის შემცველ გადატრიალებად მონათლა და დასავლეთის სახელმწიფოებსსაქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით ნოდარ ნათაძე იხსენებს: „მოსკოვში რომ პუტჩი მოხდა, ზვიადი ყაზბეგში იყო. თბილისი დაბნეულობამ მოიცვა, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა და ამ დროს ზვიადიც ჩამოვიდა. ძალიან მძიმე ვითარება იყო, პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის გაძლიერება უნდოდათ. ეს კი ნიშნავდა სისხლსა და ნგრევას საქართველოში და ჩვენს ისევ დამონებას. ზვიადმა მშვიდად თქვა, პუტჩი უნდა დავგმოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სხვა სახელმწიფოში მოხდა და ვერ ჩავერევითო. ბოლოს კი დასძინა, ერთხელ მაინც მოვიქცეთ ისე, ჩვენი ქვეყანა სხვის ნანგრევებში არ მოყვესო. ასეც გავაკეთეთ. ოპოზიცია კი მოითხოვდა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავრთულიყავით. იყო მიტინგები და გამოსვლები. განსაკუთრებით ედპ და გიორგი ჭანტურია აქტიურობდნენ. ბრალად გვდებდნენ, სამშობლოს უღალატეთო. მახსოვს, როდესაც პუტჩისტების თავკაცმა იანაევმა დაურეკა ზვიადს, გვერდით ვედექი. იანაევმა მხარდაჭერა მოითხოვა. ზვიადმა კი უპასუხა, მე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვიო. მაშინ თბილისს ისე დავბომბავ, მისგან მტვერიც არ დარჩებაო... ამას ვერ შეძლებო, უთხრა ზვიადმა.“

ამგვარად, ზვიად გამსახურდია პუტჩისტებს არ დამორჩილებია და არც გვარდია გაუუქმებია, მას მხოლოდ სტატუსი შეუცვალა, რათა საბჭოთა ჯარისათვის ქართული გვარდიის განადგურებისა და თბილისზე კონტროლის აღების საბაბი არ მიეცა (სხვათა შორის, ასე მოხდა ესტონეთში - ტალინის აეროპორტში მედესანტეები გადმოსხდნენ, დედაქალაქის ცენტრში კი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შევიდა). სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ეს აუცილებელი და ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, მითუმეტეს, 9 აპრილის ჭრილობები ჯერაც არ იყო მოშუშებული.

საპასუხოდ, გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა გადაყენების ბრძანება არ მიიღო, დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და გვარდიის ნაწილთან ერთად რკონში დაბანაკდა. გამსახურდიას ოპოზიციამ კიტოვანი „პუტჩის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად“ შერაცხა და „კრემლის შენიღბული და საშიში აგენტის - გამსახურდიას“ წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდში ამოიყენა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გვარდიის შიგნით ანტისახელისუფლებო პროკლამაციებსაც ავრცელებდა და მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა!

მითი 6. ზვიად გამსახურდიამ 2 სექტემბრის აქცია დაარბია, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია.

1991 წლის 2 სექტემბერს სამართალდამცავებმა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას „კინოს სახლთან“ მიტინგის ჩატარების საშულება არ მისცეს. ოპოზიციონერებმა ძალით სცადეს ტერიტორიის დაკავება, რასაც შეტაკება მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. 2 სექტემბრის მოვლენა გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ჩვეულებრივ პროვოკაციას წარმოადგენდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია „კინოს სახლის“ წინ საინფორმაციო მიტინგს ყოველ ორშაბათს ატარებდა. რატომ მოხდა დაპირისპირება მაინცდამაინც იმ დღეს, როცა საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ და მთავრობის სახლში პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ?! თანაც, წინა დღით, უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერები აპირებდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის გაგრძელებას და პრეზიდენტის მომხრეთა კარვების აღებას. საინტერესოა, რომ გამსახურდიას ხელისუფლების დამამხობლებმა მიტინგის დამრბევი პოლიციელების უმრავლესობა შემდგომში დააწინაურეს!

რაც ყველაზე მთავარია - პრეზიდენტსმიტინგის დარბევის ბრძანება არ გაუცია!

1991 წლის 14 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ბორის ელცინთან გაგზავნილ წერილში ამბობდა: „ზოგიერთმა გარემოებამ მაიძულა თქვენთვის მომემართა წერილით. როგორც მოგეხსენებათ, 2 სექტემბრიდან - ინციდენტის - თბილისში რესპუბლიკური მილიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დღიდან, რომლის შედეგად ტყვიით დაიჭრა სამი კაცი, ცენტრალურმა ტელევიზიამ და საბჭოთა პრესამ პრაქტიკულად დემოკრატიული საქართველოს დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს. ყოველივე ეს ხდება იმის შესახებ ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია მომიტინგეთა გარეკვის ბრძანება და რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ დამნაშავენი, ვინც უნდა იყვნენ ისინი, პასუხისგებაში მიეცემიან.“

ცხადია, ოპოზიციონერებმა და ძალოვანი სტრუქტურების შიგნით გარკვეულმა ჯგუფებმა „ივაჟკაცეს“ და მიაღწიეს უმთავრეს მიზანს - დასავლეთის თვალში გამსახურდიას ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაციას. ეს მოვლენა გარდამტეხი აღმოჩნდა - 2 სექტემბრის შემდეგ ოპოზიცია „დიქტატორ გამსახურდიას“ წინააღმდეგ ორმაგად გააქტიურდა. პროცესებში ჩაერთო თენგიზ კიტოვანიც; მან განაცხადა, რომ არ ემორჩილებოდა იმ პრეზიდენტს, რომელიც „საკუთარ ხალხს ტყვიას ესროდა“ და 3 სექტემბერს შავნაბადაზე დაბანაკდა. პროცესი 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

მითი 7. ზვიად გამსახურდიამ შეინარჩუნა საბჭოთა ეკონომიკური სისტემა და არ ჩაატარა პრივატიზაცია.

გამსახურდიას გუნდი მხოლოდ „ჩაისა და ბორჯომის იმედად“ არ ყოფილა. „მრგვალი მაგიდის“ წინასაარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის სფეროში განსახორციელებელი გეგმები საკმაოდ კარგად იყო გაწერილი. ყველაზე მნიშნელოვანი გახლდათ საბჭოთა გეგმიური სისტემის ჩანაცვლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკითა და მიწის კერძო საკუთრებაში გადასვლა. მართალია, გამსახურდიას ხელისუფლაბამ პრივატიზაციის კანონის მიღება დააგვიანა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა (რაც პოლიტიკური თვალსაზრისით წამგებიანი ნაბიჯი იყო), მაგრამ ამას აქვს ობიექტური ახსნა: საბჭოთა სისტემა თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში შენდებოდა და ხელის ერთი მოსმით მას ვერ დაანგრევდნენ; თავისუფალ ბაზარზე მყისიერი გადასვლა გაანადგურებდა ფინანსურ სექტორსდა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას წერტილს დაუსვამდა, მითუმეტეს, რომ საქართველო მეტროპოლიის ეკონომიკურ სისტემაზე მყარად იყო მიბმული. ქვეყანას, ფაქტობრივად, არ გააჩნდა საკუთარი საბაჟო-სატარიფო რეჟიმი, ეროვნული ვალუტა და დამოუკიდებელი ეკონომიკის ასაშენებლად საჭირო სხვა ატრიბუტები.

1991 წლის 28 ივნისს, ერთ-ერთ ევროპელ ჟურნალისტთან ინტერვიუში, გამსახურდიამ განაცხადა: „მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა“.

მითი 8. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაკომპლექტებული იყო გამოუცდელი და არაპროფესიონალი კადრებით.

ზოგიერთი ადამიანი გამსახურდიას კადრებზე ისე საუბრობს, თითქოს ისინი გაუნათლებელ და გამოუცდელ ხალხს წარმოადგენდნენ.

გავიხსენოთ გამსახურდიას ხელისუფლების რამდენიმე მინისტრი: თენგიზ სიგუა - პრემიერ-მინისტრი - ინჟინერ-მეტალურგი, 1989 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; დილარ ხაბულიანი - შინაგან საქმეთა მინისტრი - იურისტი, სპორტსმენი, ევროჩემპიონი, საერთაშორისო კლასის ოსტატი; ჯონი ხეცურიანი - იუსიტიციის მინისტრი - იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლექციებს კითხულობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე;გიორგი ხოშტარია - საგარეო საქმეთა მინისტრი - ხელოვნებათმცოდნე; ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში; ლია ანდღულაძე - განათლების მინისტრი - ფილოლოგი, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ნოდარ წულეისკირი - კულტურის მინისტრი - მწერალი და რედაქტორი; ირაკლი ჟორდანია - მეცნიერების, ტექნიკისა და პერსპექტიული დაგეგმვის მინისტრი - პროფესორი, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს. 1990 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; ირაკლი მენაღარიშვილი - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი - დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ჯანდაცვის სფეროში; გურამ აბსანძე - ფინანსთა მინისტრი - ეკონომისტი. სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა მოსკოვსა და თბილისში. ფინანსების კურსს კითხულობდა თსუ-ში;თამაზ გველესიანი - ვაჭრობის მინისტრი - დაამთავრა სატრანსპორტო ფაკულტეტი და საკუთარი სპეციალობით მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში; ნოდარ ჭითანავა - სოფლის მეურნობის მინისტრი - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (შემდგომში დოქტორი და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი); ფელიქს ტყებუჩავა - კავშირგაბმულობის მინისტრი - ფიზიკოსი, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ქ. დუბნის ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. რომის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ლექციებს კითულობდა აშშ-ს, იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. 1989 წელს გახდა თსუ-ს სოხუმის ფილიალის რექტორი; ალექსანდრე ჩხეიძე - ტრანსპორტის მინისტრი - დაამთავრა მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში, საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროში (მათ შორის მინისტრის მოადგილედ);ელიზბარ ჯაველიძე - განათლების მინისტრი - აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი. ზვიად გამსახურდიას მეორე პრემიერ-მინისტრი იყო ბესარიონ გუგუშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აგრეთვე სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და უცხო ენების ინსტიტუტში, მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის განყოფილების გამგე, „საქართველოს კინოკორპორაციის“ პრეზიდენტი.

სხვა საკითხია, თუ რა როლი შეასრულა ქვეყნის საწინააღმდეგო მოვლენებში ამ მინისტრთაგან ზოგიერთმა, მაგრამ ნათელია, რომ გამსახურდიას მთავრობა პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კაბინეტს წარმოადგენდა, უფრო მეტიც, უმრავლესობას მაღალი სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა და მათ მიერ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობის მიხედვითმომდევნო მთავრობებს ბევრად აღემატებოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ არაკომპეტენტური კარებიც, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოსა და ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ კადრების პრობლემა გამსახურდიას შემდეგაც იყო და დღესაც არის, სამწუხაროდ...

მითი 9. ზვიად გამსახურდიამ დასავლურ ორიენტაციაზე უარი თქვა და აწარმოებდა იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას.

1991 წლის 29 მარტს, ჯორჯ ბუშის დავალებით, საქართველოს ეწვია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. ვიზიტი არ იყო ოფიციალური, იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმარმა გამსახურდიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობით იყო დაინტერესებული. გამსახურდიამ კი აშშ-სთან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი გამოხატა. ამის შემდეგ აქტიურად საუბრობდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. 1991 წლის 6 ივლისს გამსახურდიამ ამერიკელ კოლეგას ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. ოფიციალურ წერილში ის დასძენდა: “იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას, მსოფლიო ერთა თანამეგობრობის, დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში აშშ-ისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით, ბატონო პრეზიდენტო”. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამსახურდია ამერიკის სალჩოშიც (მოსკოვი) მიიწვიეს. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედის თვალით უყურებდა ვაშინგტონს და მხარდამჭერ მესიჯებსაც უგზავნიდა, თანაც ამასაკეთებდა ისე, რომ მოსკოვის მწვავე რეაქცია არ გამოეწვია. თბილისსა და ვაშინგტონს შორისურთიერთობები მას შემდეგ გაცივდა, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გარკვევით განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა გორბაჩოვს და საბჭოთა კავშირის ფედერაციად გარდაქმნას. საქართველოც ამ ფედერაციის ნაწილად მოიაზრებოდა. ამერიკის პრეზიდენტი იმ პერიოდში გორბაჩოვთან უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს აფორმებდა დასაქართველოს გამო კრემლთან ურთიერთობებს არ დაძაბავდა. ამგვარად, საქართველოს იზოლაცია გეოპოლიტიკური სიტუაციით იყო განპირობებული და არა გამსახურდიას ქმედებებით. ყველაფერი შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემებრს აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.

1991 წლის დეკემბერში გამსახურდიამ ბრიუსელში დელეგაცია გააგზავნა პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის ხელმძღვანელობით. ქართველები ევროპარლამენტის საგარეო კომისიის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. როგორც გუგუშვილი იხსენებს, მან ევროპელ დეპუტატებს პრეზიდენტ გამსახურდიას და საქართველოს პარლამენტის თხოვნა გადასცა, რათა ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და აქტიურად ჩართულიყვნენ სამაჩაბლოს სამშვიდობო პროცესში. ამის შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში, ქართული დელეგაცია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვორნერმა მიიღო. მანგამოთქვა იმედი, რომ „საქართველოსა და ნატო-ს კავშირები მეგობრული, მტკიცე და მრავალმხრივი“ გახდებოდა.

ამგვარად, სწორედ პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის დროს დაიწყო აშშ-თან, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან ურთიერთობები.

მითი 10. ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტის გამო საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას არ სცნობდა.

ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს - რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს - აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს - სომხეთი, 12 დეკემბერს - უკრაინა, 16 დეკემბერს - თურქეთი, 20 დეკემბერს - ლიტვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს - აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს - ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს - ჩინეთი, ბელორუსია, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს - ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს - ლიბანი, 31 დეკემბერს - პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს - ერაყი, ეთიოპია და ლაოსი...

შეიარაღებული ოპოზიცია გამსახურდიას შელახულ ავტორიტეტს აბრალებდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს არ აღიარებას, 1992 წლის დეკემებრში კი ყველაფერს პასუხი გაეცა: საქართველოს დე-იურე ცნობას საბჭოთა კავშირის ფორმალურად არსებობა აბრკოლებდა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა მსოფლიოს ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოს რესპუბლიკის ცნობა. გამსახურდიას იმიჯი არაფერ შუაში იყო.

აქ გავჩერდები, რადგან ასეთი მითების სია ძალიან დიდია და ყველაფერი ერთ სტატიაში ვერ ჩაეტევა. ბოლოს ყურადღებას გავამახვილებ ერთ მომენტზე - „ზვიად გამსახურდია პატრიოტი იყო, მაგრამ მარტო პატრიოტიზმით ქვეყანას ვერ ააშენებ, ის პოლიტიკოსი არ იყო, გამოცდილება არ ჰქონდა და უამრავი შეცდომა დაუშვა, დისიდენტის როლიდან ვერ გამოვიდა და ქვეყანას კვლავ მიტინგების რეჟიმში მართავდა“ - იმათ საყურადღებოდ, ვინც ასე ფიქრობს და საუბრობს, უნდა ითქვას:

1) გამსახურდია ქვეყნის პატრიოტი ნამდვილად იყო და ლიდერისათვის აუცილებელი სხვა თვისებებიც ჰქონდა (შესანიშნავი განათლება, ქარიზმატულობა, სიტუაციის ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ფლობდა ხუთზე მეტ ენას). შესაძლოა, იმ პერიოდში მისი ზოგიერთი განცხადება ქვეყნის მეთაურისათვის შესაფერისი არ იყო და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ ახლა ბევრი რამ ნათელია - გამსახურდია ხშირ შემთხვევაში მართალი აღმოჩნდა. მაგალითად, მრავალი, ვისაც „მოღალატეს“ ეძახდა, ქვეყნისათვის უდიდესი ზიანის მომტანი გამოდგა.

2) გამსახურდიას გამოცდილება ვერ ექნებოდა უბრალო მიზეზის გამო - საბჭოთა კავშირში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვერ იმუშავებდა ისეთი ადამიანი, რომელიც მეათე კლასიდან სისტემას ებრძოდა. რაც შეეხება პოლიტიკოსობას, მერაბ მამარდაშვილმა თავის დროზე აღიარა: „თვითონ ზვიადი არის პოლიტიკოსი. მე შეიძლება ვიყო მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მაგრამ ვაღიარებ, რომ იგი პოლიტიკოსია.“

3) გამსახურდია მართლაც ინარჩუნებდა „მიტინგების რეჟიმს“ და ამას მარტივი და ობიექტური ახსნა აქვს: მართალია, „მრგვალი მაგიდა“ ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს ვერ აკონტროლებდა - ძალოვან სტრუქტურებსა და უშიშროების სამსახურში კვლავ საბჭოთა ელემენტი დომინირებდა, ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული იყო რუსული ჯარები, ქართული არმიის ჩანასახი კი ძალიან ცუდად იყო შეიარაღებული, მოქმედებდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, არსებობდა რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც რეალური სახე დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს გამოაჩინა, ძლიერი იყო საბჭოთა ნომენკლატურა და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე გამსახურდიას ხელისუფლების ერთადერთი საიმედო მოკავშირე იყო ხალხი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ დეტალს - გადატრიალება მაშინ დაიწყო, როცა მთავრობის სახლის წინ პრეზიდენტის მხარდამჭერთა რაოდენობა ყველაზე ნაკლები იყო!

4) დიახ, გამსახურდიას ჰქონდა გარკვეული შეცდომები, ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ ვინმე გაიხსენებს რომელიმე ხელისუფალს მსოფლიო ისტორიაში, რომელსაც შეცდომა არასდროს დაუშვია?!. თანაც მარტივი ჭეშმარიტებაა - შეცდომებს მაშინ უშვებ, როცა საქმეს აკეთებ, გამსახურდია კი უდიდეს საქმეს შეეჭიდა - ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას (რომელიც, სხვათა შორის, წარმატებით დაასრულა).

გავა დრო და ზვიად გამსახურდიას ისტორია ობიექტურად შეაფასებს, ჩამოაშორებს „მესიის“ ან „ქვეყნის დამანგრევლის“ იარლიყს, რადგან ამ ადამიანს (ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად) უკავშირდება სამი უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში: 28 ოქტომბერი - კომუნისტური რეჟიმის დასრულება, 31 მარტი - რეფერენდუმის ჩატარება და 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აღდგენა; მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ფაქტი ჯიუტია, რეალობა - ნათელი...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG